შევარდნაძე ანტიკორუფციულ «ჯვაროსნულ ლაშქრობას» იწყებს
        ქართველი ნუვორიშები, ალბათ, აეროპორტამდე მისვლას მოასწრებენ

        როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის მოთმინების ფიალა მართლა აივსო. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მან ზედიზედ სამი ძალზე მკვეთრი განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში აპირებს გამოაქვეყნოს «ანტიკორუფციული პროგრამა», რომელიც გაითვალისწინებს სპეციალური ორგანოს შექმნას.
        ანტიკორუფციულიო ორგანოს თაობაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ მის შექმნას საშველი ვერა და ვერ დაადგა. ამჟამად უეჭველია, რომ შევარდნაძე მიხვდა მთავარს: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურად დაწყების შემდეგ «ელიტისა» და «ისტებლიშმენტის» უკმაყოფილება ან მისი წინააღმდეგობა არაფერია იმ საშიშროებასთან შედარებით, რასაც შეიცავს დაბალი სოციალური ფენების უკმაყოფილება, რაც ერთ საშინელ დღეს შეიძლება ზღვარს გადასცდეს და სოციალურ აფეთქებაში გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, ხალხის სისხლით გაბერილი წურბელა ქართველი «ნუვორიშები» კი მოასწრებენ აეროპორტამდე მირბენას, მაგრამ ხელისუფლება ვერსად გაიქცევა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება, უბრალოდ, იძულებულია გააკეთოს არჩევანი და ამ შემთხვევაში შევარდნაძის არჩევანი შეიძლება ხსენებული წურბელების წინააღმდეგ იყოს მიმართული. ამ ხალხმა ყოველგვარი სირცხვილის გრძნობა დაკარგა. ტოტალური ძარცვა საქართველოში ცხოვრების წესად იქცა – არანაირი «შემაკავებელიო მექანიზმი» აღარ არსებობს. ფსევდოსინდისირებას თუ არ ჩავთვლით. ახლავე შევეცდები ავხსნა, რას ვგულისხმობ «ფსევდოსინდისიერებაში». ღმერთო ნუ მიწყენ, მაგრამ თბილისში ესოდენ მომრავლებული საეკლესიო მშენებლობებიც სწორედ ტოტალური ძარცვის გამოხატულებაა - თბილისის ყველაზე პრესტიჟულ რაიონებში ყოველთვიურად შენდება პატარა ეკლესიები. ზოგ შემთხვევაში (თუმცა იშვიათად) მათ მოსახლეობა აშენებს. თითო-ოროლა ასეთი პატარა ეკლესია მართლა პატიოსანი ბიზნესმენის აგებულია, მაგრამ «ლომის წილი» ამ «საეკლესიო მშენებლობაში» შეაქვთ იმ გარეწრებს, ვინც ქვეყანა გაძარცვა და ახლა ეკლესიის აშენებით (რაზედაც ნაძარცვის 3-4 პროცენტს თუ ხარჯავს) სურს საკუთარ სინდისთან მართალი ყოს ან (უფრო სავარაუდოა) დემაგოგიური არგუმენტი მოიშველიოს თუ დაიჭირეს: არა გრცხვენიათ, მე ხომ ღვთისნიერი კაცი ვარ, აგერ ეკლესია ავაშენეო. სინამდვილეში, ამ მიზნით და ამ შინაგანი მოტივაციით აშენებული ეკლესია «ღუთისნიერი» კი არა, ეშმაკისეული საქმეა, რადგან სიბილწით და ნაპარავი ფულით ღვთისნიერი საქმე ვერ გაკეთდება. ხოლო თუ მართლაც «ცხონებას» უნდათ მიაღწიონ,  ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და არა კათოლიკეები. მართლმადიდებლობა კი არ ცნობს ისეთ სიბინძურეებს, როგორიცაა ინდულგენცია, ანუ ცოდვების ფულით გამოსყიდვა. ცოდვა მხოლოდ გულწრფელი მონანიებით გამოისყიდება და არა ფულით – თუნდაც იმ ფულით ეკლესია ააშენო.
        ეკლესიებზე ასჯერ ძვირი ის სრა-სასახლეები უჯდებათ, რასაც თბილისში აშენებენ სხვადასხვა თანამდებობის პირები და «ანგარიშფაქტურებით» გამაძღარი იმპორტიორები. უფრო მეტად ეს სწორედ «იმპორტიორებს» (იგივე კონტრაბანდისტებს) ეხებათ და არა მეწარმეებს, რომლებიც «ადგილზე» მაინც აწარმოებენ პროდუქციას, თუმცა გადასახადს მთლიანად არ იხდიან. აგრეთვე იმ ნ ამუსგარეცხილიო თანამდებობის პირებს, ვინც «კრიშის» ფუნქციას ასრულებს. არ უშველით ეკლესიების შენება ამ ნაძირალებს! ვერ ცხონდებიან იმ ეკლესიებით, ვერ იყიდიან ცხონებას, ვინაიდან «არა იპარო» იმას კი არ ნიშნავს მხოლოდ, რომ ვაკეში პრესტიჟულ ახალ სხალში მეზობელს არ მოჰპარო ოქროს კოვზი, არამედ იმასაც გულისხმობს, რომ კონტრაბანდა არ შემოიტანო და სახელმწიფოს მოსახლეობას არაფერი მოჰპარო.
        რაც შეეხება «ჯვაროსნულ ლაშქრობას» - შევარდნაძემ იგი, მართლაც, შეიძლება წამოიწყოს, თუმცა, მისივე თქმით, «ამ ომის მოგება ძალიან ძნელი იქნება». ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უმალვე ამოქმედდება მთელი კორუფცირებული მანქანა (იგი უკვე იქცა სახელმწიფოდ სახელმწიფოში), რომელსაც თავდაცვის უხვი არსენალი აქვს. არ არის გამორიცხული, ეს ყოველიოვე იქცეს საქართველოში ახალი სამოქალაქო ომის მიზეზად – მოახერხებენ, თუ მოინდომეს. პირველი სამოქალაქო ომის ჭეშმარიტი მიზეზიც «პირველადი კაპიტალის დაგროვებისა» და «საბჭოთა პერიოდში ნაშოვნი ფულის» ლეგალიზაცია იყო ან მათ შორის წარმოშობილი წინააღმდეგობა.
        მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძეს სხვა გზა, უბრალოდ, აღარ დარჩა. ქვეყანაში მწიფდება სოციალური რევოლუცია. ელიტის უდიდეს ნაწილს არაფრის რცხვენია, რადგან სჯერა, რომ გაქცევას მოასწრებს და მოსკოვიდან ან პარიზიდან დაიქადნებს: «წარმოიდგინეთ, ეკლესია ავაშენე და ქვეყნიდან გამაგდეს, მაგრამ ამ ხალხმა ხომ რუსთაველიც გააგდო ქვეყნიდან!»
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ როგორც კი ანტიკორუფციული ჯვაროსნული ლაშქრობა პირველ შედეგებს გამოიღებს, უმალვე ატყდება გნიასი «37 წლის» შესახებ, შევარდნაძის ცეკას მდივნობაც მაშინ გაახსენდებათ, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტმა, ბოლოს და ბოლოს, «გასაბედი ვერ გაბედა», ეს ქვეყანა მართლა განწირულია: 100 წლის შემდეგ თბილისში ნაშენებ ეკლესიებს უცხოელები ეგვიპტის პირამიდებივით შეისწავლიან და ქართველების სათნოებისა და ღვთისმოშიშობის ძეგლებად ჩათვლიან.

მერიდიანი, 30 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე