შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: ვარდიკო ნადიბაიძის განკითხვის დღე

შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: ვარდიკო ნადიბაიძის განკითხვის დღე

    პრეზიდენტზე თავდასხმის შემდეგ დეპუტატთა რისხვა არა მხოლოდ სამართალდამცველების წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, უნდობლობა გამოუცხადა თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძეს.

    მიხეილ სააკაშვილმა გაიმეორა იგივე არგუმენტაცია, რომელსაც (არცთუ უსაფუძვლოდ) ხშირად მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია: არაქართული და არასახელმწიფოებრივი მენტალიტეტი.
    9 თებერვლის ტერორისტული აქტიდან ორიოდე დღის შემდეგ, როდესაც პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ბლოკირების შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ამ დადგენილებას არ შეასრულებდა. მისი თქმით: «დადგენილება არ არის სათანადოდ გაფორმებული. ხოლო მას პრეზიდენტისაგან რაიმე ბრძანება არ მიუღია». საეჭვოა, ნადიბაიძეს ასეთი ბრძანება შეესრულებინა, რომც მიეღო. ალბათ, სულ მცირე, თანამდებობიდან გადადგებოდა, მაგრამ რუსეთის სამხედრო ბაზების რეალურ ბლოკირებას არ დაუშვებდა.
    როგორც ცნობილია, ნადიბაიძის ვაჟი ამჟამად რუსულ არმიაში მსახურობს, რასაც მამა დიდ ყურადღებას არ აქცევს, ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად არ აღიქვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაც მოხდეს.
    სხვათა შორის, ამგვარი რამ სრულიადაც არ იყო გამორიცხული 10 თებერვალს, როცა ცნობილი გახდა, რომ ტერორისტებს შეიძლებოდა რუსული სამხედრო ბაზიდან დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია.
    ბუნებრივია, ვარდიკო ნადიბაიძე არავითარ ბრძანებას არ შეასრულებდა – მან მთელი ცხოვრება რუსულ ჯარში გაატარა და თუ რაიმეს მიაღწია, სწორედ რუსულ არმიას უნდა უმადლოდეს. მისი თავდაცვის მინისტრობაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც რუსეთი და საქართველო (თუნდაც ფორმალურად) «მოკავშირეებად და მეგობრებად» ითვლებიან.
    რეალური დამოკიდებულების გამჟღავნებისთანავე ნადიბაიძე საკუთარ არმიას დაუბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, იგი არჩევანს საქართველოს არმიის სასარგებლოდ არ გააკეთებს, ვინაიდან თავის დროზე მხოლოდ იმ პირობით დატოვებდა კავკასიაში რუსეთის ჯართა ჯგუფის სარდლის მოადგილის პოსტს, თუ პრეზიდენტი შევარდნაძე მას არ აიძულებდა რუსეთს დაპირისპირებოდა.
    ზოგიერთმა დამკვირვებელმა, შესაძლოა, მეტისმეტად ოპტიმისტურად აღიქვა მისი ამასწინანდელი დემარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტთან დაკავშირებით. მაგრამ ეს, ალბათ, უფრო «უწყებრივი დაპირისპირება» იყო (რაშიც ნადიბაიძე გამობრძმედილი იქნება) და არა მოსკოვთან რეალური კონფრონტაცია.
    მაგრამ თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სახელმწიფოებრივად დაიძაბება, ვარდიკო ნადიბაიძე უმალვე იქცევა სრულიად უსარგებლო ფიგურად. მისთვის რუსეთ-საქართველოს კონფრონტაცია წარმოუდგენელია. ნადიბაიძის მენტალიტეტის თავისებურებები მხოლოდ ერთი შტრიხით ხასიათდება: საქართველოს თავდაცვის მინისტრს კაბინეტში რუსი გენერლის, პეტრე ბაგრატიონის პორტრეტი აქვს ჩამოკიდებული. მაშასადამე, ის ახლაც თვლის თავს რუს ოფიცრად და, კაცმა რომ თქვას, არც ცდება _ რუსი ოფიცერია, რუსულ არმიაში გაიზარდა, რუსულ სახელმწიფოს მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურა. . . . . .
    რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება მისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მიუღებელი და წარმოუდგენელია. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ვარდიკო ნადიბაიძეს არ შეუძლია არმია ააშენოს, შეაიარაღოს, დისციპლინა განამტკიცოს. მაგრამ ნადიბაიძის აშენებული ჯარი იქნება დაახლოებით ისეთივე, როგორიც ბულგარეთის არმია იყო საბჭოთა პერიოდში, როდესაც იგი «მოძმე შეიარაღებულ ძალად» ითვლებოდა საბჭოთა არმადისათვის.
    მიუხედავად ამისა, საეჭვოა, ჯერჯერობით პრეზიდენტმა ნადიბაიძე მოიშოროს. ეს ფიგურა მას ჯერ კიდევ სჭირდება პოლიტიკური ბალანსირების ტაქტიკის გასაგრძელებლად და გასაძლიერებლად. ასე რომ, 9 თებერვლის მიუხედავად, შევარდნაძე ამ ტაქტიკას არ უღალატებს და მამა-შვილიც კვლავინდებურად სხვადასხვა არმიებში დარჩება.

მერიდიანი, 20 თებერვალი, 1998 წ.