კვირის მიმოხილვა: ოპოზიცია ისევ აწვალებს და წვალობს

კვირის მიმოხილვა: ოპოზიცია ისევ აწვალებს და წვალობს

        9 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით ყველაზე სასაცილო იყო გაუთავებელი კამათი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუ «რამდენი ხალხი მივიდა მიტინგზე». ოპოზიცია 200-300 ათასს ასახელებს. ყველაზე ცოტა – 150 ათასს. ხელისუფლება – 25 ათას ადამიანს. არადა, ექსპერტებისათვის ძნელი გამოსათვლელი არ არის, რამდენი ადამიანი ეტევა ტერიტორიაზე ოპერას თეატრიდან – «მოსწავლე ახალგაზრდობის» სასახლემდე.
        ნებისმიერ შემთხვევაში, 14 საათისათვის, როდესაც მიტინგი დაიწყო, ხალხი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე 2007 წლის 2 ნოემბერს და 2008 წლის 13 იანვარს. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც 2 ნოემბერს ხალხი რუსთაველზე მოვიდა, იგი ელოდა ოპოზიციის ლიდერებისაგან გმირობას, ელოდა, რომ მას «დაძრავდნენ», როგორც მიშამ «დაძრა» 2003 წლის 22 ნოემბერს და ხელისუფლებას ერთი დარტყმით დაამთავრებდა, როგორც მაშინ დაამთავრა.
        მაგრამ 2 ნოემბერს ლიდერებს შეეშინდათ – მათ იცოდნენ, რომ მიშასთან ასე ადვილად არ გაუვიდოდათ ის, რაც შევარდნაძესთან გაუვიდა თვითონ მიშას. ამიტომ ხალხი არ «დაძრეს» და სამთავრობო შენობების ბლოკირება ან მათში შეჭრა არ სცადეს. არადა, 150 ათას ადამიანს ვერანაირი «სპეცნაზი» ვერ შეაკავებდა.
        დღეს ამ ლიდერებს არაფრის დიდებით არ უნდათ გაიგონ, რომ ხალხი მათ ამას არასდროს არ აპატიებს. ერთხელ აპატია, - მივიდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შემდეგ (13 იანვარს) რუსთაველზე ლამის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გაიარა; ოპოზიციას შეეძლო ამ ხალხისთვის ეთქვა: «დარჩით რუსთაველზე და ინაუგურაცია ჩავშალოთო», მაგრამ ისევ შეეშინდა და ხალხი იპოდრომზე წაიყვანა. მერე იქედანაც არ «დაძრა» და «ჯიგრულად დაშლა – არმოშლისკენ» მოუწოდა.
        რატომ სცემდა ხალხი პატივს მიშას «ვარდების რევოლუციის» დროს? იმიტომ, რომ უკან არ იხევდა! როცა მიშა ხალხს შეპირდა, - «2003 წლის 22 ნოემბერს მერიის აივნის ქვეშ შევიკრიბოთ და შევარდნაძე დავამთავრო» - ეს დაპირება მთლიანად შეუსრულა: ხალხი შეიკრიბა, მიშამ «დაძრა» და შევარდნაძე დაამთავრა.
        დღევანდელი ოპოზიციაც პირდებოდა ხალხს: «2 ნოემბერს ნინო ბურჯანაძის ფანჯრის ქვეშ შევიკრიბოთ და მიშა დავამთავროთო»; მაგრამ ვერაფერიც ვერ დაამთავრა.

        მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის წინ ვანო მერაბიშვილი ლიდერებს დაემუქრა, რომ აუცილებლად დააპატიმრებდა «მასობრივი არეულობის ორგანიზების» ბრალდებით, რაც 5 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. ამასობაში ამერიკამ არჩევნების შედეგი, ანუ მიშას პრეზიდენტობა სცნო. ლიდერები მიხვდნენ, რომ თუ მათ დაიჭერდნენ, ამერიკა და ევროპა არ დაიცავდათ – მიშა ხომ კანონიერ პრეზიდენტად სცნეს? ანუ, მიშა კი სძულდათ, მაგრამ არა იმდენად, მის გამო ციხეში წასულიყვნენ. მათ დაავიწყდათ სუვოროვის გამოთქმა «ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამსო». მიშამ 22 ნოემბერს გარისკა და დღემდე სვამს შამპანურს. ოპოზიციის ლიდერებს შამპანური მასზე ნაკლებად არ უყვართ, ოღონდ ურისკოდ.

ერთად დანთებული სანთლები

        9 აპრილს დილიდან ყველა ტელევიზია გამუდმებით ატრიალებდა იმ კადრებს, სადაც ლევან გაჩეჩილაძე და მიხეილ სააკაშვილი, სანთლებით ხელში, ერთად დგანან. მანამდე «გრეჩიხამ» თავისი სანთელი დათო ბაქრაძის სანთლისგან აანთო. ყველა საინფორმაციო გადაცემა ამ კადრებით იწყებოდა.
        ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ «აბა რა გვექნა, პატრიარქის თანდასწრებით მიშას ლანძღვა – გინებას ხომ არ დავუწყებდითო», ხალხის დიდი ნაწილი ამით მაინც გაღიზიანდა: «ეგენი ისევ ერთად არიანო».
        ასეთ ხალხს არ ესმის და არც უნდა გაიგოს, რომ არის დღეები (მაგალითად 9 აპრილი) როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთადაც უნდა იყონ.
        მაგრამ მაინც ღიზიანდებიან იმით, რომ ლევან გაჩეჩილაძემ 2 ნოემბრის შემდეგ სამებაში სააკაშვილს ხელი ჩამოართვა, თან თავიც დაუკრა, ახლა კი მის გვერდით სანთლებანთებული იდგა.
        სხვათა შორის ნინო ბურჯანაძემ იეშმაკა და იმ კადრებში არსად ჩანდა.
        მიხეილ სააკაშვილმაც ზუსტად გათვალა, რომ თუ პატრიარქთან ერთად მივიდოდა პარლამენტის წინ, ოპოზიცია შეეცდებოდა პატრიარქის გვერდით «დაფიქსირებულიყო» ანუ მის გვერდითაც დამდგარიყო.
        თუმცა, ისეთ «პი-არ» საჩუქარს, როგორიცაა დათო ბაქრაძის სანთლიდან - სანთლის ანთება, ისიც ვერ წარმოიდგენდა.
        ოპოზიციას კი, ერთის მხრივ იმ ხალხის იმედი აქვს, ვინც აბსოლუტურად უკომპრომისოდაა განწყობილი, სწორედ მას მოუწოდებს მიტინგებზე, ხოლო მეორეს მხრივ, თვითონ უნდა «კულტურულად» გამოჩნდეს.
        არადა, ასე არ გამოდის – ერთი უნდა აირჩიონ რომელიმე.
       

ნინო ბურჯანაძეს უსტვინეს

        ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში უამრავი მიტინგი ჩატარებულა, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ მომხდარა ის, რაც 2009 წლის 9 აპრილს მოხდა. ანუ, არ ყოფილა შემთხვევა, მომიტინგეებს რომელიმე ოპოზიციონერისთვის მიტინგზე ესტვინათ და მისი გამოსვლა ღრიანცელით ჩაეხშოთ.
        ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნინო ბურჯანაძე ხალხის დიდ ნაწილს ოპოზიციონერად არ მიაჩნია, თუმცა ნინო ამას ყურადღებას არ აქცევს. მან იცის, რომ რამდენიც არ უნდა უსტვინონ, თუკი მიშას «ჩამოგდებას» შეძლებს, ხალხის დიდი ნაწილი (განსაკუთრებით თბილისის გარეთ) მას უფრო მისცემს ხმას, ვიდრე ალასანიას.
        სამაგიეროდ, ყურადღებას აქცევენ სხვა ოპოზიციონერები. ისინი ძალიან ცდილობენ დამალონ, თუმცა 9 აპრილის აქციის წინ მათ შორის დიდი განხეთქილება იყო ბურჯანაძის საკითხზე. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ბურჯანაძის გვერდით დგომა მომხრეებს შეუმცირებდათ და აქციაზე ნაკლები ხალხი მოვიდოდა. სხვებმა ეს ჯიუტად არ დაიჯერეს.
        როდესაც ბურჯანაძეს უსტვენდნენ, იქვე მყოფ თინიკო ხიდაშელს სახეზე ღიმილი აუთამაშდა. დათო უსუფაშვილს კი სახე მაშინ მოექუფრა, როდესაც კობა დავითაშვილმა თქვა: «პირველი არხისკენ დავიძრათ და პირდაპირი ეთერის ჩართვა ვაიძულოთო».
        საქმე ისაა, რომ მთელი ღამის განმავლობაში პირველ არხზეც და სახელმწიფო რეზიდენციებშიც «სპეცნაზი» შედიოდა. მათ მძიმე ზურგჩანთები ხვნეშით შეჰქონდათ – როგორც ჩანს, ცრემლსადენი გაზის ბალონებითა და სხვა აღჭურვილობით.
        ხელისუფლების ტაქტიკა კი ისაა, რომ მომიტინგეები რუსთაველზე დატოვოს – რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს «უვადო მიტინგი?» ბოლოს და ბოლოს მარაზმად გადაიქცევა და ხალხსაც მოსწყინდება. საბოლოოდ შეიძლება ოპოზიციის ლიდერები მანანა არჩვაძეს დაემსგავსონ, რომელიც წლობით მართავდა აქციას იმავე ადგილას, ხოლო ავტობუსის მგზავრები თვალს არიდებდნენ.

სააკაშვილი არ არის შევარდნაძე

          ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ ხალხის მასა ყოველთვის ზუსტად გრძნობს, როდის არის ხელისუფლება სუსტი და როდის ვისთან - რა «გაუვა».
        ის ხალხი, ვინც 2003 წლის 22 ნოემბერს შეიკრიბა მიშას აივნის ქვეშ, გრძნობდა, რომ შევარდნაძე სუსტი იყო და ძალას არ (ან ვერ) გამოიყენებდა. ამიტომაც იყო ასე «თამამი» და «ბოლომდე წამსვლელი».
        2007 წლის ნოემბერში სააკაშვილმა ხალხს აჩვენა, რომ მის უკან ძალა იდგა. მიშას ხომ შეეძლო 6 ნოემბერს გადამდგარიყო და საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. მაგრამ 6 ნოემბერს რომ გადამდგარიყო, ამით თავის სისუსტეს აჩვენებდა. მიტინგზე მას დედას აგინებდნენ და ამ დროს უბრალოდ გადადგომა «გაქცევას» დამსგავსებოდა. ამის გამო სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა.
        ამიტომ, მიშამ ჯერ მიტინგი დაარბია (ანუ ხალხს ძალა აჩვენა) და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა. ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა (ვინც მხოლოდ ძალას სცემს პატივს) ხმა ისევ ძლიერს და გამარჯვებულს მისცა. მეორე ნაწილმა კი დაინახა, რომ მიშასთან «არ გაუვა» ის, რაც შევარდნაძესთან «გასდიოდა».
        შევარდნაძის სისუსტის გამოვლინება ისიც იყო, რომ 2003 წლის ნოემბრის მიტინგებზე ჯარის სარდლები, სპეცდანიშნულების რაზმთა მეთაურები გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ გადადიოდნენ ოპოზიციის მხარეს. ამით ხალხი ხედავდა, რომ შევარდნაძე კიდევ უფრო სუსტდებოდა და მის უკან ძალა აღარ იდგა.
        დღეს ასეთი არაფერი ხდება და ძალისმიერი სტრუქტურები მზად არიან, დაიცვან ხელისუფლება.
        კიდევ რა აკლია ოპოზიციას? თითქოსდა ყველაფერი აქვს ახალი რევოლუციისთვის: გამწარებული ხალხი, უამრავი «სათქმელი», არც ფინანსები აკლიათ (თუ ორგანიზაციის დონეს დავაკვირდებით) და არც ლიდერები. არა აქვთ მხოლოდ ერთი: «რუსთავი 2»!!!
        ეროსი კიწმარიშვილი მიტინგზე საერთოდ არ მივიდა. როგორც ჩანს იგრძნო, რომ ბურჯანაძისაგან განსხვავებით, მარტო სტვენით არ შეხვდებოდნენ.