სტუმარი ღვთისაა და მაინც, ვინ არიან ჩვენი სტუმრები

სტუმარი ღვთისაა და მაინც, ვინ არიან ჩვენი სტუმრები

      

        რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ბორის პასტუხოვი (აწ რუსული «გოსდუმის» ვარსკვლავი, ვის სინდისზეცაა დიდწილად საქართველოს 1993 წლის ტრაგედია) საქართველოში სტუმრობას ბედავდა.
        ოფიციალური მიზეზი «რუსეთ-საქართველოს დიდი ხელშეკრულების» შემუშავებაა. რუსეითს პრეზიდენტს ჭკვიანმა და გონებამახვილმა თანაშემწეებმა ურჩიეს, სწორედ პასტუხოვი დაენიშნათ ხელშეკრულების შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელად. როგორც ჩან, გაიძვერა პასტუხოვმა სახელი იმით გაითქვა, რუსულ ისტებლიშმენტში, რომ «საუკუნოვანი მეგობრობა» ძმრად და სისხლად გვადინა ცხვირში რვა წლის წინათ.
        ეგრეთ წოდებულ, ახალ დიდ ხელშეკრულებაში კი, სინამდვილეში ახალი აბსოლუტურად არაფერია. თუმცა, ზოგიერთი ნიუანსი («ორმაგი სტადნარტების» ხსენება უარყოფით კონტექსტში), რომელიც კვლავინდებურად მეტყველებს: ოფიციალურ თბილისს ჯერაც ვერ ამოუგლეჯია გულიდან და გონებიდან იმედი რუსეთთან ისეთი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებისა, რომელიც გაითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს (ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს), რუსეთს უარს ათქმევინებდა სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაზე, ხოლო საქართველო, სანაცვლოდ, გაითვალისწინებდა რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს კავკასიაში.
        რა თქმა უნდა, ეს ილუზიაა და პასტუხოვის თბილისური მიეთმოეთი აქ აბსოლუტურად არაფერს შეცვლის.
        რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს სუვერენიტეტის (მათ შორის, საზღვრების) დაკანონება-აღიარებით. ამიტომ პასტუხოვის «დიპლომატია» მხოლოდ იმ მიზანს ისახავს, მაქსიმალურად გააჭიანუროს ეს პროცესი და დასავლეთს შეუქმნას შთაბეჭდილება, საქართველოს «გეოპოლიტიკური მერყეობისა».
        საბოლოოდ კი, ხელშეკრულება რომც გაფორმდეს, მის რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ზუსტად იგივე პრობლემები შეექმნება, რაც მის წინამორბედს. კიდევ ერთხელ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: იმ ხელშეკრულებისგან «ძველ-ახალი ხელშეკრულება» აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება არც შინაარსობრივად, არც ფორმალურად, არც კონცეპტუალურად, თუ არ ჩავთვლით «ორმაგი სტანდარტის» ხსენებას და «ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის» აუცილებლობის დადასტურებას. აქ რუსები რას გულისხმობენ, გასაგებია და იქვე გვაიძულებენ ვაღიაროთ «საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებთა უფლება», აირჩიონ მოქალაქეობა. ესე იგი, აფხაზებსა და ოსებს უფლება უნდა ჰქონდეთ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. რატომაც არა – ასეთ ხელშეკრულებას პუტინმა შეიძლება ხელი ისე მოაწეროს, როგორც ელცინმა (1994 წლის 3 თებერვალს). ოღონდ მისი ფუნქციები შერჩევით შეასრულოს.
        რაღაც ისე დაემთხვა, რომ სწორედ გუშინ, თბილისში, პასტუხოვის ნაცვლად, მოსკოვში ესპანეთის საელჩოს პირველი მდივანი, საქართველოს განყოფილების უფროსი ხოსე რიკარდო გომეშ ასებო ჩამოვიდა, რათა მოლაპარაკება გაემართა ორი უბედური ბიზნესმენის შესახებ.
        ეს უკვე ესპანელ ბიზნესმენთა მესამე სტუმრობაა. მადრიდში კარგად ხედავენ, რომ პროტესტების გამოთქმას აზრი არა აქვს, ამიტომ «რბილ» მოლაპარაკებას აწარმოებენ - ასე ვთქვათ, დელიკატურობას ამჟღავნებენ. სხვათა შორის, აქ არის ერთი მომენტი, რაც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს - კახა თარგამაძეს უკაშვირდება. თარგამაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო გამოსასყიდის გადახდისა იმ მოტივით, რომ ფულის გამოძალვის თუნდაც ერთი წარმატებული პრეცედენტი გატაცებათა ეპიდემიას გამოიწვევდა.
        ვერ ვიტყვით, თითქოს ეს პოზიცია ლოგიკას მოკლებული იყო. რაც მთავარია, თარგამაძე ცდილობდა, იგი განუხრელად გაეტარებინა, ოღონდ მეორე უკიდურესობაში გადავარდა - ესპანელ ბიზნესმენთა ამბავმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. დასავლეთ ევროპაში ბიზნესმენებისთვის უსაფრთხოება ის მინიმუმია, რომლის არარსებობის შემთხვევაში, ინვესტიციაზე არც ილაპარაკებენ. როდრიგესისა და ტრენილიოს გათავისუფლება კობა ნარჩემაშვილის «თვითდამკვიდრების» პირობა იქნება.