გუშინდელნი.

გუშინდელნი.

   როგორც მოსალოდნელი იყო, «მოქკავშირი» - «აღორძინების» ბრძოლის მიღმა დარჩენილი ე.წ. «პოლიტიკური ძალები», ყოველნაირად ცდილობენ განაგრძონ «ზედაპირზე ტივტივი». პარლამენტს გარეთ დარჩენილმა პარტიებმა «კონგრესის» მსგავსი ორგანიზაცია შექმნეს.
  შეგახსენებთ: 1990 წლის 30 სექტემბრის ე.წ. არჩევნებით, მოძრაობამ ეროვნული კონგრესი შექმნა, რაც შემდგომ საქართველოში სამოქალაქო ომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა.
   სამხედრო გადატრიალების შემდეგ, პირველი პარლამენტის ეპოქაში, დაახლოებით 1992 წლის ზამთარში, «მოძრაობის» ლიდერებმა (უპირველესად, ირაკლი წერეთელმა), რომლებიც არ იყვნენ კმაყოფილნი თავიანთი სტატუსითა და გავლენით ლეგალური სტრუქტურების ფარგლებში, გადაწყვიტეს «კონგრესის» აღორძინება და პოლიტიკურ პარტიათა სათათბირო შექმნეს.
      «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ (მაშინ «ედპ» თავისი გავლენის მწვერვალს უახლოვდებოდა) ამ წამოწყებას ასეთი შეფასება მისცა: «ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული და იდეურად გაბანკროტებული ძალების მცდელობა, რამენაირად დააფიქსირონ თავიანთი არსებობა».
            მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ გია ჭანტურიას შეფასება დღესაც აქტუალურია იმ მოვლენათა შეფასებისას, რაც უკანასკნელ ხანს ხდება.
            პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიათა გაერთიანება მაინც სპეციფიკურად «ქართული» მოვლენაა – ამით დასტურდება, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში დამარცხდნენ, არაფერი ამოძრავებთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილის გარდა. ამიტომაც ხდება გაუთავებელი «შერწყმა» ისეთი პოლიტიკური პარტიებისა, რომლებსაც არც იდეურად, არც პოლიტიკურად, არც მენტალიტეტის თვალსაზრისით, ან პოლიტიკური წარსულით არაფერი აკავშირებთ.
            ახალ «კონგრესშიც» აგრეთვე გაერთიანდნენ ყველანი, - დაწყებული რადიკალი ზვიადისტებიდან, დამთავრებული «მართლმორწმუნე» კომუნისტებით, რომლებიც გორბაჩოვის «ერესსაც» კი არ ცნობდნენ, ისევე როგორც «მართლმორწმუნე» ზვიადისტები არ ცნობენ «აღორძინების ბლოკით» პარლამენტში მოხვედრილ ვახტანგ ბოჭორიშვილის «ერესს».
            თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ თვით «აღორძინების ბლოკიც» დაახლოებით ამავე პრინციპითა და მოტივაციით შეიქმნა.
            «22 პარტიის» არაფორმალურ ხელმძღვანელად ბესო ჯუღელი ითვლება. ყოველ შემთხვევაში, იდეაც მას ეკუთვნის და ერთგვარი «სპოუქსმენის» ფუნქციასაც თავად ასრულებს, რასაც სხვები ეთანხმებიან.
            «22»-ის» გაერთიანებამ ჯერჯერობით ვერ შეძლო რომელიმე წარსულში ცნობილი ფიგურის გამოკვეთა – მათ შორის, ირაკლი წერეთელიც კი (რომელიც, სხვათა შორის, 1988-93 წლების მთავარი მოქმედი პირია) საკმაოდ უფერულად გამოიყურება.
            ამჟამად «22-ის გაერთიანება» საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებისათვის ემზადება, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ის ვერანაირ გავლენას პროცესებზე ვერ ახდენს, - გაერთიანებას არ ჰყავს და არც შეიძლება ჰყავდეს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი; ხოლო როდესაც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ისეთი გაერთიანება, რომელსაც, პრინციპშიც, არ შეიძლება ჰყავდეს პრეზიდენტობის კანდიდატი (ერთად ან თუნდაც ცალ-ცალკე), ეს არასერიოზულად აღიქმება.
            «22 პარტიის გაერთიანებაში» შემავალ რომელიმე პარტიას არ შეეძლო წამოეყენებინა არჩევნებში ისეთი კანდიდატი, რომელიც ოდნავ უფრო სერიოზულად მაინც აღიქმებოდა, ვიდრე ის კანდიდატები, რომელთა სახელი და გვარი მხოლოდ ოჯახის წევრებმა თუ იციან და მხოლოდ ისინი თუ ცნობენ სახეზე.
            მიუხედავად ამისა, «22 პარტია» მაინც შთამბეჭდავად ჟღერს და მათი ბოიკოტი არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ მაინც მიიჩნევა სერიოზულ მოვლენად.
            ტრადიციული დემოკრატიის, ან ელემენტარულად, ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნების ბოიკოტი სრულ აბსურდად აღიქმება.
            საერთოდ, არჩევნების ჩატარებისას დაშვებულ დარღვევებს (ევროპელი დამკვირვებლების აზრით) სერიოზული გავლენა არჩევნებზე არ მოუხდენია - არც «მოქკავშირის», არც «აღორძინების» სასარგებლოდ.
            მაშასადამე, არჩევნების ბოიკოტი აღიქმება სახელმწიფოს ბოიკოტად. როდესაც ამ ბოიკოტს რომელიმე სოციალური ან ეთნიკური ჯგუფი მიმართავს – ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
            მეორე მხრივ, «22»-ის ბოიკოტი იმასაც ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე, არამედ «აღორძინების ბლოკის» კანდიდატები – ასლან აბაშიძე და ჯუმბერ პატიაშვილი.
            «აღორძინების ბლოკი» მაინც წარდგება ერთ-ერთი კანდიდატით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე დაუპირისპირდება. «22 პოლიტიკური პარტია» კი ოპოზიციაში უდგას არა მხოლოდ შევარდნაძეს, არამედ «აღორძინების ბლოკსაც».
            მიუხედავად ამისა, საეჭვოა, ამ გაერთიანებამ შექმნას საფუძველი «მესამე პოლიტიკური ძალის» ან «მესამე ლიდერის» გამოსაკვეთად, ვინაიდან ეს გაერთიანება შედგება იმ პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისაგან, რომელთაც «არაფერი დაივიწყეს და ვერაფერი ისწავლეს» განვლილი 12 წლის განმავლობაში.

მერიდიანი, 8 მარტი, 2000 წელი