დონალდ ტრამპი და «ამერიკული სილამაზე»

    1999 წელს ამერიკის და მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა სემ მენდესის ფილმი «ამერიკული სილამაზე» (ან «სილამაზე ამერიკულად» – American Beauty) კევინ სპეისის მონაწილეობით.
    თეატრალური რეჟისორი მენდესი ჰოლივუდის კინო–ტიტანებს არ განეკუთვნება და, როგორც ჩვენში იტყვიან, «ვარსკვლავებს არასდროს წყვეტდა», მაგრამ ამ ფილმით დაამტკიცა, რომ არა უბრალოდ ნიჭიერი, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოაზროვნე რეჟისორია.
    «ამერიკულმა სილამაზემ» ერთი უცნაური რეკორდი დაამყარა: იშვიათად ხდება, ამ ჟანრის ფილმმა მრავალგზის გადააჭარბოს საკუთარი ბიუჯეტს. საკმარისია ითქვას, რომ მის შესაქმნელად სულ 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა (ჰოლივუდისთვის მიზერია), თუმცა შემოსავალმა ამერიკაში 130 მილიონს გადააჭარბა!
    კევინ სპეისის გენიალური შესრულების მიუხედავად, კინოკრიტიკოსებს ფილმი არც ისე მოეწონათ, თუმცა კი აღიარებდნენ: რეჟისორი, როგორც ჩანს, რაღაც ისეთ ნერვს შეეხო, რომელიც ამერიკელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
    ეს ფილმი ძალიან ყურადღებით უნდა ნახო. თან არაერთხელ. ერთი შეხედვით, თითქოს, ეკლექტური ჟანრის ნაწარმოებია: შავი კომედია პრიმიტიული მელოდრამატული სიუჟეტით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ღრმა და დახვეწილი რეფლექსიაა თანამედროვე ამერიკული საზოგადოების ეგზისტენციურ პრობლემებზე – პირველ რიგში იმის თაობაზე, რომ ადამიანს, მარტივად თუ ვიტყვით, ნამდვილად სჭირდება «კიდევ რაღაც» – გარდა მოწყობილი ცხოვრების და უზრუნველობისა.
    სპეისის გმირს არაფერი აკლია. ცხოვრობს მშვიდად, მონოტონურად, ერთფეროვნად, – წყნარ, პატარა, ჭეშმარიტად ამერიკულ ქალაქში, როგორიც აღწერილია რუსი მწერლების, ილფისა და პეტროვის შესანიშნავ წიგნში «ერთსართულიანი ამერიკა», რომელიც გასული საუკუნის 30–იან წლებში დაიწერა, თუმცა ახლაც კი გაკვირვებს უჩვეულო სიღრმითა და სიმართლით.
    ფილმის მთავარი გმირისთვის სამუშაოს დაკარგვა თავისთავად კი არაა ტრაგედია, არამედ აიძულებს დაფიქრდეს არსებობის საზრისზე და იქცევა «ტრიგგერად» დაფარულ მისწრაფებათა გამომჟღავნებისათვის: «დაე, დაიქცეს ეს ერთფეროვნება, გაუმარჯოს ქარიშხალს, გაუმარჯოს ვნებასა და სიცოცხლეს» – ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ფილმის სლოგანი.
    უდავოდ ნიჭიერი და ჭკვიანი რეჟისორი ბოლოს იმასაც გვიჩვენებს, რომ ეს ამბოხი სრული, თანაც რაფინირებულად ტრაგიკომიკური ფინალით სრულდება: მიუხედავად მძვინვარე ვნებისა, 16 წლის ქალწულის გაჟიმვას მაინც ვერ გაბედავს. თანაც არა კანონის შიშით არამედ (რაც არსებითია) შინაგანი ეთიკის ზემოქმედებით; და ბოლოს, თვითონაც იქცევა წმინდად ამერიკული პოლიტკორექტულობის მსხვერპლად – გროტესკული ფინალით, როცა მართლა არ იცი, გაბედო თუ არა სიცილი იმაზე, რაც თითქოს სასაცილო სულაც არ არის.
    «ამერიკულმა სილამაზემ», თავის დროზე, ბობოქარი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთი მას «ფაშისტური ამბოხებისკენ მოწოდებასაც» კი უწოდებდა. მართლაც, ერთ–ერთ ეპიზოდში შემთხვევით როდი ფიგურირებს სვასტიკა; ფილმის ფილოსოფია კი ერთფეროვნების, პოლიტკორექტულობის, ობივატელობის, მთლიანობაში საზოგადოების «ჩამყაყების» წინააღმდეგაა მიმართული – ქარიშხლიანი ამბოხის სასარგებლოდ, რომელიც «განწირულ სულისკვეთებად» იქცევა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    საეჭვოა სემ მენდესს კონკრეტული პოლიტიკოსი ეგულისხმა 1999 წელს იმის მიუხედავადაც კი, რომ ექსცენტრიული მილიარდერი დონალდ ტრამპი უკვე მაშინ (90–იანების დასასრულს) გამოირჩოდა ამერიკული პოლიტიკისთვის უჩვეულო სტილით. ოღონდ მთავარში ეს მოაზროვნე რეჟისორი აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა: ამერიკელებს თანდათან, თუმცა ძალზე «მრისხანედ სწყინდებათ» თბილი და კომფორტული ჭაობი, რადაც გადაიქცა ამერიკა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში! მათ ზიზღნარევად მოჰყირჭდათ პოლიტკორექტულობა და მისი აბსოლუტური გამოხატულება, პრეზიდენტი ბარაქ ჰუსეინ ობამა, – მისი უცთომლად «სწორი» და «დავარცხნილი» ფრაზეოლოგიით, სიმშვიდით, რომლის მიღმა არასრულფასოვნების ღრმად დაფარული კომპლექსი იმალება; შესაბამისად, დაკონსერვებისა და სტაბილურობისაკენ ურყევი მისწრაფებით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს «ერთსართულიანი ამერიკის» დაჭაობებას იმის მიუხედავადაც კი (აი, ეს მომენტია განსაკუთრებით ნიშანდობლივი და საინტერესო), რომ ამერიკამ სწორედ ობამას პრეზიდენტობისას გადალახა მრავალი ეკონომიკური პრობლემა: უპრეცედენტოდ შემცირდა უმუშევრობა, ამერიკა იქცა ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ (რუსეთსაც კი უსწრებენ უკვე ბუნებრივი აირის ექსპორტით და საუდებს ეწევიან ექსპორტირებული ნავთობის ოდენობით) ხოლო ამერიკელები დღეს ისე კარგად ცხოვრობენ წმინდად მატერიალური თვალსაზრისით როგორც არასდროს!
    მაგრამ დონალდ ტრამპის ფენომენი ისევ და ისევ ადასტურებს, რომ ადამიანს, მართლაც, კიდევ სჭირდება რაღაც და ეს «რაღაც», სინამდვილეში, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე «აიფონი», ტექნოლოგიური პროგრესი, ცხოვრების დონე და სხვა.
    ხოლო როდესაც ისტებლიშმენტს ამის გაგება არაფრის დიდებით არ სურს, როცა მანტრასავით ჩლუნგი სიჯიუტით იმეორებს: «სხვა რაღა გინდათ თქვე ოხრებო? – ნახეთ ციფრები, ნახეთ «დოუ–ჯონსის ინდექსი», ნახეთ ტექნოლოგიური ინოვაციების ოდენობა, იხილეთ უმუშევრობის პროცენტი, იხილეთ სამუშაო ადგილების ოდენობა, კეთილდღობის დონე», და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ისტებლშმენტი ამით სერიოზულად რისკავს, რადგან პოლიტიკურ სცენაზე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შემოიჭრება პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანებს შესთავაზებს იმას, რაც მისთვის მართლა უფრო მნიშვნელოვანია და რაც განასხვავებს მას ცხოველისაგან.
    მთავარია, ამ ყაიდის პოლიტიკოსმა საკუთარი ვარსკვლავი დაიჭიროს, დრო ზუსტად შეარჩიოს, ბედს ეწიოს, როგორც, მაგალითად, მიშამ შეარჩია 2003 წელს, ხოლო დღეს ამერიკელი მილიარდერი ცდილობს იგივეს იმ გრანდიოზულ ქვეყანაში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    2001 წელს, 9/11 შემდეგ, როდესაც ამერიკელები «თუინ თაუერსის» ნანგრევებზე მსჯელობდნენ, რა აეშენებინათ გონებაჩლუნგი ისლამისტების მიერ დანგრეული ორი ულამაზესი ბუმბერაზის სანაცვლოდ, დონალდ ტრამპი იყო ერთადერთი, ვინც თქვა: «ტერორისტების ჯინაზე კვლავ ტყუპი ცათამბჯენები ავაშენოთო».
    არ დაუჯერეს და ააშენეს ყოველგვარ იდეას მოკლებული ჩვეულებრივი ცათამბჯენი. არადა ზემოსთხსენებული «ტყუპი ბუმბერაზის» ხატი ამერიკული საზოგადოების საფუძველთა საფუძველს – არჩევანის თავისუფლებას განასახიერებდა!!!
    ტრამპმა, თუმცა კი მაღალი ინტელექტით და განათლებულობით შესაძლოა არ გამოირჩოდეს, თხემით ტერფამდე «გენეტიკურად ბიზნესმენის» ინსტიქტით და ალღოთი «მიაგნო»: სწორედ ეს ხატი ასახავდა «ნამდვილ ამერიკას», მის საფუძველთა საფუძვლებს და არა ის პოლიტკორექტულობა, რომლითაც 1776 ფუტის სიმაღლის უსახურობა და უღიმღამობაა აღსავსე.
    დონალდი იმასაც ხვდება უცთომელი ალღოთი, რომ მთავარი პრობლემა ამერიკული ისტებლიშმენტის ჩამყაყებაა, ხოლო სიტუაციის გამოსაცოცხლებლად პირველ რიგში მისი დანგრევაა საჭირო. ეს მხოლოდ ტრამპს შეუძლია, რადგან თავადაც ელიტის წევრია. ამიტომაც დაირაზმა მის წინააღმდეგ სრულიად–ისტებლიშმენტი, მაგრამ რა უყონ პოპულარობას? რა უყონ იმას, რომ ტრამპმა, ისევე როგორც კინორეჟისორმა სემ მენდესმა, იმ «მტკივან ნერვს» წამოავლო ხელი, რომელიც თურმე მთვლემარედ, მონოტონურად, შეჩვეულად ტკიოდათ ნამდვილ ამერიკელებს!
    იქნებ ვინმეს გაუკვირდეს, რას ნიშნავს ეს არაპოლიტკორექტული გამონათქვამი «ნამდვილი ამერიკელი?» ახლავე აგიხსნით: 2010 წელს ნიუ ჯერსის შტატში მოვხვდი, უზარმაზარ სტადიონზე, სადაც ყოველ შაბათ – კვირას მათი უსაყვარლესი სანახაობა – მანქანების რბოლა იმართება. ათასნაირი მანქანებია, სხავდასხვანაირი რბოლები, მაგრამ ერთი უცნაურობა შევნიშნე: ამ რბოლებზე, რომლებიც, რასაკვირველია, ყველასთვის ღიაა და ყველას შეუძლია დაესწროს, საერთოდ ვერ ნახავთ ე.წ «აფროამერიკელებს», ვერც «ლათინოსებს», ინდოელებს, თითქმის ვერ შეხვდებით სლავებს და სხვებს.
    ისინი არ მოდიან იმიტომ, რომ უბრალოდ არ აინტერესებთ: მათ არ წვავთ ის ვნება, რომელიც სწორედაც ნამდვილი ამერიკელების – WASP (White Anglo-Saxon Protestant) - ქოვბოებისა და პირველ მასობრივ ავტომობილებზე მოჯირითეთა შთამომავლების გენეტიკური და მენტალური მახასიათებელია.
    «პოლიტკორექტორებს» ამ ფენომენს ვერ აუხსნი. ლაპარაკსაც კი აგიკრძალავენ და «გაზის კამერებით» დაგაშინებენ, მაგრამ რეალობას სად წაუხვალ. ფაქტია და რა ვქნათ?!
    ჰოდა, ტრამპიც სწორედ მათ მიმართავს, სწორედ მათ სულიერ მისწრაფებებზე თამაშობს, მთლიანობაში, ძალიან ოსტატურად – უფრო ინსტინქტით და ნიჭით (ვიმეორებ) ვიდრე ინტელექტითა და გათვლით.
    ამიტომაც ხდება, რომ თითქოსდა უმძიმესი შეცდომა მხოლოდ აძლიერებს, საბოლოოდ, მის ქარიზმას.
    მაგალითად, ამას წინათ თქვა: «აბორტისთვის ქალი უნდა დაისაჯოსო». ნამდვილად გიჟური განცხადება იყო: ფემინისტურ ამერიკაში ამის თქმა როგორ შეიძლებოდა? დაუყოვნებლივ წააგო მორიგი შტატი მთავარ კონკურენტ კრუზთან. მაგრამ თანამედროვე «პოლიტქკორექტული ამერიკის» კომიკურობამდე პარადოქსული თავისებურება ისაა, რომ ისეთი კონსერვატიული და «შავრაზმული» პოზიციაც კი, როგორიც აბორტების აკრძალვაა, ლამის რევოლუციურ სიახლედ აღიქმება!
    «მექსიკის საზღვარზე კედელი უნდა ავაშენოთ», «ისლამის მიმდევრებს ამერიკაში შემოსვლა ავუკრძალოთ», «დამპალი პედერასტული ევროპის» რჩენას თავი ვანებოთ», «სამხრეთ კორეას და იაპონიას ატომური იარაღი გადავცეთ, რათა თავი თვითონ დაიცვანო» – ამერიკაში, თითქოსდა, ასეთი რაღაცეების ლაპარაკი განა მიზანშეწონილია?
    მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ტრამპის «არაპოლიტკორექტულობა», საბოლოოდ, მხოლოდ აძლიერებს და მეტ ქარიზმას მატებს ამ ფენომენს, აქცევს მას იმ «მაცოცხლებელ ქარიშხლად», რომელიც «ერთსართულიანი ამერიკის» დაჭაობებულ სივრცეს ისევ აქცევს იმ ბობოქარ ოკეანედ, რომელიც პირველმა ანგლოსაქსებმა გადალახეს, რათა ახალი სამყარო შეექმნათ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ხოლო ის, რომ დონალდ ტრამპი, აშკარად შეშინებულმა ამერიკულმა ისტებლიშმენტმა, მთელი რესურსების მობილიზების მიუხედავად, იოლად ვერ ჩაძირა (თუმცა, საბოლოოდ, დიდი შანსები მაინც არა აქვს) უკვე, თავისთავად, ამ ნიჭიერი და არაორდინალური ადამიანის შესანიშნავი მიღწევაა!
    ამ დისკურში მეასეხარისხოვანია კარგი პრეზიდენტი იქნებოდა დონალდ ტრამპი თუ ცუდი, წარმატებული თუ წარუმატებელი. ალბათ უფრო წარუმატებელი, ვიდრე წარმატებული, უფრო ცუდი ვიდრე კარგი, რადგან ამერიკა არ არის მარტო მსოფლიოში, პრეზიდენტი უძლურია კონგრესის გარეშე, ხოლო ამერიკული საზოგადოება იმდენადაა ჩახლართული სოციალურ ინეტრესთა მრავალშრიან «ობობას ქსელში», რომ ამ ობობას (ისტებლიშმენტის) განადგურება მასაც კი ძალიან გაუჭირდება.
    თუმცა ერთი უდავო გამარჯვება ტრამპმა უკვე მოიპოვა: გამოაცოცხლა მთვლემარე ამერიკა, დააფიქრა იგი ეგზისტენციურ პრობლემებზე, «ღირებულებით ფესვებზე», არჩევანის თავისუფლებაზე, ნამდვილი სიახლისა და სოციალური მოდერნიზაციის აუცილებლობაზე. ანუ? იქცა მკაცრ გაფრთხილებად ყველასთვის (არა მხოლოდ ამერიკაში!), ვისაც ჯიუტად არ სურს გაითვალისწინოს ეს მრისხანე აუცილებლობა: ადამიანს ნამდვილად სჭირდება «კიდევ რაღაც» გარდა კეთილდღეობის და თუნდაც სწრაფი, თუმცა უღიმღამოდ სწორხაზოვანი ეკონომიკური და ტექნოლოგიური პროგრესისა.
    ამიტომ, გულწრფელად ვისურვებდი, დონალდ ტრამპმა, რომლის დამარცხება ამ უპრეცედენტოდ საინტერესო საარჩევნო კამპანიაში საბოლოოდ ალბათ მაინც გარდაუვალია (თვით ამერიკული საარჩევნო სისტემა არ უტოვებს არანაირ შანსს ასეთი ყაიდის პოლიტიკსოებს), ისევე ტრაგიკომიკულად მაინც არ დაასრულოს, როგორც კევინ სპეისის გმირმა – სემ მენდესის ბრწყინვალე, ეპოქალურ, წინასწარმეტყველურ ფილმში.

        მთელ გვერდზე