სერგეი შოიგუ საქართველში არ გვეწვია; ყველაფერი, რაც ხდება, საინფორმაციო აქტია

სერგეი შოიგუ საქართველში არ გვეწვია; ყველაფერი, რაც ხდება, საინფორმაციო აქტია

        გუშინ თბილისში, როგორც იქნა, ჩამოვიდა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია, რომლის ვიზიტი ორჯერ გადაიდო. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ თვით სერგეი შოიგუ საქართველოში არ ჩამოვიდა. არადა, ტელეკომპანია «ორტ»-ს ეთერში ყველამ ვიხილეთ, ორი კვირის წინ როგორ ავალებდა მას პირადად ვლადიმირ პუტინი, გამგზავრებულიყო საქართველოში და ქართველ კოლეგებთან ერთად გადაეწყვიტა პანკისის ხეობიდან ჩეჩენ ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი.
        შეგახსენებთ, ეს ის სერგეი შოიგუა, რომელმაც ძალიან დიდი და ბინძური წვლილი შეიტანა აფხაზეთის ტრაგედიაში. სწორედ მან «უზურნველყო» 1993 წლის 16 სექტემბერს სეპარატისტთა მიერ ხელშეკრულების დარღვევა. ბუნებრივია, ამ გაიძვერა ქართველთმოძულემ შესანიშნავად იცის, რომ საქართველოში იგი გულზე არ ეხატებათ, მაგრამ საეჭვოა, მხოლოდ ამის გამო ეთქვა უარი ჩამოსვლაზე. ნამდვილი მიზეზი ის გახდა, რომ შოიგუმ (ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებამ) ვერა და ვერ მიიღო გარანტია ქართული მხარის ხელშეწყობისა პანკისში სპეც-ოპერაციის განხორციელებაზე.
        შოიგუს უწყება სინამდვილეში რუსეთის ერთ-ერთი სპეცსამსახურია. მსოფლიო გამოხმაურება ჰქონდა მოსკოვში მომხდარ ფაქტს: რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ «ჰუმანიტარული დახმარება» შეიტანა, ხოლო შემდეგ იმ კოლონასთან ერთად კოსოვოში შესული სამინისტროს თანამშრომელი ალბანელთა ეთნიკური წმენდის დროს მოკლეს.
        პანკისის ხეობაში შოიგუს უწყება აპირებდა მტკიცედ დაბუდებას და (მინიმუმ) მონიტორინგის განხორციელებას. «ლტოლვილთა დაბრუნების შესრულების შესწავლა» მათთვის მხოლოდ «ლეგენდა» იყო, ანუ როგორც სპეცსამსახურთა ჟარგონით ამას უწოდებენ _ «კრიშა». მაგრამ როგორც კი დარწმუნდნენ მოსკოვში, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ არ მისცემდა პანკისში ამ კუთხით მუშაობის საშუალებას, უმალვე დაკარგეს რეალური ინტერესი და თბილისში დელეგაციის ხელმძღვანელად სერგეი შოიგუს ნაცვლად მეორეხარისხოვანი ფიგურა გამოუშვეს.
        რუსეთის დელეგაცია პანკისში ვერ ჩავა, ანუ მხოლოდ თბილისში იმუშავებს. დარწმუნებული ვარ, მასპინძლებს ექნებოდათ სურვილი რუსები ხეობაში ჩაეყვანათ, რათა ამით დაფიქსირებულიყო, რომ იქ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, მაგრამ ჯერ ერთი, სტუმრებს სულაც არ ეპიტნავებოდათ მასპინძლებს ამაში დახმარებოდნენ. გარდა ამისა, პანკისში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების განწყობა ისეთია, რუსებს თუ არ დახოცავდნენ, ყოველ შემთხვევაში გვარიანად შეარცხვენდნენ. უკიდურეს შემთხვევაში ქალები მიესეოდნენ და თმებს დააგლეჯდნენ. გარდა ამისა, არც ერთი ლტოლვილი ჩეჩნეთში დაბრუნებას არ აპირებს. ვისაც დაბრუნება უნდოდა, დიდი ხანია დაბრუნდა ყოველგვარი «კომისიების» გარეშე.
        ამავდროულად, ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს რუსეთის (ჯერჯერობით, მხოლოდ რუსეთის) მცდელობას, ძალის გამოყენებით დააბრუნოს ლტოლვილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რათა შემდგომ ისინი ფიზიკურად გაანადგუროს.
        ხოლო ჟენევაში მდებარე გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატმა სპეციალური განცხადებით მკაცრად გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ ლტოლვილთა დაბრუნება მხოლოდ ნებაყოფლობით უნდა მოხდეს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ლტოლვილთა მიღებაზე უარის თქმა გარკვეულ პირობებში დასაშვებია (თუმცა ცუდ ტონად ითვლება), მაგრამ ლტოლვილთა გაძევება (ძალის გამოყენებით) ლამის გენოციდის ფორმად აღიქმება. საბედნიეროდ, ლტოლვილთა გაძევებას არავინ აპირებს და ყველაფერი, რაც ხდება, საინფორმაციო აქტია.
       

დილის გაზეთი, 15 თებერვალი, 2002 წელი