რომის პაპმა რუსეთის ამბიციებს წერტილი დაუსვა

რომის პაპმა რუსეთის ამბიციებს წერტილი დაუსვა

      

        რომის პაპის ვიზიტი საქართველოში, საბედნიეროდ, სერიოზული გართულებების გარეშე წარიმართა. ზოგიერთი ცნობით, «მამა ბასილსა» და მის «მძვინვარე მრევლს» ორი დღის განმავლობაში «მოკრძალებულ მანძილზე» დაჰყვებოდა საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მრავალრიცხოვანი რაზმი (რა თქმა უნდა, უიარაღოდ), რომელიც მზად იყო «ჩარეულიყო» თუ ამ «მძვინვარე მრევლის» წარმომადგენლები პონტიფიკისათვის კვერცხების დაშენას შეეცდებოდნენ;
        არ შეიძლება არ ითქვას, რომ საბოლოოდ საპატრიარქომ ხელი არ შეუშალა ამ უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მოვლენას. კათალიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა იყო ერთდროულად რელიგიური გამიჯვნის დადასტურება (რაც ბუნებრივია), მაგრამ, იმავდროულად, იმ მნიშვნელობის აღიარება, რაც საქართველოსთვის ენიჭება ამ ვიზიტს;
        ქართული საზოგადოება კი (ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება), ამ მნიშვნელობას ბოლომდე მაინც ვერ აცნობიერებს - არადა, ჩვენ თვალწინ მოხდა მოვლენა, რომელსაც უდიდესი ზეგავლენა ექნება საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე.
        რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომ «ყველა მართლმადიდებელი, ვინც დაესწრება კათოლიკურ ლოცვას - ჩაიდენს მომაკვდინებელ ცოდვას» - ბოლოს და ბოლოს, ესეც ბუნებრივია, ვინაიდან საპატრიარქოს არ მოუწოდებია ხელისუფალთათვის გამოეყენებინა ძალა და არ დაეშვა ლიტურგიაზე მართლმადიდებლები - მივიდოდა თუ არა, ყოველი ადამიანის გადასაწყვეტი იყო, შესაბამისად მისი მრწამსისა.
        მართლმადიდებელი რომ კათოლიკურ მესას არ უნდა ესწრებოდეს - ეს რელიგიური დოგმაა და მისი დადასტურება (მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხრიდან) სავსებით ბუნებრივია.
        მეორე მხრივ, თვალნათელი იყო, რომ კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი ითვალისწინებდა შექმნილ ვითარებას და არც ერთი სიტყვით არ დაურღვევია (თუ შეიძლება ასე ითქვას) «რელიგიურ საქმეებში ჩაურევლობის» ეთიკური ნორმა.
        ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია პრეზიდენტის დასწრებამ ლიტურგიაზე. ედუარდ შევარდნაძე მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ, რასაკვირველია მასაც ეხებოდა საპატრიარქოს გაფრთხილება, თუმცა, როგორც სახელმწიფო მეთაური, მას უბრალოდ არ ჰქონდა უფლება, ამ ღონისძიებას არ დასწრებოდა (რაც სპეციალურად აღნიშნა კიდეც მიმართვაში იოანე პავლე მეორემ), გარდა ამისა, საეჭვოა ედუარდ შევარდნაძეს ეს ნაბიჯი პატრიარქთან შეუთანხმებლად გადაედგა.
        მისი დასწრება მესაზე გადაწყდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც (როგორც იქნა) შეთანხმდა საპატრიარქოსთან პაპის ვიზიტი და კათალიკოს-პატრიარქმა, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, პონტიფიკი საქართველოში მოიწვია. ამრიგად, ედუარდ შევარდნაძის დასწრება მესაზე (ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობასთან ერთად) საეჭვოა საერო და საეკლესიო ხელისუფლებას შორის განხეთქილების მიზეზი გახდეს.
        რომის პაპის ვიზიტმა საქართველოსა და კავკასიაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული გაფაციცებით ამ მოვლენას აკვირდებოდნენ მოსკოვში, ვინაიდან სამართლიანად ჩათვალეს, რომ პაპის ვიზიტი (სწორედ ამჟამად) პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირდებოდა.
        რუსები ღელავდნენ, რაკი პაპის ვიზიტი აშკარად ზღუდავს რუსეთის აგრესიულ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში - კონკრეტულად, საქართველოს წინააღმდეგ.
        მივაქციოთ ყურადღება - რომის პაპის ვიზიტი თბილისში გაიმართა სწორედ მაშინ, როდესაც (სრული პასუხისმგებლობითა და დარწმუნებით ვაცხადებ) რუსეთი ამზადებდა საჰაერო დარტყმებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე (მინიმუმ, პანკისის ხეობაზე) ჩეჩენი ბოევიკების «საქართველოში შეფარების» საბაბით.
        სწორედ ამიტომ ქმნიდა ისტერიას რუსეთის ტელევიზია, რათა შესაბამისად «შეემზადებინა» საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ აბა ერთი სცადოს ამ აგრესიის განხორციელება ამჟამად, მას შემდეგ, რაც მოხდა.
        რომის პაპის ვიზიტმა შექმნა ახალი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური და შესაბამისად, პოლიტიკური რეალობა, რომლის პირობებშიც, ნებისმიერი ანტიქართული აქცია უეჭველად აღიქმება, როგორც რუსეთის «აგრესიული პასუხი» რომის პაპის დემარშზე; არადა, ეს სწორედ «დემარში» გახლავთ, რომელსაც უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
        კავკასიაში ჩამოსვლით, რომის პაპმა დასავლური სამყაროს ყველაზე მაღალი და ძლევამოსილი დესპანის ფუნქცია შეასრულა და თვალნათლივ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ დასავლეთი არ მისცემს რუსეთს კავკასიელ ხალხთა გვემის უფლებას.
        ეს პოლიტიკური განწყობა ძალიან დიდხანს გასტანს.
        რომის პაპის სახით, დასავლეთმა კავკასიისა და საქართველოს «მფარველობა» იკისრა, რაც სავსებით შეესაბამება თანამედროვე რეალიებს - თითქოსდა, სად რომის პაპის ვიზიტი და სად «სტამბულის სამიტი», ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რუსეთის ბაზები, «ახალი ევროპის ქარტია» და სხვა.
        თუმცა, შემთხვევით ასეთი დონის მოვლენა არ ხდება. რომის პაპი (თავად რომც არ სურდეს) უდიდესი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს სწორედ პოლიტიკური და, თუ გნებავთ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
        რომის პაპი (კარლ ვოიტილა) რომ პოლონელი არ იყოს, იგი ესოდენ რადიკალურ ნაბიჯს დღევანდელ ვითარებაში შესაძლოა არც გადადგამდა, მაგრამ ის პოლონელია და იტალიელზე უკეთ გაიგებდა რუსეთის იმპერიისაგან ახლახან განთავისუფლებული ერის მისწრაფებას.
        რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ვიზიტმა მართლმადიდებელ ქვეყანაში, რომელიც, ამასთანავე, ე.წ. «დსთ»- წევრია, საბოლოოდ დაუსვა წერტილი «მესამე რომის» მისწრაფებებსა და პრეტენზიებს.
        ამით საქართველომ საკადრისი პასუხი გასცა რუსულ ნეოიმპერიალიზმს და გარკვეულწილად, სამაგიერო გადაუხადა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსათვის.
        თუმცა, ეს «პასუხი» სულაც არ გულისხმობს მართლმადიდებლობის უარყოფას. საქართველომ თვალნათლივ დაადასტურა, რომ შეიძლება იყო მართლმადიდებელი ქვეყანა და მხარს უჭერდე დასავლეთს.
        სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თვით ვატიკანისთვისაც.

7 დღე, 10 ნოემბერი, 1999 წელი