შოთა კვირაია - მოკლული ფიგურა

შოთა კვირაია - მოკლული ფიგურა

    შაბათს საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა უშიშროების მინისტრის თხოვნა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამით დასრულდა (წარმატებით) ურთულესი პოლიტიკური ინტრიგა, რომლის მიზანი იყო შევარდნაძის გარემოცვაში მანამდე არსებულ ძალთა თანაფარდობის შეცვლა.
    პრეზიდენტმა «საცა არა სჯობს, გაცლა ამჯობინა» - მისთვის ეს ზოგადად დამახასიათებელია. მიუხედავად დამკვიდრებული იმიჯისა, ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის «დათმობას» ამჯობინებს ხოლმე კრიზისულ ვითარებაში, ანუ ამჯობინებს მოიგოს (გაიუმჯობესოს პოზიცია) ტაქტიკურად და წააგოს სტრატეგიულად.
    შოთა კვირაიას გადადგომით აბსურდული ვითარება იქმნება: თუ გადადგომის მიზეზი პარლამენტში ატეხილი სკანდალი იყო, მაშინ რატომ გადადგა მხოლოდ შოთა კვირაია და არ გადადგა ავთო იოსელიანი? დეპუტატ ოსაძის მტკიცებით ხომ სწორედ იოსელიანი ფიგურირებდა «ტელეფონების მოსმენის» საქმეში? ამ ლოგიკით უშიშროების სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა უნდა გადამდგარიყო. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული: პრეზიდენტის აპარატში უკვე მუსირებს ხმა უშიშროების მთელი სისტემის რეორგანიზაციის თაობაზე.
    მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ორ ნაწილად (დაზვერვად და კონტრდაზვერვად) გაყოს უშიშროება და ჩამოაყალიბოს ორი სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.
    ნებისმიერ სახელმწიფოში უშიშროების სამსახური ძირითადად სწორედ ამ ორ საქმიანობას ეწევა ანუ ავლენს უცხო ქვეყნის აგენტებს და თავად აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. მაგრამ მხოლოდ ტოტალიტარულ, არადემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებთ მათი შერწყმა ერთ სისტემაში. დემოკრატიული ქვეყნებისათვის კი დამახასიათებელია «დაზვერვისა» და «კონტრდაზვერვის» გამიჯვნა ერთმანეთისაგან.
    როგორც ჩანს, ეს შევარდნაძის უკანასკნელი რეზერვია. საქართველოში სპეცსამსახური ყოველთვის იქნება «ოპოზიციის» განსაკუთრებული ყურადღების საგანი. არა მხოლოდ ირინა სარიშვილი, არამედ სხვა «ოპოზიციონერებიც» მუდამ ეცდებიან, უშიშროების «იმიჯი» გამოიყვანონ მთლიანად, ხელისუფლების წინააღმდეგ.
    ამდენად, უშიშროების გაყოფა ორ დამოუკიდებელ სამსახურად ოპოზიციას ამ არგუმენტით «მანიპულირების» საშუალებას აღარ მისცემს. მით უმეტეს, თუ პრეზიდენტი შეძლებს ზუსტი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას.
    «საგარეო დაზვერვის» შეფის თანამდებობაზე ასახელებენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას კანდიდატურას. თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი პოსტია «კონტრდაზვერვის უფროსთან» შედარებით. სწორედ ამ პოსტისთვის გაიმართება გაცხარებული ბრძოლა ამჟამად უკვე არსებულ და მოქმედ ძალთა შორის. სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ ნუგზარ ფოფხაძის ან მიხეილ ოსაძის შესახებ. ვერცერთი მათგანი ვერ გადაწყვეტს ზემოხსენებულ პრობლემას. უფრო მეტიც: შევარდნაძე «ვაის» გაეყრება და «უის» შეეყრება. ყველაზე ზუსტი და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება იქნებოდა ისეთი ფიგურის დანიშვნა, რომლისგანაც ოპოზიცია ვერ შეძლებს «განტევების ვაცის» შექმნას და ვერც «ჯოჯოხეთის მოციქულობას» დააბრალებს.
    1992 წელს ამგვარი გადაწყვეტილება შევარდნაძემ უკვე მიიღო - ირაკლი ბათიაშვილის დანიშვნით ოპოზიციას წაერთვა საშუალება, სპეცსამსახურის «იმიჯი» დაემძიმებინა და ამით მოეხდინა ხელისუფლების დისკრედიტაცია. თუ ბათიაშვილი მართლაც დაბრუნდა სპეცსამსახურში, შემდეგ რომელიმე ოპოზიციონერმა რომც სცადოს მისი «მაფიოზად» და «რუსეთის აგენტად» გამოცხადება, ამ მცდელობას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
    ამასობაში ცოტა ეგებ «დაჭკვიანდეს» ჩვენი საზოგადოება და ამგვარ სპექტაკლებს «პირდაღებულმა» აღარ უყუროს.

მერიდიანი, 8 ივლისი, 1997 წ.