პოლონელ რეფორატორ ბალცეროვიჩის «მესიჯი» II

პოლონელ რეფორატორ ბალცეროვიჩის «მესიჯი»  II

      

        უახლოეს მომავალში საქართველოს კვლავ ეწვევა პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკური რეფორმის საკითხებში, «პოლონეთის ეკონომიკური სასწაულის» ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი. იგი სამ თვეში ერთხელ ჩამოდის თბილისში.ამერიკელებთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად. თუმცა, მის მიერ შერჩეულ ექსპერტთა ჯგუფი მუდმივად მუშაობს საქართველოში და სპეციალური ოთახიც აქვს გამოყოფილი სახელმწიფო კანცელარიის შენობაში.
        პოლიტიკური თამაშები ბალცეროვიჩის ირგვლივ დამთავრდა, ვინაიდან, ყველა ჯგუფი მიხვდა, რომ პოლონელი რეფორმატორის რაიმე თვალსაზრისით ანგაჟირება ქართულ სინამდვილესთან (ან ამ «სინამდვილით») ვერაფრით მოხერხდება. ამდენად, ბალცეროვიჩის ვიზიტს «ზოგადი» ხასიათი აქვს, ამჟამად შექმნილი საკმოად რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით.
        ლეშეკ ბალცეროვიჩის სტრატეგიული «რჩევა» საქართველოს პრეზიდენტისა და «ეკონომიკური გუნდის» მიმართ მცირე ბიზნესის მხარდაჭერასა და ეკონომიკის რეალურ სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში გამოიხატებოდა.
        ფაქტობრივად, აქ რაიმე ახალი და რევოლუციური არაფერია. ლეშეკ ბალცეროვიჩი მიიჩნევს, რომ სხვა ძირითადი მიმართულებები «მონეტარული კონცეფციის» შესაბამისად ვითარდება, ხოლო «მცირე ბიზნესი» უკვე «საშუალო ფენის» შექმნასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად, ანუ ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოს აღიქვამს «პოსტრეფორმისტულ» ქვეყნად.
        აი, აქ ცდება სწორედ: წინადადება სავსებით მართებული და ლოგიკურია, მაგრამ საქართველოში მისი განხორციელება იოლი არ არის, ვინაიდან, «საგადასახადო ბაზის გაფართოება» (ეს ნიშნავს მცირე ბიზნესის მხარდაჭერას) უეჭველად გულისხმობს და მოითხოვს ადმინისტრირების სრულყოფილ სისტემას. მკაცრი და ძლიერი ადმინისტრირებით კი საქართველო ვერ დაიკვეხნის.
        მაშასადამე, ბალცეროვიჩს სურს თქვას: ყველაფერს სწორად აკეთებთ, მაგრამ უნდა აღმოფხვრათ კორუფცია, - წინააღმდეგ შემთხვევაში, მონეტარისტული რეფორმის შედეგი თითებს შორის გაგეპარებათ.
        ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, - ქვეყანამ გადაიტანა შოკური თერაპია, ყველაზე მტკივნეული სოციალური ვარიანტით, ხოლო შედეგის მიუღწევლობა (კორუფციის გამო) გაზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას ქვეყანაში.
        ეს არის «ბალცეროვიჩის მესიჯი», რომელსაც იგი გვაწოდებს ისე, რომ არც ერთ სიტყვას არ ამბობს პოლიტიკაზე.
        ნიშანდობლივია, რომ ბალცეროვიჩის ვიზიტი თითქმის ემთხვევა საქართვლეოში სავალუტო ფონდის მორიგი მისიის ჩამოსვლას. მან უნდა შეისწავლოს პროგრამის მიმდინარეობა და მოუმზადოს რეკომენდაცია ვაშინგტონს, ღირს თუ არა საქართველოსთვის ახალი კრედიტების გამოყოფა. საუბარია პროგრამის გაგრძელებაზე, ვინაიდან პირველი ტრანშები უკვე მივიღეთ როგორც სავალუტო ფონდიდან, ასევე მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირისგან.
        ამ თვალსაზრისით, ვითარება არცთუ სახარბიელოა: პირველი კვარტალის საშემოსავლო პარამეტრები არ შესრულდა. ობიექტური პრობლემები ფონდს არ აინტერესებს, მით უმეტეს, რომ რასაც ჩვენ «ობიექტურ მიზეზად» მივიჩნევთ, სავალუტო ფონდი «სუბიექტურად» მიიჩნევს.
        მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ფონდის წარმომადგენლის, ქრისტოფერ ლეონის წერილი, რომელშიც იგი საგანგებოდ უსვამს ხაზს: მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში იზრდება, ხოლო გადასახადები კლებულობს.
        სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას: გადასახადები, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა, ოღონდ არა იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია პროგრამით, მაგრამ ძნელია რეფორმას ან კონკრეტულ უწყებას, ან თუნდაც, მხოლოდ ხელისუფლებას დააბრალო ის, რაც სტრატეგიულ გადაწყვეტას მოითხოვს.
        მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია კონტრაბანდის კოლოსალური მაშსტაბებით და «ბაზრობების» (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ერგნეთის ბაზრობის) სახით არალეგიტიმური, ყოველგვარი კონტროლიდან გამოსული «თავისუფალი ეკონომიკური ზონების» არსებობით ქვეყანაში, რითაც ათასობით ჩინოსანი (ფორმიანი თუ უფორმო) იკვებება.
        ამ პრობლემის გადაწყვეტის მცდელობას მოჰყვება ისეთი ინციდენტები (ეროვნული უმცირესობების მონაწილეობით), როგორიც მოხდა «წითელ ხიდთან», ხოლო ბაზრობების დახურვამ (არადა, ნამდვილად აუცილებელია), შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწივოს.
        სწორედ ეს არის ამჟამად ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაწყვეტა უმტკივნეულოდ ვეღარ მოხერხდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არანაირ კომპრომისზე აღარ წავა. ვაშინგტონში ისედაც ყოველ მილიონს ითვლიან, ვინაიდან უზარმაზარი თანხა შთანთქა თურქეთის კრიზისმა - თურქეთის გაკოტრება ასამდე ქვეყნის დეფოლტს გამოიწვევდა.
        ამდენად, ერთი თუ ფეხი «გადაგვიბრუნდა», ჩვენს კუთვნილ კრედიტებს სამხრეთით გადააგზავნიან.

დილის გაზეთი, 5 აპრილი, 2001 წელი