ვახტანგ რჩეულიშვილი - პოლიტიკური ფუნქციის ძიებაში

ვახტანგ რჩეულიშვილი - პოლიტიკური ფუნქციის ძიებაში

 

    ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოღვაწის კარიერა ერთ სწორ გადაწყვეტილებაზე, ერთ სწორ ნაბიჯზეა დამოკიდებული. პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა 1991-95 წლებში ბევრი ზუსტი და კარგად გათვლილი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ 1995 წლის მეორე ნახევარში, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო კამპანია იკრებდა ძალას, რჩეულიშვილმა მაინც დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც გავიდა «მოქალაქეთა კავშირის» რიგებიდან და საკუთარი («სოციალისტური») პარტია შექმნა.
    როგორც ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ მოახერხებდა «მემარცხენე ძალთა» სპექტრში ცენტრალური ადგილის დაკავებას, ნეობოლშევიკების ნეიტრალიზაციას და, ამავე დროს, შეინარჩუნებდა საშუალებას, მოქალაქეთა კავშირთან ერთად შეექმნა საარჩევნო ბლოკი.
    მაგრამ «მოქალაქეებმა» რჩეულიშვილს გაერთიანებაზე უარი განუცხადეს და «სოციალისტურმა პარტიამ» დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. შედეგად, მან ვერ გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი, ამიტომ რჩეულიშვილი, რომელსაც ძლიერი საყრდენი აქვს ჩუღურეთის რაიონში, მარტო აღმოჩნდა ახალ პარლამენტში. მას ისღა დარჩენოდა, ზურაბ ჟვანიასთან მკვეთრი და საკმაოდ მოუხეშავი დაპირისპირებით დაეფიქსირებინა თავისი პოლიტიკური არსებობა.
    როგორც ჩანს, რჩეულიშვილმა თავისი ახალი ფუნქცია იმაში იპოვა, რომ რუსეთის «მემარცხენე» ძალებთან დაამყარა მჭიდრო კავშირი. იგი ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც ნესტან კირთაძესთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებას რუს კომუნისტებთან.
    ანუ, ვახტანგ რჩეულიშვილი ცდილობს შეარბილოს შევარდნაძის დაპირისპირება რუს კანონმდებლებთან, რომელთა უმრავლესობას სწორედ კომუნისტები და სოციალისტები შეადგენენ. რჩეულიშვილს სხვა «საშინაო» მტერი ფაქტობრივად აღარ დარჩა, ვინაიდან ნათაძე პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა, «რესპუბლიკური» პარტია დაიშალა და სულს ღაფავს. ამდენად, ვახტანგ რჩეულიშვილმა ამოწურა თავისი ფუნქცია, როგორც შიდა ოპოზიციასთან მებრძოლისა - «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტია კი სხვა კატეგორიის ოპოზიციაა და მისი ნეიტრალიზაციისათვის რჩეულიშვილის მიერ ნოდარ ნათაძეზე აპრობირებული ხერხები და მეთოდები ნამდვილად არ გამოდგება.

    როგორც მოგახსენეთ, ყოფილი ვიცე-სპიკერი თავის ახალ ფუნქციას მოსკოვში ეძებს და ამჯერად არ ცდება - ედუარდ შევარდნაძეს ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური მეხამრიდი, რომელიც დაეხმარება მას შეარბილოს კონფრონტაცია რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, რომლებიც ზიუგანოვის გარშემო ირაზმებიან და, მისი დამარცხების შემთხვევაშიც, უეჭველად შეინარჩუნებენ დიდი გავლენას რუსეთის პოლიტიკურ ოლიმპზე.

«მიმომხილველი», 26 თებერვალი, 1996 წელი.