........მხოლოდ მდინარე ენგურის აუზი და არა მთელი აფხაზეთის ტერიტორია

........მხოლოდ მდინარე ენგურის აუზი და არა მთელი აფხაზეთის ტერიტორია

გამჭვირვალე ქარაგმა

    რამდენიმე დღის წინ, ჟენევაში, აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოკრატ ჯინჯოლიამ გააკეთა განცხადება, რომელმაც უმალვე მოჰფინა ნათელი გუდაუთის სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში.
    ჯინჯოლიას თქმით: ჟენევაში მოლაპარაკებისას, როდესაც საკითხი ეხებოდა სამშვიდობო ჯარების შეყვანა კონფლიქტის ზონაში, იგულისხმებოდა მხოლოდ მდინარე ენგურის აუზი და არა მთელი აფხაზეთის ტერიტორია. «რუსეთის სამშვიდობო ჯარები უნდა ჩადგნენ სწორედ მდინარე ენგურზე და არა მთლიანად ზღვისპირა ზოლში, ფსოუდან ენგურამდე, რადგან ასეთ შემთხვევაში ის ჯარი საპოლიციო ფუნქციას შეასრულებს».
    «საპოლიციო ფუნქციაში», ჯინჯოლია, რა თქმა უნდა, იმას გულისხმობს, რომ რუსეთის ჯარმა შეიძლება ხელი შეუშალოს დაბრუნებულ ქართველ ლტოლვილთა ხოცვა-ჟლეტას.
    ასე რომ, აქ ყველაფერი ნათელია. გაურკვევლობა მაშინ იწყება, როდესაც რუსეთის ჭეშმარიტი პოზიციის დადგენას ვცდილობთ. თბილისში ვიზიტის დროს გრაჩოვმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო მითითება პრეზიდენტ ელცინისაგან, მოამზადოს სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში შესაყვანად, მაგრამ კორესპონდენტის კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ეს აფხაზეთში იმ ორი დივიზიის შეყვანას, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოში იყო მზად რეგიონში შემოსასვლელად - ცივად უპასუხა: არა, არ ნიშნავს, ვინაიდან ახლა ომი აღარ არის, საკმარისი იქნება ერთი პოლკი.
    ეს პასუხი ძალზე მრავლისმეტყველია.
    ვიმსჯელოთ ლოგიკურად: საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში რუსეთის ჯარების შეყვანა სწორედ და მხოლოდ იმისთვის სურს, რათა მათი მეშვეობით უზრუნველყოს ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოება - სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მაგრამ ეს უცილობლად ნიშნავს იმას, რომ ამ ამოცანის შესრულებისათვის აფხაზეთში შემოყვანილ უნდა იქნას რამოდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი სამხედრო ტანკით, ტრანსპორტით, ავიაციით (შვეულმფრენებით), კავშირგაბმულობის საშუალებებით, მომსახურე პერსონალით და ა.შ. ანუ სწორედ ის ორი დივიზია, რომელზედაც გრაჩოვი აგვისტოსა და სექტემბერში ლაპარაკობდა. მაგრამ თუ დღეს გრაჩოვი ლაპარაკობს მხოლოდ ერთ პოლკზე - ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ «კონფლიქტის ზონაში» იგი გულისხმობს მხოლოდ ენგურს და მდინარის მიმდებარე ტერიტორიას. ერთი პოლკი სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რათა ენგურზე ნებისმიერი შეიარაღებული ძალის გადასვლა სრულიად შეუძლებელი გახდეს.
    ამის კიდევ ერთი ილუსტრაცია იყო ის უცნაური დებატები, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა ჟენევიდან ქართული დელეგაციის დაბრუნების შემდეგ. რამდენადაც გვახსოვს, ის დელეგაცია (ჯაბა იოსელიანი) აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ «კონფლიქტის ზონაში» იგულისხმება აფხაზეთის მთელი ტერიტორია - ფსოუდან ენგურამდე, მაგრამ ჯინჯოლიას განცხადება ნათელყოფს: აფხაზები ასევე აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ ტერმინი გულისხმობს მხოლოდ მდინარე ენგურს.
    ჟენევის დოკუმენტში რომ ნათელი და ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია ყოფილიყო, არა გვგონია, ჯინჯოლიას ამ განცხადების გაკეთება გაებედა, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, (და ესეც «აფხაზური» დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა) რომ ამგვარი დეფინიცია არ არსებობს. შესაძლებელია ორგვარი და სამგვარი ინტერპრეტაციაც კი. რა თქმა უნდა, მანევრის ესოდენ ფართო შესაძლებლობა უპირველეს ყოვლისა რუსეთს აძლევს ხელს, რაკი მას ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით (ანუ საკუთარი ნება-სურვილით) დაადანაშაულოს ან გაამართლოს რომელიმე მხარე.
    რაც შეეხება ლტოლვილთა დაბრუნებას, აფხაზური ტაქტიკა ასე გამოიყურება: ისინი აცხადებენ, რომ არ არსებობს არავითარი კავშირი ლტოლვილთა დაბრუნების პრობლემასა და კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ჯარების შეყვანას შორის, რადგან (მათი აზრით) სამშვიდობო ძალების მისია მშვიდობის უზრუნველყოფით ანუ ომის არგანახლების გარანტიებით ამოიწურება.
    ლტოლვილებთან დაკავშირებით კი ამტკიცებენ, რომ მათ უსაფრთხოებას თავად დაიცავენ. ხოლო როდესაც ქართულ მხარეს პასუხად მოაქვს გუდაუთელი ფაშისტების მიერ ჩადენილი მხეცობის მაგალითები, მაშინ გაერო მხრებს იჩეჩს და სავსებით ლოგიკურად კითხულობს: თუ ეს ხალხი სამხედრო დამნაშავეა, თუ ესენი ფაშისტები არიან და მათი ნდობა არ შეიძლება, მაშინ საერთოდ რატომ უსხედხართ მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას? და რაკი მოლაპარაკებას აწარმოებთ - ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარებთ მათ არსებობას, რაკი აღიარებთ, მაშინ მათი პირობებიც განიხილეთ!
    მაგრამ მთავარი აქ რა თქმა უნდა, სხვა არის. არძინბამ ხომ შესანიშნავად იცის: არც ერთი ქართველი ლტოლვილი ამ პირობებით აფხაზეთში არ დაბრუნდება; სამაგიეროდ, გუდაუთა თავს იმართლებს მსოფლიოს წინაშე - ჩვენ დაბრუნებას ვთავაზობთ, ისინი კი არა და არ ბრუნდებიანო.
    და თუ რომელიმე ქართველი დაბრუნებას მაინც გაბედავს, მათ ისევე მოეპყრობიან, როგორც გალელებს მოეპყრნენ - შემდეგ კი დემაგოგიურად განაცხადებენ: მშვიდობიან მოსახლეობას არას ვერჩით, მაგრამ მათ შორის დივერსანტები აღმოჩნდნენო. გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ომის განმავლობაში და ომის შემდეგ აფხაზეთში პირწმინდად განადგურდა უკლებლივ ყველა ქართული სოფელი. ანუ, ლტოლვილებს დაბრუნება შიშველ მიწაზე მოუწევთ, ე.ი. მათ უნდა აღადგინონ თავიანთი საცხოვრისი იმ პირობებში, როდესაც მათ ტერიტორიაზე არძინბას იურისდიქცია გავრცელდება?! მერე და ამის საშუალებას (დახმარებაზე არაფერს ვამბობთ) ვინმე მისცემთ?
    და ბოლოს: რაღა თქმა უნდა (ალბათ ამით უნდა დამეწყო) ყველა ეტაპზე გუდაუთის მხარეს ექნება ჩვენი მეგობარი რუსეთის ტელევიზია (ბრჭყალები სადაც გნებავთ იქ დასვით), რომელიც აფხაზთა მოქმედებას უმალვე «გააფერადებს» და «გააკეთილშობილებს».
    ისევე, როგორც «მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ დიდი ხელშეკრულების» შემდეგ გააკეთილშობილა არძინბას მოქმედება გალში.
    ყოველივე ზემოთთქმული დღევანდელი რეალობაა. პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტთა პროეცირება ხდება ამჟამინდელ რეალობაზე, რომლის მიხედვით, აფხაზები ენგურთან დგანან, ხოლო ენგურიდან - ფსოუმდე თითქმის არც ერთი ქართველი აღარ არის. მაგრამ ეს რეალობა ხომ ყოველთვის არ არსებობდა? გავიხსენოთ: იყო სხვა რეალობაც. კერძოდ 1993 წლის სექტემბერში, როდესაც არძინბამ სოჭის ხელშეკრულება დაარღვია. მაშინ პაველ გრაჩოვმა ადლერში ედუარდ შევარდნაძეს შესთავაზა აფხაზეთში ორი დივიზიის შემოყვანა, ფსოუდან - ენგურამდე ყველა შეიარაღებული ფორმირების განიარაღება და ლტოლვილთა დაბრუნების უზრუნველყოფა. როგორც ირკვევა, ასეთი რეალობის შექმნა თვით რუსეთისთვისაც უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე დღევანდელი რეალობა - როცა სიტუაციას აფხაზეთში მთლიანად კავკასიის ხალხთა კონფედერაცია აკონტროლებს და ეს ტერიტორია, შეიძლება იქცეს პლაცდარმად ჩრდილოეთ კავკასიაში ანტირუსული აჯანყებისათვის.
    რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ტელეკომპანია «როსსიას»-თვის მიცემულ ინტერვიუში, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მაშინდელი უარი გრაჩოვის წინადადებაზე იყო უმძიმესი შეცდომა.
    უეჭველია, რომ სამწუხაროდ, ედუარდ შევარდნაძეს უბრალოდ შეეშინდა პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება, რაკი ზოგიერთი მისი «ახალგაზრდა კოლეგა» წინააღმდეგი იყო. ამის შედეგი - თვალწინ გვიდევს. დღეს იმავეს გაკეთებას ვეხვეწებით რუსეთს, მაგარამ უკვე გვიან არის.
    საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების პოზიციაში ძნელად თუ ამოვიკითხავთ რაიმე თანმიმდევრულობას. ერთი მხრივ, - მიმდინარეობს «დამეგობრების» პროცესი რუსეთთან, ხოლო მეორეს მხრივ კვლავ ვაქტიურობთ დასავლეთში - ანუ ვაკეთებთ სწორედ იმას, რაც იმ ჩვენს «მეგობარს» არა თუ აღიზიანებს, არამედ პირდაპირ აცოფებს! ისე აცოფებს, რომ ზოგჯერ იძულებულია დიდი პოლიტიკის (ან საკუთარი ტაქტიკის) დაუწერელი კანონებიც კი დაარღვიოს.
    აი, მაგალითად: ანატოლი ადამიშინმა (საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალი რანგის მოხელემ) თბილისში ჩამოსვლისთანავე, ზედ თვითმფრინავის ტრაპთან განაცხადა სიტყვასიტყვით შემდეგი: სანამ მოლაპარაკება ჟენევაში მიმდინარეობს და არა სადმე უფრო ახლოს კონფლიქტის ზონასთან (იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, მოსკოვი - ავტ.). მანამ ეს მოლაპარაკება ძნელად თუ მოიტანს რაიმე შედეგს. მოგეხსენებათ - ჟენევა - ევროპული ქალაქია და იქ სეირნობა ყველას უყვარს.
    მინდა ვიკითხო: კი, მაგრამ, ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრან? ამაზე უფრო მეტად «გამჭვირვალე» ქარაგმას ვერც კი წარმოიდგენს კაცი. დიდ პოლიტიკაში ასე გულახდილად არც ლაპარაკობენ, მაგრამ რაკი ამჯერად რუსებს ჩვენსავით «მიუხვედრელი» პარტნიორები შეხვდნენ, იძულებულნი არიან პირდაპირ გვითხრან.
    მავანი შეიძლება შემომედავოს: ყველა ყველაფერს ხვდება, მაგრამ «ახლა ასეა საჭირო».
    ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. საქმეც სწორედ ის არის, რომ ყველა ვერ ხვდება! დავაკვირდეთ, რა დარწმუნებით საუბრობენ რაღაც «წრის შეკვრის» შესახებ, სადაც დასავლეთმა «ბალანსის» როლი უნდა შეასრულოს. ჰოდა, ამ «ბალანსირებაში» დაიქცა ქვეყანა, დაიკარგა ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა. ამიტომ, დროა თვალი გავახილოთ.

«ივერია-ექსპრესი», 2 მარტი 1994 წელი.