საიტის შესახებ
ისტორიის სევდიანი სულისკვეთება
ძვირფასო მკითხველო,
ეს საიტი ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჟურნალისტიკაში იპოვა თავისი თავი ანუ საკუთარი იდენტობა.
1993 წლის იანვარში, განათლებით ისტორიკოსი, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი საინფორმაციო სააგენტო «იბერიაში». სწორედ იმ ბობოქარი ეპოქიდან იწყება ჩემი საქმიანობა ჟურნალისტურ ასპარეზზე, რომელიც მანამდე ჩემთვის სრულიად უცხო იყო.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. სხვადასხვა დროს ფსევდონიმებით ვაქვეყნებდი სტატიებს და ვთანამშრომლობდი გაზეთებთან: «ივერია-ექსპრესი», «7 დღე», «მსგეფსი», «თემი», «დროება», «კვირიონი», «მიმომხილველი», «საქართველოს რესპუბლიკა», «Свободная Грузия», «Независимая Газета», «Коммерсант», «მოქალაქე», «მერიდიანი», «დილის გაზეთი», «დრონი», «ალია», «24 საათი» და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსთან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩემს რედაქტორებს: მამუკა ფაჩუაშვილს, ნიკო ნიკოლოზიშვილს, ზვიად ქორიძეს, მანანა კარტოზიას, არჩილ გოგელიას.
ვარ რადიო «თავისუფლების» რუსულენოვანი რედაქციის კორესპონდენტი საქართველოში - ფსევდონიმით გიორგი კობალაძე. მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის «სპიჩრაიტერი», რამაც მომცა საშუალება, მომევლო მთელი მსოფლიო, დავსწრებოდი ათასწლეულთა მიჯნაზე გამართულ უმნიშვნელოვანეს, ეპოქალურ სამიტებს – ნატოს 50 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს ვაშინგტონში, გაეროს «ათასწლეულის სამიტს» ნიუ-იორკში, ეუთოს «საუკუნის სამიტს» სტამბულში . . . წილად მხვდა ბედნიერება მეხილა მსოფლიოს უდიდესი დედაქალაქები - ლონდონი, ტოკიო, ბერლინი, მოსკოვი, სტამბული, ვენა, ბრიუსელი, „მსოფლიოს დედაქალაქად“ წოდებული ნიუ-იორკი და, რა თქმა უნდა, პარიზი – გამაოგნებელი, შეუდარებელი და განუმეორებელი.
ძალიან მინდოდა მკითხველისათვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები 90-იანი წლების, ანუ იმ უკვე შორეული ეპოქის თაობაზე, როდესაც ჩამოყალიბდა ამჟამინდელი რეალობა და რომელთაც დიდწილად განსაზღვრეს, როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე თითოეული ჩვენგანის ბედი თუ უბედობა.
ამდენად, გთავაზობთ სხვადასხვა დროს ჩემს მიერ გამოქვეყნებულ სტატიათა ნაწილს. გარდა ამისა, წიგნს «ჟამი ჭეშმარიტი», რომელიც 2004 წელს გამოვეცი (ფსევდონიმით გიორგი წიქარიშვილი) და 1988-1993 წლების «ეროვნული მოძრაობის» მოვლენებს ეძღვნება.
- - - - - - - - - - - -- - - - -- - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- -
ტრივიალობაში ნუ ჩამომართმევთ მოარულ კითხვას: რა არის ბედნიერება? ჩემი აზრით და გამოცდილებით, ბედნიერება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ღირებულებათა გამოხატვის, მათი სხვებამდე მიტანისა და სხვებისთვის გაზიარების უნარი და საშუალებაა.
სწორედ ამიტომ ითვლება ალბათ სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთ უდიდეს საკაცობრიო ფასეულობად.
გულწრფელად ვიტყვი: შესაძლოა ეს საიტი, გარკვეულწილად სასარგებლო იყოს მომავალი მკვლევრისათვის, ვინც საქართველოს 90-იანი წლების ისტორიის მეცნიერულ შესწავლას მიჰყოფს ხელს; მაგრამ არ დავმალავ, რომ მისი, ასე ვთქვათ, «გამოყენებითი» ფუნქცია და მნიშვნელობა ჩემთვის უმთავრესი არ არის.
კიდევ უფრო მეტად იგი იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც არა მხოლოდ და არა იმდენად აკადემიური ინტერესი აქვთ ბობოქარი და დაუვიწყარი ეპოქისადმი. ანუ განკუთვნილია უპირატესად მათთვის, ვისაც არ დაუკარგავს «ემოციური ბმა» იმ მოვლენებთან, - ვისაც ის ეპოქა დღემდე უფორიაქებს სულს და ვისაც ესმის აზრი თითქოსდა «უაზრო» და «უმიზნო» მოქმედებისა, როცა მხოლოდ და მხოლოდ სულიერი მოთხოვნით ჩახედავ ისტორიის ფურცლებს, რათა, დღევანდელი საერთო გულგრილობისა და ცივი მივიწყების პირობებში, კვლავ დაგწვას სახე იმდროინდელ ვნებათა სიმხურვალემ, გული მოგიკლას დამარცხებულთა მწარე კვნესამ და გამარჯვებულების კბილთა ღრჭიალმა. . . . . აკი ბრძანებდა დიდი ოსვალდ შპენგლერი, რომ «ჭეშმარიტი ისტორია მხოლოდ ის არის, რაც განცდილია».
უპირველესად მათ ვესაუბრები, ვისთვისაც ის ეპოქა არა მხოლოდ ქრონოლოგია, არამედ მისი ცხოვრებისა და იდენტობის ნაწილია, ვისაც შესწევს უნარი, გულისტკივილითა და სინანულით იხსენებდეს «საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპოქებს», როგორც საკაცობრიო აზროვნების სევდიანი რაინდი, სიორენ კიერკეგორი ამბობდა; და ვისაც არ მიაჩნია უაზრობად «უმიზნო» ხეტიალი ჩვენი ქალაქის ქუჩებში, განცდილი მოვლენების გახსენება და ისტორიის დამაძაბუნებელი, მალბუნი, სევდიანი სულისკვეთების შეგრძნება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - -
80-იანი წლების დასაწყისი, - 1982 წელი, გაზაფხულის ნათელი და თბილი დღე, უნივერსიტეტის ბაღი, ვასკა ექსეულიძე….ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი, მხიარულად მოჟრიამულე გოგო-ბიჭები, აბსოლუტურად აპოლიტიკური ახალგაზრდობა, რომელსაც არაფერი აინტერესებდა სიყვარულის, როკ-მუსიკის, დასავლური ფეხბურთისა და გართობის გარდა . . . .
სწორედ აქ, ჩვენი ბავშვობის ამ სავანეში იშვა ახალი ეპოქა 6 წლის შემდეგ, - 1988 წელს, როდესაც ჯერ «დავით გარეჯის» სამონასტრო კომპლექსის თაობაზე, შემდეგ კი მითიური «თურქი-მესხების» შესახებ პირველი, მღელვარე აქციები გაიმართა. სწორედ მაშინ და ამით დაიწყო ძველი სამყაროს ნგრევა – ახლისა და შეუცნობლობით საინტერესო რეალობის დაბადება. . . .
ქვემოთ, რუსთაველზე, «მთავრობის სასახლესთან», საქართველოს ისტორიის «საწურთნელ ადგილას», 1988 წლის 23 ნოემბერს აინთო პირველი სანთლები ქუჩაში – გაიმართა პირველი დიდი აქცია, რომელიც შინაარსობრივად არც შეწყვეტილა, სანამ 9 აპრილის საზარელი სისხლისღვრით არ დასრულდა. შემდეგ დანგრეული და გადამწვარი რუსთაველი – მაგალითი ქართველთა უგუნურების და სიძულვილისა. და იქვე, 2003 წლის 23 ნოემბრის თვალისმომჭრელი, საზეიმო ფეიერვერკი, - ნიშნად წარსული ეპოქის უმოწყალო უკუგდებისა.
1989 წლის სევდიან შემოდგომას, სიონიდან რუსთაველზე გამოასვენეს მერაბ კოსტავა – შავლეგოს, სვანური «ლილეო»-სა და თავჩაქინდრულ ცხენზე გადაკიდებული ჩოხის თანხლებით . . . . ხოლო 12 წლის შემდეგ, უკვე სულ სხვა ეპოქაში, სულ სხვა ღირებულებათა და სულისკვეთების ზეობისას, ასი ათასამდე ქართველმა ქაშუეთიდან გამოასვენა, იქვე დაასვენა და უდიდესი პატივით დაკრძალა გიორგი სანაია. . . .
ტყუილია, ქართველ ერს ისტორიული მეხსიერება არა აქვსო. მეხსიერება არა აქვს ბრბოს (უფრო ზუსტად, აქვს, მაგრამ ერთდღიანი - იმდღევანდელი), ერი კი პიროვნებებისაგან შედგება. ამდენად, მისთვის უეჭველად დაუვიწყარია მისივე ცხოვრების განმავლობაში განცდილი და გულში «დანად გატარებული» მოვლენების მთელი ჯერი: დაწყებული ენგურთან, საქართველოს სამარცხვინო, ისტორიული დამარცხებით გულდარწყულებულ სეპარატისტთა მიერ მოწყობილი ფეირვერკით, - დამთავრებული, უკვე სრულიად ახალ ეპოქაში, ახლადგაჩენილი, თოთო იმედის ჩამკვლელი სანახაობით ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ათეულობით ქართველი, მთელი მსოფლიოსა და დამცინავად მომღიმარი მოსკოველი ჟურნალისტი გოგონების თვალწინ, სამარცხვინოდ დააჩოქეს და არ აღმოჩნდა მათში თუნდაც ერთი (ერთი მაინც!!!), ვინც მტერს «ზვიადაურად» ეტყოდა სათქმელს.
ეგებ მკითხველმა მეტისმეტი ემოციურობაც მისაყვედუროს. ალბათ მართალიც იქნება, რადგან თანდაყოლილი დანაშაულის შეგრძნება მიფაქიზებდა პასუხისმგებლობასა და აღქმას.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -
ის გრანდიოზული და მრისხანე იმპერია, რომელიც მოულოდნელობისაგან გაოგნებული და პირგამეხებული ჩვენი თაობის თვალწინ ესოდენ სწრაფად დაინგრა და გრძნეული ატლანტიდასავით ჩაიძირა ისტორიის წყვდიადში, - მიუხედავად მისდამი ჩვენი განწყობისა, მარად მიგვიზიდავს და უხილავიც დაგვაინტერესებს, რაკი სწორედ მის წიაღში ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა.
ამდენად, გვინდა თუ არა, ჩვენი სულიერი მდგომარეობის გააზრებისა და რეალობის აღქმისას უეჭველად გავიხსენებთ იმ მრისხანე მოვლენებს – ეპოქა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანურ ვნებებთან ერთად მთავრდება.
გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილოსოფოსი, ჰერბერტ მარკუზე წერდა, რომ «ისტორიული პრაქტიკის საზომი მისი ისტორიული ალტერნატივაა». ჩემი შთაბეჭდილებით კი, ისტორიით ვნებიანი დაინტერესება არის კეთილშობილი ამბოხი რეალობის წინააღმდეგ – რაოდენ სამართლიანიც არ უნდა იყოს (ფორმალურად) დებულება, რომ ისტორიას ალბათობა არ ახასიათებს.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - -
ამ ქვეყანაში, ტრადიციულად, ანტისახელმწიფოებრივი განწყობა და ინტენცია, ანტისახელმწიფოებრივი ფენომენი, ბევრად უფრო ძლიერი, მომგებიანი, «გამკეთებელი» და პერსპექტიულია, ვიდრე სახელმწიფოებრივი.
ხოლო საქართველოს ბოლო 20 წლის ცოდვა-ბრალიანი ისტორიის მთავარი მამოძრავებელი, ნიშანი და მსაზღვრელი . . . უტიფრობაა!!! იმ პერსონაჟთა უტიფრობა, ვინც ლომის წილი შეიტანა ბოლო ათწლეულთა ტრაგედიაში. განსაკუთრებით ყველა გარდამტეხი მოვლენის იდეოლოგებს ვგულისხმობ - პირველ რიგში აწ გარდაცვლილი ე.წ «ინტელიგენციის» (მაგრამ არა მხოლოდ მათი) სახით, 1992 წელს რომ შევარდნაძეს ხელის გულს უკოცნიდა და უმალ ისკუპა გემიდან – როგორც კი მისმა შემოქმედმა ხიბლი და ძალაუფლება დაკარგა.
ტყუილად აქვთ იმედი, რომ ისტორიის ჩრდილს ან ამჟამინდელ სტატუსს ამოეფარებიან და მათი იმდროინდელი ნამოქმედარი დავიწყებული იქნება. შესაბამისად, ამ საიტის ერთ-ერთი მიზანი ისტორიული სიმართლის დაცვაცაა – როგორც უტიფართა უკანასკნელი და (სამწუხაროდ) ერთადერთი სასჯელისა.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
საინტერესოა თვალი მივადევნოთ, თანდათან როგორ დალპა და გაიხრწნა ის საზოგადოება, რომელიც წარსული საუკუნის 60-70-იან წლებში იშვა საქართველოში; შემდეგ, თავის გადასარჩენად, ქვეყანა საზარელი სამოქალაქო ომის კალოში ჩაითრია, ამ ომში გაიმარჯვა, ხანგრძლივი ლპობა განაგრძო და ერთბაშად (ერთ დღეში!!!) მოკვდა – 2003 წლის 23 ნოემბერს!
ამასთანავე, თანდათან როგორ იბადებოდა ახალი «სტილი», ახალი თვისებრიობა, ახალი იდენტობა, ახალი საზოგადოება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. თუმცა, მისი დაბადება მხოლოდ ამ ახალი საზოგადოების პირმშოთ უხარიათ, თორემ ჩვენ, რომელთა იდენტობა წარსულში ჩამოყალიბდა, - უეჭველად სიკვდილის კარამდე გაგვყვება აუხსნელი სევდა და სინანული.
იქნებ ესეც იყოს ჩემი მოკრძალებული შრომის ერთადერთი პრაქტიკული და «ფუნქციონალური» შედეგი, რაკი როგორც ჯორჯ სანტაიანა ამბობდა -
«ვისაც არ ახსოვს წარსული, განწირულია იგი კვლავ იცხოვროს».
მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოც ვერა და ვერ «შედგა», ვეღარ დალაგდა და დაწყნარდა. «შემდგარი» სახელმწიფო კი ღირებულებათა ასევე «შემდგარ» და მყარად დალაგებულ სისტემას გულისხმობს – რაც ყოვლად აუცილებელი პირობაა პიროვნების ბედნიერებისა და სიმშვიდისათვის.
იმედი მაქვს უპირატესად იმ კატეგორიისა, რომელიც «არა ფულისა და ძალაუფლებისთვის», არამედ მხოლოდ სულისშემძვრელი სანახაობის განსაცდელად მოდის ამქვეყნად. თუნდაც საფასური ინტელექტუალური მარტოობა იყოს.
ასე რომ, «მოდით და იხილეთ»