ავტომანქანების ინციდენტი მრავალმნიშვნელოვნად ამოიწურა

            თბილისის სამხედრო კომენდატურამ, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ამიერკავკასიის სარდლობას დაუბრუნა ორი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც მცხეთასთან დააკავეს. ეს ერთი შეხედვით წვრილმანი ინციდენტი ძალზე მრავლისმეტყველია და იმასაც გვიჩვენებს, თუ უახლოეს მომავალში საით და როგორ განვითარდება ქართველ და რუს სამხედროთა ურთიერთობა საქართველოს ტერიტორიაზე.
            ამჟამად ჩვენს ქვეყანაში რუსეთის რამდენიმე სამხედრო დაჯგუფებაა, მათ შორის დედაქალაქშიც. თუ გახსოვთ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დიდი ხმაური იყო «თბილისის გარნიზონის» გაყვანასთან დაკავშირებით. ასე უწოდებენ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე მდებარე რუსეთის ჯარების შტაბს. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტი (სარდლობის შტაბი) ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ნაკლებმნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალიან ცდება.
            საქართველოში არსებული რუსული ბაზები, რომლებიც რეგიონულ ელიტათა მხარდაჭერით სარგებლობენ, ყველაზე იაფი გზით, საავტომობილო ტრანსპორტით იღებენ მატერიალურ შევსებას რუსეთიდან. ისევე, როგორც სომხეთში დაფუძნებული გიუმრის სამხედრო ბაზა. ოღონდ, აქ არის ერთი ნიუანსი: ხშირ შემთხვევაში, საქართველოს რომელიმე წერტილიდან – გიუმრიში იარაღისა და აღჭურვილობის გადატანისას რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ ახალქალაქში მიდიან, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე. სინამდვილეში ეშმაკობენ: ახალქალაქიდან გიუმრიში ტვირთის გატანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო სომხეთთან საზღვარს, ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს. მცხეთასთან დაკავებული ტვირთი დოკუმენტებით ახალქალაქში მიდიოდა. სერიოზული არაფერი მიჰქონდათ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჯამ-ჭურჭელის ნაცვლად, შესაძლოა, იარაღიც ყოფილიყო. რაც ყველაზე საყურადღებოა, საქართველოს თავდაცვითმა უწყებამ მოახდინა იმის დემონსტირება, რომ აკონტროლებს რუსული არმადის კომუნიკაციებს სამხრეთ კავკასიის საკვანძო ნაწილში და შეუძლია (საჭიროების შემთხვევაში) მათი ბლოკირება.
            ეს საყურადღებო იქნებოდა არა მხოლოდ რუსული გენერალიტეტისთვის, არამედ სომხეთისთვის, რომელმაც უკანასკნელ დღეებში აშკარად არამეგობრული დემარში განახორციელა: პარლამენტში გამართული «მოსმენები» საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების შემოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენს შინაურ საქმეებში უცერემონიო ჩარევა იყო. თანაც, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყება სომხეთშიც ახორციელებს «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამას, მაგრამ სომეხი პოლიტიკოსები ეშმაკობენ და რუსეთის ყურადღების გადმოტანას საქართველოზე ცდილობენ. საპარლამენტო მოსმენა არა მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა იყო, არამედ, ერთაგვარი სიგნალი რუსეთისთვის – საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივი პოზიციისა და შესაბამისი ლოიალობის დადასტურებით.
            ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული ბაზების საქართველოში ყოფნის პრობლემა აუცილებლად გადასაწყვეტია, ვინაიდან მათი აქ ყოფნა მტრებსაც აბნევთ და მოყვრებსაც. თუმცა რუსული კონტინგენტის გაყვანა (მით უმეტეს, კონფლიქტური ზონებიდან) იოლი საქმე არ იქნება.
            საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თავისი გეოგრაფიული უპირატესობა აქტიურად გამოიყენოს – თბილისი აკონტროლებს არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საჰაერო კომუნიკაციებსაც, ვინაიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს საქართველოს სანავიგაციო სამსახური «აცილებს» ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში.
            «სატვირთო მანქანებთან» დაკავშირებულმა ინციდენტმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ ამიერიდან ნებისმიერი გადაადგილებისას რუსული სარდლობა იძულებული იქნება მარშრუტი ქართულ მხარესთან შეათანხმოს.

დილის გაზეთი, 8 აპრილი, 2002 წელი

მთელ გვერდზე