«სავიზო რეჟიმი», როგორც ჩანს, გარდაუვალია
       

        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოსთან «სავიზო რეჟიმის» შემოღების მუქარა ხუმრობა სულაც არ ყოფილა. ოღონდ, რასაკვირველია, ამის ნამდვილი მიზეზი ჩეჩნეთში საქართველოდან «ბოევიკთა შეპარვა» ან საქართველოში თალიბთა ბაზების არსებობა არ არის. ყველაზე მეტად რუსეთს აღელვებს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა, ვინაიდან ეს ფაქტი «აღაფრთოვანებს» ჩეჩნებს და განაწყობს მათ განაგრძონ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.
        ჩეჩენთა ცნობიერებაში XIX საუკუნიდან არსებობდა სტერეოტიპი, რომ მათი ქვეყანა ანკლავია რუსეთის შემადგენლობაში, ვინაიდან ჩეჩნეთი მხოლოდ საქართველოს ესაზღვრება, საქართველო კი რუსეთის ნაწილი იყო ან რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე.
        ამრიგად, ჩეჩნეთი ყოველმხრივ «გარშემორტყმული» იყო რუსეთით. მაგრამ საქართველოდან რუსული არმიის გაყვანა ამსხვრევს ამ სტერეოტიპს, ამიტომ რუსეთი ყოველნაირად ცდილობს არ დაუშვას საქართველოში «სამხედრო ყოფნის» შეწყვეტა ან თუნდაც შესუსტება, რადგან ეს «აღაფრთოვანებს», რუსეთის საწინააღმდეგოდ განაწყობს არა მხოლოდ ჩეჩნებს, არამედ სხვა ჩრდილოკავკასიელ ხალხებსაც (ოსების გარდა), რომელთაც რუსეთი გულზე სულაც არ ეხატებათ.
        ოღონდ საქართველოში ბაზების შენარჩუნების სანაცვლოდ აფხაზეთის «დაბრუნება» რუსეთს სულაც არ ეპიტნავება, -»აფხაზეთით საქართველოს დასჯა» მათ გულს ტკბილად ელამუნება და ამ საკითხში უკან არ დაიხევენ.
        ამრიგად, რჩება ერთი გამოსავალი: აიძულონ საქართველო, უკან დაიხიოს «ბაზების» საკითხში, შესაბამისი «ზეწოლის» ბერკეტად კი, სწორედ სავიზო რეჟიმი გამოდგება. კრემლში შესანიშნავად უწყიან, «სავიზო რეჟიმის» შემოღებით და, აქედან გამომდინარე, გარდაუვალი პრობლემებით, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს შეექმნება (ვინც საბჭოთა პერიოდიდან შეეჩვია მოსკოვსა და ლენინგრადში უვიზოდ მოგზაურობას), გაიზრდება ხელისუფლების უკმაყოფილოთა რიცხვი.
        იმავდროულად, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა «სავიზო რეჟიმი» არ შეეხოს (ცხოვრება არ გაურთულოს) ოს და აფხაზ სეპარატისტებს. საამისოდ შესაბამისი ბერკეტებიც აქვს.
        პრეზიდენტმა პუტინმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილი «საქართველოს სსრ» ტერიტორიაზე და არ მიიღეს (არ ცნეს) დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობა, შეუძლიათ «გაადვილებული წესით» მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და, შესაბამისად, ვიზებიც არ დასჭირდებათ!
        აბა, რუსეთის მოქალაქეს რად უნდა ვიზა, ცხივნალიდან ან სოხუმიდან რუსეთში შესასვლელად?
        ბუნებრივია, სეპარატისტები აუცილებლად ისარგებლებენ რუსეთის პრეზიდენტის წყალობით, ანუ ტყუილად გვგონია, რომ «სავიზო რეჟიმი» სეპარატისტებსაც რაიმე პრობლემას შეუქმნის.
        თანაც (რაც ყველაზე მთავარია) რუსეთი ამით საერთაშორისო სამართლის არც ერთ ნორმას არ არღვევს! სადაც არ უნდა ვუჩივლოთ (თუნდაც ევროსასამართლოში ან გაეროში), ყველგან, იმავე საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, დაამტკიცებს, რომ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, აქვს უფლება, აირჩიოს მოქალაქეობა. მთავარია, ესა თუ ის ქვეყანა იყოს თანახმა, მას მოქალაქეობა «გაუფორმოს», თორემ, თუ ამგვარი წინააღმდეგობა არ არსებობს, ყველა აფხაზსა და ყველა ოსს აქვს სრული უფლება, მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო რუსეთს ეძლევა საშუალება (საბაბი), საჭიროების შემთხვევაში, იარაღით დაიცვას თავისი მოქალაქეები.

მერიდიანი, 14 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე