რუსული პარლამენტი აფხაზეთის საკითხზე გნიასობს

რუსული პარლამენტი აფხაზეთის საკითხზე გნიასობს

  

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაავალა 4 კომიტეტს (საგარეო საქმეთა, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების, დსთ-ს საქმეთა და გეოპოლიტიკის) «დაკვირვებით შეისწავლოს აფხაზეთში შექმნილი ვითარება და განსაკუთრებით დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის, ბორის ბერეზოვსკის აქტიურობა».
    რუსი კომუნისტების აზრით, რომლებიც სათათბიროში უმრავლესობას შეადგენენ, ბერეზოვსკი «საეჭვოდ აქტიურობს» და მისი წინადადებები მიუღებელია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით.
    ამგვარი დამოკიდებულება მოსალოდნელიც იყო. «გოსდუმა» საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დსთ-ს სამდივნოს, ანუ პრიმაკოვსა და ბერეზოვსკის შორის წარმოშობილ დაპირისპირებაში რა თქმა უნდა პრიმაკოვს დაუჭერდა მხარს, ვინაიდან მან «რუსეთის ინტერესებისათვის გულმხურვალედ მებრძოლის იმიჯი» შეიძინა. ბორის ბერეზოვსკი კი «რუსი ხალხის სისხლის მწოველი წურბელაა». ბუნებრივია, ამ ვითარებაში ნებისმიერი წინადადება, რომელიც დსთ - ს სამდივნოდან წამოვა, რუსული პარლამენტისთვის მიუღებელი ქნება.
    რუსი დეპუტატები სერიოზულად დაეჭვდნენ აგრეთვე ბორის პასტუხოვის განცხადების გამო აფხაზეთიდან რუსეთის ჯართა შესაძლო გაყვანის შესახებ. როგორც ჩანს, პასტუხოვიც «ბერეზოვსკის აგენტად» მიიჩნიეს, არადა, პრიმაკოვის მოადგილე უპირველესად სწორედ საკუთარი უწყების ინტერესებს გამოხატავდა.
    რა თქმა უნდა, სათათბიროში შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ ამერიკელ სენატორთა განცხადებები საქართველოს მხარდასაჭერად. ალბათ, ამითაცაა განპირობებული რუსი კანონმდებლების გააქტიურება. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის პარლამენტი უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და სხვადასხვა «მოსმენებს» აწყობს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. ნაძირალა ქართველოფობმა მიტროფანოვმა (გეოპოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და ჟირინოვსკის მარჯვენა ხელმა) რამდენჯერმე მიიწვია საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ასეთ «მოსმენებზე», რითაც რეგიონში რუსეთის პრიორიტეტი დაადასტურა. სამწუხაროდ, ქართული მხარე ამ სპექტაკლში ყოველთვის მონაწილეობს და ყოველთვის წაგებული რჩება.
    დადგა დრო, საქართველოს პარლამენტმაც მიიღოს საპასუხო ზომები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა იმსჯელოს ჩეჩნეთის პრობლემატიკაზე? ოღონდ მსჯელობას მიეცეს «მოსმენის» ფორმა, ანუ მოვიწვიოთ იჩქერიის წარმომადგენლები. ბუნებრივია, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები (განსხვავებით რუსეთში საქართველოს საელჩოს მუშაკებისაგან) ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან ამას თავიანთი ქვეყნის «საშინაო საქმეებში ჩარევად» მიიჩნევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის «საგარეო კომიტეტმა» შეიძლება სხვა ხერხს მიმართოს და მოსმენებზე მოიწვიოს რუსეთის სათათბიროს რომელიმე წევრი ჩრდილოეთ კავკასიიდან. ფორმალურად აქ ყველაფერი რიგზე იქნება და ოფიციალური მოსკოვი კრინტსაც ვერ დაძრავს, ვინაიდან ნებისმიერ «მოსმენაში», მონაწილეობა ყველა დეპუტატის უფლებაა.
    აფხაზეთის მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს აგრეთვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზედა პალატაში, - ფედერაციის საბჭოში. ეგორ სტროევი, რა თქმა უნდა, არ ჰგავს მის წინამორბედ შუმეიკოს, რომელმაც ერთხელ აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არძინბას «ფაშისტი» უწოდა. სტროევი უფრო «დინჯად» მოქმედებს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს პრიორიტეტს ინარჩუნებს.
    საამისო საფუძველი მას ნამდვილად აქვს, ვინაიდან სწორედ ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაუგრძელდეს ან შეუწყდეს მანდატი რუსეთის «სამშვიდობო ჯარებს» კონფლიქტის ზონაში.
  მთლიანობაში, რუსეთის საკანონმდებელი ორგანო კრემლს კვლავინდებურად უქმნის საფუძველს, რათა განაგრძოს ბალანსირება ქართულ-აფხაზურ წინააღმდეგობაზე. ნებისმიერი ანტიქართული გადაწყვეტილება აფხაზეთთან დაკავშირებით გაფორმდება, როგორც «ელცინის საპარლამენტო ოპოზიციის დემარში». ეს ძველი ხრიკია, რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს. თუმცა, შინაარსობრივად აფხაზეთთან მიმართებაში რუსული პოლიტიკა უცვლელია და სად მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილება - კრემლში, სათათბიროში თუ ბერეზოვსკის კაბინეტში, კრიტიკული მნივშვნელობა ნამდვილად არა აქვს.

მერიდიანი, 15 ივნისი, 1998 წ.