ჟენევის პროცესი კვლავ ჩიხში შევიდა

 ჟენევის პროცესი კვლავ ჩიხში შევიდა

    გასულ კვირას ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა. აფხაზმა ბოევიკებმა (ეს პირველი შემთხვევა არ არის), გადმოლახეს ენგური და რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს. მათგან ერთი იმავე საღამოს დახვრიტეს.
    რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პირველი შემთხვევა არ არის, შეუძლებელია გარკვეული გაღიზიანების შეგრძნება არ გაგიჩნდეს არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ლტოლვილთა უშიშროებას თუნდაც ზუგდიდის რაიონში, არამედ თვით ლტოლვილთა მიმართაც.
    გატაცებულები მამაკაცები არიან. კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, ასე საქონელივით როგორ უნდა წაგასხათ მტერმა თავის ბუნაგში?! აბა, ერთი სცადეთ, გადადით აფხაზეთში და რომელიმე აფხაზური სოფლიდან ვინმე მოიტაცეთ, დარწმუნებული ვარ, სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე, ცხვრებივით ვერავის წამოასხამთ.
    ეს ეპიზოდი უზუსტესი ილუსტრაციაა იმისა, რაც დაგვემართა აფხაზეთში და რისი იმედი უნდა გვქონდეს მომავალში.
    გრძელდება ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა გალის რაიონის ტერიტორიაზე. სამაგიეროდ, ქვეყნის ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება ლტოლვილთა დაბრუნება სამურზაყანოში, ვიდრე იქ არ აღდგება (ნაწილობრივ მაინც) საქართველოს იურისდიქცია და არ იქნება გარანტირებული ქართული მოსახლეობის უსაფრთხოება.
    პარადოქსული ვითარებაც კი იქმნება: სეპარატისტები თავად ეხვეწებიან ლტოლვილებს მშობლიურ სახლებში დაბრუნებას. მიზეზი გასაგებია - აფხაზეთს, ფაქტობრივად, გალის რაიონი კვებავდა. ამჟამად კი, მოსავალი უქმად ლპება. არძინბას ხროვა მილიონებს კარგავს, ამიტომ სხვა გზა არა აქვს, იძულებულია დევნილ მოსახლეობას მოუწოდოს, დაბრუნდეს გალში და მოიწიოს მოსავალი.
    როგორ გადაიტანს ეს მოსახლეობა მომავალ ზამთარს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ზამთარი აფხაზთათვისაც მძიმე იქნება, თუ სამურზაყანოს მოსავალი არ მოიკრიფა და დაბინავდა.
    ამასობაში შვეიცარიის დედაქალაქი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგ რაუნდს მასპინძლობს, იტალიაში კი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო დაფუძნდა, რომელმაც ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ფაქტები უნდა გამოიძიოს.
    სასამართლოს იურისდიქცია 120-ვე დამფუძნებელ სახელმწიფოზე ვრცელდება. მას შეუძლია განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ რეალურად აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში იგი ძნელად თუ დაგვეხმარება. მით უმეტეს, ვერ შეძლებს ანტიქართული გენოციდის ორგანიზატორთა დასჯას. ჯერ ერთი, სასამართლო ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წესდების რატიფიცირებას 60-ზე მეტი სახელმწიფო მოახდენს, ამას კი წლები დასჭირდება. გარდა ამისა, სასამართლოს იურისდიქცია აფხაზეთზე მხოლოდ ფორმალურად ვრცელდება. არძინბას დაჯგუფებას ისევე არ ეყოფა სასაცილოდ ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც არ აგდებს აინუშში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის მომგებიანი ვითარება მაინც შეიქმნება. საერთაშორისო სასამართლო შეიძლება გამოვიყენოთ ტრიბუნად სეპარატისტთა წინააღმდეგ სამართლიანი პროპაგანდისტული კამპანიის გასაჩაღებლად. ოღონდ საამისოდ აუცილებელია არძინბასა და მისი ხროვის წევრთა წინააღმდეგ სულ ცოტა, საქართველოს სასამართლომ მაინც აღძრას სისხლის სამართლის საქმე პროკურატურის წარდგინებით.
    მაგრამ ვითარება ჯერ, როგორც ჩანს, არ მომწიფებულა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით (რეალობიდან გამომდინარე), იძულებული ვართ, მოლაპარაკება ვაწარმოოთ გენოციდისა და ეთნოწმენდის ერთ-ერთ უმთავრეს ორგანიზატორთან - სერგეი შამბასთან ჟენევის პროცესის ფარგლებში.
    მოლაპარაკება განახლდა გაეროს ეგიდით, ეუთოს მონაწილეობით, რუსეთის შუამავლობითა და «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის» მეთვალყურეობით. სეპარატისტებმა მაინც თავისი გაიტანეს და საფრანგეთის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩებს ამჟამად მხოლოდ მეთვალყურის სტატუსი აქვთ. თუმცა, ზოგიერთმა დამკვირვებელმა უკვე შენიშნა საინტერესო ნიუანსი: დასავლეთის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში თვით არძინბასაც აძლევს ხელს, რათა მას მიმართოს თხოვნით დახმარების შესახებ, თუ საქართველო და რუსეთი შეეცდებიან, მიაღწიონ რაიმე გარიგებას სეპარატისტული აფხაზეთის ინტერესთა ხარჯზე;
    თუმცა, ამგვარი გარიგების ალბათობაც განუხრელად მცირდება. საქართველოს არ შეუძლია მუდმივად იმყოფებოდეს გაურკვეველ ვითარებაში. 31 ივლისს იწურება რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, ოფიციალური თბილისი არ აპირებს, მოითხოვოს მანდატის გაგრძელება. ფაქტობრივად, იქმნება ვითარება, რომელიც «ჭეშმარიტების მომენტად» შეიძლება იქცეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
    რაც შეეხება თვით «ჟენევის მოლაპარაკებას», მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და შეურიგებელ პოზიციებზე დგანან. მაგალითად, საქართველო მოითხოვს გალის მოვლენებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მიკუთვნებას, მათ აღიარებას ეთნიკური წმენდისა და გენოციდის აქტად. სეპარატისტთა მხარე კი მაისის მოვლენებს «საქართველოს მორიგ აგრესიად» მიიჩნევს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებათა რაუნდი დასრულდება შესაბამისი დეკლარაციით «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკოორდინაციო საბჭოს გაძლიერების შესახებ». ანუ კვლავ დაფიქსირდება სტატუს-კვო, რომლის შესაცვლელად (თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღეს), ხელისუფლებას ძალიან დიდ რისკზე წასვლა მოუწევს. ფაქტობრივად, ეს ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს. რამდენადაა მზად საამისოდ ხელისუფლება - უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
   

სად შეხვდა ვალერი კვარაცხელია იგორ გიორგაძეს?

    ამ ერთი შეხედვით რიტორიკულ კითხვას სერიოზული, პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ცნობილ ჟურნალისტ კვარაცხელიას ხელისუფლებისადმი სიმპათიას ვერ დააბრალებ. მიუხედავად ამისა და მიუხედავად საკუთარი სურვილისა, მან სწორედ ხელისუფლებას გაუწია დიდი სამსახური უშიშროების ყოფილ შეფთან ინტერვიუს გამოქვეყნებით.
    ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ «შანსში» დაბეჭდილი ინტერვიუ თვისობრივად განსხვავდებოდა იმავე იგორ გიორგაძის ინტერვიუებისგან რუსული პრესისა და ტელევიზიისათვის.
    იგორი კრინტს არ სძრავს ჯაბა იოსელიანზე, მხედრიონზე, თითქოს საერთოდ არ იცნობს ამგვარ ორგანიზაციას. როგორც ჩანს, იგი ცდილობს გაემიჯნოს ყოფილ თანამებრძოლებს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა.
    თუმცა, ეს ყოველივე წვრილმანია იმ ფაქტთან შედარებით, რომ ინტერვიუ მაინც რუსეთში შედგა. იგორ გიორგაძეს «მუდმივ ადგილსამყოფელს» მნიშვნელობა არა აქვს - განურჩევლად იმისა, მოსკოვის რომელ უბანში ცხოვრობს, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.
    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა დამოკიდებულება აქვს სინამდვილეში კრემლს ტერორისტებისადმი. წარმოუდგენელია, ვალერი კვარაცხელიას მიეგნო გიორგაძისათვის, ხოლო რუსული სპეცსამსახური მას ვერ აგნებდეს. მაშასადამე, «დაკონსერვებული» ჰყავთ და საქართველოსათვის გადმოცემა არც უფიქრიათ.
    იგორ გიორგაძის ხელახალი გამოჩენა საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე (თუნდაც ინტერვიუერის სახით) ხელისუფლებისათვის კეთილისმყოფელ შედეგებს გამოიღებს, ანუ შედეგი საპირისპირო იქნება, ვინაიდან ნუ დაგვავიწყდება: იგორ გიორგაძე მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა როდია, იგი პრობლემაა მრავალი აწ ოპოზიციაში მყოფი ძალისთვისაც. ეს უკანასკნელნი გარეგნულ არალოიალობას ხელისუფლებისადმი მაინც შეინარჩუნებენ, მაგრამ გიორგაძის გაძლიერების შიშით, შინაარსობრივად უფრო ლოიალურნი გახდებიან.
    არადა, იგორ გიორგაძისგან პოლიტიკური ფენომენი აშკარად ხელოვნურად იქმნება. რუსეთის მასმედიისათვის მიცემულ ინტერვიუში მას არაერთგზის აღუნიშნავს: ხელისუფლება იმიტომ მდევნიდა, რომ შევარდნაძის ალტერნატივა ვიყავიო მოსახლეობის თვალში. კვარაცხელიასთან საუბარში იმავეს განმეორება, ეტყობა, ვეღარ გაბედა (ვინაიდან მისი «ალტერნატივობა» აშკარა სისულელეა - პოლიტიკურ ფიგურად მას არასოდეს არავინ აღიქვამდა), ამიტომ უფრო მოკრძალებული პრეტენზიით შემოიფარგლა: ხელისუფლებას ვძულდი, ვინაიდან არჩევნების ობიექტურად ჩატარება შემეძლოო. კაცმა რომ თქვას, იმდროინდელ საქართველოში არც ერთი სტრუქტურა ნორმალურად არ მუშაობდა, რაღა უშიშროების სამინისტრო იქნებოდა ისეთი ზემძლავრი, რომ, თურმე, მის ნებაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. ვგულისხმობ ზოგადეროვნული მნიშვნელობის, ფართომაშსტაბიანი პროცესების მართვას, თორემ იმდროინდელი პარლამენტის შენობაში აფეთქების ორგანიზებას რამდენიმე «სპეცნაზელიც» მოახერხებდა.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვალერი კვარაცხელია კიდევ უფრო დიდ სამსახურს გაუწევს შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას, თუ ყოველდღე გამოაქვეყნებს იგორ გიორგაძის ინტერვიუებს, - ამით იგი მოახერხებს პოლიტიკური ელიტის, ისტებლიშმენტის კონსოლიდირებას, ვინაიდან უშიშროების ყოფილი შეფი ერთნაირად მიუღებელია როგორც საკუთრივ ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისათვის.
    იგორ გიორგაძისგან იქმნება პოლიტიკური ფანტომი, რომელიც ობიექტურად დიდ სამსახურს უწევს ხელისუფლებას, ვინაიდან სძენს მას მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს.
    იგივე ითქმის რუსეთის ხელისუფლებაზეც: იგორ გიორგაძის მოსკოვში ყოფნა უკვე უეჭველი ფაქტია. ეს ფაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული ოფიციალური თბილისის მხრიდან პოლიტიკური ან დიპლომატიური დემარშისათვის.
    იმავდროულად, კრემლი ვერ განმუხტავს ვითარებას გიორგაძის საქართველოსათვის გადმოცემით, ვინაიდან ამის შემდეგ, ფაქტობრივად, მოესპობა საშუალება, გამოიყენოს მადესტაბილიზებელი ფაქტორები ყოფილ «საბჭოთა რესპუბლიკებში».
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთს «აღარავინ ენდობა». ნდობის ფაქტორი პრორუსულ ძალებში მით ნაკლები იქნება, რაც უფრო ხშირად გადასცემენ «სურეთ ჰუსეინოვებსა და იგორ გიორგაძეებს» მათ მშობლიურ სამართალდამცავ ორგანოებს.
    ამდენად, ფუჭია ფიქრი, თითქოს გიორგაძე სამშობლოში დაბრუნდება ნებით, ან ძალით. რაც დრო გავა, გიორგაძის ფენომენი სულ უფრო გახუნდება. მისი კორესპონდენტებისადმი მეტისმეტი ყურადღების მიქცევა კი ხელისუფლების მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნებოდა. ნებისმიერ პოლიტიკურ ფენომენს დევნა-შევიწროება მხოლოდ აძლიერებს და პირიქით.
   
   

საქართველოს საზღვრების პრობლემა კვლავ მტკივნეულია

    ყველაზე გამაღიზიანებელი საზღვრის აჭარის მონაკვეთთან დაკავშირებულ სკანდალში იყო რუსული პრესის რეაქცია. რუსეთის გაზეთები, აგრეთვე ტელევიზია აშკარა სიხარულითა და გესლიანი დაცინვით იტყობინებოდნენ: ქართველებმა სიტყვა შეასრულეს, საზღვაო აკვატორიას თავად იცავენ, მაგრამ ამათი აკვატორია მხოლოდ ფოთის მიმდებარე წყლები აღმოჩნდა, ვინაიდან არათუ აფხაზეთის, არამედ აჭარის სანაპიროსთანაც არ შეუშვესო.
    აგრეთვე, აშკარა კმაყოფილებითა და სიამოვნებით აღწერენ, როგორ მიადგნენ ქართული გემები აჭარის საზღვრებს, მაგრამ როგორ არ შეუშვეს ისინი «თავიანთ ტერიტორიულ წყლებში» აჭარლებმა და ასე შემდეგ.
    თითქოსდა აჭარლები იგივე ქართველები არ იყვნენ, ერთ-ერთი რუსული გაზეთი სინანულით წერდა: მაშინ, როცა აჭარა და აფხაზეთი წინააღმდეგია რუსი მესაზღვრეების გაყვანისა, რუსეთი რატომღაც უსიტყვოდ ასრულებს საქართველოს მოთხოვნებს, არადა, ნამდვილად შეუძლია დაიცვას საკუთარი ინტერესები.
    იგულისხმება, რომ ამ ინტერესთა დასაცავად რუსეთმა უნდა ითამაშოს მზარდ წინააღმდეგობაზე არა მხოლოდ თბილისსა და სოხუმს, არამედ თბილისსა და ბათუმს შორის.
    შექმნილი ვითარება საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს, ძალიან ფრთხილად იმოქმედოს, არ წამოეგოს პროვოკაციაზე. ხვეწნა-მუდარა, ან «სამშობლოს ინტერესთა უზენაესობის» შეხსენება, რა თქმა უნდა, ვერ გაჭრის. საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ზემოთ ხსენებულ წინააღმდეგობებზე მოჭიდება და მათი გამოყენება საქართველოს საზღვრებზე დასარჩენად.
    მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ეტაპზე თბილისი დათანხმებოდა იმას, რომ აჭარისა და აფხაზეთის საზღვრები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიცვას. ცენტრს მაინც აქვს ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები ფინანსირებისა და სხვა ფაქტორების გამოყენებით. რაც მთავარია, აჭარის მოსახლეობა მთლიანად «პროქართულია» და შეიძლება ისეც მოხდეს, რუსი მესაზღვრეების წასვლის შემდეგ კიდევ უფრო პროქართული გახდეს. გამგები გაიგებს რატომაც, - ეს კი, თავის მხრივ, აიძულებს, უეჭველად აიძულებს, ავტონომიის ხელისუფალთ, თბილისთან კომპრომისი ეძიონ.
    ამჟამად აჭარელთა ინტერესების გარანტი უფრო რუსეთია, ვიდრე სრულიად საქართველო. რუსეთის წასვლის შემდეგ, ამ ინტერესთა გარანტი მთლიანად საქართველო გახდება. რუსეთი კი აუცილებლად უნდა წავიდეს საქართველოს საზღვრებიდან - თუ არადა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ფორმალური იქნება.
    მოსკოვში დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს, აგრეთვე, ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას. უკვე მზადდება შესაბამისი უარყოფითი სტერეოტიპები, რომლებიც მთელი ძალით ამოქმედდება საქართველოს წინააღმდეგ კრიზისულ ვითარებაში. კერძოდ, გენერალ ნიკოლაევის მიერ აგორებული «სპირტის თემა» ისევ აქტუალურია. რუსული მასმედია დაუფარავად ამჟღავნებს სურვილს, ეს თემა აქციოს საქართველოზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებად. აქაოდა, «ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ საზღვრებს, ამიტომ ქართველი სპეკულანტები სპირტს შეიტანენ ჩეჩნეთში, იქედან კი - მთელს რუსეთში».
    იმავე თემის განვითარებით სულ ადვილად მიადგებიან იარაღის კონტრაბანდასაც, ამიტომ საქართველომ თადარიგი აქედანვე უნდა დაიჭიროს, რათა შესაბამისი კონტრზომები მიიღოს - კერძოდ, თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ფსოუს საკონტროლო გამშვებ პუნქტს, იქიდანაც ხომ შეიძლება შემოვიდეს იარაღი და სხვა სახის კონტრაბანდა აფხაზეთში.
    ასეა თუ ისე, წინასწარ უნდა შევურიგდეთ აზრს: საქართველოს მიერ საზღვრების დამოუკიდებლად გაკონტროლება უეჭველად გამოიწვევს ურთიერთობის გამწვავებას რუსეთთან. ეს გარდაუვალია, ვინაიდან რუსეთს, რასაკვირველია, ერჩია საქართველოს საზღვრები თავად გაეკონტროლებინა.
    ასე ნაკლები «თავს ტკივილი» ექნებოდა და არც იქნებოდა ვალდებული, ჩვენს ქვეყანასთან გეოპოლიტიკურ კომპრომისებზე ეფიქრა, თუნდაც იმავე «აფხაზ მოკავშირეთა» ხარჯზე.
   

სტროუბ ტელბოტი გვირჩევს საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას

    საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სულ ხუთ საათს დაჰყო, მიუხედავად ამისა, ხანმოკლე ვიზიტი პროდუქტიული აღმოჩნდა იმ აზრით, რომ პოლიტიკური შთაბეჭდილება შექმნა.
    ხშირად ვიზიტები იმართება სწორედ ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად, ანუ დემონსტრაციული მიზანი აქვს. ტელბოტის მოულოდნელ სტუმრობას შეიძლება «კონსულტაციურ-დემონსტრაციული» ვუწოდოთ. მოსკოვში რა თქმა უნდა, შეამჩნევდნენ, რომ ამერიკაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან მიმავალი ტელბოტი სწორედ თბილისში შეჩერდა (და არა ბაქოში, ან ერევანში), თანაც იმ დროს, როდესაც უკრაინას ეწვია ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი.
    პოლიტიკაში ამგვარი დამთხვევები არ ხდება, ხოლო როცა მაინც ხდება, თუ მას წინასწარ განზრახული ხასიათი არ აქვს, ყველაფერი გაკეთდება ამგვარი თანხვედრის თავიდან ასაცილებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტელბოტი თბილისში არ დაჯდებოდა, მას რომ წინასწარ არ სდომოდა დაემთხვია საქართველოში სტუმრობა გორის ვიზიტისათვის უკრაინაში.
    ტელბოტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც იგი რამდენიმე თვის წინათ ესაუბრა ვაშინგტონში. შესაძლოა, ეს ვიზიტი, იმ განზრახულობათა გადამოწმება-შეჯერებისათვის იყო საჭირო, რომელთა თაობაზეც მაშინ მოილაპარაკეს ჟვანიამ და ტელბოტმა.
    კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სტროუბ ტელბოტთან ერთად ამერიკულ დელეგაციაში იმყოფებოდა ამერიკის შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსის მოადგილე ჯოზეფ რალსტინი, რომელიც თვით თევზაძეს შეხვდა.
    შეიძლება სენსაციურად მივიჩნიოთ მისი განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს ყოველმხრივი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. სულ რაღაც სამი წლის წინ, როდესაც გენერალ შალიკაშვილს მსგავსი რამ წამოსცდა, რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა მასთან შეხვედრას თავი აარიდა (ამით ქარაგმულად პროტესტი განუცხადა რუსეთის «საშინაო საქმეებში» ჩარევის გამო) და შალიკაშვილი იძულებული გახდა, გაიძვერა კოზირევისათვის ბოდიშიც კი მოეხადა; ნუ გაიკვირვებთ, ეს ფაქტი მაშინ ფართოდ გაშუქდა ამერიკულ და რუსულ პრესაში.
    დღეს კი არა მგონია, ჟოზეფ რალსტონმა ევგენი პრიმაკოვს ბოდიში მოუხადოს. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, რა სწრაფად იცვლება ვითარება. რა იქნება 3 ან 5 წლის შემდეგ. შესაძლოა, იმგვარი ვითარებაც შეიქმნას, რასაც დღეს ძნელად თუ წარმოვიდგენთ.

დილის გაზეთი, 27 ივლისი, 1998 წ.