რამდენიმე სიტყვა «ბილარი» კლინტონის ცოლოურისა და მისი საყვარელი ბიზნესის შესახებ

რამდენიმე სიტყვა «ბილარი» კლინტონის ცოლოურისა და მისი საყვარელი ბიზნესის შესახებ

 

        აჭარაში მესამე დღეა იმყოფებიან ჰილარი როდჰემ-კლინტონის ძმები, რომელთაც, როგორც ჩანს, ქართული თხილი იმდენად შეუყვარდათ, ამ ბიზნესს ვერა და ვერ ეშვებიან. მიუხედავად გრანდიოზული სკანდალისა, რომელიც წინასაარჩევნოდ ატყდა საქართველოში
        თუმცა, ამ აურზაურის ჭეშმარიტი, სიღრმისეული მიზეზი დღემდე არ არის გარკვეული; ზოგიერთს ჰგონია, თითქოს სკანდალი ამერიკულ პრესაში საქართველოს ხელისუფლებამ ჩააწყო», მაგრამ ასე მარტივად ნამდვილად არ უნდა იყოს საქმე. ამერიკულ პრესაში ვერავინ ვერაფერს «ჩააწყობს», თუ თვით თემა არ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას.
        ამერიკაში (დასავლეთში ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ამერიკაში) შეუძლებელი და წარმოუდგენელია რუსული მარაზმი, როდესაც ბორის ბერეზოვსკის «ტელეიმპერიამ» სულ რაღაც ორი-სამი თვის განმავლობაში ¹1 ფიგურად აქცია უგვანი, უჩინარი «ძალისმიერი» ჩინოვნიკი პუტინი (უეჭველად რუსეთის მომავალი პრეზიდენტი, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა ჩეჩნეთში) და პირიქით – თითქმის ნულზე დაიყვანა მანამდე ქარიზმატული ლიდერების - ევგენი პრიმაკოვისა და იური ლუჟკოვის რეიტინგი.
        ნორმალურ ქვეყანაში საზოგადოების ამგვარი «ზომბირება» შეუძლებელია.
        თქვენ წარმოიდგინეთ, შეუძლებელია საქართველოშიც, ვინაიდან (ისევ და ისევ რუსეთისაგან განსხვავებით) ქართულმა ოლიგარქიამ ვერა და ვერ მოახერხა მთელი მასმედიის ტოტალურად ხელში ჩაგდება, ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
        ამრიგად, ამერიკული პრესისათვის თბილისიდან არ შეუკვეთავთ სენსაციის «გამოცხობა». ამერიკულმა მედიამ თვითონ ჩათვალა ეს სენსაციად და აი, რატომ: ამერიკელ ჟურნალისტთა 80 პროცენტმა არც იცის, სად არის საქართველო და არც აინტერესებს. მათ ნახევარს ახსოვს ვინ არის ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ზუსტად არ იცის, რომელი რესპუბლიკის პრეზიდენტია იგი. სამაგიეროდ, შესანიშნავად უწყიან (და ძალიანაც აინტერესებთ) ყველაფერი, რაც პრეზიდენტთან (ამ შემთხვევაში კლინტონთან) და მის ოჯახთან არის დაკავშირებული.
        ამერიკაში ერთი წუთითაც არ წყდება საპრეზიდენტო კამპანია. მორიგი საპრეზიდენტო მარათონი იწყება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე. რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები გააფთრებით, მაგრამ იგი მაინც მთელი ოთხი წლის განმავლობაში გრძელდება. აქაც არის «საფინიშო სწორი» - როდესაც არჩევნებამდე ორი წელი ან ნაკლები რჩება. მით უმეტეს, თუ საფრთხე შეექმნება მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტის სახით.
        კლინტონ-ლევინსკის სკანდალმა საზოგადოების ყურადღება დაძაბა. ჟურნალისტებსაც აქვთ საკუთარი სიმპათია-ანტიპათიები. ზოგი მათგანი «დემოკრატია,» ზოგი «რესპუბლიკელი», ნაწილი ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ელ გორს უჭერს მხარს, მეორე ნაწილი – ჯორჯ ბუშ-უმცროსს (რესპუბლიკელთა კანდიდატს).
        ბუნებრივია, ასეთი გააფთრებული კონკურენციის პირობებში, პრესა ყურადღებას მიაქცევდა ყველაფერს, რასაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა მომავალი არჩევნების შედეგებზე.
        ამ თვალსაზრისით, ჰილარი კლინტონი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
        ამჟამინდელ პრეზიდენტს ტყუილად როდი უწოდებენ «ბილარის». ამერიკის პირველი ლედი უდავოდ არაორდინარული პიროვნებაა. დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კლინტონმა ასე თუ ისე შეინარჩუნა რენომე მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სკანდალის დროს.
        მას შემდეგ, რაც კლინტონმა პოსტი შეინარჩუნა, «რესპუბლიკელებმა» იერიში სწორედ ჰილარიზე მიიტანეს და მისი კომპრომეტაციისთვის საბაბს გაფაციცებით ეძებდნენ.
        ამ თვალსაზრისით, მათ შესანიშნავი სამსახური გაუწია აჭარის ხელისუფლებამ.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ყოველივე მხოლოდ ასლან აბაშიძეს არ ეხება. არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს: აჭარის ლიდერს რეგვენი გარემოცვა ჰყავს (გაიხსენეთ თუნდა «ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კონფერენცია») ან (უარესი) მისი გარემოცვა სავსეა პროვოკატორებით, რომლებიც შეგნებულად უჭრიან ყველა გზას.
        თუმცა, უფრო მეტად სავარაუდო მაინც პირველი ვერსიაა. საეჭვოა, მაგალითად, ასლან აბაშიძეს პირადად დაეწერა (ან ვინმესთვის დაევალებინა) ის გულისამრევი სტატიები, რომელთა ავტორები «ყვირილით» ამცნობენ მკითხველს, რომ «ამერიკის პრეზიდენტის ცოლისძმები აჭარაში საუკუნის პროექტს ახორციელებენ».
        ამას დაედო პოლიტიკური სარჩული: ქართული მენტალიტეტის შესაბამისად ხომ შეუძლებელია «ცოლისძმების» ვიზიტი – «ქმრის» პოლიტიკური მხარდაჭერა არ ყოფილიყო.
        არადა, სინამდვილეში, კლინტონმა, ალბათ, არც კი იცოდა, სად იმყოფებოდნენ მისი «მოყვრები»;
        ბუნებრივია, შევარდნაძის გარემოცვა ამ მომენტს შესანიშნავად გამოიყენებდა წინასაარჩევნო კამპანიისას იმავე პოლიტიკური მიზნით – საკმარისი იყო მხოლოდ ზემოხსენებული გაზეთები გადაეთარგმნათ და გაეგზავნათ ამერიკის საელჩოში.
        ორივე მხარე ცდილობდა საკითხის პოლიტიზებას (მაშინ, როდესაც როდჰემებს ფულის გარდა საერთოდ არაფერი ანაღვლებთ ამქვეყნად), მაგრამ შევარდნაძის გარემოცვისაგან განსხვავებით, აბაშიძის გარემოცვა იმდენად ჩლუნგი გამოდგა, ვერ გათვალა, რა მდგომარეობაში ჩააყენებდა საკუთარ ლიდერს, როდესაც ეს ამბავი ამერიკულ პრესაში გაჟონავდა და საპრეზიდენტო კამპანიაში «ბილარისა» და დემოკრატების დისკრედიტაციის ფაქტორად იქცეოდა.

მერიდიანი, 8 დეკემბერი, 1999 წელი