ახალი სოციალ-დემოკრატები

ახალი სოციალ-დემოკრატები

გურამ მუჩაიძის მეთოდი

    ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ კვლავ შეახსენა თავი საზოგადოებას უცნაური განცხადებებით, რომელთა პოპულისტური შინაარსიც გვაფიქრებინებს, რომ მუჩაიძეს უბრალოდ «საქმე შემოელია» და კვლავ პოლიტიკოსობას უბრუნდება. საქართველოში კი პოლიტიკოსობა პოპულიზმის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.
    «საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია» პროფესორ (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ) გურამ მუჩაიძის ინიციატივით 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაფუძნდა. ანუ «პარტიული ბუმის» პერიოდში, როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციათა რიცხვმა საქართველოში ასოცს გადააჭარბა.
    თუმცა, სოციალ-დემოკრატიული პარტია თავდაპირველად ერთობ პერსპექტიულ და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, მის ლიდერს კი ცინიზმი და განათლება არასდროს აკლდა. სხვა პოლიტიკური პარტიები სოციალ-დემოკრატებს თავიდანვე ეჭვით უყურებდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. ირაკლი წერეთელმა 1990 წლის 9 აპრილს მრავალათასიან მიტინგზე მუჩაიძეს «უსინდისო კაცი» უწოდა, გია ჭანტურიამ კი ერთ-ერთი სატელევიზიო დისკუსიისას ქართული სოციალ-დემოკრატია კომუნისტებთან ერთად «სატანის ორსახეობად» მონათლა.
    მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატია ერთგვარი თავშესაფარი გახდა იმ კატეგორიის ადამიანთათვის, რომლებიც სოციალიზმს ვერ ელეოდნენ და მისი «გაადამიანურება» სურდათ.
    ამასთან, გურამ მუჩაიძე არც თავისი პოლიტიკური წინამორბედების ტრადიციულ ორიენტაციას ღალატობდა და დღენიადაგ ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას. მისი პარტნიორი რუს «მემარცხენე ლიბერალთა» ლიდერი არკადი ვოლსკი და მისი პარტია გახლდათ. მუჩაიძემ ერთგვარი თავხედობაც გამოამჟღავნა (ამას სიმამაცეს ვერ ვუწოდებთ), როცა წინა პარლამენტში საჯაროდ განაცხადა, რომ თენგიზ კიტოვანი არის «დამოკლეს მახვილი, რომელიც ქართველ პოლიტიკოსთა თავზე ჰკიდია».
    1995 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ გურამ მუჩაიძის პარტია, ფაქტიურად დაიშალა და გასოციალდემოკრატიულებულ პროფესორს პოლიტიკური სიკვდილი დაემუქრა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადებებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა - შევარდნაძეს მოუწოდა, საინგილო «ეთხოვა» ალიევისათვის, აქაოდა, თუ მეგობრობაა, მეგობრობა იყოს! საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზა კი დამღუპველად გამოაცხადა. ეს უკვე ერთგვარი «პაროლია», რომლის მეშვეობითაც საქართველოში ახალი პარტია იქმნება. პირობითად ამ პარტიას «ანტითურქული» შეიძლება ვუწოდოთ. მის «პრორუსულობას» სწორედ თურქეთისადმი შიში და სიძულვილი ასულდგმულებს. მუჩაიძე ისტორიკოსია და ჯერ კიდევ 1988 წელს იცოდა, რომ ქვეყანა უეჭველად მივიდოდა ამ პარტიის შექმნამდე. ერთი კია, თვით მისი პოლიტიკური ხატი (იმიჯი) მუჩაიძეს არ მისცემს პარტიის სათავეში მოქცევის საშუალებას. ანტითურქულ პარტიას საქართველოში სხვა (არანაკლებ ცნობილი) ლიდერი ეყოლება.

მერიდიანი, 29 აპრილი, 1997 წ.