მიშა და მისი ახალი „გეოპოლიტიკური ცენტრი“

მიშა და მისი ახალი „გეოპოლიტიკური ცენტრი“

 

მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, მორიგი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს, რომელიც, როგორც ცნობილია, ეკუთვნით უკრაინელ ბიზნესმენებს - ძმებ ყარამანიშვილებს.

სანამ მთავარი თემის განხილვას შევუდგებოდეთ, ესეც უნდა ითქვას: რატომღაც ვერავინ შენიშნა ნიუანსი, რომელიც უახლოეს მომავალში, შესაძლოა განმსაზღვრელიც აღმოჩნდეს ამ ტელეკომპანიის ბედსა თუ უბედობაში: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა და პრეზიდენტ პოროშენკოს ლამის მთავარი მოწინააღმდეგე გახდა, ხოლო პოროშენკოს თანაპარტიელები, აგრეთვე უახლოესი თანამშრომლები, მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრას ან მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვენ - მოინდომებენ კი უკრაინელი (!) ბიზნესმენები, ძმები ყარამანიშვილები, „რუსთავი-2“ -ის შენარჩუნებას? სულაც არაა უაზრო და უადგილო კითხვა კონტრარგუმენტით „რა შუაშია“. „შუაში“ კი არა, „თავშია“: თუ გახსოვთ, ყარამანიშვილებმა კეზერაშვილის „ცოლის ძმას“ შესთავაზეს ტელეკომპანიის ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის სრული იდილია სუფევდა; ჰოდა, ახლაც შეიძლება ვინმეს „შესთავაზონ“, ოღონდ უკვე არა კეზერაშვილს, არამედ იდუმალ უცნობს რომელიმე „ოფშორიდან“, რომელიც, სულაც არაა გამორიცხული, „შუშის სასახლის“ ხშირი სტუმარი აღმოჩნდეს. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა, ეს მაინც სხვა თემაა. ბოლო ინტერვიუში (ჩავთვალოთ, რომ ქრონოლოგიურად „ბოლოა“), მიხეილ სააკაშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ღირს მთლიანად მოვიყვანოთ ეს ციტატა: „გეოპოლიტიკაც რა არის? საქართველოს გარშემო არსებობს სამი ცენტრი: ეს არის ანკარა, მოსკოვი და კიევი. ყველა დანარჩენი ცენტრი არის შორს. ამ სიტუაციაში, ანკარას აქვს თავისი პლუსები რა თქმა უნდა . . . .ნამდვილად გასათვალისწინებელია . . . მაგრამ ბევრი მომენტის გათვალისწინებით, არის ასევე კომპლექსური საკითხი ძალიან. . . . . . ნუ, მოსკოვი ვისაც უნდა, იმას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. რჩება ერთადერთი დიდი, პოტენციური, ასპროცენტიანი მიზიდულობის ცენტრი. ეს არის კიევი. აი, ეს ადგილი (მოძრაობები ხელით -ნ.ი.)“ (ციტატის დასასრული). ამ ერთი შეხედვით უცნაურ ტირადაში რამდენიმე მომენტი იქცევს ყურადღებას. შესაძლოა ვინმეს ისე გაეგო, რომ სააკაშვილი გულისხმობს არა „მიზიდულობის ცენტრებს“, არამედ „საყრდენებს“ იმ მთავარი მიზიდულობის ცენტრებისკენ სვლის გასაგრძელებლად, რომელთაც მანამდე გვთავაზობდა ორიენტირად. ანუ, ბრიუსელი (ევროკავშირი, ნატო) და ვაშინგტონი (აშშ, როგორც მთავარი გეოპოლიტიკური პარტნიორი). მაგრამ ასეთ გაგებას ანგრევს მის მიერვე „მოსკოვის“ ხსენება. მოსკოვი ხომ არასდროს ყოფილა საქართველოს „საყრდენი“ დასავლური ორიენტაციის გზაზე? აქედან კი ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს: როდესაც „სამ ცენტრზე“ ლაპარაკობდა, სააკაშვილი გულისხმობდა არა „საყრდენებს“, არამედ ამ სამ ქვეყანას (თურქეთს, რუსეთს და უკრაინას), როგორც „ინტეგრაციულ და ღირებულებით ორიენტირებს“ საქართველოსთვის! ხოლო თუ გავიხსენებთ ჭოჭმანით გაკეთებულ კომენტარებს თურქეთის შესახებ და მოსკოვის ერთმნიშვნელოვან (ბუნებრივია) უარყოფას, გამოდის, სააკაშვილი გვთავაზობს უკრაინას, როგორც ახალ გეოპოლიტიკურ, ანუ ინტეგრაციულ და ღირებულებით ორიენტირს! ამგვარ წაკითხვას ადასტურებს მისივე სიტყვები იმის შესახებ, რომ სხვა ცენტრები „შორსაა“. ანუ „შორსაა“ (არა გეოგრაფიული, არამედ სწორედაც გეოპოლიტიკური ესე იგი ინტეგრაციული თვალსაზრისით) იგივე ბრიუსელი და ვაშინგტონი! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სააკაშვილის ეს ფრაზა, თუ პოლიტიკური ენიდან გადმოვთარგმნით, იმას ნიშნავს და გულისხმობს, რომ საქართველოს ორიენტაცია უნდა იყოს „პროუკრაინული“, რადგან ვერც ამერიკა, ვერც ევროკავშირი (რაკი მეტისმეტად „შორს არიან“) ვერ შეასრულებენ საქართველოსთვის იმ როლს, რაც შეეძლო შეესრულებინა ჩვენი ქვეყნისთვის თურქეთს, „. . . . თუმცა კომპლექსური საკითხია . . .“ და რასაც ა - პრიორი არ შეასრულებდა რუსეთი, რაკი „საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია“. მაშასადამე, რჩება უკრაინა. თანაც სააკაშვილი ნამდვილად არ გულისხმობდა უკრაინულ ბაზარს, ესე იგი უკრაინას, როგორც მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ პა6ტნიორს და ა.შ. - ამ ფუნქციას ხომ უკრაინა ისედაც ასრულებს და შეასრულებს კვლავ. ექს -პრეზიდენტის ფრაზაში კი ბევრად მეტი იკითხება: უკრაინა, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გარანტი. ესე იგი დაახლოებით იმ ფუნქციის მატარებელი, როგორადაც ბოლო დრომდე ის „ცენტრები“, ჩანდნენ, რომლებიც, სააკაშვილის თქმით „შორსაა“. ესე იგი, ვაშინგტონი და ბრიუსელი „შორსაა“, ანკარა „ . . . . . კომპლექსური საკითხია. . . . . “, ხოლო მოსკოვი „თვით დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეა“. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რამდენად შეძლებს უკრაინა ამ როლის შესრულებას? მით უმეტეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის? რასაკვირველია, ვერანაირად ვერ შეძლებს. ორი სისტემური მიზეზის გამო. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პირველი: უკრაინა არის და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს საშუალოვადიან ისტორიულ პერსპექტივაში დარჩება არშემდგარ სახელმწიფოდ, რომლის ეგზისტენციური პრობლემა იქნება საკუთარ ტერიტორიათა შენარჩუნება, უკვე წართმეულ ტერიტორიათა დაბრუნება-შემომტკიცებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. როგორ უნდა შეასრულოს მან სხვა ქვეყნების სახელმწიფოებრივი მდგრადობის გარანტორის ფუნქცია? არადა სააკაშვილი აშკარად სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც უკრაინაზე, როგორც „მესამე ალტერნატივაზე“ საუბრობდა გეოპოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით: ანკარა - არა, მოსკოვი - არა, სხვები - „შორს არიან“, რჩება კიევი! მეორე მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლებს უკრაინა ინტეგრაციული მიზიდულობის ცენტრის და რუსეთის ალტერნატივის როლის შესრულებას ისაა, რომ ამგვარი კონკურენცია პოსტსაბჭოურ სივრცეზე უეჭველად გულისხმობს რუსეთთან არა მხოლოდ და არა იმდენად სავაჭრო-ეკონომიკურ, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებას! რომც წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინამ შეძლო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყირიმის დაბრუნება, დონბასზე კონტროლის დამყარება და რუსული ჯარების თუნდაც თავისი ტერიტორიიდან გაძევება (რისი ნიშან-წყალიც არ ჩანს), უკრაინის გავლენის გაფართოება სხვა რეგიონებზე, მით უმეტეს კავკასიაზე, თვით უკრაინის სახელმწიფოებრივ კონცეფციას ეწინააღმდეგება: უკრაინული იდენტობა საკუთარ თავს მუდამ უპირისპირებდა და ახლაც უპირისპირებს „მოსკოვურ იმპერიალიზმს“, რომელიც, უკრაინული იდენტობის შემოქმედთა აზრით, ტრადიციითა და შესაბამისი ნარატივით, „თურანულ-მონღოლური“ წარმოშობისაა, ხოლო უკრაინა „ნამდვილი რუსეთია“ - ის რუსეთი, რაც XV საუკუნიდან დაწყებული შთანთქა „მოსკოვიის“ («Москальский») იმპერიულმა ინტენციამ. ამიტომ, რეგიონული გავლენის გაძლიერების, რუსეთთან გეოპოლიტიკური კონკურენციისა და ინტეგრაციული მიზიდულობის ცენტრის იმგვარი გაგება, როგორიც სააკაშვილის ფრაზაში იკითხება, უკრაინისთვის მუდამ მიუღებელი იქნება, როგორც მათი ისტორიული „უკრაინული იდენტობის“ საწინააღმდეგო და „მოსკალებთან“ მათი დამამსგავსებელი. აქედან გამომდინარე, კიევი არათუ „ვერაფრის დიდებით“, არამედ „არაფრის დიდებით“ არ შეასრულებს საქართველოსთვის იმ როლს, რომლიც შეიძლებოდა შეესრულებინა ანკარას („.....კომპლექსური საკითხია....“), მოსკოვს (ჩვენი „დამოუკიდებლობის მტერს“) და სხვა ცენტრებს - ესე იგი ბრიუსელსა და ვაშინგტონს - „შორს“ რომ არიან. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ამავდროულად, ძალიან შეცდება ის, ვინც სააკაშვილის ამ ერთი შეხედვით უცნაურ და აბსურდულ მოსაზრებაში მორიგ „ვიზიონერულ“ პროექტს დაინახავს. სინამდვილეში, მიშა ბევრად მარტივ დებულებას გვთავაზობს და გეოპოლიტიკის სიღრმეთა წვდომას არ გულისხმობს იმის დასადგენად, რა განსხვავებაა „ღირებულებით“ და „ინტეგრაციულ“ ორიენტაციებს შორის. ყველაფერი, როგორც ჩანს, ბევრად მარტივია: მიშამ „რ2“ -თან ბოლო ინტერვიუში უბრალოდ გვითხრა: „სადაც მე ვარ, საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტირიც იქაა!!!“ მორჩა და გათავდა. ამდენი ჩაღრმავებაც კი არ იყო საჭირო, რადგან . . . . . . . . . რა არის აქ მისთვის უჩვეულო ან ჩვენთვის მოულოდნელი?

2016