მხედრიონის სასამართლო გრძელდება

მხედრიონის სასამართლო გრძელდება

 

    «ზვიადისტების დევნასა» და ახალი ტერორისტული აქტის გამოძიებაში გართულ საზოგადოებას «საუკუნის პროცესი» თითქმის დაავიწყდა; არადა, ამ პროცესის დაწყებისთანავე ყველას ეგონა, რომ იგი თავიდან ბოლომდე ყურადღების ცენტრში იქნებოდა. ასე ეგონათ (სასამართლოს პირველ სხდომებზე) განსასჯელებსაც, მაგრამ აშკარად შეცდნენ. ჯაბა იოსელიანი ვისღა ადარდებს?! - «მხედრიონი» ხომ საქართველოს ისტორიის გადაშლილი ფურცელია?!
    ამჟამად «მხედრიონელები» ცდილობენ, ყურადღების მისაპყრობად ახალ-ახალი თემები «ააგორონ» მაგალითად: ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ზეწოლის ფაქტები წინასწარი გამოძიებისას. ადვოკატებმა ექსპერტებიც კი მოიწვიეს «ჭეშმარიტების დასადგენად» და ამ ექსპერტთა დასკვნა მასათა აღშფოთების საბაბად იქცა. თუმცა, «მხედრიონის» მოსისხლე «ზვიადისტებმა» (რომლებიც უკეთეს დღეში არ არიან ყველა თვალსაზრისით) უმალვე შეახსენეს საზოგადოებას: იმავე «მხედრიონელებმა» სასტიკად აწამეს «ზვიადისტი» ზაზა წიკლაური, რომელსაც ჯაბა იოსელიანის აფეთქების მცდელობაში ედებოდა ბრალი.
    მიუხედავად ამისა, განწყობა «მხედრიონელთა» მიმართ შეიცვალა. თუ 1995 წლის მიწურულს ყოველგვარი სიბრალულის გარეშე ამბობდნენ: ესა და ეს «ნელ დენზე» შეაერთეს და ყველაფერი ისე «დააფქვევინესო», ახლა წამების რაფინირებულ მეთოდთა გამოყენება უკვე აღარავის მოწონებას არ იმსახურებს და არც შეიძლება იმსახურებდეს. თუმცა, ზემოთხსენებულმა ექსპერტებმაც «ვერაფერი დაადგინეს» და რომც დაედგინათ, საეჭვოა, ამას «მხედრიონელთა» ბედი შეემსუბუქებინა. «საუკუნის პროცესი» თანდათან კარგავს აქტუალობას და საზოგადოებრივი ინტერესის პერიფერიაზე გადადის - ამ საქმის ბედი უკვე გადაწყვეტილია. ჯაბა იოსელიანსა და მის თანამზრახველებს უკეთეს შემთხვევაში ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ელით, უარეს შემთხვევაში კი - სამუდამოდ ციხეში ყოფნა. მათი გათავისუფლება ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც შეუძლებელია და მხოლოდ ახალი «რევოლუციის» შედეგადაა დასაშვები, რაც ნაკლებ მოსალოდნელია (ყოველ შემთხვევაში, 1991-92 წლების ფორმით); სხვათა შორის, 1991-93 წლების მოვლენები (თუ შეიძლება ამგვარმა მოვლენებმა საერთოდ რაიმე დადებითი შედეგი გამოიღონ) ჭკუისსასწავლებელ გაკვეთილად იქცა ქართველი ხალხისათვის და ასე თუ ისე ისეთი განწყობილება შეიქმნა, რომ მოსახლეობა არავითარ, თუნდაც ყველაზე ლამაზ და «მართალ» ლოზუნგს აღარ გაყვება, აღარ დაუჯერებს პოლიტიკანთა მოწოდებებს და ვიღაცის ამბიციის დასაკმაყოფილებლად ბარიკადებზე აღარ ავა.
    «მხედრიონელები» არ იმჩნევენ, თორემ თავადაც უკვე ასე ფიქრობენ. ამასვე ფიქრობენ «ზვიადისტებიც»; ერთ-ერთი მათგანი, ვინც 1992 წლის 24 ივნისს ტელევიზიაზე თავდასხმისათვის იხდის სასჯელს, სატელევიზიო პროგრამა «რეტროპერსპექტივაში» აცხადებდა: კაცი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოსო. ეს განწყობა უკვე საყოველთაო ხდება და ის რომ უახლოეს მომავალში ვინმე კიდევ შეძლებს ქართველი ხალხის ქუჩაში გამოყვანას - ილუზიაა. ხალხის ენერგია უმოკლეს ვადებში, სულ სამ-ოთხ წელიწადში გაიხარჯება, მას ხელახალ დაგროვებას კი დიდი დრო სჭირდება.
    «ზვიადისტებთან» დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბები მხოლოდ ამძიმებს «მხედრიონელთა» მდგომარეობას, ვინაიდან ხელისუფლება იძულებულია დაიცვას «ბალანსი» ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის.
    ამჟამად საქართველოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, როდესაც განსაკუთრებულ აზრსა და მნიშვნელობას იძენს ძველი რომაელის ნათქვამი: «ვაი, დამარცხებულს!» რასაც ერთი ძველი ქართული ანდაზაც ემატება: «დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო».

მერიდიანი, 25 მარტი, 1998 წ.