კვირის მიმოხილვა: იეღოვას საცდური

კვირის მიმოხილვა: იეღოვას საცდური

        პარასკევს მსოფლიოს უდიდესმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს სიდნეის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია. უფრო ზუსტად, უჩვენეს მხოლოდ ფრაგმენტები, ვინაიდან სიდნეიდან ტელეტრანსლაციის უფლება ამერიკულმა NBC-მ შეიძინა.
        გამონაკლისი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ის ეროვნული ტელეკომპანიები, რომლებმაც NBC-ის «ადგილობრივი» პარტნიორებისგან შეიძინეს ეს უფლება.
        რუსეთის რტრ-მა და ქართულმა დამოუკიდებელმა ტელევიზიამ გახსნის ცერემონია პირდაპირ ეთერში უჩვენე.ს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას წინ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობლილი ქალ-ვაჟი მიუძღოდა. ჩოხითა და ხანჯლით.
        ეს «წინამძღოლი» წარმოადგენდა უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიას. ჩრდილოკავკასიელ ხალხთაგან, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რასაკვირველია, ვერავინ გაბედავდა და შეძლებდა ჩოხით გამოსვლას. თუმცა, აქ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ეს ეგრეთ წოდებული «კავკასიელი მთიელები» ამ სცენის შემხედვარე რაიმეს მიხვდებიან.
        და მაინც, რუსეთის ტელეკომპანია რტრ-მა, იმავე საღამოს, როდესაც ცერემონიის ჩანაწერი გაიმეორა, «ჩოხიანი ახალგაზრდა» ამოჭრა – სადღაც «გააქრო». სწორედ იმიტომ, რომ 3 მილიარდ 700 მილიონი ტელემაყურებლის თვალწინ «ჩოხიანის» გამოჩენა არ ეპიტნავა, რაკი ჩოხა ამ შემთხვევაში მართლაც განასახიერებდა არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანას (საქართველოს), არამედ მთელ რეგიონს და კულტურულ ერთობასაც, რაც, მით უმეტეს ჩეჩნეთის ომის პირობებში, რუსებს სულაც არ ეპიტნავათ და ამიტომაც ამოჭრეს.
        ჩეჩენ მებრძოლებს, რომლებიც ამჟამად ჩეჩნეთის მთიანეთში გააფთრებით იბრძვიან და რუსებს იმაზე მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე იგივე რტრ-ი აცხადებს, ამ სცენის ხილვის საშუალება, რა თქმა უნდა, არ ექნებოდათ.
        «გარკვეული მიზნით» რუსეთი ჩეჩნეთის იმ რაიონებსაც არ აწვდის ელექტროენერგიას, რომელიც უკვე დაპყრობილი აქვს – მთიანეთზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ რომც ჰქონოდათ ჩეჩნებს საშუალება, ეხილათ მშვენიერი ვაჟკაცი როგორ გამოვიდა დიდებულ მსოფლიო ფორუმზე ჩოხით (სოაცრად უხდებოდა – თითქოს ყალიბივით ესხა ტანზე) – ნამდვილად გაუხარდებოდათ.
        შეიძლება, საქართველოსადმი სიმპათია არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს ნამდვილად გაუხარდებოდათ. იმავე სცენის ხილვის საშუალება მთლიანად ჰქონდათ «ამაყ ჩერქეზებსა» და მათ მონათესავე აფსუებს, ვინაიდან ტელევიზორიც აქვთ და რუსეთი ელექტროენერგიასაც აწვდის გულმოდგინედ. მაგრამ, საეჭოვა, ისინი რაიმეს მიმხვდარიყვნენ და რაიმესი შერცხვენოდათ. გზაც იქით ჰქონიათ – იმ «ოლიმპიურ დელეგაციაში», რომელშიც ჩოხის ჩაცმას ვერავინ გაბედავს, კავკასიელიც რომ იყოს.
        მათ უკვე აღარაფერი ეშველებათ, რადგან საქართველო კი დაამარცხეს (რუსების მეშვეობით), მაგრამ თავისი ღირსებაც მას ჩააბარეს სამაგიეროდ. ამიტომ ივლიან აწი, თუ შეძლებენ ასეთი დონის სპორტსმენის მომზადებას – ჩოხის გარეშე, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში.
        რუსებს თუ ჩოხა არ აცვიათ, ამით, რასაკვირველია, არაფერი აკლდებათ, ვინაიდან ეს მათი ეროვნული ტრადიცია და ეროვნული კულტურა არ არის.
        საქართველოს დელეგაციაში გამოჩნდა წარსულში შესანიშნავი სპორტსმენი ვიქტორ სანეევი. ეს ეპიზოდი კი ისევ იმ დისკუსიაში გვაბრუნებს (ეგრეთ ოწდებულ «ეროვნული რეკვიზიტების» თაობაზე), რომლის დასრულებასაც არა და არ დაადგა საშველი.
        დღემდე გაუგებარია, რა არის აქ საკამათო? მაგალითად, ვიქტორ სანეევი ყველასათვის, ვინც არ იცნობს «საბჭოთა სპეციფიკას» და პოსტსაბჭოურ რეალიებს ან საქართველოს ისტორიას – იქნებოდა ქართველი სპორტსმენი. იმ 3 მილიარდ 700 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით სამნახევარ მილიარდს სულაც არ გაუკვირდებოდა, თუ ტელეკომენტატორი იტყოდა: «როგორც გვითხრეს, ქართული დელეგაციის პირველ რიგებში მოაბიჯებს სახელგანთქმული ქართველი სპორტსმენი ვიქტორ სანეევი, რომელმაც რამდენიმე ოლიმპიადაზე გაიმარჯვაო».
        აი, თუნდაც ეს მაგალითი ადასტურებს, რამდენად დიდი და საბედისწერო შეცდომა იქნება მოქალაქეობის ინსტიტუტში «ავტონომიური სისტემების» შექმნა ეთნიკური წარმომავლობის დოკუმენტური ინსტიტუციონალიზებით.
        გაუგებარია, რატომ ვაკეთებთ ამას? თუ მხოლოდ «ქვეყნის შიგნით» მოხმარებისთვის – ეს, ჯერ ერთი, არ გამოვა, ვინაიდან დაკანონებული ინსტიტუცია აუცილებლად შეეცდება თავისი არეალის გაფართოებას და მიაღწევს კიდეც საწადელს და მეორეც: «ქვეყნის შიგნით» ხომ ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.
        მაგალითად, ვიქტორ სანეევი რომ (ამ აზრით) «ქართველი» არ არის, ანუ ეთნიკური რუსია – შესანიშნავად ეცოდინებოდა ხსენებული სამი მილიარდ 700 მილიონი ტელემაყურებლიდან იმათ, ვინც ეგრეთ წოდებული, «საბჭოთა ინტერნაციონალიზმის» ქვეყანაში აღიზარდა, სადაც ნებისმიერი ჩინოვნიკი გულმოდგინედ აკვირდებოდა მეხუთე გრაფას პასპორტში.
        ვიქტორ სანეევი, რა თქმა უნდა, ეთნიკური რუსია და ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ საქართველოს დელეგაციის პირველ რიგებში გამოჩენით მან აღიარა, რომ სახელმწიფოებრივად და მოქალაქეობრივად არის ქართველი! – საქართველოს მოქალაქე ანუ ქართველი.
        ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სპორტულმა ელიტამ, როდესაც სწორედ ვიქტორ სანეევი აღიარა მე-20 საუკუნის საუკეთესო «ქართველ სპორტსმენად»! ზოგიერთი კი ბუზღუნებდა: «როგორ შეიძლებოდა რუსისთვის ამ წოდების მინიჭებაო», მაგრამ წმინდა სპორტული მონაცემებითა და მიღწევებით ვიქტორ სანეევს ვერც ერთი «ეთნიკურად ქართველი» ვერ სჯაბნიდა, ამიტომ, უბრალოდ, სამარცხვინო და უსამართლო იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. მისი სამართლიანობა იმითაც დადასტურდა, რომ ვიქტორ სანეევი (იგი ავსტრალიაში ცხოვრობს) დათანხმდა საქართველოს დეგელაციის წევრობას და ქართველებს შორის ამაყად მიაბიჯებდა.
        სამწუხაროდ, ყოველივეს ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ იმ ხალხს, რომელიც კვლავ დაჟინებთი მოითხოვს საქართველომ დოკუმენტურად დააფიქსიროს მოქალაქის ეთნიკური წარმომავლობა და ამით მოქალაქეობის ინსტიტუტის შიგნით «ავტონომიები» შექმნას.
        კი მაგრამ, რატომ, რა ძალა გვადგია – რისი გულისთვის უნდა დავასუსტოთ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, როდესაც ამას თვით ეთნიკური უმცირესობანი არ მოითხოვენ და (აფსუებს და ოსებს გარდა) თანახმა არიან «სახელმწიფოებრივად ქართველები» იყვნენ? ამ სრულიად გაუგებარი დისკუსიიდან ერთადერთი მიზანშეწონილი გამოსავალი იქნებოდა დოკუმენტებში ჩაიწეროს «ეროვნება – ქართველი», ეს იგივეა, რაც «მოქალაქეობა – ქართული».
        ასეთი დისკუსიები ჩვენი «სამოქალაქო საზოგადოების» განვითარების დონეს ადასტურებენ. ისევე, როგორც ის მარაზმატული ვითარება, რაც თანდათან იქმნება და მწვავდება ეგრეთ წოდებულ «იეღოველთა» გარშემო. ჯერ ერთი, აქ სწორი დეფინიციაა საჭირო. «იეღოვას მოწმეობა» სინამდვილეში არის არა «სექტა», არამედ რელიგია. იგი სექტაა სწორედ ქრისტიანობის თვალთახედვით, მაგრამ მსოფლიოს სამეცნიერო (არარელიგიურ) ლიტერატურაში «იეღოვას მოწმეებს» აღნიშნავენ, როგორც ცალკე რელიგიას, მიუხედავად იმისა, რომ მას ქრისტიანობასთან საერთო ფესვები აქვს.
        თუ ამ ლოგიკას არ მივიღებთ, მაშინ გაომდის, რომ თვით ქრისტიანობაც «სექტაა» - «იუდაიზმის» თვალთახედვით, რაკი მის წიაღში აღმოცენდა ბიბლიის საფუძველზე.
        შემთხვევითი არ არის, თუ რამდენიმე თვის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა «იუდა-ქრისტიანული ცივილიზაციის» ტერმინი გამოიყენა.
        რასაკვირველია, ეს «საერთო შეხედულებაა» და არა ქრისტიანული. მართლმორწმუნე ქრისტიანს ვერ მოთხოვ არ ოპერირებდეს სწორედ რელიგიური და ქრისტიანული დოგმატებით. სრული სისულელე იქნება, რასაკვირველია, მოვითხოვდეთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რომ იგი არა თუ მხარს უჭერდეს იეღოველთა სექტას, არამედ არ გამოდიოდეს მის წინააღმდეგ, არ ებრძოდეს, არ აკეთებდეს ყველაფერს, რაც ძალუძს, რათა ეს რელიგიური მიმდინარეობა არ შემოდიოდეს საქართველოში და ვერ «რყვნიდეს» (მისი თვალთახედვით) მრევლს.
        შეუძლებელია მართლმადიდებელ ეკლესიას მოსთხოვო იქ ასეთი საერთო კატეგორიებით ხელმძღვანელობდეს, როგორიცაა «ადამიანის უფლებები», «სინდისის თავისუფლება» და «აღმსარებლობის თავისუფლება». რელიგიურ უმცირესობათა» უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ეკლესია იმიტომ არის ეკლესია, რომ მოქმედებდეს საკუთარი დოგმატების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, ეკლესია კი არა, «თანამოაზრეთა კლუბი» იქნებოდა.
        ამიტომ, სავსებით გასაგებია, თუ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი აქტიურად იბრძვიან «იეღოველთა» და სხვა სექტების წინააღმდეგ, რადგან მით უმეტეს, მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატით, ყველა რელიგია, გარდა მართლმადიდებლობისა, «პირდაპირ ცეცხლში მიდის» და «ცეცხლისკენ უკვალავს გზას მის მიერ შეცდენილს». ამიტომ ეკლესია ვალდებულია, აქტიურად იბრძოდეს განსაცდელისაგან ადამიანის დაესახსნელად.
        ასეთია რელიგიური დოგმატი და ახლა მასთან კამათი ან უწმინდესისა და უნეტარესის კრიტიკა, რატომ ამბობს «სექტები საქართველოში არ მშემოვუშვათო» - სრული აბსურდია. აბა რა, უნდა თქვას მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა: «არიქა, სექტების მოქმედებისთვის საქართველოში სანეტარო პირობები შევქმნათ და ყოველნაირად ხელი შევუწყთოთო?
        ეკლესია, რომლის საჭე მას ხელთ უპყთრია, არათუ მხარდაჭერას უკრძალავს (ღმერთო შენ გვიშველე) სექტების მომრავლებისა, არამედ ავალდებულებს აქტიურად იბრძოლოს მათ წინააღმდეგ.
        ისევე როგორც, დიახაც, აბსოლუტურად ლოგიკური იყო ქართული მართლმადიდებელიო ეკლესიის პოზიცია საქართველოდან ამერიკაში ქართული საგანძურის გამოფენაზე გატანის თაობაზე. ოღონდ, მკითხველის ყურადღებას მივაქცევ: მე ვამბობ «ლოგიკური» და არა «გამართბეული», რაც ამ კონტექსტში ერთი და იგივე არ არის.
        შეგახსენებთ ბობოქარი დისკუსიის ერთ-ერთ ეპიზოდს «განძთან» დაკავშირებით: როდესაც ზოგიერთებმა ბრალად დასდეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ იგი «არ აძლევს საშუალებას და არ ატანს განძს მუზეუმს საზღვარგარეთ წასაღებად» - საპატრიარქოს წარმომადგენელმა ამ სულელურ ბრალდებას ძალიან ჭკვიანური (შეიძლება ითქვას, «ბრძნული») პასუხი გასცა: «საოცარია, როდესაც გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ ვიღაცას რაღაცას არ ვატანთ – ეს საგანძური მუზეუმში ინახება და მას ეკლესია არ ფლობს, ანუ ფიზიკურად მის გატანას ეკლესია წინ ვერ აღუდგება, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ვაძლევთ ლოცვა-კურთხევას განძის გატანას, სხვა ხომ ეკლესიას არაფერი შეუძლია?
        აი, სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი – ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იმიტომ გაემიჯნა «განძის გატანას», რომ არ იკისრა პასხუისმგებლობა და არც უნდა ეკისრა. ეკლესია არ არის ვალდებული, ასეთ საკითხებზე პასუხისმგებლობა იკისროს, მით უმეტეს, ლოცვა-კურთხევითა და ზარ-ზეიმით გააცილოს ხატები ქვეყნიდან – ცხრა მთას იქით მდებარე საგამოფენო დარბაზებისაკენ.
        Aანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია როგორც საგანძურის საქმესთან, ასევე იეღოველებთან დაკავშირებით უნდა იყოს და იქნება ისეთი, როგორიც არის! ეკლესია სხვაგვარად ვერ იმოქმედებს და მისგან სხვა პოზიციის მოთხოვნა, მით უმეტეს, მისი გამოცხადება ამის გამო «ბნელი, ანტირეფორმისტული, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური» ძალების ბუდედ (ვიმეორებ), სრული იდიოტიზმია.
        სულ სხვა საქმეა (აი, ეს კი უკვე მართლაც სულ სხვა საკითხია), თუ როგორ უნდა იყოს საერთოდ საზოგადოების (და არა მხოლოდ ხელისუფლების – ნურავინ შეეცდება აქ პრობლემის დაყვანას «მარტივ მამრავლებამდე») პოზიცია იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ფასეულობანი, მის მიერ დაარსებული ცხოვრების წესები არ ემთხვევა ან უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება საეკლესიო დოგმატებს.
        ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია, თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოება მთლიანად ეფუძნებოდეს საეკლესიო დოგმატებს. ასეთ საზოგადოებას «დემოკრატიული», რა თქმა უნდა, აღარ ეწოდება, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმისა, რომ ქმედება, რაც ეკლესიისთვის «მომაკვდინებელი ცოდვაა» - სულაც არ ითვლება დანაშაულად «საერო» სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
        უფრო მეტიც, ზოგი რამ არც საზოგადოებრივი აზრისთვის არის განსაკუთრებით დიდი «ზნეობრივი დანაშაული». ასეა ნებისმიერ თანამედროვე, ცივილურ ქვეყანაში, სადაც «სამოქალაქო საზოგადოების» თუნდაც ნასახი არსებობს.
        ამიტომ, «ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფა» არ არის კომუნისტებისა და ბოლშევიკების «მოგონილი» ფენომენი. ცივილურ ქვეყნებში ეკლესია და სახელმწიფო დიდი ხანია გაყოფილია ერთმანეთისგან და საზოგადოებასაც ეკლესიასთან შესაბამისი ცივილური, კულტურული ურთიერთობა აქვს.
        მაგალითად, როდესაც ათონის მთიდან უდიდესი სიწმინდეები იმავე ამერიკაში გაიტანეს გამოსაფენად – საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იყო, მაგრამ საერო საზოგადოებას ამ წინააღმდეგობისთვის ყურადღება არ მიუქცევია და არც ეკლესიას ჩაუთვლია განსაკუთრებულ ტრაგედიად ის, რომ მის პოზიციას ყურადღება არ მიაქციეს:
        ეკლესია, ყველა შემთხვევაში, წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო. მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ საქართველოში არსებობს არაჯანსაღი სისტემური მიმართებები საზოგადოების შიგნით, ანუ, უბრალოდ, არა გვაქვს სამოქალაქო საზოგადოება, - შესაბამის ცნობიერებით, რაც არავის ბრალი არ არის (ამას ხაზს ვუსვამ), გარდა თვით საზოგადოებისა.
        ვერავინ, ვერც ერთი ხელისუფლება საზოგადოებას თავს ვერ მოახვევს და ძალით ვერ «დაამკვიდრებს» სამოქალაქო-საერო შეგნებას, თუ თვით საზოგადოებამ არ გამოიმუშავა და არ შეისისხლხორცა შესაბამისი ფასეულობანი.
        ამიტომაც იქცა (საბერძნეთისგან განსხვავებით) საქართველოში «ხატების გატანის» თემა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაპირისპირების საგნად. ბუნებრივია, თუ ხელისუფლება მოერიდებოდა ვითარების გამწვავებას. საბერძნეთი სხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია, რ,ადგან იქ, უბრალოდ, არ იყო ამის საჭიროება.
        თუმცა, რომელ «სამოქალაქო საზოგადოებაზე» შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ «მოძრაობის» პარტიები საქართველოში, ეგრეთ წოდებულ, «თეოდემოკრატიის» დამკვიდრებას მოითხოვდნენ და ზოგიერთ მათგანს დღესაც პროგრამული დებულებებიდან ამოღებული არა აქვს პუნქტი, რომლითაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს პარლამენტის ზედა პალატის (!) ფუნქციები უნდა შეეთავსებინა?!
        ამ «საპროგრამი დებულების» გამოქვეყნებას დღეს ვეღარ გაბედავენ... ეტყობა, მაინც «წინ მივდივართ», ასე თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, იმ აუტანელ ბნელეთთან შედარებით, რომელშიც 12 წლის წინათ ვიმყოფებოდით.
        ახლა, რაც შეეხება, ეგრეთ წოდებულ «კონკორდატს», ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტი გამოასწორებს ვითარებას და პანაცეად იქცევა. არადა, საქართველოს პირობებში ამის იმედად ყოფნა სრული ილუზიაა.
        რა არის კონკორდატი? სინამდვილეში, ეს არის ხელშეკრულება არა ხელისუფლებასა და ეკლესიას, არამედ ეკლესიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. საქართველოში ასეთი რამ არ გამოვა, ვინაიდან იმ ქვეყნებში, სადაც (თანამედროვე გაგებით) კონკორდატი გაფორმდა, ორივე მხარე მკაფიოდ აცნობიერებდა საკუთარ შესაძლებლობებს.
        დარწმუნებული ვარ, საქართველოს პირობებში ამგვარი ხელშეკრულების მომზადება და შეთანხმება ვერ მოხერხდება, ვინაიდან ეკლესია ხედავს, რომ მას «საერო საზოგადოებაზე» (ანუ იმავე «სამოქალაქო საზოგადოებაზე», შესაბამისად, ხელისუფლებაზეც) იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ნორმალურ პირობებში უნდა ჰქონდეს.
        ამიტომ, ჯერ ერთი, ეკლესიის საჭეთმპყრობელი არავითარ შემთხვევაში ხელს არ მოაწერს ისეთ დოკუმენტს, რაც თუნდაც ნაწილობრივ აღიარებს ზოგიერთი «საერო წესის» შეუთავსებლობას «საეკლესიო წესთან». და მეორეც, ეკლესია შეიმუშავებს ისეთ პროექტს, რაც აუცილებლად მოვა წინააღმდეგობაში ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციასთან.
        ეკლესია ასეც უნდა მოიქცეს! წარმოუდგენელია, მისგან სხვა რამ მოვითხოვოთ. მაგალითად, წარმოუდგენელია ეკლესიისგან მოვითხოვდეთ რაიმე კომპრომისს ისეთ საკითხებში, რაც მის დოგმატებს ეხება. გააჩნია «რა გაუვა», თორემ «თუ გაუვა», ეკლესია, რა თქმა უნდა, მოითხოვს, კონსტიტუცია შეიცვალოს დიდი სჯულის კანონით.
        მაშასადამე, აქ თვით საზოგადოება უნდა იყოს შესაბამისად ცივილიზებული და კულტურული: ყველაფერს სათანადო კულტურა სჭირდება, მათ შორის ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობას. ჩვენ არაფერში ზომიერების გრძნობა არა გვაქვს – ეკლესია ამას ხედავს და, რასაკვირველია, ცდილობს, მაქსიმალურად გააფართოოს თავისი გავლენა. მისი მხრიდან ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებული მცდელობა. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც რელიგიური ორგანგიზაცია ამას არ ცდილობდეს, გააჩნია «სად რა გაუვა». ირანში, მაგალითად, ის «გაუვიდათ», რომ ადამიანებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის შარიათის კანონებით ასამართლებენ.

დავუბრუნდეთ ისევ «იეღოველებს». გასულ კვირას ამ რელიგიური მიმდინარეობის წევრთა თავყრილობები ორჯერ დაარბიეს. დარბევას თან ახლდა ნგრევა, ლეწვა და წიგნების დაწვა.
        «წიგნების დაწვას» რაც შეეხება: განურჩევლად ლიტერატურის შინაარსისა, ეს აქცია მთელ ცვიილიზებულ მსოფლიოში ერთგვაროვან ასოციაციებს იწვევს და აღიქმება ფაშისტურ გამოვლენად. ოღონდ ასე სამოქალაქო საზოაგდოება» აღიქვამს, თორემ ეკლესიას იდენტური აღქმა სულაც არა აქვს. ვიდრე მომხდარი ფაქტის სხვა მხარეებს შევეხებოდე, სხვათა შორის, ისიც უნდა ვიკითხოთ, სად არის ახლა ის ინტელიგენცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის ეპოქაში, გამსახურდიას მომხრეთა მიერ მათი წიგნების დაწვას მძვინვარედ აპროტესტებდა და ამგვარ ქმედებას «პროვინციულ ფაშიზმს» უწოდებდა? ბუნებრივია დასკვნა:
        ამ «ინტელიგენციას» ის აწუხებდა, რომ კონკრეტულად მათ წიგნებს წვავდნენ, თორემ მათთვის მიუღებელი აზრების შემცველი წიგნების დაწვას სულაც არ აღიქვამდნენ «პროვინციულ ფაშიზმად». ამ ერთი დასკვნიდან კი მეორე დასკვნა გამომდინარეობს ასევე ბუნებრივად: ექს-პრეზიდენტთან მათ დაპირისპირებას სინამდვილეში არა «მოსფლმხედველობრივი», არამედ სოციალური საფუძველი ჰქონდა.
        გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ. და საერთოდ, «წარჩინებულთა» ინფანტილიზმი, მათივე სიმხდალე (მიაქციეთ ყურადღება, ეშინიათ და ამიტომ სდუმან – ეშინიათ, რაკი ვერ გაურკვევიათ, ვის მხარეზეა «დომინანტი») 1988-93 წლებში საქართველოს საზარელი ეროვნული ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი გახდა.
        რატომ ეშინიათ, მოითხოვონ თბილისში მერაბ მამარდაშვილის ძეგლის დადგმა? ეს ძეგლი დიდმა სკულპტორმა ერნსტ ნეიზვესტნიმ შექმნა, საქართველოს აჩუქა და ორი წელია, საწყობში დევს. ვიმეორებ კითხვა:ს იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ასე უცნაურად სდუმს «მამარდაშვილის ძეგლთან» დაკავშირებით: ეს ფილოსოფოსი ხომ მათთვის სათაყვანებელიო პიროვნება იყო (თითქოს) – მაშ თუ ასეა, რაშია საქმე, რატომ სდუმან?
        პასუხი აქაც თვალნათელია: სდუმან, რაკი იციან, რომ მამარდაშვილის მიმართ დამოკიდებულება არ არის (არც შეიძლება იყოს) საქართველოში ერთგვაროვანი და პასუხისმგებლობის ეშინიათ.
        «მაშინ» არ ეშინოდათ, რადგან იმ დროს «პასუხისმგებლობის საკითხს» მათი სოციალური სტატუსის შენარჩუნების პრობლემაც თან ერთოვდა. ამიტომ «ბობოქრობდნენ». დღეს კი ამგვარი «კავშირი» და პიროვნული მოტივაცია აღარ არსებობს – ამიტომ ხელისუფლებას შესცქერიან და ელიან, რომ იგი იკისრებს პასუხისმგებლობას მამარდაშვილის ძეგლის აღმართისთვის – ესენი კი გუგულებივით მდუმარენი იქნებიან.
        ნურას უკაცრავად! ასეთ საკითხებში ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იკისრებს და არც უნდა იკისროს. დღევანდელი პრეზიდენტის სახელისუფლებო ტექნოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი თვისება ის არის, რომ იგი ყოველთვის მოქმედებს საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტის შესაბამისად. სხვაგვარად საქართველოში (ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური და საზოგადოებრივი თავისებურებების გათვალისწინებით) უბრალოდ შეუძლებელია: სხვა პოლიტიკა აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო ომების ჯაჭვს: მერაბ მამარდაშვილის ძეგლის აღმართვის მოწინააღმდეგეებმა თავისი პოზიცია გამოხატეს ხმამაღლა და დაუფარავად. მეორე ნაწილი კი (ზემოთ ახსნილი მიზეზით) სდუმს და ელის, როდის იკისრებს პასუხისმგებლობას ხელისუფლება, ხოლო თვითონ კი «განზე» დარჩება.
        ტყუილად ელით! ედუარდ შევარდნაძე ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე მეორე პოზიციაც მკაფიოდ არ გამჟღავნდება. ასე რომ, ამაოდ ჰგონია ზოგიერთს, თითქოს ასეთი «მხდალი დუმილით» სხვას აიძულებს რამე გააკეთოს, რათა შემდეგ (ლაჩრულად) პასუხისმგებლობაც მას დააკისროს შედეგებისა და გარადუვალიო დაპირისპირებისთვის საზოგადოებსი «ქვედა» ფენებში.
        მიაქციეთ ყურადღება: ზუსტად ასეთივე სიტუაციაა «განძთან» დაკავშირებით. მხოლოდ ის ადამიანები (ის «წარჩინებულნი»), რომლებიც უშუალოდ არიან დაკავიშრებულნი სამუზეუმო საქმესთან, ბედავდნენ კრინტის დაძვრას გამოფენაში მონაწილეობის სასარგებლოდ. სხვა «ზეპურნი» კი სდუმდნენ. ათი წლის წინათ, ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში (განძთან დაკავშირებით), ლამის ქვეყანა შეძრეს.
        განსხვავების მიზეზი უკვე მოგახსენეთ.
        მთავარი ის არის, რომ «იეღოვას მოწმეებთან» დაკავშირებული პროცესები საქართველოსთვის დამთავრდება ძალიან ცუდად! იმაზე ბევრად ცუდად, ვიდრე, ერთი შეხედვით, გვგონია. თბილისში დასავლეთის სახელმწიფოთა საელჩოებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი (სავსებით გამართლებული) განცხადება მომხდარ ამაზრზენ ფაქტებთან დაკავშირებით. დიპლომატიური პრაქტიკისა და ტრადიციის შესაბამისად, როდესაც საელჩო აკეთებს განცხადებას, ან მიმართავს დემარშს, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ქვეყანა (მისი საგარეო პოლიტიკური უწყება), ჯერჯერობით, ერიდება გამწვავებას და იმედს იტოვებს, რომ პრობლემა გადაწყდება უახლოეს მომავალში.
        ასევე, დახურულ კარს მიღმა (რაც პირველი ნაბიჯი იყო – საელჩოთა განცხადება ამის შემდგომ გავრცელდა) ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, საკმაოდ ტაქტიანად («თქვენს ქვეყანას არ ეკადრებაო») წამოჭრა საკითხი ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას.
        ოღონდ მაშინ ოლბრაიტს პრესისთვის არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, თუ იეღოველთა დარბევის შემთხვევები გახშირდა, თუ კანონი რეგულარულად დაირღვა (არადა, ეს სწორედ კანონისა და კონსტიტუციის დარღვევაა), ამას აუცილებლად მოჰყვება სხვა დონის რეაქციაც. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება, - შესაბამისი მკაცრი ფორმულირებებით.
        მერე რა? ვინ «აგდია» ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რა, ახალი «ცკ» გვინდა, ჩვენი ქმედების შეფასება მოახდინოს, ის არ გვეყო, 70-იან წლებში სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა რომ დადგენილება მიიღო «თბილისის ახალგაზრდობის ინტერნაციონალური აღზრდის ნაკლოვანებათა თაობაზე» - ახლა მოსკოვის ნაცვლად ამერიკას დავეკითხოთ, რა ვქნათ და როგორ ვიმოქმედოთ, ყოველი ნაბიჯი მას შევუთანხმოთ?
        არადა, ამ «ემოციურ პარალელში» ერთი აზრობრივი, შინაარსობრივი და ფაქტობრივი «სოფიზმია» ვითომ შემთხვევით (სინამდვილეში განზრახ) გაპარული: საბჭოთა კავშირმა (საბჭოთა რუსეთმა), რამდენადაც ვიცი, საქართველო ძალით დაიპყრო და ძალად მოგვახვია თავს საკუთარი წესწყობილება.
        ვინ მიგვათრევდა ევროპის საბჭოში? ხელისუფლების ახირება იყო? თუ ათწლეულებით (ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილებიდან დაწყებული) ჯერ «ქარაგმულად», დისიდენტურად, შემდეგ აშკარად და ომახიანად ვაცხადებდით ყველანი, რომ «ოდითგანვე ვართ ევროპული ორიენტაციის ქვეყანა».
        სწორედ ამიტომ შევედით ევროპის საბჭოში. ჰოდა, ახლა ევროსაბჭოც და ევროკავშირიც მკაცრად გვაკრიტიკებენ «იეღოველებთან» დაკავშირებული ამბებისთვის. თუ ამ კრიტიკას «საშინაო საქმეებში ჩარევად» აღვიქვამთ, ევროპელები, უბრალოდ «მხრებს აიჩეჩავენ»: «თქვენ ხომ თვითონ შემოხვედით ევროპის საბჭოში, წლობით იბრძოდით, ხელში შეგვიკალით და ახლა არ გინდათ დაიცვათ იმ ორგანიზაციის წესები, რომელშიც გაწევრიანდით? თუ არ გინდოდათ, ვინ გეხვეწებოდათ? ვინ გექაჩებოდათ ძალით? ჩვენ გაგრიცხავთ და თქვენ მერე რაც გინდათ, ის გიქნიათ.
        მაგრამ «გარიცხვითაც» არ ამოიწურება საქმე. ამას უეჭველად მოჰყვება ყოველგვარი თანამშრომლობის შეწყვეტა და ყოველივე რისი გულისთვის? არავითარ რეალურ საფრთხეს «იეღოველები» არ წარმოადგენენ.
        ისინი ვერ შეძლებენ იქცნენ სახელმწფიოებრივ პრობლემად, სადაც უნდა ჩაატარონ. თავიანთი «კონგრესები»: მარნეულში თუ ზუგდიდში. აკრძალვებითა და წინააღმდეგობით უფრო მათ პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს. რაც მთავარია, თუ «აკრძალვაა», ან «შეზღუდვაა», ამასაც სჭირდება გარკვეული კულტურა და ტექნოლოგია. ეს საკითხები უნდა დაარეგულიროს კანონმა და არა «თვითმოქმედმა დაჯგუფებამ». სხვა შემთხვევაში, იქმნება ძალიან საშიში პრეცედენტები, როდესაც პროცესი (და მასზე ზემოქმედება) ხდება კონსტიტუციური სივრცის გარეთ. ეს კი მართლაც საშიში და დამანგრეველი პრეცედენტია.
        მეორე, არანაკლებ საშიში პრეცედენტი ის არის, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა შეძლო «არაკონსტიტუციური» გზით მეორე ნაწილისთვის თავისი შეხედულება და პოზიცია მოეხვია თავს. ტყუილად გვგონია, რომ პრეცედენტი მხოლოდ «იეღოველებით» შემოიფარგლება. რაკი ერთხელ შეიქმნა, ერთხელ მიაღწია წარმატებას, შემდეგ უეჭველად მოინდომებს არეალის გაფართოებას: მალე განგისაზღვრავენ (სხვები) საკუთარ სახლში ტელევიზიით რისი ყურება შეგვიძლია (რისი უფლება გაქვს) და რისი – არა, რა შეიძლება წაიკითხო და რა – არა.
        ნუ ჩათვლით ამას უტრირებად: ტოტალიტარიზმი ასეთი წვრილმანებითა და «მცირე გამარჯვებებით» იწყება. შემდეგ ისეთ ურჩხულად იქცევა, ვეღარაფერი შეაჩერებს. მისი მოთოკვა (ჯერჯერობით, კიედვ) მხოლოდ მოქმედ კონსტიტუციას ძალუძს. სხვა შემთხვევაში, პროცესი უმართავი გახდება და ყოველ ჩენთაგანს დააზარალებს.
        აქ საქმე რომელიმე «სექტას» კი არ ეხება (ჭირს წაუღია ყველა მათგანი), არამედ «თავისუფალი არჩევანის» პრინციპს, რასაც შეიძლება ეფუძნებოდეს (მხოლოდ) დემოკრატიული ქვეყანა, ანუ საქართველოს პოზიციაც ეს არის და ყბადაღებული «ორიენტაციაც».
        აბა, «ორიენტაცია» იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვიღაც ზურგზე მოიკიდებს ქვეყანას და სადღაც წაიღებს? «დემოკრატიული ორიენტაცია» გულისხმობს ცხოვრების მოწყობას თავისუფალი არჩევანის უფლების საფუძველზე.
        არავითარი «ნახევრობა» აქ არ შეიძლება არსებობდეს.
        «იეღოველებს» აქვთ უფლება, იყონ იეღოველები. არ დაიჯეროთ, თითქოს იმათ, ვინც ცდილობს მათი საქმიანობა აკრძალოს, «იეღოველთა» აგრესიულობა აღელვებთ (ამის მოწესრიგება კანონით შეიძლება).
        სინამდვილეში მათ ის აწუხებთ, რომ ადამიანს უჩნდება თავისუფალი არჩევანის საშუალება და სწორედ ამ საშუალების შეზღუდვას ცდილობენ.
        არადა, საქართველოს არსებობისთვის ამგვარი შეზღუდვა საჭირო არ არის – მართლმადიდებლობას საქართველოში ვერანაირი «სექტა» ვერაფერს დააკლებს.

დილის გაზეთი, 18 სექტემბერი, 2000 წელი