რას ერჩიან «მარჯვენარულიან» მანქანებს

    «მარჯვენარულიან» კი არა, მარჯვენასაჭიან! ნამდვილად ასეა, მაგრამ ზოგჯერ სასარგებლოა ილაპარაკო იმ ენაზე, რა ენაზეც ხალხი ლაპარაკობს. მით უმეტეს სასარგებლოა ეს ხელისუფლებისა და, ზოგადად, პოლიტიკური კლასისათვის, ვინაიდან გავრცელებული სტერეოტიპების და ილუზიების მიუხედავად, მისი ბედი ვაშინგტონის ან მოსკოვის «ლაბორატორიებში» კი არა, თბილისელ ტაქსის მძღოლთა «ბირჟებზე» და სადგურთან მდებარე მობილური ტელეფონების შემკეთებელთა ჯიხურებში წყდება.
    აი, სწორედ იქ რასაც ლაპარაკობენ, ესაა მნიშვნელოვანი, ხოლო უმრავლესობა–უმცირესობა მეორეხარისხოვანია, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ პასიონარული, ესე იგი აქტიურად უკმაყოფილო და, შესაბამისად, ქმედითი უმცირესობა ბევრად მეტად წყვეტს საკითხს, ვიდრე პასიური (თუნდაც დიდი) უმრავლესობა.
    ბუნებრივია, მარცხენასაჭიანი მანქანები საქართველოში ჯერ კიდევ უმრავლესობაა, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი სწრაფად უახლოვდება კომიკურ ნიშნულს და, თეორიულად, სულაც არაა გამორიცხული, ტრადიციულად და იურიდიულად მარჯვენამხროვანი მოძრაობის ქვეყანაში, მარცხენამხროვან მოძრაობაზე გათვლილი მანქანები (რომელთაც საჭე მარჯვნივ აქვთ) უფრო მეტი აღმოჩნდეს!
    ხვალვე არა, მაგრამ გამორიცხული მართლაც არაა და თუ ხელისუფლებამ ამჯერად თავისი ვერ გაიტანა, სულ მალე ასე მოხდება კიდეც.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მიზეზი, რის გამოც ეს კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, აბსოლუტურად გასაგებია. ისევე, როგორც იოლად ასახსნელია, რატომ და რა მიზნით იტკივებს ხელისუფლება თითქოსდა აუტკივარ თავს და დგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გადადგმა (მიაქციეთ ყურადღება) მიშამ და მისმა რეფორმატორთა გუნდმაც კი ვერ გაბედა, თუმცა, მის აუცილებლობას ხედავდა, ხოლო რადიკალიზმი, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, თითქოსდა არ აკლდა.
    პრობლემის მიზეზთა მიზეზი ისაა, რომ საქართველოში, პირველ რიგში კი თბილისში, არანორმალურად იმატა ავტომობილთა რაოდენობამ. ოღონდ არა იმიტომ, რომ ხალხი გამდიდრდა და ყველას აქვს საშუალება, მანქანა შეძინოს. უბრალოდ, იაპონური მანქანები შედარებით იაფია, რაკი მარცხენამხროვანი მოძრაობა მსოფლიოს სულ ოცამდე ქევყანაშია მიღებული. მათ შორისაა თვით იაპონია, დიდი ბრიტანეთი, მალტა, ირლანდია, კვიპროსი, ინდოეთი, ინდონეზია, პაკისტანი, ჰონკონგი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.
    იაპონია, რასაკვირველია, მარცხენასაჭიან მანქანებსაც უშვებს საექსპორტოდ. თან მეტი რაოდენობით, ვიდრე მარჯვენასაჭიანს, მაგრამ რაკი მათზე მოთხოვანა ბევრად დიდია, ისინი უფრო ძვირი ღირს. შესაბამისად, უბრალო ენით თუ ვიტყვით, იაპონიიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილის «ჩამოყვანა» შესამჩნევად და არსებითად იაფი ჯდება: 1000–1500 დოლარია საკმარისი და უკვე საკუთარი მანქანით ივლი!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სწორედ აქ ერთვება მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – ქართული სოციუმის მენტალობა!
    გასული საუკუნის შესანიშნავი რუსი სატირიკოსი მწერლები, ილფი და პეტროვი წერდნენ: «ავტომობილი არა ფუფუნება, არამედ გადაადგილების საშუალებააო». ეს ჯერ კიდევ 1920–იან წლებში დაწერეს, რითაც დასტურდება, რომ ნამდვილად გენიოსები იყვნენ.
    დღეს, ნორმალურ ქვეყნებში და ჯანსაღ საზოგადოებებში, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მანქანას განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ როგორც გადაადგილების საშუალებას, ხოლო პრესტიჟი, – «ბენტლი», «მაზერატი», «ბუგატი» და ა.შ – მაინც მეორადი მოტივაციაა, თანაც, ამ ავტომობილთა მართლაც შესანიშნავი მონაცემებიდან უფრო გამომდინარეობს (ვიდრე პრესტიჟის მოსაზრებებიდან) და ეს კატეგორია დიდი უმცირესობაცაა.
    აი, სწორედ ამიტომ, პარიზის, ლონდონის, ბერლინის, რომის ქუჩებში ძალიან იშვიათად ნახავთ ტანკისოდენა ჯიპებს, რომლებითაც გაივსო თბილისის ქუჩები! ბევრ უცხოელს უთქვამს: ამდენი Toyota Land Cruiser Prado ქალაქში დადიოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ მინახავსო. მათ შორის, არც საქართველოზე ორმოცდაათჯერ მდიდარ ქვეყნებში.
    ეს უკვე სოციოფსიქოლოგიური საკითხია, რომელიც იწვევს აშკარა სოციალურ დაავადებასა და მენტალურ გადახრას, როდესაც ადამიანს ურჩევნია სახლიდან – სამსახურამდე მანქანით გაიაროს მეტროს სამი–ოთხი გაჩერება და საცობებში დაიტანჯოს, ოღონდ კი «გოიმივით» და «სოფლელივით» არ ჩავიდეს მეტროში.
    არადა თბილისის მეტრო, შესაძლოა ლონდონისას ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ, მაგალითად ნიუ–იორკის ან თუნდაც პარიზის მეტროს ვერც კი შევადარებ უსაფრთხოებით, სისუფთავითა და, განსაკუთრებით, მოხერხებულობით.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამრიგად, რაკი ყველას უნდა მანქანა ჰყავდეს და პლებსიდან –არისტოკრატიის (სვეცკობის) რანგში გადავიდეს, ანუ მარშრუტკით ან მეტროთი არ იმგზავროს გოიმივით, ხოლო «მარჯვენარულიანი» მანქანების შემოყვანა ამის საშუალებას ქმნის, ერთ სულზე ავტომანქანების ოდენობით საქართველო მსოფლიო ლიდერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, თუ შევადარებთ მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდებას ერთ სულზე – ერთ სულზე მაქანების ოდენობას, ნამდვილად მსოფლიო ჩემპიონი ვართ!
    ამიტომაცაა გაჭედილი არათუ დილა–საღამოს, არამედ ლამის მთელი დღე თბილისის ქუჩები. ისე, რომ ვერ გაივლი. შესაბამისად, ხელისუფლებაც იძულებულია, რაღაც იღონოს. სწორედ ამ რეფლექსიიდან გაჩნდა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვის იდეა. ამით, რამდენიმე წლის შემდეგ (და არა დაუყოვნებლივ) მოძრაობა მართლაც განიმუხტება.
    არა დაუყოვნებლივ, არა ერთ წელიწადში, არამედ დროთა განმავლობაში, ვინაიდან ხელისუფლებამ, რასაკვირველია, წინასაარჩევნოდ ვერ გაბედა მეტისმეტად რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება: მინისტრის მოადგილე თალაკვაძემ, ჯერ დაამშვიდა გაავებული ავტომფლოებლები და ავტოდილერები «მე მოტოციკლი მყავსო» (თითქოს მათთვის ეს დიდი შეღავათი იყოს) და ისიც უთხრა, რომ უკვე ნაყიდი მაქანები მაინც შემოვა, გაყიდვაც (ანუ რეგისტრაციაც) კი არ აიკრძალება; იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებს ქალაქში მოძრაობა დაუშალონ: სანამ ჰყავთ მანქანა, ეყოლებათ და, უკიდურეს შემთხვევაში, ნაწილებად მაინც ხომ გაყიდიან, – თუ არავინ შეიძენს შიდა ბაზარზე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ასეთი რამ ინგლისელს რომ უთხრა, სიცილით მოკვდება: ვინ გაბედავს ლონდონში იმოძრაოს მარცხენასაჭიანი მანქანით თუ, ვთქვათ, სამოგზაუროდ არაა ჩამოსული საფრანგეთიდან? ასეთი მანქანის ბრიტანეთში რეგისტრაციაც გამორიცხულია, ანუ «ინგლისურ ნომრებს» ვერ მიიღებ – ფრანგული და გერმანული ნომრებით იმოძრავე, კი ბატონო, მაგრამ მაშინ სხვა პრობლემები შეგექმნება.
    მეორე ნაბიჯი, რომლის გადადგმას ხელისუფლება აპირებს ავტომობილთა ოდენობის შესაზღუდად, როგორც ჩანს, იქნება ყბადაღებული «ტექდათვალიერების» აღდგენა, რომლის გაუქმება მიშასა და მისი გუნდის წმინდა წყლის პოპულისტური, მავნე და ცივილიზებული ქვეყნისთვის აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება იყო (ამიტომაც მოითხოვს ევროკავშირი მის აღდგენას «ასოცირების ხელშეკრულების» ფარგლებში): შედეგად, თბილისი აივსო ლამის 1951 წელს გამოშვებული, მხრჩოლავი «ბორბლებიანი კუბოებით».
    თუ ეს ნაბიჯიც არ უშველის, მაშინ მთავრობა იძულებული იქნება კიდევ უფრო რადიკალურ ზომას მიმართოს, – მიბაძოს აზერბაიჯანს და 10 წელზე ძველი მანქანების იმპორტიც აკრძალოს, თუმცა ამან შესაძლოა საქართველოში «სოციალისტური რევოლუცია» გამოიწვიოს.
    მხოლოდ ასეთი რადიკალური ზომებით თუ ეშველება «ტრაფიკს» თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქალაქი სულ მალე დაემსგავსება 1960–იანი წლების ქაიროს და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება.

        მთელ გვერდზე