რატომ არ გამოაქვეყნა ამერიკამ მისი პასუხი პუტინის ულტიმატუმზე?

რატომ არ გამოაქვეყნა ამერიკამ მისი პასუხი პუტინის ულტიმატუმზე?

აშშ-მ წერილობითი პასუხი გასცა მოსკოვს, მაგრამ დაბეჯითებით სთხოვა, ეს პასუხი არ გამოაქვეყნოს. ლავროვმა, გოსდუმის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რაკი ამერიკელი პარტნიორები ამას მოითხოვენ, "დიპლომატიური ეთიკა გვავალდებულებს, არ გამოვაქვეყნოთო". კრემლის ულტიმატუმი ხომ თვითონ კრემლმა გამოაქვეყნა და არა აშშ-მ.

ჩემი აზრით, ეს მოთხოვნა არის ვაშინგტონის უმძიმესი შეცდომა, რომელსაც "თამაში" გადაჰყავს ისეთ სივრცეში, სადაც პუტინს და განსაკუთრებით გენიალურ გაიძვერა სეროჟას (სერგეი ლავროვს. რედ) თამაშს ვერაფრის დიდებით ვერ მოუგებენ:
რა თქმა უნდა, უმალვე დაიწყება ჭორების გავრცელება, რომ იმ "დახურულ წერილში" (თითქოს) ამერიკა დაჰპირდა პუტინს ისეთ რამეს, რაც გამოქვეყნების შემთხვევაში, ეწყინებათ ქართველებს და ეწყინებათ უკრაინელებს;
ან შესაძლოა იქ ისეთი კომპრომისებია შეთავაზებული, რაც ასევე არ გაუხარდებათ უკარინელებს და ქართველებს;

ასეც რომ არ იყოს, მოსკოვი აუცილებლად დაიწყებს ამგვარი საინფორმაციო დივერსიების განხორციელებას და სხვათა შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ (მათ შორის უკრაინასა და საქართველოში) ომის "არდაწყებას" გაყიდის ისე, თითქოს იმ "საიდუმლო წერილით" მიიღო ის, რაც სურდა აშშ-სგან. და ამიტომ ომიც აღარ სჭირდება.

ხომ გაჩნდება ამგვარი ნარატივი უკრაინაშიც და საქართველოშიც? კი გაჩნდება. და რაც მთავარია აბსოლუტურად გულწრფელი, არა პროვოკაციული.

ამ სივრცეში თამაშის გადაყვანით ლავროვს სალივანი ვერ აჯობებს, გამორიცხულია! ჯერ ერთი სხვა კულტურაში აღზდილია, მეორეც, მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს სეროჟა ყველაზე დიდი გაიძვერაა ევროპაში ტალეირანის შემდეგ.

ჩემი აზრით, რაკი მოსკოვმა წამოიწყო Public diplomacy, გამოაქვეყნა თავისი პოზიცია სრულად, მაშინ სჯობდა აშშ-ს ეპასუხა იმავე სივრცეში!

თუ არა და ვნახავთ, რამდენად დააზიანებს ეს აშშ-ს ინტერესებს უკვე განურჩევლად იმისა, იქნება უკრაინაში ომი თუ არა: რამდენი კონსპირაციული თეორია გაჩნდება; რამდენი ფეიკური თუმცა ქმედითი არგუმენტი დაიდება; როგორ გაიზრდება წყენა, ეჭვიანობა; როგორ აიხსნება რუსეთის ნებისმიერი გადაწყვეტილება (არასაომარი თუ საომარი) ან აშშ-ს ნებისმიერი გადაწყვეტილება (ასევე არასაომარი თუ საომარი - ვთქვათ საქართველოში წელს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გაუქმება ან მასშტაბის შემცირება) იმით, თითქოს აი თურმე... აი, თურმე რას გულისხმობდა ის საიდუმლო პასუხი....;
და რამდენიც არ უნდა იძახონ მერე ამერიკელმა მეგობრებმა, რომ მათ, იმ წერილში კატეგორიულად უარყვეს პუტინის ულტიმატუმი ნატო-ს არგაფართოებაზე, უკრაინა/საქართველოს არმიღებაზე, ევროპის მიტოვებაზე 1997 წლის საზღვრებამდე, მაინც მუდამ იარსებებს ლეგიტიმური კითხვა: თუ ასეა, მაშინ რა უშლიდა ხელს საპასუხო წერილის გამოქვეყნებას? ესე იგი, იქ კიდევ არის რაღაც ხომ? აბა სხვა როგორ?!
ლოგიკური კითხვა იქნება? დიახ, ლოგიკური კითხვა იქნება.

ლავროვის სამიზნე პოსტსაბჭოური სივრცეა. ფარულობა უდიდეს სივრცეს უტოვებს ანტიდასავლური ინეტრპერტაციებისათვის. ის აზრი, რომ სალივანის პასუხში მუქარაა: "დედას მ....თ თუ ომს დაიწყებთო", მე არადამაჯერებლად მიმაჩნია. ეს საჯაროდაც ბევრჯერ უთქვამთ.


***

ყურადღებით გავეცანი ოპონენტთა და კრიტიკოსთა არგუმენტებს.: საჯარო სივრცეში ხომ უთხრეს უკვე მკაფიო "არა" და გაუშვეს ნა... კი მაგრამ, რომელ ღია მკაფიო პასუხზე საუბრობთ მეგობრებო? არ ყოფილა არანაირი მკაფიო "არა" არც საჯარო სივრცეში! ბაიდენის პრეს-კონფერენციას მარტო მე ვუყურე ვითომ, შოკი რომ გამოიწვია კიევში?

ძალიან ვწუხვარ მეგობრებო, მაგრამ.......როგორც სჩანს (დიპლომატიურ ენაზე ვიტყვი) "ვერ ჩამოიყალიბეთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რა ხდება მსოფლიოში".

ძალიან მოკლედ:
- პირველად სსრკ დაშლის შემდეგ, 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, დაიპყრო ორი ტერიტორია და აღიარა მათი დამოუკიდებლობა;
- ამის შემდეგ, 2014 წელს, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთმა დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოს ნაწილი (ყირიმი) და....პირდაპირ მიიერთა! ამით რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ არის სახელმწიფო-რევიზიონისტი ანუ აპირებს მთლიანად დაანგრიოს ის გლობალური მსოფლიო წესრიგი, რაც დამყარდა მსოფლიოში (და მის გულში - ევროპაში) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ;
- გადის კიდევ რამდენიმე წელი და პუტინი დასავლეთს მიმართავს ულტიუმატუმით, რომლის არსი ისაა, რომ....დასავლეთმა დაუკანონოს რევიზიონიზმი! ეს არის ხსენებული ულტიმატუმის არსი, ეს! - კრემლის რევიზიონიზმის დაკანონება. ანუ პუტინმა არა მხოლოდ დე-ფაქტო დაარღვია ეს წესრიგი, არამედ ამაზე ბევრად უარესი - მოითხოვა მისი დაკანონება. ეს გააკეთა ღიად, არაკულუარულად, ანუ თემა აქცია გლობალური ღირებულების საკითხად. ჰოდა სწორედ იმიტომ, რომ ეს თემა "კონკრეტულიდან" იქცა გლობალურ ღირებულებით (!) საკითხად, დასავლეთს და მის ლიდერ ქევყანას ამ გამოწვევაზე ასევე ღიად (ღიად და მკაფიოდ) უნდა ეპასუხა იმავე საჯარო-წერილობით ფორმატში: "არა!". ვიმეორებ: იმავე ფორმატში, როგორშიც პუტინმა გაუგზავნა გამოწვევა: პუნქტუალური დოკუმენტის სახით და პუტინს პასუხად უნდა მიეღო ასეთივე პუნქტუალური საჯარო დოკუმენტი: "არა- აი, ამიტომ და ამიტომ არა". ღიად, ყველას გასაგებად. ხოლო კულუარული მოლაპარაკება ღია, ერთმნიშვნელოვანი, დოკუმენტირებული(!) პასუხის ნაცვლად ისე აღიქმება(!), სამწუხაროდ, რომ დასავლეთი და თანამედროვე მსოფლიო მზად არის კომპრომისისათვის (რაღაც დოზით მაინც) ისეთ ღირებულებით საკითხზე, როგორიცაა მსოფლიო აქრიტექტურა, რაც ჩამოყალიბდა მსოფლიოსა და ევროპაში 1945 წლის მერე;

და უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს რას ილაპარაკებენ დახურულ კარს მიღმა ლავროვი და სალივანი. "არა" უნდა ყოფილიყო "არა!!!" იმავე სივრცეში და იმავე ფორმაში და იმავე ტონალობაში, როგორშიც თვით ულტიმატუმი. სხვა ყველაფერი უკვე უკანდახევაა აგრესორის და გლობალური რევიზიონისტის წინაშე.

ვიმეორებ: ეს არ არის მხოლოდ ევროპაში სამხედრო ძალთა განლაგების ან წინასწორობის საკითხი, ეს არ არის მხოლოდ ნატო-ს გაფართოების თემა, ეს გლობალური, კონცეპტუალური, ფუნდამენტური ღირებულებაა: საერთოდ დასაშვებია თუ არა მოლაპარაკება (თუნდაც მოლაპარაკება, ანუ ვაჭრობა) მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული გლობალური წესრიგის რევიზიაზე. მათ შორის ერების უფლებაზე, იყონ დამოუკიდებელნი.

თვით მოლაპარაკებაც კი ამ თემაზე უკვე პუტინის გამარჯვებაა. არავინ არ ელაპარაკება ამაზე? ჰოდა გ ა მ ო ა ქ ვ ე ყ ნ ე თ თქვენი "No" წერილობით - იმავე ფორმატში, იმავე ტონალობით, იმავე სიმტკიცით, იმავე შეუვალობით, რომლითაც პუტინმა გამოაქვეყნა მისი "Да, именно так!". მერე რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ შეხვდით ლავროვს და პუტინს დახურულ კარს მიღმა. მაგრამ ეს ისტორიული NO!!! პუტინის ისტორიული ულტიმატუმის პასუხად, უნდა "დაიდოს" ისტორიის "მაგიდაზე" როგორც ცოცხლებისთვის, ისე მკვდრებისათვის.

***
დიპლომატია პოლიტიკის "მეგობარი ქალია".
ბიზანტიას ბიზანტიური თამაშის წესებით ვერ დაამარცხებ, გამორიცხულია!

2022 წლის 31 იანვარი