«კეჭნაობა» ჭადრაკის პარტიისას; «აჭარა» თუ «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა»

«კეჭნაობა» ჭადრაკის პარტიისას; «აჭარა» თუ «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა»

        გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და პროცესი პარლამენტში განვითარდა. პრეზიდენტმა 9 თებერვალს (ცნობილი ტერაქტის ორი წლისთავზე) პარლამენტს წარუდგინა მოხსენება «ქვეყნის საშინაო და საგარეო» მდგომარეობის შესახებ».
        ვიდრე ამ საკითხებზე მსჯელობას დავიწყებდეთ, არ შემიძლია («დროული გადახვევის» სახით), კიდევ ერთხელ განცვიფრებით არ აღვნიშნო, რომ ეს «9» მართლაც რაღაც უცნაურად სდევს თან საქართველოს - «ცხრათავიანი დევი»... 9 მარტი, 9 აპრილი, 9 თებერვალი... 19 ოქტომბერი. 29 აგვისტო და ასე შემდეგ. ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ჭაბუა ამირეჯიბის შესანიშნავი რომანის «დათა თუთაშხიას» მოქმედებაც სწორედ 1884 წლის 9 აპრილს (!) იწყება, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაა, მაგრამ საოცარი შემთხვევითობა.
        მიაქციეთ ყურადღება – პრეზიდენტი იძულებული გახდა, მოხსენება ერთი დღით გადაეტანა (რვიდან ცხრა თებერვლისთვის), ვინაიდან 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, ხოლო ჟამთააღმწერელთა ცნობით, დავით IV ბაგრატოვანი «აღსაყდრდა» (გამეფდა) 8 თებერვალს «მიმწუხრს», ანუ «ფაქტობრივად, მისი მეფობის პირველი დღე ისევ და ისევ 9 თებერვალია.

        ეს ყოველივე, რასაკვირველია, «შემთხვევითია», თუმცა, ვინ იცის... «ცნობიერი» და «არაცნობიერი» ერსა და ისტორიას ისევე ახასიათებს, როგორც ცალკეულ ადამიანს.
        9 თებერვალს, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, გაიმართა პირველი რეალური «შერკინება», «ძალთა მოსინჯვა» საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ამას საქართველოს მთაში «კეჭნაობას» უწოდებენ, როდესაც ფარიკაობისას მხოლოდ «მცირე სისხლი» იღვრება. ამჯერადაც «მცირე სისხლი» უნდა დაღვრილიყო და დაიღვარა კიდეც, თუმცა (ისევე, როგორც «კეჭნაობისას»), მოწინააღმდეგეთა გაცხარება სრულებითაც არ ყოფილა «სახუმარო» და თუ მაინც «მცირედ დაიღვარა» - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ «ოპოზიციის» მძლავრ იერიშს ჟვანიამ და (ბოლოს) შევარდნაძემ მძლავრი თავდაცვითი კონტრშეტევით უპასუხეს.
        საბოლოოდ კი «ფრე» დაფიქსირდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირველი, გაცხარებული ბრძოლისას «ფრე» ვერც ოპოზიციის გამარჯვებად ჩაითვლება და ვერც «უმრავლესობის» დამარცხებად.
        მით უმეტეს, რომ «უმრავლესობას» იმთავითვე წამგებიან პოზიციაში უწევდა თავდაცვა: პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება (სინამდვილეში «მიმართვა» ანუ რუსულად «პოსლანიე», ინგლისურად «Message») საპრეზიდენტო რესპუბლიკათა ყოვლად აუცილებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელსაც სათანადო დატვირთვა და სახელმწიფოებრივი ფუნქცია აკისრია – ხელისუფლებათა გამიჯვნის, «შეკავება-დაპისრისპირება-შეწონასწორების» სისტემაში.
        ოღონდ არსად, არც ერთ ქვეყანაში ეს არ ხდება ისეთი ფორმით, როგორც საქართველოში. არც ერთ «საპრეზიდენტო რესპუბლიკაში» პრეზიდენტი არ არის ვალდებული, წაიკითხოს სამ-ოთხ-ხუთსაათიანი მოხსენება. სავსებით საკმარისია, მოხსენება დაიბეჭდოს, დაურიგდეთ დეპუტატებს, ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდეს პრესაში, გამოიცეს თუნდაც ბროშურად, ხოლო პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარდგეს მაქსიმუმ (ესეც ძალიან ბევრია) 40-წუთიანი სიტყვით, რომელშიც გადმოცემული იქნება მოხსენების (მიმართვის) კვინტესენცია.
        შემდგომ დეპუტატებს, რომელთაც დოკუმენტი (ხაზს ვუსვამ: დოკუმენტი) წინასწარ აქვთ შესწავლილი, ეძლევათ საშუალება, დასვან ნებისმიერი შეკითხვა ამ დოკუმენტის თაობაზე და მოისმინონ პასუხი პირადად პრეზიდენტისგან.
        თუ «ხალხის რჩეულთ» ორასგვერდიანი მიმართვის წაკითხვა, შესწავლა და დამუშავება ეზარებათ, ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, პირადად წაიკითხოს იგი თავიდან ბოლომდე.
        რაც შეეხება პრეზიდენტის ხანმოკლე სიტყვას, მას უფრო დემონსტრაციული ხასიათი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესს უგზავნის 700-გვერდიან მიმართვას (!), ხოლო თავად გამოდის ხანმოკლე (ნახევარსაათიანი) «სპიჩით».
        ეს არის ერთგვარი «შოუ», რომელსაც, დიახაც, აქვს სახელმწიფოებრივი დატვირთვა: განურჩევლად «პოზიცია-ოპოზიციონერებისა», კონგრესმენები ადასტურებენ ხელისუფლების ორი შტოს ერთიანობას – ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
        ამიტომ ბილ კლინტონის ხანმოკლე სიტყვა მთელმა კონგრესმა 128-ჯერ (!!!) შეწყვიტა ხანგრძლივი, მქუხარე ოვაციით ისე, რომ კომპარტიის XXV ყრილობასაც კი შეშურდებოდა – ყველა კონგრესმენი ფეხზე დგებოდა და ზოგჯერ ხუთი წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს.
        არადა, ბევრი მათგანი სულ ახლახანს ცრუ ჩვენებისა და უღირსი საქციელისთვის კლინტონის გადაყენებას მოითხოვდა და პრეზიდენტს (კონკრეტულად, კლინტონს) დღესაც «ვერ იტანს»; უფრო მეტიც – იგი «ჭირის დღესავით» სძულს.
        მაგრამ ამერიკელ კონგრესმენებს, ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ამაზრზენ, სამარისებურ სიჩუმეში ისმენდნენ პრეზიდენტის სამსაათიან მოხსენებას – შესანიშნავად ესმით, რომ ამერიკული დემოკრატიის გენიალურმა «მამა-დამფუძნებლებმა» ეს ინსტიტუტი (პრეზიდენტის ყოველწლიური «მესიჯი» და გამოსვლა კონგრესის ერთობლივ სხდომაზე) კონსტიტუციაში ჩადეს სწორედ საიმისოდ, რომ წელიწადში ერთხელ მოხდეს პრეზიდენტისა და კონგრესის (აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების) პატრიოტული ერთიანობის დემონსტრირება!
        ამიტომაც არ იმართება ღია კინკლაობა «მოხსენების თაობაზე», თუმცა, კლინტონსა და მის წარმომადგენლებს «მესიჯის» ამა თუ იმ დებულების გამო იგივე კონგრესმენებმა შეიძლება «ტყავი გააძრონ» საკომიტეტო მოსმენისას.
        ჩვენ საამისოდ მზად არა ვართ, ამიტომ ყოველწლიური საპარლამენტო «კეჭნაობა» (პრეზიდენტის მონაწილეობით), უბრალოდ, გარდაუვალია.
        მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ამას მიეცემა უფრო მოხდენილი ფორმა, «მოხსენება» დარიგდება წინასწარ და ასე შემდეგ. თუმცა... ნორმალური ტრადიცია ხომ მხოლოდ ნორმალურმა საზოგადოებამ შეიძლება შექმნას, ჩვენ კი ნამდვილად არა ვართ ნორმალური საზოგადოება, რაც გასულმა კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
        საპარლამენტო დებატებისას თვალსაჩინო გახდა ძალთა რეალური განაწილება და საპარლამენტო ფრაქციათა ინტერესები. მოქალაქეთა კავშირს აქვს აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ დებატებისას (თუ მხოლოდ ფრაქციათა ხელმძღვანელები გამოდიან) იგი ერთგვარ «უმცირესობაში» რჩება.
        მეორე მხრივ, პარლამენტის სხდომამ დაადასტურა, რომ «აღორძინების ბლოკი» მართლაც არ არის ერთიანი პოლიტიკური ძალა, იმ გაგებით, რომ კოალიციაში შემავალ თითოეულ (ხუთიდან) პოლიტიკურ დაჯგუფებას საკუთარი ინტერესები აქვს.
        შესაბამისად, ფრაქციათა ხელმძღვანელების გამოსვლებში განსხვავებულმა პოლიტიკურმა აქცენტებმა გაიჟღერა. მიუხედავად ამისა, გასულმა კვირამ ცხადყო, რომ ამჟამინდელი პარლამენტის ძირითადი ფუნქცია და პოლიტიკური ამოცანა იქნება ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრა.
        პარადოქსულია, მაგრამ ამ პრობლემის გამწვავება თავისდაუნებურად მოახდინა თვით ასლან აბაშიძემ – წინასაარჩევნო აქტიურობით და საკმაოდ მრავალრიცხოვანი საპარლამენტო წარმომადგენლობის უზრუნველყოფით.
        არადა, ასლან აბაშიძე ნამდვილად არ არის დაინტერესებული საკითხის გადაწყვეტით, ანუ ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განმსაზღვრელი კანონებისა და კონსტიტუციური თავის მიღებით. თუ რატომ - ამის თაობაზე ქვემოთ.
        საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მადლიერნი არიან აჭარის ლიდერის და არცთუ უსაფუძვლოდ.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ვერც ერთი ეს პარტია (საკუთრივ «აღორძინების» გარდა) პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, რომ არა ასლან აბაშიძე. ამიტომ ისინი გამუდმებით ცდილობენ, მას მადლობა გადაუხადონ, დაიცვან იგი «მოქკავშირის» შეტევისგან. მაგრამ ამით, ძალაუნებურად, გაუცნობიერებლად თავად ამწვავებენ «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოუწყობლობის» პრობლემას და გარდუვალს ხდიან ამ საკითხის დასმას პოლიტიკურ დღის წესრიგში, რითაც  ისარგებლა ზურაბ ჟვანიამ. მან «ოპოზიციის» ეს სტრატეგიული შეცდომა პირველივე სხდომაზე შენიშნა და საკითხის კიდევ უფრო აქცენტირებისთვის პარასკევს ტრიბუნა დაუთმო იმერეთის «გუბერნატორ» თემურ შაშიაშვილს.
        უდიდესი პრიმიტივიზმი იქნებოდა, ვინმეს ეთქვა, თითქოს ჟვანია ამით ცდილობდა, გამოეყენებინა შაშიაშვილ - აბაშიძის ცხადი დაპირისპირება. პირიქით, დარწმუნებული ვარ, სწორედ ჟვანიამ სთხოვა შაშიაშვილს, მწვავე განცხადებებისაგან თავი შეეკავებინა და მხოლოდ ზოგადად ელაპარაკა ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის კონსტიტუციური განსაზღვრის აუცილებლობაზე.
        ბევრი «ამღორძინებელი» ამ მახვილგონივრულ სვლას ვერ მიხვდა და «გულუბრყვილოდ» მხარი დაუჭირა თემურ შაშიაშვილს – ისევე, როგორც რეზო მიშველაძემ.
        სამაგიეროდ, შეცდომას მიხვდა ვალერი გელბახიანი - სხვათა შორის, ასლან აბაშიძის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ალღოიანი წარმომადგენელი, რაც ამ გუნდში «საკმაო იშვიათობაა» - ისევე, როგორც მთლიანად «აღორძინების ბლოკში».
        ვალერი გელბახიანმა, ერთი შეხედვით, ძალიან უცნაური რამ განაცხადა: «არ არის საჭირო მსჯელობა საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე, - ეს საქართველოსთვის მიუღებელია... და ასე შემდეგ». აქ თითქოსდა თვალნათელი წინააღმდეგობაა, ვინაიდან თვით ასლან აბაშიძეს არაერთგზის უთქვამს, რომ იგი ფედერალიზმის მომხრეა.
        თუ ასეა, რაშია საქმე? საქმე კი ის გახლავთ, რომ «ფედერალიზმის» თაობაზე მსჯელობა ბოლოს და ბოლოს აუცილებლად დასვამს დღის წესრიგში აჭარის სტატუსის საკითხს; აბა, როგორ შეიძლება იმსჯელო საქართველოს «ტერიტორიულ მოწყობაზე», თუნდაც, ფედერალიზაციაზე და არ იმსჯელო იმის თაობაზე, თუ რა უფლებამოსილება აქვს ცენტრს და რა – ფედერაციის სუბიექტებს, ანუ (მათ შორის) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას?
        ნებისმიერ ფედერაციულ სახელმწიფოში ისეთი საკითხები, როგორიცაა საზღვრის დაცვა, საზღვაო აკვატორიის კონტროლი, საბაჟო სისტემა, შეიარაღებულიო ძალები, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა – მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებულ პრეროგატივათა რიცხვს განეკუთვნება.
        ვერ დამისახელებთ ვერც ერთ, არათუ უნიტარულ არამედ ფედერაციულ სახელმწიფოს, სადაც ზემოჩამოთვლილ საკითხთაგან (სფეროთაგან) თუნდაც ერთი იყოს არათუ ავტონომიის (ფედერაციის სუბიექტის), არამედ ერთობლივ გამგებლობაში!
        ეს სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა ვეღარ ჩაითვლება «ერთიან სახელმწიფოდ» და შეიძენს კონფედერაციის (ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს კავშირის) ნიშნებს.

        აქედან გამომდინარე, აჭარის მმართველი დაჯგუფებისთვის (ვალერი გელბახიანი ამას მიხვდა) ხელსაყრელია, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის დღეს, როდესაც საქართველო თითქოსდა უნიტარული სახელმწიფოა, მაგრამ სინამდვილეში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია (ყოფილი აჭარის ასსრ კონსტიტუცია) არის არა ავტონომიის კონსტიტუცია, არამედ სრულფასოვანი სახელმწიფოს კონსტიტუცია!
        ეს კონსტიტუცია მოიცავს ისეთ უფლებამოსილებებს, რაც დამახასიათებელია სრულფასოვანი სახელმწიფოსათვის და განუზომლად უფრო მეტია, ვიდრე ექნება აჭარას, როგორც ფედერაციის სუბიექტს. აი, სწორედ ამიტომ არიან «ფედერალიზაციის» წინააღმდეგნი და სწორედ ამიტომ გააკეთა დეპუტატმა გელბახიანმა ეს «უცნაური» განცხადება საქართველოს ფედერალიზაციის წინააღმდეგ.
        ამით მან ორი კურდღელი ერთდროულად, «მოკლა», ვინაიდან «აღორძინების ბლოკის» ბევრ გულუბრყვილო წევრს, ვისთვისაც საქართველოს ფედერალიზაცია პრინციპში მიუღებელია, ძალიან გაუხარდებოდა: «ხომ ხედავთ, ფედერაცია მათთვისაც მიუღებელიაო». არადა, ვერ ხვდებიან, რომ აქ სხვა რამ დევს: დღეს აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის, ფაქტობრივად, არსებობს არა ფედერაციული, არამედ კონფედერაციული ურთიერთობები, რასაც იურიდიულად ადასტურებს კიდეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
        საბჭოთა ავტონომიების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ კომუნისტებმა შექმნეს «შენელებული მოქმედების ნაღმები» საბჭოთა კავშირის შემადგენელ «მოკავშირე რესპუბლიკებში» - «მოკავშირე რესპუბლიკათა» მთლიანობას უზრუნველყოფდა კომუნისტური პარტიის უნიტარობა და ერთიანობა.
        როგორც კი ეს ღერძი მოიშალა და ამოქმედდა «დაკონსერვებული» იურიდიული მექანიზმები - უმალვე ცხადი გახდა, რომ, სამართლებრივი თვალსაზრისით, «საბჭოთა ავტონომიები» სინამდვილეში იყო არა ავტონომიები, არამედ სრულფასოვანი სახელმწიფოები – ყველა სახელმწიფოებრივი ატრიბუტითა და იურიდიული ინსტიტუტით.
        მაგალითად, მწერალ რეზო მიშველაძეს მართლაც ვერ გაუგია რა ხდება: თუკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციაში «სამი სიტყვის ჩაწერას», რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება? არადა, ნამდვილად არ შეიძლება და, აი, რატომ: თუ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება მხოლოდ «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა» და უმალვე არ განისაზღვრება (კონსტიტუციური კანონით) რა უფლებამოსილება აქვს ამ ავტონომიის სახელისუფლებო ორგანოებს, მაშინ ხვალ, ავტონომიის ლიდერი (არა აქვს მნიშვნელობა, ასლან აბაშიძე თუ სხვა), უეჭველად «გამოაჩენს» ავტონომიის კონსტიტუციას (იგი თვალით არ უნახავს, მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, თვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვებზე) და იტყვის:
        თქვენ კონსტიტუციურად დაადასტურეთ, რომ აჭარა არის რესპუბლიკა. რესპუბლიკას კი აქვს კონსტიტუცია (აბა, სად გინახავთ რესპუბლიკა კონსტიტუციის გარეშე?), სახელისუფლებო ორგანოების უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, სამაგიეროდ, მას განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია! ამ განსაზღვრებით კი, ისეთი სფეროები, როგორიცაა საბაჟო სისტემა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, საზღვაო აკვატორიის დაცვა განეკუთვნება (მინიმუმ), «ერთობლივ გამგებლობას». ამიტომაც საქართველოს პარლამენტი, 1995 წელს მოიქცა ძალზე წინდახედულად, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა: «აჭარა» და არა «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა». ამით, კონსტიტუციამ დაადასტურა, რომ ეს რეგიონი და მის ძირძველი ქართველი მოსახლეობა არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო სახელისუფლო ორგანოების უფლებამოსილება, ანუ ავტონომიის ხარისხი და დონე (სტატუსი) უნდა განისაზღვროს თავიდან, ვინაიდან «საბჭოთა კონსტიტუციით», აჭარა არის არა ავტონომია, არამედ სრულფასოვანი სახელმწიფო! სახელმწიფოში კი მეორე სახელმწიფო არ შეიძლება არსებოდეს. ორი სახელმწიფოს გაერთიანებას (კავშირს) ეწოდება კონფედერაცია!
        ამჟამად აჭარაში მოქმედი კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას აქვს აღმატებული ძალა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე.
        ჩამოყალიბებულია შემდეგი გრადაცია: საქართველოს კონსტიტუცია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - საქართველოს კანონი - აჭარის კანონი. ანუ, თუ საქართველოს კანონი ეწინააღმდეგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, მაშინ ეს კანონი არ მოქმედებს აჭარის ტერიტორიაზე!
        ბევრ «გულუბრყვილო» მოღვაწეს (მათ შორის, «აღორძინების ბლოკიდან») ეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ თავს ასე «იმშვიდებს»: «რა მოხდა მერე – საქართველოს კონსტიტუციას ხომ აქვს აღმატებული ძალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შედარებით?» მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, ბატონებო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს (გამოტოვებულია) თავი ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ, ანუ საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს აჭარის სტატუსს!
        გარდა ამისა, თუ მაგალითად, საქართველოს კანონი არ შეესაბამება აჭარის მმართველი დაჯგუფების ინტერესებს, მას შეუძლია, 20 წუთის განმავლობაში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება აჭარის კონსტიტუციაში და შემდეგ თქვას: ეს კანონი ჩემს ტერიტორიაზე არ მოქმედებს, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება აჭარის კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი დამატების შეტანას კი 20 წუთი ნამდვილად არ ეყოფა - ამისთვის აუცილებელია (თვით კონსტიტუციით განსაზღვრულია) ძალზე ხანგრძლივი და რთული პროცედურა.
        ამრიგად, ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხის გადაწყვეტა და კონსტიტუციის «შეცვლა-შევსება» სასიცოცხლო აუცილებლობა ხდება. «მოქალაქეთა კავშირმა» უკვე მიაღწია იმას, რომ ოპოზიციის (მათ შორის, «აღორძინების») ნაწილი ამას იზიარებს და ძალაუნებურად ინიციატორადაც გამოდის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ «აღორძინების ბლოკის» ისეთ ფრაქციებს, როგორიცაა «ტრადიციონალისტი» და «სოციალისტი», აქვთ სრული უფლება, ილაპარაკონ აჭარის მოსახლეობის სახელით, ვინაიდან ამ მოსახლეობის ხმები მათ დეპუტაციასაც ეკუთვნით.
        მაშასადამე, «ახალი პარლამენტის» უახლოესი პრიორიტეტი უკვე გამოიკვეთა. მას აქვს საშუალება (შანსი), გააკეთოს ისტორიული, საშვილიშვილო საქმე: ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ, მათ შორის, კონსტიტუციური კანონი «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის» თაობაზე, რომელიც გაითვალისწინებს ყველაზე ფართო ავტონომიურ უფლებებს საქართველოს ძირძველი, კეთილშობილ მხარისათვის.
        ამ პოლიტიკური დისპოზიციის ანალიზი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიუხედავად «კეჭნაობისას» მიღწეული ყაიმისა, სტრატეგიული თვალსაზრისით, «პოლიტიკური ჭადრაკის» პირველი პარტიის დებიუტში ერთი მხარის უპირატესობა უკვე გამოიკვეთა.
        დებიუტში უპირატესობის მიღწევა კი ძალზე მნიშვნელოვანია.

დილის გაზეთი, 14 თებერვალი, 2000 წელი