იგორ გიორგაძეს მისამართი შეეშალა

        გუშინ ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სენსაციური ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველის უშიშროების ყოფილი შეფი იგორ გიორგაძე მოსკოვის «ვნუკოვოს» აეროპორტიიდან – სოხუმში ჩაფრინდა.

        ამ ინფორმაციის ქვეტექსტი გასაგებია: იგორ გიორგაძე ამჟამად გაფაციცებით ცდილობს დაუმტკიცოს თავის პატრონებს რუსულ სპეცსამსახურებში, რომ მას და მხოლოდ მას შეუძლია საქართველოს რუსეთისკენ შებრუნება მაშინ, როდესაც «ქვეყნის სათავეში ედუარდ შევარდნაძის კურსის გამგრძელებლები მოვიდნენ». ერთდროულად, რამდენიმე რუსულმა არხმა იგორ გიორგაძეს თავისი ეთერის საუკეთესო დრო დაუთმო.
        როგორც ჩანს, მოსკოვში მართლაც განიხილავდნენ მის კანდიდატურას. თუმცა, არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ ეს აბსოლუტურად არარეალურია: იგორ გიორგაძე თანამედროვე საქართველოსათვის «ანტისისტემური ძალაა» და იგი მთლიანადმიუღებელია ქართული ელიტისათვის, განურჩევლად იმისა, მისი რომელი და როგორი კონფიგურაცია მოვა ქვეყნის სათავეში.
        უსისხლოდ განხორციელებული «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, იგორ გიორგაძის საქართვლეოში დაბრუნება სწორედ ტანკით და სისხლისღვრით თუ მოხერხდება. რუსეთს შესანიშნავი ანალიტიკური ცენტრები აქვს და ისინი თავიდანვე აუწყებდნენ დამკვეთებს, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა პირველი სცენარი წააგო ვაშინგტონთან, იგორ გიორგაძეზე ფსონის დადება ელემენტარული ავანტიურა იქნებოდა. პოლიტიკაში არსებობს «გადაჭარბების ცნებაც». იგორის შემოყვანა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მეტისმეტად «თეთრი ძაფებით» უნდა შეეკერათ და მხოლოდ ზარალს თუ მიიღებდნენ.
        აქედან გამომდინარე, არც ერთი სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი მოსკოვში (მით უმეტეს, რუსეთის ხელისუფლება თავად) სერიოზულად არ განიხილავს იგორ გიორგაძის თბილისში «თეთრ ცხენზე» ამხედრებულ ფორმით შემოსვლის შესაძლებლობას. ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ – იცოცხლე, ძალიანაც უნდათ, მაგრამ არარეალური სცენარით თამაშს რეალურ სცენარებს ამჯობინებენ.
        ასეთი რეალური სცენარები კი ნამდვილად აქვთ. თანაც ისეთები, რომელთა «ნაკერებს» ასე იოლად ვერ შეამჩნევ. ამიტომ, ინფორმაცია იგორ გიორგაძის სოხუმში ჩასვლის შესახებ, სერიოზულად არის გადასამოწმებელი.
        არ არის გამორიცხული, ეს ცნობა თვით გიორგაძის ნაცოდვილარი იყოს, რათა საკუთარი «შეუცვლელობა» და»საჭიროება» დაუდასტუროს რუს კოლეგებს. მთელი ამ წლების განმალვობაში იგი სწორედ ამით იყო დაკავებული, რაკი ეშინოდა რუსეთ-საქართველოს კომპრომისს არ შესწირვოდა. შესაძლოა, ახლაც ეშინოდეს. გარდა ამისა, სერიოზულ ეჭვს იწვევს, რომ იგორ გიორგაძე აფხაზეთში ჩასულიყო იმ მიზნით, რათა იქედან შემოვიდეს სამტრედიაში, იქ «გამაგრდეს» და საპრეზიდენტო არჩევნები მოიგოს. ასეთი რამ ფანტასტიკის სფეროს ურფო განეკუთვნება. სპეცსამსახურები კი რეალობით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, წარმოუდგენელია აფხაზებმა მთელ ამ ისტორიაში რაიმე მონაწილეობა მიიღონ.
        მათი მონაწილეობის გარეშე კი არაფერი გამოვიდოდა. ჯერკიდევ 1994 წლიდან, აფხაზეთის უშიშროების სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იგორ გიორგაძის წინააღმდგე, რომელსაც აფხაზეთში (უმთავრესად, გალის რაიონში) ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ადანაშაულებდა. რასაკვირველია, იგულისხმება პარტიზანგული რაზმების მოქმედება, რომელთანაც იგორ გიორგაძეს ირიბი კავშირი, ალბათ, მართლაც ჰქონდა. ამრიგად, გიორგაძის «გათამაშებული კარტი» მოსკოვს დღეს საქართველოში აღარ გამოადგება, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვისაც კი გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება, ერთხმად აცხადებს, რომ როგორც კი იგორ გიორგაძე მათთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე გამოჩნდება, მას დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ.
        როგორც ჩანს, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის სტატუსი უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. ოღონდ, აქ არის ერთი «მაგრამ» - იგორ გიორგაძე სისტემაში ვერჩაეწერება, თუ რუსეთმა ვერ შეძლო საქართვლეოში «მართვადი ქაოსის» მეთოდისა და ომის პროვოცირება. სისხლიანი ქაოსის პირობებში კი აღარავინ აქცევს ყურადღებას, რა ფერის ძაფებით არის ნაკერი მორიგი ოპერაცია.

დილის გაზეთი, 2 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე