თენგიზ სიგუას გარშემო წრე ვიწროვდება

თენგიზ სიგუას გარშემო წრე ვიწროვდება


    მოსალოდნელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ორგზის ექს-პრემიერის წინააღმდეგ.

    საქართველოს ოფიციოზის ინფორმაციით (იხ. «საქართველოს რესპუბლიკა» ¹48-49, სამი მარტი, 1996 წ.) მთავრდება გამოძიება ე.წ. «თვითმფრინავების საქმეზე». გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებანი ცხადყოფენ, რომ სიგუამ და კიტოვანმა 1992 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანს მიყიდეს ორი სამხედრო თვითმფრინავი სუ-25. თითოეული 5 მილიონი დოლარის ღირებულებისა, თანაც, პროკურატურა «თენგიზების» დანაშაულს თვით სამხედრო ტექნიკის გაყიდვის ფაქტში კი არ ხედავს, არამედ იმაში, რომ საქართველოს კუთვნილი თანხა, რომელიც ქვეყანას თვითმფრინავების გაყიდვით უნდა მიეღო, უკვალოდ გაქრა! ყოველ შემთხვევაში, როგორც პროკურატურა ამტკიცებს, «სახელმწიფო ბიუჯეტში და თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე არც ერთი კაპიკი არ ჩარიცხულა».
    ამგვარი ქმედება, როგორც მინიმუმ, შეიძლება იყოს კვალიფიცირებული «გაფლანგვად», მაქსიმუმ - «სახელმწიფო ქონების დატაცებად». ორივე შემთხვევაში თანხის «განსაკუთრებით დიდი ოდენობა» განაპირობებს თავისუფლების აღკვეთას თხუთმეტ წლამდე.
    კიდევ უფრო მრისხანედ გამოიყურება მეორე ბრალდება: პროკურატურის მტკიცებით, 1992 წლის 14 თებერვალს(!) სიგუამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ხელოვნურად შეამცირა ვალუტის კურსი, რის შედეგადაც სახელმწიფომ დიდი ზარალი ნახა. «გამოძიებას აქვს მონაცემები იმის თაობაზე, რომ თენგიზ სიგუას მიერ ხელმოწერილი ზემოაღნიშნული უკანონო განკარგულება ანგარებით, გარკვეული მატერიალური ხარჯების გაწევით იქნა გამოცემული».
    ეს ყოველივე კი უეჭველად ნიშნავს იმას, რომ თენგიზ სიგუას უახლოეს მომავალში მოუწევს ამ ბრალდებათა უარყოფა - არ არის გამორიცხული, სასამართლო სხდომის პროცესშიც.
    მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ ზემოთაღწერილი «სავალუტო ოპერაციის» თარიღია. პროკურატურის მტკიცებით, 14 თებერვალს დადგენილება მხოლოდ ფორმალურად განხორციელდა, თვით ოპერაცია კი ჩატარდა 1992 წლის 7 თებერვალს (!) - ანუ სწორედ 7 თებერვალს, სიგუას მითითებით, საბაჟომ რამდენიმე ფირმას საზღვარგარეთ ძვირადღირებული ალუმინის გატანის უფლება მისცა ძველი სავალუტო კურსით, - 1 დოლარი - 1,67 მანეთი. მაშინ როდესაც რეალური კურსი გახლდათ 1 დოლარი - 5,5 მანეთი.
    დავანებოთ თვით სავალუტო კურსს. დავაკვირდეთ თარიღს: 1992 წლის 7 თებერვალი (!!!) - კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან გავიდა სულ რაღაც ერთი თვე! ხუთი დღით ადრე (2 თებერვალს), თამარ მეფის ხიდზე მხეცურად დახვრიტეს მშვიდობიანი მანიფესტაცია, საქართველოში იწყებოდა სამოქალაქო ომი, ჩვენი «დემოკრატები» ტელევიზიით ყბედობდნენ «ქართული ფაშიზმისა» და «საქართველოში დემოკრატიულ ძალთა გამარჯვების» შესახებ. ამ დროს კი, როგორც აღმოჩნდა, ხორციელდებოდა გრანდიოზული აფიორა, რომელსაც სწორედ იმ «დემოკრატიული რევოლუციის» ბელადები ედგნენ სათავეში.
    ამ ეპიზოდიდან ყველაზე ნათლად და ზუსტად ჩანს, თუ რა «დემოკრატიული რევოლუციაც» განხორციელდა დეკემბერ-იანვარში. კრიმინალური ბანდების მეშვეობით ხელისუფლების სათავეში მოსულ ხუნტას სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა, - მას უნდა დაებრუნებინა ვალი, რომელიც მანამდე - 1991 წლის შემოდგომაზე ჰქონდა აღებული.
    ვინ აფინანსებდა საქართველოში სამხედრო გადატრიალებას? რა თქმა უნდა კრიმინალური სამყარო, უფრო ზუსტად - სამეურნეო მაფია. 1991 წლის სექტემბრიდან - დეკემბრამდე მათ მილიონობით დოლარი «ჩადეს» მომავალ გადატრიალებაში - ამ თანხას გასტუმრება უნდოდა. ისევე, როგორც უნდა შესრულებულიყო სიტყვა, რომელიც მიეცა კრიმინალური სამყაროს რიგით წევრებს - დაახლოებით იმ დროს ციხეებიდან გამოუშვეს ოთხი ათასზე მეტი ყაჩაღი, მკვლელი, ნარკომანი, ქურდი და ნაძირალა. ასეთი იყო წინასწარი (1991 წლის შემოდგომის) შეთანხმება. ასეთივე შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა ზემოთაღწერილი სავალუტო აფიორაც.
    როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძე მართლაც არ აპირებს თენგიზ სიგუას პატიებას. სწორედ იმიტომ, თანდათანობით, ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ავიწროებს რკალს. ასე კატა ეპარება თაგვს, ასე ვეფხვი ეპარება შველს - და ვაი მას, ვინც მის კლანჭებში მოხვდება.

«მსგეფსი», 21 მარტი, 1996 წელი.