ბერეზოვსკი უფრო საშიში კაცია, ვიდრე ზიუგანოვი

ბერეზოვსკი უფრო საშიში კაცია, ვიდრე ზიუგანოვი

   

    ედუარდ შევარდნაძის ვიზიტებს პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ სივრცეში ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: საქართველოს პრეზიდენტმა უწყის: მის მთავარი მოწინააღმდეგე თუ პარტნიორი კვლავინდებურად რუსეთია. არც ის არის შემთხვევითი, რომ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველთვის დიდ ინტერესს ამჟღავნებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებისას და პრესკონფერენციაზე «ინტრიგის შემცველ» კითხვებს უსვამენ. ასე იყო ამჯერადაც – ედუარდ შევარდნაძის მოგზაურობისას ბალკანეთზე - რუმინეთსა და ბულგარეთში.
    ბულგარეთი პოსტსოციალისტურ სივრცეში განსაკუთრებული ქვეყანაა. ალბათ, ყოფილი «სოციალისტური ბანაკის» არც ერთი სახელმწიფო ისე არ არის ჩართული მოსკოვში მიმდინარე პოლიტ-ეკონომიკურ პროცესებში, როგორც ეს შავიზღვისპირა სახელმწიფო. რა თქმა უნდა, საამისოდ ისტორიული ტრადიციაც არსებობს: ბულგარეთი საუკუნეთა განმავლობაში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე იყო რეგიონში. იგი რუსეთის მეშვეობით გათავისუფლდა «თურქეთის მონობიდან», ხოლო თვით ბულგარეთის მეშვეობით კი «თეთრმა ხელმწიფემ» კინაღამ საუკუნოვანი ოცნება აუსრულა თავის ხალხს: რუსი ჯარისკაცები 1878 წელს იმდენად ახლოს მივიდნენ კონსტანტინეპოლთან, რომ «მეორე რომის» კედლებსაც კი ხედავდნენ. «მესამე რომისთვის» ამ ქალაქის დაპყრობა თვითდამკვიდრებისა და ისტორიული გამარჯვების საბოლოო ნიშნული გახდებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რუსებმა მაშინ «ცარგრადი» ვერ აიღეს და მხოლოდ ბულგარეთის გათავისუფლებით დაკმაყოფილდნენ, თუმცა რუსული იარაღის წარმატებას არ შეეძლო, შეეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა: დღემდე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაპირისპირება, ძირითადად, რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარეობს. ევროპა ამ დაპირისპირებაში ძალაუნებურად აღმოჩნდა ჩათრეული. მიუხედავად იმისა, რომ ბალკანელი ხალხები არათუ ბულგარეთის, არამედ თვით სერბების ჩათვლით) ნატო-ში გაწევრიანებას ლამობენ და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებენ. რუსეთი (Совет економической взаимопомощи) ბრუნვაში არსებული «გადასაყვანი რუბლის» ადგილი ბორის ბერეზოვსკის, ვიქტორ პოტანინისა და რემ ვიახირევის მილიარდებმა დაიკავა.   

    მივაქციოთ ყურადღება, როდის გაიმართა შევარდნაძის ვიზიტი ბულგარეთში: 18 დეკემბერს, თბილისში ელიან რუსული გაზპრომის ხელმძღვანელს, «გაზის მეფეს» რემ ვიახირევს. მოსალოდნელია, მოლაპარაკება რუსეთიდან თურქეთში საქართველოს (და სომხეთის) გაზსადენთა გამოყენებით ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე ორშაბათს რუსეთისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, შავი ზღვის ფსკერზე გატარებული გაზსადენის მეშვეობით. საინტერესოა რუსეთის ტელევიზიის კომენტარი: «გაზსადენის გაყვანა ზღვის ფსკერზე რუსეთიდან თურქეთში ხელს შეუწყობს ვითარების ნორმალიზაციას კავკასიაში». ჩვეულებრივი ლოგიკით, თითქოს გაუგებარია: რა შუაშია «კავკასიაში არსებული ვითარება», თუ გაზსადენს შავი ზღვის ნეიტრალური წყლების ფსკერზე უნდა გაიაროს? მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია სავსებით ლოგიკური ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში ყველაფერს აკეთებენ, რათა არ დაუშვან საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობის ზრდა. არსებობს რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური, საიდუმლო მემორანდუმი, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროს მომზადდა, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი «დერჟიმორდა» ლებედი იყო. ამ მემორანდუმის ერთ-ერთი ძირითადი დებულების თანახმად, რუსეთმა არ უნდა დაუშვას საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდა, ვინაიდან ეს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს რეგიონში. ამრიგად, «ვითარების სტაბილიზაცია» მოსკოვში არ ესმით, როგორც რუსეთის იმპერიულ პოზიციათა დესტადბილიზაცია, რაც არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი. სწორედ ამ საიდუმლო მემორანდუმიდან იღებს სათავეს რუს მესაზღვრეთა გაუთავებელი პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ საქმე ის არის, რომ თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე მხოლოდ 200 წელს მოიტანს ხელშესახებ შედეგს. ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანას ათი-თორმეტი წელი მაინც დასჭირდება, მიუხედავად ამისა, სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს რუსულ-თურქული პროექტი ერთნაირად ასუსტებს საქართველოსა და ბულგარეთის პოზიციებს და სატრანზიტო პოტენციალს.
    ამჟამად რუსეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ბულგარეთის გავლით ხდება. სოფიას აქვს საშუალება, ეს ბერკეტი გამოიყენოს, რათა ოდნავ მაინც მოადუნოს ის მახრჩობელა ყულფი, რომელშიც უკვე ორმოცდაათი წელიწადია, თავი აქვს გაყოფილი. ბულგარელებმა შევარდნაძეს შესჩივლეს, რომ იძულებულნი არიან, კაბალური პირობებით შეიძინონ ნავთობი ნოვოროსიისკში (ბულგარეთს წელიწადში თხუთმეტი მილიონი ტონა ნავთი მაინც სჭირდება) და რუსული ნავთობგარიგების (იგივე პოტანინისა და ბერეზოვსკის) ბრძანებით, მიჰყიდონ იმ ფირმებს, რომლებზეც რუსები მიუთითებენ. არადა, საერთოდაც ვერ მიიღებენ ნავთობს ან - მათთვის კატასტროფულად მაღალ ფასში, რუსეთი რომ არ იყოს დაინტერესებული თურქეთში ბუნებრივი აირის ბულგარეთის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებით. თუ გაზსადენმა ზღვის ფსკერზე გაიარა - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ბულგარეთისთვის კატასტროფა იქნება. როგორც ჩანს, სწორედ აქ გადაიკვეთა ბულგარეთისა და საქართველოს ინტერესები. მართალია, დეკლარირების დონეზე შევარდნაძესა და სტოიანოვს შორის მოლაპარაკების ძირითადი თემა «ევრაზიული დერეფანი», ბურგას-ფოთისა და ვარნა-ფოთის სატრანზიტო ხაზის გახსნა იყო, მაგრამ სოფიაში შესანიშნავად ესმით, რომ მათი ქვეყნისთვის, თუნდაც «დიდი ნავთობის» ტრანზიტის საფასურად მიღებული საწვავი მხოლოდ «წვეთია ზღვაში», შედარებით უკეთ აქვს საქმე საქართველოს - თუნდაც იმიტომ, რომ არ შეიძლება დაკარგო ის, რაც არ გაგაჩნია.
    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოცა და ბულგარეთიც დაინტერესებულნი არიან, «გაზის საკითხი» გადაწყვიტონ 2010 წლამდე, სანამ არ ამოქმედდება «დიდი გაზსადენი», ამდენად, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ დახურულ კარს მიღმა, როგორც ჩანს, შევარდნაძე და სტოიანოვი უფრო «ბუნებრივი აირს» ახსენებდნენ, ვიდრე «ნავთობს», ბულგარეთი ნატოსკენ მიიწევს, «პროდასავლურ» ორიენტაციას ირჩევს, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ახლადშობილ აგრესიულ რუსულ კაპიტალზე დამოკიდებული ხდება. საქართველოს ამ თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობა აქვს - არასტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით, აშინებთ რუს მილიარდერებს. არადა, როგორც ბულგარელებმა გვითხრეს, ვიახირევი, პოტანინი და ბერეზოვსკი მათ ქვეყანას სტალინზე უარესად ექცევიან - ამჯერად ბულგარეთის შავი ზღვისპირეთის პორტების აქციონირება აქვთ გადაწყვეტილი. უარის შემთხვევაში ბულგარეთისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებიან. ამდენად, ბულგარეთი «ევრაზიული ხიდის» იდეას უკანასკნელი მაშველი რგოლივით ეჭიდება, რათა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და რუსული კაპიტალიზმის დათვი დასავლური კაპიტალის მეშვეობით შეაჩეროს - დროებით მაინც, სანამ NATO-ში გაწევრიანებას მოასწრებს და შესაბამის სამხედრო გარანტიებს მიიღებს. ბულგარეთის მაგალითი გვარწმუნებს, რომ ბერეზოვსკის ისევე ზიუგანოვი სჯობდა, რუსული კაპიტალის ხელში ჩემი მტერი ჩავარდა - რუსული კომუნიზმიც კი უფრო ლმობიერი იყო.

7 დღე, 17 დეკემბერი, 1997 წ.