როგორ ჰქუხს ევროპული საზოგადოების სიმშვიდე

როგორ ჰქუხს ევროპული საზოგადოების სიმშვიდე

მგრგვინავი სიჩუმე 

 

ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქი......ვზივარ ავტობუსში, საქმეზე მაგვიანდება და ვნერვიულობ.....წინა კარიდან ამოდის ახალგაზრდა წყვილი.....ზოგადად „იქ“, თითქმის ყველგან, სწორედ წინა კარებიდან ამოდიან ავტობუსში და უკანა კარებებიდან ჩადიან......„ასეა წესი“, ხოლო წესებს იცავენ......არა, უკანა კარიდან ამოსვლას კი არავინ გიკრძალავს, ოღონდ სულ ერთია, მაშინვე მოგიწევს მძღოლის ჯიხურთან მისვლა, რათა პლასტიკური სამგზავრო ბარათი სპეციალურ მოწყობილობას მიადო.

ვხედავ, ახალგაზრდა გოგო კი ამოვიდა, მაგრამ ეძებს ჩანთაში ბარათს, ეძებს, თუმცა ვერ პოულობს......ბიჭი დგას და უხერხულად უყურებს.....ავტობუსი გაჩერებულია......ანუ, მძღოლი ელის, როდის გადაიხდის ეს გოგონა მგზავრობის საფასურს.......ის კი ეძებს, ეძებს, ვერ პოულობს ბარათს......იწელება......გადის 2 წუთი......უეცრად, სრულ სიჩუმეში მესმის ქალის ცივი ხმა: „ძვირფასო მგზავრებო, ავტობუსი გაჩერებულია, რაკი ერთ-ერთ მგზავრს ჯერ არ გადაუხდია მგზავრობის საფასური“!

ვაააა.....გაკვირვებული ვარ: მძღოლი, ვხედავ, შავკანიანი მამაკაცია..... არადა ხმა ქალისაა.....მერე ვხვდები, რომ ეს ფრაზა ჩაწერილია სპეციალურად ასეთი შემთხვევებისათვის. ავტობუსის მძღოლი კი დაატრენინგეს, რომ თვითონ ხმა არ უნდა ამოიღოს. არც კი გაუხედავს იმ გოგონასკენ......უბრალოდ უთხრეს, რომ 2 წუთის მერე ჩართოს ღილაკით ხმოვანი განცხადება......

ამ დროს ავტობუსში დაახლოებით 50 ადამიანია. ზოგი ზის, ზოგი დგას....დილაა და ყველას აგვიანდება......ელიან, როდისღა გადაიხდის ეს მგზავრი საფასურს, რომ გააგრძელონ გზა. ოღონდ ამ მოლოდინში კი არავინ არაფერს ეუბნება, შენიშვნას კი არავინ აძლევს....თუმცა როგორი სიჩუმეა იცით? აი.......რაღაცნაირად.....ზუზუნებს სიჩუმე. ჩამი-ჩუმი არ ისმის, მაგრამ მაღალი ძაბვასავით ზუზუნებს!

ვუყურებ იმ ახალგაზრდა ქალს......შესამჩნევად ანერვიულდა.....არადა ძლიერი, თავისთავადი პიროვნება ჩანს, აშკარად „საშუალო კლასის“ წარმომადგენელია, გემოვნებით ჩაცმული, ლაღი...აი ლუვრში რომ ვენერა მილოსელის ქანდაკებაა, ზუსტად ისეთი ამაყი და ლაღი იერი აქვს - ევროპის ყველა კუთხეში შეხვდებით ასეთებს.....მაგრამ ამ „ზუზუნა სიჩუმეში“, როდესაც 50 ადამიანი უბრალოდ მდუმარედ ელოდება, არავინ არაფერს ეუბნება, თუმცა.......ვხედავ, აუკანკალდა ხელები, აღელდა, გაწითლდა.....მესამე წუთზე იმ ახალგაზრდას ანიშნა, ჩავედითო და ჩავიდნენ.....

ვაააა...... მაინც არ მიდის ავტობუსი. დგას. კი მაგრამ, რატომ დგას? ხომ ჩავიდნენ? იმიტომ დგას, რომ ის მძღოლი ამაზეც დაატრენინგეს: მაშინვე არ უნდა წახვიდე, თუნდაც ჩავიდეს მგზავრი, - თუკი ხედავ, რომ არ თვალთმაქცობს და ნამდვილად ეძებს ბარათს, კიდევ დაელოდე მცირე ხანს.....ამიტომაც ელის, მგზავრისკენ ისევ არ იყურება. ხმას არ იღებს......ისევ მდუმარედაა ავტობუსი.....არავინ არაფერს ამბობს.....ისევ ის სიჩუმეა.....ჰოდა ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა იმ გოგომ თავის დიდ ჩანთაში სამგზავრო ბარათი, ამოვიდა ისევ წინა კარიდან, მიადო მოწყობილობას, აინთო მწვანე ღილაკი, სასიამოვნოდ დაირაკრაკა სიგნალმა, დაიძრა ავტობუსი......კვლავინდებურად სდუმს ყველა.....გოგონა კი გაწითლებულია - განა მეორედ დაავიწყდება ბარათი იმგვარად ჩაიდოს ჩანთაში, უმალვე მიაგნოს? არა! იმიტომ, რომ იმ მომნუსხავ, დამთრგუნავ მდუმარებაში, რაც თითქმის 4 წუთი გრძელდებოდა, ევროპული საზოგადოების მრისხანე ძლევამოსილება გრგვინავს!

ის საზოგადოება პიროვნების თავისუფლებას ნამდვილად უზრუნველყოფს, აძლევს მას ლაღი და სრულყოფილი განვითარების საშუალებას, მაგრამ......მაგრამ......საკმარისია საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესები იოტისოდენად დაარღვიო, თუნდაც სულ მცირედში......მტრისას და ავისას! – "Enjoy responsibly".

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეც არასდროს დამავიწყდება: დილით ვდგავარ ევროპული ქალაქის ჰიპერმარკეტში. რატომღაც მხოლოდ ერთი სალარო მუშაობს. დიდი რიგია. მივაღწიე, როგორც იქნა, სალარომდე. ურიკა მივაყენე, დავალაგე ნაყიდი, ვდურთე პლასტიკური ბარათი ტერმინალში.....არ გაატარა ტერმინალმა. Reject! მეორედ ვცადე, ისევ არ გაატარა.......შევწუხდი, მოვიხედე.......ჩემს უკან რიგში დაახლოებით 20 ადამიანი დგას: ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა.....დგანან მდუმარედ, ერთნაირი გამომეტყველებით....მიყურებენ მშვიდად (უფრო „ცივად“) მელოდებიან.....საშინელ უხერხულობას ვგრძნობ......ვაძრობ „პლასტიკურს“, გავრბივარ ბანკომატთან, საბედნიეროდ ვხსნი თანხას......ამას რამდენიმე წუთი ხომ სჭირდება? მოვრბივარ უკან იმედით, რომ თუნდაც რიგის ბოლოში დავდგები, ფულით, რაკი შევაწუხე ხალხი დაა.......კინაღამ სისხლი ჩამექცა: რაკი ნაყიდი საქონელი უკვე გატარებულია, სანამ არ გადავიხდი, მოლარე სხვა მყიდველს ვერ მოემსახურება, სალაროს ვერ გახსნის.....ამიტომ ის 20 ადამიანი ზუსტად იმავე გამომეტყველებით, მშვიდად, მდუმარედ, დგას, მელოდება......ხმას არავინ იღებს, მაგრამ ჰაერში იგივე მრისხანე, „მოზუზუნე სიჩუმეა“ - ტვინს რომ გაგიყინავს ისეთი.....

სასწრაფოდ ვყრი ყველაფერს ჩანთაში....... „მაპატიეთ“, „მაპატიეთ“ - ვბუტბუტებ საწყალობლად.....ხელები მიკანკალებს იმ „მგრგვინავ დუმილში“.......„ნესკაფე“ მივარდება, ტყდება.....მოლარე ხელს ამიქნევს - „აალაგებენო“.......გამოვდივარ, მაგრამ როგორ გამოვდივარ იმ სიტუაციიდან იცით? აი ოთახი რომ იწვის და ერთი სული გაქვს გარეთ გამოვარდე, გადარჩე......უცბად ბრაზი კი არა ცოფი მიპყრობს, - დავრეკე ბანკში მობილურით, სულ დავცოფე ყველანი: „ეს რა მიქენით მეთქი“. ნახევარი საათი ვარკვევდი, ხარჯს არ მოვერიდე.

ირკვევა, რომ როცა თანხა საკმარისი გაქვს, თუმცა ნაწილობრივ მაინც ლარშია, თან პრიორიტეტი სხვა ვალუტაში, ევროპულმა ტერმინალმა შესაძლოა კონვერტაცია არც განახორციელოს - ხდება ხოლმე......

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკვე მშობლიურ თბილისში ვარ.......ვზივარ „მარშრუტკაში“ ნომერ 26. პიკის საათია......ნუ ამ „ცირკ“ ქალაქში ხომ სულ პიკის საათია......ჰოდა გაჭედა „გაგარინთან“. ცხელა.....„მარშრუტკაში“ ზის და დგას დაახლოებით 16-18 ადამიანი.

ერთ-ერთი მგზავრი პასუხობს ზარს მობილურზე და........იწყება: „.....ჰო.......მერე?......კი მაგრამ მე სად მცალია მაგ ლოგინის დასაშლელად? (თანდათან უმატებს ხმას).......ხომ გითხარი არ მცალია მეთქი?!!!....რაა????.....და დაშალოს მერე შენმა ძმამ დედაშენის ლოგინი მაგის ლოგინიც მე ვშალოოოოო?????........(ფეთქდება-ყვირის) ნუ გამიტრაკეთ ახლა საქმე შენც და დედაშენმაც, გეუბნები არ მცალია, ვერ ამოვალ მანდ, გურამასთან ვარ ასასვლელი იმ საქმეზე.....!!!“

ამას ლაპარაკობს კი არა ყვირის მეთქი! თან განა არ იცის, რომ ხალხს აწუხებს? როგორ არ იცის - იდიოტი არ ჩანს. ანუ, იცის, მაგრამ.......იკიდებს! აი ესაა მთავარი.

მთელი ამ ხმამაღალი ტირადის დროს მარშრუტკაში სიჩუმეა. თითქოს „ისეთივე“ სიჩუმეა როგორც......მაგრამ არა.....არ არის „ისეთივე“ სიჩუმე: რაღაც მთავარი აკლია, ანუ...... რაღაცნაირი „შემრიგებლური“, „ლმობიერი“ სიჩუმეა - არ ისმის „ზუზუნი“, არ ისმის ისეთივე „მრისხანე გრგვინვა“ , რომელიც ევროპელ მოქალაქეს სისხლს უყინავს, აშინებს და აიძულებს პატივი სცეს საზოგადოებას.

არ „გრგვინავს“ ქართული საზოგადოების დუმილი - უფრო უმწეობას ამჟღავნებს ვიდრე ნებელობას.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ყოველივეს ინტერპრეტაცია ათასნაირად შეიძლება - „ამ კუთხით“, „იმ კუთხით“, ავად, კარგად, დადებითად, უარყოფითად......ახლა მე რომ ვთქვა, ქართულ საზოგადოებაში (კარგია ეს თუ ცუდი) პიროვნება ბევრად.......თავნება (ანუ თავისუფალია!) ვიდრე ევროპულ საზოგადოებაში მეთქი, დამიჯერებს ვინმე?

ამიტომ ჩემი ინტერპრეტაცია რა მოსატანია- მკითხველმა განსაჯოს, თუმცა.....გავითვალისწინოთ, რომ ბევრი რამ რაც ამ ქვეყანაში მოხდა ბოლო 50-60 წლის მანძილზე (ავიც და კარგიც) ზუსტად ამის შედეგია. ზუსტად!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და მაინც.....ის სისხლისგამყინავი, დამთრგუნველი, გამანადგურებელი, მოზუზუნე, „მრისხანედ მგრგვინავი“ სიჩუმე რომ მახსენდება ხოლმე......ვენაცვალე საქართველოს! რა ვქნათ - რაცა ვართ ესა ვართ რა!!!

დათო