შადმან ვალავის ვალების დარდი აქვს

შადმან ვალავის ვალების დარდი აქვს

 

    ჯერ კიდევ სექტემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება საქართველოსათვის «ისააფის» საკრედიტო ხაზით ახალი სესხის გამოყოფის თაობაზე 40 მილიონი დოლარის ოდენობით. ამ კრედიტის გამოყოფის შემდეგ სსფ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კრედიტორი გახდა.
    რაკი 1994-96 წლებმა გაცემულმა სესხმა 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას «უკანდასახევი გზა» უკვე აღარ აქვს, - მან უნდა აიძულოს საქართველო, ბოლომდე აამოქმედოს «ლიბერალური ეკონომიკის» პოტენციალი ან უნდა შეურიგდეს თანხის დაკარგვას ისევე, როგორც შეურიგდა მილიარდობით დოლარის დაკარგვას აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, საქართველო ნაკლებად «სარისკო ზონა» აღმოჩნდა, ვინაიდან მოსახლეობის სოციალური გენოციდის ფასად ხელისუფლებამ შეძლო ლიბერალურ რეფორმათა ტექნოლოგიის დაცვა და უკანასკნელ მიჯნამდე მივიდა. სწორედ ამ მიჯნის გადალახვას მოითხოვს ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
    მიუხედავად კრედიტის გამოყოფისა, შადმან ვალავი და სსფ-ს ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ მთელი ორწლიანი ძალისხმევა შეიძლება წყალში ჩაიყაროს, თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს ორი უმთავრესი პრობლემის შესრულებას: 1996 წლის ბოლომდე უნდა მოხერხდეს საბიუჯეტო შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდა (გადასახადების აკრეფის  გადიდების ხარჯზე) და მოსახლეობისაგან ელექტროენერგიის საფასურის ამოღება.
    ორივე მოთხოვნა ძალზე ძნელად შესასრულებელია. რუსეთსაც კი, რომელსაც თითქოს გაცილებით უფრო მყარი და ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები აქვს, არათუ უჭირს გადასახადების აკრეფა, არამედ ამ თვალსაზრისით საქართველოზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საბიუჯეტო ორგანიზაციებში თვეობით და წლობით ვერ იღებენ ხელფასს. რუსეთის ახლადდანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა ლიფშიცმა (იგი ხვალ ჩამოდის თბილისში) მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მდგომარეობა უახლოეს მომავალში არ შეიცვალა, რუსეთი იძულებული გახდება, ჩართოს ფულის საბეჭდი მანქანა. ანუ დაიწყოს ემისიის პროცესი, რაც ეკონომიკური რეფორმის დასასრულს ნიშნავს; ანალოგიური ვითარებაა ელექტროენერგიის (ზოგადად ენერგიის) საფასურის აკრეფასთან დაკავშირებით.
    მაგრამ სავალუტო ფონდს რუსეთისა და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ის, რაც მან შეიძლება აპატიოს რუსეთს, საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ ეპატიება. საქმეც ის გახლავთ, რომ ორივე ზემოთმოყვანილი პირობის დაკმაყოფილება უდიდეს სირთულესთანაა დაკავშირებული. უფრო მეტიც, საეჭვოა, 1996 წლის ბოლომდე საქართველომ შეძლოს მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა გადასახადების აკრეფის სფეროში ან მოსახლეობა აიძულოს, გადაიხადოს ელექტროენერგიის გადასახადი. სავალუტო ფონდში, რასაკვირველია, ესეც შესანიშნავად იციან. მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ, განახორციელონ «ზეწოლა» შევარდნაძის ადმინისტრაციაზე, რათა გარკვეული პრივილეგიები მოიპოვონ იმ გრანდიოზულ პროექტში ჩართვის თვალსაზრისით, რომელიც «აზერბაიჯანის ნავთობთან» დაკავშირებით ხორციელდება.
    ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტმა შადმან ვალავის ჰკითხა: არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ნავთობის საქართველოს გავლით ტრანსპორტირების პროექტსა და სსფ-ის მიერ საქართველოსათვის კრედიტების გამოყოფას შორის, რაზედაც უცნაურად ემოციური, კატეგორიულად უარყოფითი პასუხი მიიღო. არადა, ახლა ცხადია, რომ ამგვარი კავშირი ნამდვილად არსებობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მდიდარი ქვეყნების მიერ, უკვე კარგა ხანია იქცა «საგნად საკუთარ არსში», ანუ თვითკმარ ორგანიზაციად, რომელსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია. სწორედ ამიტომ სრულიადაც არ არის გამორიცხული, ფონდმა მოითხოვოს წილი «ნავთობის პროექტიდან», რათა უზრუნველყოს საქართველოსათვის მიცემული კრედიტების დაბრუნება და შესაბამისი დივიდენდის მიღებაც.
   
   

«მერიდიანი», 25 ოქტომბერი, 1996 წელი.