გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა თავად არ უწყიან, რას «აკვირდებიან»

გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა თავად არ უწყიან, რას «აკვირდებიან»

  

    ედუარდ შევარდნაძის მიერ ლივიუ ბოტასთან გამართულმა «მკაცრმა საუბარმა» კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გარემოება, რომ გაეროს «დამკვირვებლები» აფხაზეთში, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამჟამად საქართველოსთვის საზიანოს მეტს აკეთებენ, ვიდრე სასარგებლოს.
    ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც მოსკოვსა და ჟენევაში მიმდინარეობდა ცხარე დისკუსია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო ძალების» შემოყვანის პირობათა თაობაზე, ბევრს უკვირდა, რატომ იჩენდნენ ასეთ დაინტერესებას აფხაზები გაეროს დამკვირვებელთა აუცილებელი ყოფნის მიმართ აფხაზეთში. ისინი არათუ დაეთანხმნენ ამ წინადადებას, არამედ თავადაც კი მოითხოვდნენ გაეროს აქტიურ «შემოსვლას» ენგურის აუზში. ამგვარი დაჟინება ქართული მხრიდან თითქოს გასაგები იქნებოდა, მაგრამ აფხაზები ხომ გაეროს ლამის «მტრად» თვლიდნენ ომის დროს და «აფხაზეთის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო» საპროტესტო ნოტებს უგზავნიდნენ?! ამ უცნაურობას ფარდა აეხადა უმალვე, როგორც კი პირველი კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა ენგურის სანაპიროზე სამშვიდობო ძალთა შემოყვანის შემდეგ. მკითხველს, რა თქმა უნდა, ახსოვს, რომ 1994 წლის სექტემბერში, რუსეთის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იაკუშევმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნადიბაიძემ მოილაპარაკეს - დაუყოვნებლივ დაეწყოთ ლტოლვილთა დაბრუნება. შესაძლოა, იაკუშევის მხრიდან ეს თვალთმაქცობა იყო, მაგრამ ამჯერად სხვა უფრო მნიშვნელოვანია: როდესაც ქართველი ლტოლვილები ავტობუსებში ჩასხდნენ, რუსული სამხედრო მანქანებიც მწყობრად განლაგდნენ (მათ გასაცილებლად), რუს სამხედროებთან მიიჭრნენ გაეროს დამკვირვებლები და «პროტესტი განუცხადეს» ოთხმხრივი შეთანხმების დარღვევის გამო. რა თქმა უნდა, ზემოთქმული იმას არ ნიშნავს, თითქოს ამ პროტესტის გამო ჩაიშალა ლტოლვილთა დაბრუნების ოპერაცია, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი (გაეროს პროტესტი) ნამდვილი მისწრება იყო აფხაზი სეპარატისტებისათვის.
    მერიდიანი, 6 ოქტომბერი, 1997 წელი