უცნაური ტერაქტი დომოდედოვოში

უცნაური ტერაქტი დომოდედოვოში

        მოსკოვის უდიდეს აეროპორტ «დომოდედოვოში» ტერაქტამდე ორი დღით ადრე, რუსეთის სოციოლოგიურმა სამსახურებმა გამოაქვეყნეს პუტინ-მედვედევის რეიტინგი, რომელმაც სენსაცია გამოიწვია ექსპერტებს შორს; აღმოჩნდა, რომ «ტანდემის» პოპულარობა დღითი დღე ეცემა. ამას თავისი მიზეზი აქვს: პუტინმა და მედვედევმა რუსული ნაციონალიზმის და იმპერიალიზმის ჯინი ბოთლიდან გამოუშვეს 2008 წლის აგვისტოში, ხოლო ნაციონალიზმი და იმპერიალიზმი ყოველთვის მაქსიმალისტურია.
        ესე იგი, რაკი პუტინ-მედვედევმა მთელი საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლეს ან სხვა მეზობლებთან იგივე ჯერ ვერ გაიმეორეს, ამას ნაციონალიზმი დამარცხებად აღიქვამს. შესაბამისად, რეიტინგიც ეცემა. თუმცა, ეს სხვა თემაა.
        რაც შეეხება თვით ტერაქტს, ძალიან უცნაური და დღევანდელი რუსეთისთვის უჩვეულო რამ მოხდა: იმ დროს, როდესაც დომოდედოვოს მოსაცდელ დარბაზში 5 კილოგრამი ტროტილი აფეთქდა, გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. თანაც, არა მხოლოდ რუსები, არამედ გერმანელები, ტაჯიკები, ინგლისელები, ქართველები (დაიღუპა კიდეც ერთი – ვახტანგ ლობჟანიძე), უკრაინელები, პოლონელები, უზბეკები და ტერორისტს ეს არ შეიძლებოდა არ სცონდოდა. აფეთქების მომენტში საერთაშორისო რეისის მგზავრი მეტი იყო, ვიდრე რუსეთის შიგნით მოგზაური. არადა, როდესაც 7 წლის წინ ჩეჩენმა ტერორისტმა ქალებმა ერთდროულად ორი თვითმფრინავი ააფეთქეს ჰაერში, ეს თვითმფრინავები შიდა რეისებს ასრულებდნენ. გასაგებია, რომ ჩეჩენ ქვრივებს შურისძიება და რუსებისადმი სიძულვილი ამოძრავებდათ. ისევე, როგორც «ნორდ ოსტის» ტერაქტის დროს, როდესაც ასეთივე ქვრივებმა და საველე მეთაურმა მოვსარ ბარაევმა (2002 წელს) მთელი თეატრი აიყვანეს მძევლად.
        მაგრამ რა ამოძრავებდა მას, ვინც დომოდედოვოს საერთაშორისო რეისების მოსაცდელ დარბაზში აიფეთქა თავი, როდესაც იქ ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო რეისი სრულდებოდა? თან წინასწარ უყვირია «ყველას მოგკლავთო». ზოგიერთი ცნობით კი, საკუთარი სახელი და გვარიც დაუძახია.
        მგონი, ასეთი ტერაქტი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. რაღა მოსკოვში უნდა მომხდარიყო? რუსეთს რომ არც თუ მთლად ნორმალური ადამიანები ხელმძღვანელობენ, იქედან ჩანს, რომ დავოსის ფორუმზე ჩასულმა მედვედევმა სრული სერიოზულობით განაცხადა: ტერაქტი იმის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომ მე დავოსში ვერ ჩამოვსულიყავიო.
        ამაზე დიდი სისულელე ალბათ მსოფლიოში არც ერთი ტერაქტის შემდეგ არც ერთ ლიდერს არ უთქვამს! თუმცა, ეს წინადადება იმაზე მიანიშნებს, რომ დომოდედოვოს ტერაქტი რაღაცით უკავშირდება პუტინ-მედვედევის მომავალ დაპირისპირებას 2012 წლის საარჩევნო ციკლისას. მედვედევმა უკვე თქვა მთავარი: არ გამორიცხავს, რომ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ესე იგი რუსეთში ორი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება: პუტინი და მედვედევი. ამ უკანასკნელს ბიზნესი და ინტელიგენცია უჭერს მხარს. პუტინს კი – ძალოვანი სტრუქტურები.
        მერედა, როგორ შეუძლიათ ამ «ძალოვანებს» თავისი რჩეულის პოზიციათა გაძლიერება? რა თქმა უნდა, რუსეთში შიშისა და ძრწოლვის ატმოსფეროს დამკვიდრებით, როდესაც რუს ხალხს «ძლიერი ხელი» ისევე მოენატრება, როგორც მოენატრა ელცინის მმართველობის ბოლოს – 1999 წელს, როცა ასპარეზზე პუტინი პირველად გამოჩნდა.
        გამოძიების პირველი შედეგებიც საოცარ სურათს იძლევა: რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ტერორისტის თავია აღმოჩენილი და ის ჩეჩენი კი არ არის, არამედ უფრო «ხმელთაშუაზღვისპირულ»L რასას განეკუთვნება. Pპუტინმა მაშინვე გამოაცხადა: «ჩეჩნებს ამ ტერაქტთან საერთო არაფერი აქვთო». Aანუ, ის, რაც დომოდედოვოში მოხდა, შეიძლება არა ჩეჩნების შურისძიება, არამედ რუსეთისათვის დამახასიათებელი სოციალური შუღლისა და ანარქისტული სიძულვილის გამოხატულება იყოს.
        ეს ბევრად უარესია, ვიდრე ჩეჩნური და ჩრდილოკავკასიური ტერორიზმი, ვინაიდან არც მიზანი აქვს, არც მიზეზი, არც თავი და არც ბოლო. მით უმეტეს იოლი იქნება ამ ფონზე ხალხის დაშინება და მასში «ძლერი ხელის» მოთხოვნის გაღვიძება, რათა 2012 წელს «სწორი» არჩევანი გააკეთოს.
        ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პუტინის გარემოცვა უფრო «ანარქისტულ» ვერსიას აწვება, ვიდერ ჩეჩნურ კვალს, რაც იმას ადასტურებს, რომ რუსეთში, უახლოეს მომავალში, დიდი ამბები მზადდება, დიდი დაპირისპირებაც იწყება, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესია (რეიტინგის ასამაღლებლად) იმავე ძალებს უკვე არარეალურად მიაჩნიათ.
        აქედან გამომდინარე, გვაქვს დრო რეფორმების გასატარებლად და ქვეყნის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

2011