ყველასთვის გამოუცნობმა არსენიშვილმა სენსაციური განცხადებების კეთება დაიწყო

        გუშინ დასრულდა «ძველ-ახალი» მთავრობის დამტკიცება პარლამენტში. ზოგიერთი მინისტრის «ხავერდოვანი» გასვლა არ გამორიცხავდა შიდაპარტიულ თუ უწყებათაშორის (კლანთაშორის) «ჯიკავ-ჯიკავსა» და «ნოხისქვეშა» ბრძოლებს.
        «ბრძოლა ნოხის ქვეშ» ინგლისური გამოთქმაა და საოცარი სიზუსტით ასახავს «განვითარებადი დემოკრატიის» ქვეყნებში მთავრობის ფორმირების პროცესს.
        თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ «ქართული ნოხის ქვეშ» ბრძოლა უაზროა და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებს გამოხატავს. უფრო სწორად, შეიძლება კიდეც გამოხატავს მერკანტილურ ინტერესებს, მაგრამ პოლიტიკა «ინტერესთა თანხვედრის» ხელოვნებაა, ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდული გუნდის მერკანტილური და პრაგმატული (პარტიული) ინტერესები ემთხვევა ქვეყანაში რეფორმათა გაგრძელების ინტერესებს.
        ძნელი შესამჩნევი არ იყო: მთავრობის დამტკიცების პოლიტიკური მომენტი დაემთხვა კრიტიკულ წერტილს «ლიბერალური რეფორმის» განვითარების პროცესში. რეფორმას ნამდვილად დაემუქრა საფრთხე, ვინაიდან წარმოიშვა მწვავე წინააღმდეგობა ლიბერალურ «თამაშის წესებსა» და სახელმწიფოს ადმინისტრირების უნარს შორის.
        აღმოჩნდა, რომ დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოს ძალიან სუსტი «ხერხემალი» აქვს და არ ძალუძს განახორციელოს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ორი ძირითადი ფუნქცია: საკუთრების დაცვა და გადასახადების აკრეფა.
        ერთ-ერთი მიზეზი ამ სისუსტისა იყო ძველი «ნომენკლატურული მენტალიტეტის» მატარებელი ფიგურების «დიდხანს შემორჩენა» მთავრობაში, რომლებიც ერთგულად მსახურებდნენ ამ სისტემებს, რომელთა წიაღშიც წარმოიშვნენ თავად და პოსტსაბჭოური ეპოქიდან შემორჩენილი «დანაშაულის კომპლექსიც» არ აძლევდათ საშუალებას, მიეღოთ არაპოპულარული, სარისკო გადაწყვეტილებები.
        ნიშანდობლივია, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე ითვლებოდა ძალიან კარგ ელჩად. Mმანამდე კი შესანიშნავ «აპარატის უფროსად». მაგრამ სახელმწიფო მინისტრობა მან ვერ შეძლო სწორედ იმიტომ, რომ მისი მენტალიტეტისათვის ახალი პასუხისმგებლობის დონე «მეტისმეტი» აღმოჩნდა.
        შესაძლოა, ეს «მენტალური» თავისებურება ყველაზე ნაკლებად ეხება ბაკურ გულუას, ვინაიდან იგი საბჭოური ეპოქის «რკინის ხანის» პარტნომენკლატურის იმ თაობის წარმომადგენელია, ვისაც მეტ-ნაკლებად აღმოაჩნდა განახლების (ყოველ შემთხვევაში ადაპტაციის) უნარი.
        მიუხედავად ამისა, ბაკურ გულუა მაინც «ნიშანდობლივი» (რუს «ზნაკოვოე») ფიგურაა – იგი «უკანასკნელი მოჰიკანია,» რომლის მთავრობიდან წასვლა უეჭველად ნიშნავს, რომ მმართველი პარტია და პრეზიდენტი (მათ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ), აუცილებლად შეეცდებიან შეფერხებული რეფორმის ამოთრევას უპასუხისმგებლობის ჭაობიდან ახალი მთავრობის (როგორც ინსტრუმენტის) მეშვეობით.
        გია არსენიშვილის შერჩევა სახელმწიფო მინისტრად მოხდა არა პარტიული კუთვნილების (მით უმეტეს ადმინისტრაციული გამოცდილების ან ერთგულება-მორჩილების), არამედ სწორედ «მენტალიტეტის» ნიშნით.
        რეფორმათა პროცესში ეს ყველაზე ძვირფასი, ზუსტი და უცდომელი კრიტერიუმია.
        ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტის თანდასწრებით გამართულ სხდომაზე გია არსენიშვილმა, შეიძლება ითქვას, სენსაციური განცხადებები გააკეთა. ჯერ ერთი, მისი თქმით, «ვერ გავექცევით მთავრობაში ბიზნესმენების მოსვლას, როგორც ყველა განვითარებად ქვეყანაში».
        ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მეტყველებს იმ «პოლიტიკურ ფილოსოფიაზე», რითაც იხელმძღვანელებს ახალი სახელმწიფო მინისტრი და (მისი გაზრდილი უფლებამოსილებების გათვალისწინებით) «არსენიშვილის მთავრობა»;
        შესაძლოა ეს ნიშნავდეს სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრის დანიშვნას ამ ნიშნით. ბაკურ გულუა «ბიზნესმენი» ნამდვილად არ იყო, ხოლო ბიზნესმენი (ამ პოსტზე), გაცილებით ნაკლებად გაითვალისწინებს ყოფილი «დამზადებისა» და ზარმაცი გლეხების, გაცილებით მეტად – ნამდვილი მშრომელი გლეხის, ფერმერის, მწარმოებლის ინტერესებს.
        რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს, საქართველოს სოფლის მეურნეობა უმოწყალო კონკურენციას ვერ გაექცევა და ამ პროცესების ინიციირება მხოლოდ იმ მინისტრს შეუძლია, ვისაც ესმის, რა არის ბიზნესი და კონკურენციის უმოწყალო, მაგრამ სამართლიანი კანონი.
        ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს: ბორის ელცინმა 1997-98 წლებში, სწორედ მთავრობაში გავლენიანი ოლიგარქიების «ლეგალიზებით» შეძლო თითქოსდა ყოვლისშემძლე ოლიგოპოლიების გავლენის თანდათანობით შესუსტება. შესაძლოა, საქართველოშიც განხორციელდეს იგივე მეოთდი, ყოველ შემთხვევაში, არსენიშვილის განცხადება ამა სუნდა ნიშნავდეს და ეს სავსებით თავსდება ახალ პოლიტიკურ ტაქტიკაში, რომლის გამოყენება დღეიდან (მთავრობის დამტკიცების დასრულებისთანავე) იწყება.
        მეორე, კიდევ უფრო საოცარი განცხადება, რაც ახალმა სახელმწიფო მინისტრმა «გაახმოვანა» რომელიღაც სხვა შეკრებაზე (წყაროებს არ აზუსტებენ, თუ სად – ავტ.), იყო აღშფოთება მეწარმეთა და მრეწველთა «მომხმარებლური» დამოკიდებულების გამო.
        მისი თქმით «ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქვეყანამ უნდა არჩინოს მრეწველობა და არა პირიქით».
        სახელმწიფო მინისტრს არ დაუზუსტებია, თუმცა, როგრც ჩანს, გია არსენიშვილი გულისხმობდა დოტაციებს (ანუ შეღავათებს, რაც იგივე დოტაციაა), რომელსაც მოითხოვენ «მრეწველები» და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს სახელმწიფო მინისტრისთვის (ამ საბიუჯეტო კრიზისის ფონზე), იღებენ კიდეც.
        ეს ორი, თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი ადასტურებს, რომ არანაირი «მემარცხენე გადახრა» ახალი მთავრობის მუშაობაში მოსალოდნელი არ არის.
        აქედან გამომდინარე, უკვე გასაგებია, რატომ დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად გია არსენიშვილი და არ დაინიშნა (ვთქვათ) თემურ შაშიაშვილი.
        აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ეს არის მთავრობა, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტის ხელდასხმით და საპარლამენტო უმრავლესობის (ზურაბ ჟვანიას) თანხმობით. იგი ასახავს კონსენსუსს «სახელისუფლებო პარტიასა» და ისტებლიშმენტში.
        ძნელი გასათვლელი არ არის, რას მოიმოქმედებს უპირველეს ყოვლისა ახალი მთავრობა. ან, ყოველ შემთხვევაში, რა უნდა მოიმოქმედოს პროცესის შინაარსისა და ლოგიკის გათვალისწინებით.
        ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ეკონომიკური სივრცის დაცვა, რის გარეშეც შემდგომი განვითარება (არათუ რეფორმათა გაგრძელება, არამედ საერთოდ სახელმწიფოებრივად არსებობა) შეუძლებელი იქნება.
        ეკონომიკური სივრცის დაცვა, ანუ საქართველოს «სასიცოცხლოდ აუცილებელი სახელმწიფოებრივი სივრცის შემოსაზღვრა»! (ეს სივრცე შეიძლება არ ემთხვეოდეს ფორმალურ სახელმწიფო საზღვრებს (ავტ.) გულისხმობს უსასტიკეს ზომებს კონტრაბანდის წინაღმდეგ და ყოველგვარი პროტექციონიზმის, ყოველგვარი დოტაციის (მათ შორის, ელექტროდოტაციის) გამორიცხვას.
        იმ შემთხვევაში, თუ არსენიშვილს ეყოფა უნარი, პრინციპულობა, გამბედაობა, გააგრძელოს რეფორმა ყველაზე მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ხერხებით – ამასობაში მას «დიდი ნავთობის» სიკეთეც შეეშველება, თუნდაც სამომავლო შემოსავლების გარანტიით აღებული კრედიტების სახით.

7 დღე, 29 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე