თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ხდება

თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ხდება

 

    მიუხედავად «თურქოფობიური განწყობილებისა», რომელიც ისტორიულ მიზეზთა გამო დამახასიათებელია ქართული საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის, ისტორიულადვე არსებობდა ე.წ. «აღმოსავლური ორიენტაცია», რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად გამდიდრდეს მას შემდეგ, რაც თურქეთი აღარ არის მხოლოდ ისლამისტური ქვეყანა, არამედ აქტიურად მიილტვის ევროპაში გაწევრიანებისაკენ.
    თურქეთში ყოფნისას ყოველთვის გრძნობ ცვლილებებს, - თურქეთის რესპუბლიკა ძალზე სწრაფად და დინამიურად ვითარდება. ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩადით თურქეთში, ანკარისა და სტამბულის ბევრ ადგილს ვეღარ იცნობთ.
    რაც მთავარია, დასავლური ორიენტაცია ამ ქვეყნის ძირითადი თვისება, მისი შინაგანი სწრაფვის გამოხატულება ხდება, ვინაიდან დასავლური კაპიტალი, ინვესტიციები, ბაზარი - უბრალო ოჯახის კეთილდღეობისა და წარმატების საწინდარია.
    თურქეთში (რა თქმა უნდა), ჯერჯერობით ქალაქებში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად თურქული წარმოშობისა, ტიპიური ევროპელები არიან და არც ერთი თვალსაზრისით არ განსხვავდებიან «ჩვეულებრივი» ფრანგების, გერმანელებისა თუ ბრიტანელებისაგან.
    თურქეთში ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტით აეროპორტში პრეზიდენტების შეხვედრა პროგრამით გათვალისწინებული არ იყო. თურქული პროტოკოლი ამას საერთოდ არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, სულეიმან დემირელი ედუარდ შევარდნაძეს ტრაპთან დახვდა და გამგზავრების დროსაც გამოაცილა.
    თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მაინც, - არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ვთქვათ, თურქეთში საფრანგეთის პრეზიდენტის ან ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს.
    რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობას თურქეთი უკვე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე საფრანგეთთან ან ისრაელთან, მაგრამ მისწრაფება, პოლიტიკური ნება და სურვილი აშკარაა - იგი ასეთ წვრილმანებშიც ვლინდება.
    თუმცა, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში წვრილმანები არ არსებობს.
    ვიზიტის განმავლობაში რაიმე დოკუმენტებზე, შეთანხმებებზე ხელი არ მოწერილა. ეს არც იყო გათვალისწინებული, - ამჯერად შევარდნაძე თურქეთში ჩავიდა, რათა დაედასტურებინა საქართველოს ერთგულება ადრე აღებული ვალდებულებებისადმი.
    უპირველესად, რა თქმა უნდა, იგულისხმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.
    სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ყველა შეხვედრისას «თბილისს» ამ კონტექსტში ახსენებდა, ანუ აღარ საუბრობდა მხოლოდ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, რითაც ხაზს უსვამდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და პრიორიტეტს.
    ედუარდ შევარდნაძემ კი ქარაგმულად ანკარაშიც თქვა ის, რაც ღიად არაერთგზის უთქვამს თბილისში სხვადასხვა შეხვედრისას: ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსათვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა «დიდი ნავთობსადენის» ბაქოდან - სუფსამდე გაყვანა, მაგრამ ამ შემთხვევაში, გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს უფრო ანიჭებს უპირატესობას: თურქეთის ჩართვა კავკასიაში განზრახული რეგიონული პროექტების განხორციელებაში ამ ქვეყანას სისხლხორცეულად დააინტერესებს, რათა ვითარება საქართველოში სტაბილური იყოს.
    ეს კი, თავის მხრივ, ძალიან ბევრ პრობლემას ჩანასახშივე მოსპობს.
    მაგალითად, არ არის შემთხვევითი, თუ ანკარასა და სტამბულში გამართული შეხვედრებისას დემირელმა (ან რომელიმე მინისტრმა, ან «შემთხვევით» ჟურნალისტმა) არც ერთხელ არ ახსენა ე.წ. «თურქი მესხების» პრობლემა.
    ნავთობსადენი ამაშიც გვეხმარება, რათა ერთმანეთთან მჭიდროდ დავაკავშიროთ სტაბილურობა საქართველოში და თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესი.
    უფრო მეტიც: სტამბულში ყოფნისას, სულეიმან დემირელმა განაცხადა, რომ საქართველო თურქეთისთვის არის ერთადერთი კარიბჭე აღმოსავლეთისაკენ. იგი გულისხმობდა თურქულენოვან სამყაროს - აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას.
    მაშასადამე, ანკარაში ყოველმხრივ აცნობიერებენ, რომ ირანი და სომხეთი ამგვარ «კარიბჭედ» თურქეთისთვის ვერასოდეს იქცევა. ერთადერთი «გზა» საქართველოზე გადის. არათუ თურქულენოვან სამყაროსთან ურთიერთობა კი პრიორიტეტი იქნება თურქეთისთვის. როგორ გგონიათ, ამ პრიორიტეტზე ამ შესაძლებლობაზე თურქეთი სარვაროვისა და მისი ხროვის გამო უარს იტყვის? – არავითარ შემთხვევაში!
    ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნავთობსადენთა მეშვეობით საქართველო (რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს) საკმაოდ მნიშვნელოვან ბერკეტს მოიპოვებს თურქეთის პოლიტიკაზე აქტიური ზემოქმედებისათვის. რატომ ცდილობდა საბჭოთა კავშირი კომუნისტურ ეპოქაში, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მიეწოდებინა ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპისათვის «სასაცილო ფასად?»
    რა თქმა უნდა, მიზეზი გეოპოლიტიკური ინტერესი იყო: ენერგეტიკულ წყაროს ქვეყნის ეკონომიკა «ნარკოტიკივით» ეჩვევა დე შემდეგ გადაჩვევა უკვე ძალიან ძნელია.
    საქართველოდან ნავთობსადენი მიაღწევს თურქეთის პორტ ჯეიჰანამდე, შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ათეულობით უმდიდრესი კომპანია სისხლხორცეულად დამოკიდებული გახდება ამ პროექტის განხორციელებაზე.
    გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი უნიკალური არ არის. სტამბულში, ერთობლივ ბიზნეს-საბჭოზე გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, სულეიმან დემირელმა დაადასტურა, რომ «დიდი გაზსადენიც» აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.
    ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტია, ვიდრე ნავთობსადენისა. ბუნებრივ აირს თურქეთის ეკონომიკა ადვილად მიეჩვევა, შემდეგ «გადაჩვევა» კი ძალიან ძნელი იქნება, ალბათ, შეუძლებელიც.
    მთლიანობაში, თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობა საქართველოსთვის სტრატეგიული პრიორიტეტი ხდება – უპირველესად ეკონომიკური თვალსაზრისით.
    ედუარდ შევარდნაძემ სტამბულში განაცხადა, რომ რუსეთის კრიზისმა საბოლოოდ დაადასტურა: პატარა ქვეყნისათვის უბედურებაა, როდესაც იგი ეკონომიკურად მხოლოდ ერთ რომელიმე სახელმწიფოზეა დამოკიდებული: «კიდევ კარგი, საქართველოს მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირურთიერთობა ჰქონდა თურქეთთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ერთიანად წაგვლეკავდა».
    ეს ნამდვილად ასეა: ზოგიერთი «ჭკუისკოლოფის» წინადადებებს რომ გაემარჯვა და საქართველო «რუბლის ზონაში» შესულიყო, ან მთლიანად რუსეთზე ყოფილიყო ორიენტირებული (თუნდაც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით), ახლა გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით.
    სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 1992-93 წლებში, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და რუსეთიდან თითქმის არაფერი შემოდიოდა, საქართველო მასობრივ შიმშილს სწორედ თურქეთიდან შემოტანილი იაფფასიანი საქონლის მეშვეობით გადაურჩა.
    ეს ისტორიული ფაქტია, რომელსაც ვერავითარი სუბიექტური სიმპათია-ანტიპათია ვერ შეცვლის. ასევე ობიექტური რეალობაა ის, რომ საქართველო ევროპას თურქეთის მეშვეობით ესაზღვრება. სხვა სახმელეთო კავშირი ევროპასთან ჩვენ არ გაგვაჩნია.
    ამდენად, ამ ერთადერთ გზას თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. რუსეთი საქართველოსთვის აღარასოდეს იქნება სტრატეგიული პარტნიორი და ერთგული მოკავშირე.
    კავკასიაში მას საკუთარი, კატეგორიულად განსხვავებული პრიორიტეტები აქვს, რომელთაც, რომც მოინდომოს, ვეღარ შეცვლის.
    «რუსეთზე ორიენტაცია» საქართველოსთვის აბსოლუტურად არაფრის მომტანია. უფრო მეტიც: იგი შეიცავს რისკს, რომ აკვიატებული «ზეიდეით» შეიძლება მოვიმდუროთ და გადავიმტეროთ უკლებლივ ყველა პერსპექტიული მეზობელი. სომხეთი არ ითვლება, ვინაიდან ამ ქვეყანას, ასეთ გარემოცვაში მომავალი საერთოდ არა აქვს.
    ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით საქართველო სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდება თურქეთს. ანუ (პირველად ისტორიაში) თურქეთის გავლით - ევროპას.
    თურქეთი მზად არის განახორციელოს ინვესტიციები საქართველოს საავტომობილო გზების რეკონსტრუქციისათვის, ვინაიდან ეს კიდევ ერთი სატრანზიტო შესაძლებლობაა.
    ყველა ამ პროექტის ერთობლიობა (თუ მას სამხედრო ასპექტში თანამშრომლობაც დაემატება) შექმნის ისეთ ურთიერთობას, რომელსაც უკვე შეიძლება «სტრატეგიული პარტნიორობა» ვუწოდოთ.
    ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შემდეგ  საქართველო პირველად 1453 წლიდან, უშუალოდ გაუმეზობლდება ევროპას.
    სხვა პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას, უბრალოდ, არა აქვს.

მერიდიანი, 1 მარტი, 1999 წელი