ბათუმის მოვლენები: ეთნო-რელიგიური ასპექტი

ბათუმის მოვლენები: ეთნო-რელიგიური ასპექტი

 

 აჭარის დედაქალაქში განვითარებული პროცესები და ერთდღიანი „აფეთქება“ მხოლოდ ბათუმის მოვლენა არ ყოფილა. ამ მასშტაბურ ისტორიულ (უკვე ისტორიულ და უპრეცედენტო) ინციდენტში აჭარის რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ბევრი მათგანი სასწარაფოდ გამოემგზავრა ბათუმში, რათა ძალისმიერ აქციებში მიეღო მონაწილეობა. სწორედ ეს ელვისებური რეაქცია და მასობრივი „პასიონარულობა“ (რაც ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,  დამახასიათებელი არ არის) უნდა მიგვანიშნებდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან, დამაფიქრებელ, ქვეყნისთვის ეგზისტენციურად საშიშ ფენომენთან, რომელიც „აფეთქდა“, „გადმოიღვარა“, „გამოვლინდა“, მაგრამ არ დასრულებულა და თუ სწორი დასკვნები არ გაკეთდება, ადრე თუ გვიან უარეს შედეგსაც მივიღებთ.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას, ასე თუ ისე, ხვდება და სწორედ ამითაა განპირობებული   ჭკვიანური  სირბილე, სიფრთხილე და ლმობიერება „მონაწილეთა“ თუ „ორგანიზატორთა“ დასჯის თვალსაზრისით: ჯერ-ჯერობით საუბარია ადმინისტრაციულ სახდელებზე და საკმაოდ მსუბუქ სასჯელზე - შედარებით ნგრევისა და განადგურების მასშტაბებთან.

მერაბ ღოღობერიძეც კი, რომელიც ამ აქციის მთავარი ინსპირატორი იყო, ჯერ-ჯერობით „უბატონოდ“ გამოუშვეს და რაიმე განსაკუთრებული „კითხვები“ მისთვის არ დაუსვამთ. ხელისუფლება შიშობს (სწორადაც შიშობს!), რომ მკაცრმა  რეპრესიებმა და სანქციებმა სიტუაცია შესაძლოა კიდევ ერთხელ „ააფეთქოს“ და მერე პროცესების მართვა შეუძლებელი გახდება, რადგან მეტ პოლიტიკურ ელფერსაც შეიძენს და ძალიან შორსაც წავა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის „მოულოდნელი“ ვიზიტიც ძალიან მკაფიო მესიჯია: „აქვე ვართ და აჭარაში არაფერი შეგეშალოთ!!!“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრს აღარც ახსოვს, რომ 1991 წლის გაზაფხულზე, სწორედ ამგვარი ელფერი შეიძინა გამოსვლებმა ბათუმში და მაშინაც  კინაღამ სისხლისღვრამდე მივიდა საქმე. თბილისმა იმ დროს  დათმო და ძალაუფლება ასლან აბაშიძის დაჯგუფებას ჩააბარა, რომელმაც 10 წლის განმავლობაში სრულფასოვანი „რესპუბლიკა“ შექმნა, ბოლოს ლამის პრეზიდენტად გამოაცხადა თავი, ჩოლოქზე საზღვარი დააფუძნა, თბილისში გადასახადებს არ რიცხავდა, ხოლო საქართველოს იურისდიქცია ამ რეგიონში მხოლოდ ნომინალურად ვრცელდებოდა. სამარცხვინო კულმინაცია იყო 2002 წლის ეპიზოდი, როდესაც ასლან აბაშიძის „სასაზღვრო-საზღვაო“ ძალებმა საქართველოს რამდენიმე კატარღა დააპატიმრეს, აქაოდა „ჩვენს წყლებში შემოსვლა წინასწარ რატომ არ შეგვატყობინეთო“.

ერთ-ერთ ამასწინანდელ თოქ-შოუში, ასლან აბაშიძის ყოფილი „მარჯვენა ხელი“, ვალერი გელბახიანი გვმოძღვრავდა: „ზვიად გამსახურდიას ესმოდა, „ადგილობრივი კადრები“ რომ უნდა დაენიშნა, ედუარდ შევარდნაძეს ესმოდა, მაგრამ სააკაშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმისო“. ანუ, იმათ „ესმოდათ“ თურმე, და ამ „გაგების“ შედეგად, თბილისის იურისდიქცია რეგიონში ნულზე დავიდა. ესე იგი, „მშვიდობა“ მყარდებოდა პარტიკულარისტულ-სეპარატისტული ძალებისადმი სრული კაპიტულაციის ხარჯზე. ეს ძალები, თავის მხრივ, საკუთარ კორუფციულ ინტერესებში მოქმედებდნენ და აჭარის ნამდვილი პრობლემატიკა მათთვის მხოლოდ „სათქმელი საბაბი“ იყო.

თუმცა ეს სატკივარი ობიექტურად არსებობდა, არსებობს  და სანამ ამას არ ვაღიარებთ, ვიქნებით კიდევ უფრო მძლავრი აფეთქების მუდმივი საშიშროების წინაშე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯერ-ჯერობით, ქართული „პოლიტიკუმი“ და ექსპერტული თანამეგობრობა სრულიად არაადეკვატურია. ათას სისულელეს მოისმენ მოსკოვის, ანკარის, თეირანის „ინსპირატორულ“ როლზე. რასაკვირველია ყველაგან ყურადღებით აკვირდებოდნენ პროცესებს, მაგრამ მათ ადგილობრივი, სიღრმისეული საფუძველი ჰქონდათ. ამ მიზეზების გააზრება კი არავის აწყობს, რაკი „შუბს ხალთაში მალავს“ ყველა და ნამდვილ შინაგან მოტივებს გვერდს უვლიან. გარე აქტორები ასეთ მასშტაბურ მოტივაციას ცარიელ ადგილას  ვერ შექმნიან. მათ შეუძლიათ ისინი მხოლოდ გამოიყენონ თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად.

ეს მოტივაცია არ არის და არც შეიძლება იყოს თავისთავად „ავტონომიურობის“ საკითხი, ან, იგივე, პოლიციის უფროსად ადგილობრივი კადრის დანიშვნა-არდანიშვნის ყურით მოთრეული თემა, მით უმეტეს ავტო-ჯარიმები და სხვა: სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც მიზეზთა-მიზეზებზე, ანუ მომხდარის სიღრმისეულ მოტივებზე მიუთითებს, არის მრავალგზის გახმოვანებული ნარატივი „თათრების“ შესახებ, რაც მძლავრად ისმოდა და უმთავრეს სლოგანად ჟღერდა: „თათრები გვიწოდესო“.

სინამდვილში, ათასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არავის არავისთვის ასეთი რამ არ უწოდებია. პოლიციის რეგიონული სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და ამგვარ შეცდომას არ დაუშვებდა; მაგრამ ამ მასობრივი „ფობიის“ გაჩენას თავისი მიზეზები აქვს, ოღონდ  ამ მიზეზებზე, რასაკვირველია,  ღიად მაინც არავინ საუბრობს.

ეს სიღრმისეული მიზეზია არასწორიარარაციონალურიჯიუტად არარეალისტურიმეტისმეტად აქტიურიზოგიერთ შემთხვევაში აგრესიული პოლიტიკარაც აჭარაში რელიგიური მიმართულებით ტარდება და რომლის საშიშ, ფეთქებად პოტენციალს, სამწუხაროდ, მისი ავტორები არ ითვალისწინებენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოგვწონს ჩვენ თუ არა, აჭარის მოსახლეობას, საუკუნეთა განმავლობაში, განსხვავებული, ანუ ქართული, თუმცა მაინც „ავტონომიური“ იდენტობა ჩამოუყალიბდა, რომლის განმსაზღვრელი ფაქტორი ისლამია. აჭარაში დღეს ბევრი გულწრფელად გეტყვით, რომ მეტისმეტად აქტიური  ქრისტიანული პროზელიტიზმი ადამიანებს მასობრივად აღიზიანებს, იწვევს მათ გაუცხოებას, უჩენს სწორედ იმ ფობიებს, რომ რელიგიის გამო მათ მეორეხარისხოვან ადამიანებად, „თათრებად“ მიიჩნევენ.

 თუმცა ამ სფეროში რაღაც ზომიერების ან რაიმე „ბალანსის“ დაცვას არავინ ცდილობს და „ვისაც ჯერ არს“  (ანუ ეკლესიის უმაღლეს იერარქიას) ჯიუტად არ სურს იმ ფეთქებადი პოტენციალის დაგროვება გაითვალისწინოს, რამაც ერთბაშად იფეთქა არასწორი, უპასუხისმგებლო და მეტისმეტად აგრესიული პროზელიტისტური პოლიტიკის შედეგად.

ეს შედეგი კი „დადგა“ უკვე, მაგრამ „პოლიტკორექტულობის“ გამო ამაზე მაინც არ ლაპარაკობენ.

მეფობს იგივე „ჩლუნგი“, სწორხაზოვანი, შეურიგებელი და უკომპრომისო ნარატივი, მოყოლებული 1988 წლიდან დაწყებული „ეროვნული მოძრაობიდან“:  „რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ხოლო ნამდვილი ქართველები  მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ“. . . . . . .  და კაციშვილი არ ჩანს ამ ჩვენს უბადრუკ და პრიმიტივ „პოლიტელიტაში“, ვინც გაბედავდა ან თუნდაც ახლა გაბედავს  თქვას, რომ ამგვარი მიდგომა გამანადგურებლად საშიშია!

მას  შემდეგაც კი, რაც  ბათუმში მოხდა, ხსენებულ  სიღრმისეულ მიზეზებზე და აჭარელთა „იდენტობის ჭრილობაზე“ არავინ ფიქრობს. ანუ, ნაცვლად პრობლემის გააზრებისა, ნაცვლად ადამიანებისთვის საერთო-სამოქალაქო ღირებულებათა შეთავაზებისა, გრძელდება სრულიად კონტრპროდუქტიული პოლიტიკა, რომელიც, იმავდროულად, ჩლუნგად უკომპრომისოა, მაგალითად იმ ნაწილში, როცა საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის აგებას. ანუ, ისტორიული „ბალანსი“ მუდმივად ირღვევა, „ავტონომიური იდენტობის“ მქონე საზოგადოება ღიზიანდება  და მერე გვიკვირს, რატომ ჩნდება ეს ყალბი (ნამდვილად ყალბი!) ნარატივი „თათრების“ შესახებ. ეს ნარატივი არის მოწყვლადი  სოციუმის ნევროტული რეაქცია იმ პროცესებზერაც მათ იდენტობას აზიანებს და თუ ამას არ გავიაზრებთ, შედეგი, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გამანადგურებელი იქნება: აგრესია ლატენტურად გროვდება, გროვდება, „სივდება“და ბოლოს აუცილებლად იფეთქებს კიდევ უფრო დიდი მასშტაბით!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, „თბილისურ ელიტას“ არაფრის დიდებით არ სურს გაიგოს, მიხვდეს, შეიგნოს, გაიაზროს ბოლოს და ბოლოს, რომ ამგვარი „ლატენტური“ პროცესები კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ყოველდღიურად ხილული.

ამგვარი ჩლუნგი შეუსმენადობის ერთ-ერთი მაგალითია „ხუთჯვრიანი დროშა“. სამწუხაროდ, ამ დროშის ავტორებს, ანუ მიშა სააკაშვილსა და მის ე.წ. „რევოლუციონერებს“, აგრეთვე ერთ „ცნობილ კინორეჟოსორს“, თავის დროზე, ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ დროშა, რომელსაც მაჰმადიანური ცნობიერება (მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა) ჯერ კიდევ ჯვაროსნების ეპოქიდან აღიქვამს „ქრისტიანული აგრესიის“ გამოვლინებად, აუცილებლად გამოიწვევდა ლატენტურ, დაფარულ, მაგრამ შინაარსობრივად ღრმა „ჭრილობის“ კიდევ უფრო გამწვავებას მაჰმადიანთა, მათ შორის მაჰმადიან ქართველთა შორის.

და აი, - შედეგიც ვიხილეთ ამგვარი ჩლუნგად სწორხაზოვანი მიდგომისა. მთავარი მიზეზი შესაძლოა არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად გახდა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მართლაც, არავინ მოგატყუოთ, თითქოს ზემოთხსენებული „თათრები ხართ“ ბინძური ნარატივის გაჩენაში თავისი არც თუ მცირე წვლილი ამ ფაქტორმა(ც) არ შეასრულა: განსხვავებით ნორვეგიისა და შვეიცარიისაგან, საქართველოსთვის, მოგვწონს თუ არა, ისლამი უკვე არათუ ტრადიციული რელიგიაა, არამედ მოსახლეობის (მათ შორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის) იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი „კორელანტიც“. ამის ჯიუტი გაუთვალისწინებლობა კი ისეთი დონის უპასუხისმგებლობა იყო, რომელიც დაუსჯელი ვერ დარჩებოდა.

გარკვეულწილად კომიკურიცაა, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ საერთო-სამოქალაქო იდენტობის კონცეპტუალურად გამომხატველი „სამფეროვანი დროშის“ ნაცვლად რელიგიური სიმბოლოს სახელმწიფო დროშად ქცევას ის ფსევდოდემოკრატიული და ფსევდოლიბერალური „ელიტა“ უჭერდა მხარს, ვინც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას უპირისპირდებოდა „ნაციონალიზმისა“ და „რადიკალიზმის“ გამო.

არადა, ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას:  საქართველოს პირველ პრეზიდენტს აზრადაც არ მოსვლია „სამოქალაქო თანასწორობის ღირებულებათა“ მატარებელი სამფეროვანი დროშის ჩანაცვლება ჯვაროსნების საბრძოლო ალმით, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ამ ღირებულებებს და მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის (სწორად თუ არასწორად, შეცდომით თუ მართებულად, გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერად) რელიგიური აგრესიის სიმბოლოდ აღიქმება!

მართლაც გაუგებარია, ინტელექტუალურად პრიმიტივი და ინფანტილური კინორეჟისორის  ცხოვრებისეული ახირების დასაკმაყოფილებლად, ასეთ რისკზე ქვეყანა რატომ უნდა წასულიყო?! შედეგიც თვალწინ გვაქვს, თუმცა პასუხს, რა თქმა უნდა, არავინ მოსთხოვს და არანაირ „კითხვას“ არ დაუსვამს.

ვიმეორებ: სწორედ ამ და ასეთი ვითომ „წვრილმანებიდან“ (რაც სინამდვილეში „წვრილმანი“ სულაც არ არის), მომდინარეობს  და შხამიანად „იქსოვება“ თანდათან  ის წლობით ნაგროვები აგრესია, რაც ბათუმის ქუჩებში ვიხილეთ და ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ დასაწყისია, თუ საზოგადეობის მოაზროვნე ნაწილმა რელევანტური  დასკვნები არ გამოიტანა:

პოლიციის უფროსი გორელი იქნება თუ ქობულეთელი, მეასეხარისხოვანი საკითხია;  მეათეხარისხოვანია ისიც, ვინ აირჩევს, როგორ აირჩევს თუ დანიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს. არსებითი ისაა, აჭარაში რომლის მოსახლეობას, ისტორიულად, ჩამოუყალიბდა „ავტონომიური რელიგიური იდენტობა“, ტარდებოდეს სწორი, დაბალანსებული რელიგიური პოლიტიკა, ეკლესია არ ირჯებოდეს  მეტისმეტად აგრესიულად, არ აღიზიანებდეს ადამიანებს არა სამოქალაქო, არამედ რელიგიურ ღირებულებათა  მეტისმეტად აქტიური დამკვიდრებით, ხოლო ეკლესიათა მშენებლობა დაბალანსებული იყოს სხვა რელიგიური იდენტობის საკულტო დაწესებულებებით, რათა აჭარლებს არ უჩნდებოდეთ განცდარომ ან იდენტობა უნდა შეიცვალონან მეორეხარისხოვან ადამიანებად (თათრებადჩაითვლებიან  საკუთარ ქვეყანაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯერ-ჯერობით, თბილისურ ელიტას, მათ შორის მარაზმატულ სკანდალში გახვეულ საეკლესიო იერარქიას ამ მრისხანე აუცილებლობის და რეალობათა გააზრების ნიშან-წყალი არ ეტყობა. ხელისუფლება გონივრულ სიფრთხილეს ამჟღავნებს მონაწილეთა და ორტგანიზატორთა „სანქცირებისას“,  მაგრამ პრობლემის მკაფიოდ არტიკულირებას ვერ ბედავს, იმავე გავლენიანი წრეების „არგაღიზიანების“ შიშით.

არადა, აჭარაში მომხდარი ტრაგედიის (!) სიღრმისეული, სისტემური მიზეზი, ისევ და ისევ, სწორედ ესაა და არა პოლიციის უფროსის „გორელობა“ ან ის ყბადაღებული „ჯარიმები“. და თუ ასეთი ჩლუნგად სწორხაზოვანი რელიგიური პოლიტიკა გაგრძელდა ამ ძალიან სათუთ რეგიონში, შედეგი კატასტროფულად გამანადგურებელი იქნება მთელი ქვეყნისთვის!

ჰოდა, ვიკვლიოთ შემდეგ თოქ-შოუებში, ვისი პროვოცირებულია: რუსეთის, თურქეთის, ირანის თუ „ისლამური სახელმწიფოსი“ ან ყველასი ერთად. და მერე ვაფრიალოთ ჩოლოქთან ტამპლიერთა ორდენის დროშები - უპასუხისმგებლო  პოლიტიკანებისა და გონებაშეზღუდული, ახირებული „ხელოვანების“ მიერ ამ ჩვენი  მრავალფეროვანი, ისტორიულად ტრაგიკული ბედისწერის ქვეყნისთვის „რევოლუციური გზით“ თავსმოხვეული.

2017