რობერტ კოჩარიანი ღელავს – სომხეთთან ერთად

რობერტ კოჩარიანი ღელავს – სომხეთთან ერთად

        საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი. ბუნებრივია, საქართველოსათვის ეს ვიზიტი ბალანსირების პოლიტიკის განვითარებაა – ჰეიდარ ალიევის «ტრიუმფალური» ვიზიტის შემდეგ აუცილებელი იყო სომხეთის ლიდერის ვიზიტით ამ ტრიუმფის «დაბალანსება».
        საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ბალანსირებას არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდაპოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თუ შევარდნაძის პოლიტიკა მეტისმეტად გადაიხრება აზერბაიჯანისაკენ, მაშინ ქართული საზოგადოების ერთი, საკმაოდ გავლენიანი ნაწილი უეჭველად, იტყვის: წარმოგიდგენიათ, შევარდნაძემ ერთმორწმუნე სომხეთს უმტრო და თურქებს «ჩაეხუტა», მაშინ, როდესაც სომხები ჩვენი ისტორიული ძმები არიანო».
        ხოლო თუ პრეზიდენტი, პირიქით, სომხეთს დაუახლოვდება, მაშინ იგივე ხალხი (იგივე ხალხი!!!) აუცილებლად იტყვის: წარმოგიდგენიათ, შევარდნაძემ სომხების გულისათვის აზერბაიჯანი გაანაწყენა, რომლის ინტერესები ჩვენსას ობიექტურად ემთხვევაო.
        ასეთია ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი, რაც ზვიად გამსახურდიამ არ გაითვალისწინა და იმიტომაც დაამხეს მის ხელისუფლება.
        სხვაგვარი პოლიტიკის გატარება საქართველოში შეუძლებელია. ეს, სხვათა შორის, ძალიან დიდი ნაკლია, ვინაიდან ქვეყანას არ ეძლევა საშუალება, გაატაროს კონცენტრირებული პოლიტიკა და უფრო ქმედითად დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები – აბა, სომხეთის ან აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებზე რატომ უნდა ზრუნავდეს?
        რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტს – მას ამგვარი რამ არასოდეს შეეშლება. საქართველოში ჩამოსვლა სწორედ მან დაიჟინა, ვინაიდან ქვეყანა ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოქტომბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ, როდესაც «დაშნაკცუტუნის» ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი შიგ «უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში» ჩაცხრილეს.
        რა თქმა უნდა, ეს დივერსია რუსეთის სპეცსამსახურთა პროვოცირებული იყო, ვინაიდან მოსკოვში დიდი შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს სომხეთის ბოლოდროინდელ «დრეიფს» ნატოსა და დასავლეთისაკენ. ამ «დრეიფის» შინაგანი მიზეზი გასაგებია: სომხეთი ერთა თვითგამორკვევას უჭერს მხარს (რათა ყარაბაღი დაისაკუთროს) და აღფრთოვანებით შეხვდა ნატოს აქციას იუგოსლავიის წინააღმდეგ.
        სწორედ ამიტომ მიიღო გასული წლის აპრილში რობერტ კოჩარიანმა მონაწილეობა ნატოს სამიტში, რამაც მოსკოვი გააღიზიანა. ოქტომბრის დივერსიის შემდეგ კი, სომეხი პრეზიდენტი, რომელსაც თავი ტრიუმფატორი ეგონა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, იგი ხედავს, რომ სომხეთი თანდათანობით (განუხრელად) ექცევა სრულ რეგიონალურ იზოლაციაში, ამიტომ ბლოკადის გასარღვევად სრულებითაც არ არის წინააღმდეგი, მიიღოს დასავლეთის მიერ შემოთავაზებული კომპრომისი ყარაბაღის საკითხში (რისთვისაც კოჩარიანმა წინამორბედი პეტროსიანი გააძევა ხელისუფლებიდან), მაგრამ ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ, სომეხი ნაციონალისტები, რომლებიც ყოველგვარი კომპრომისის წინააღმდეგნი არიან, უეჭველად, დაადანაშაულებენ სომეხ პრეზიდენტს: კარენ დემირჭიანი და ვაზგენ სარქისიანი თვითონ დახოცა, რათა მათ ყარაბაღის გაყიდვაში ხელი არ შეეშალათ.
        ეს დაახლოებით იგივე მენტალიტეტია, რაც ზოგადად ახასიათებთ ჩლუნგ პოლიტიკურ რადიკალებს ყველგან – მათ შორის, ჩვენი მოძრაობის ბევრ ლიდერსაც.
        მაგრამ ამ მენტალიტეტს საოცრად გადამდები თვისება აქვს და სულ მალე იქცევა მძვინვარე მასობრივ ფანატიზმად: ძირს კოჩარიანი, რომელმაც ყარაბაღი გაყიდა, ძირს... და ა.შ. მაგრამ თუ კოჩარიანი გადადგება, მასაც ხომ ჰყავს მომხრეები – კოჩარიანი ყარაბაღის პირველი პრეზიდენტი იყო და, კაცმა რომ თქვას, იმავე ყარაბაღის ომის გმირის ვაზგენ სარქისიანისა (სომხეთის თავდაცვის მინისტრ) და სომხეთის კომპარტიის ყოფილი პირველი მდივნის, კარენ დემირჭიანის მკვლელობაში წვლილი არ მიუძღვის.
        ეს უკანასკნელები ჭკვიანი სომხები იყვნენ და, უეჭველად, დაუჭერდნენ მხარს კომპრომისს ყარაბაღის საკითხში, თუ ამას სომხეთის იზოლაციიდან გამოსვლა და ყარაბაღის ფაქტობრივი (არა იურიდიული), ან თუნდაც ნაწილობრივი დამოუკიდებლობა მოჰყვებოდა.
        მაგრამ ამას, აბა, ახლა უკვე ვინღა დაიჯერებს? სწორედ ეს იყო კრემლის მზაკვრული ჩანაფიქრი – პარლამენტში ტერორისტული აქტის პროვოცირებით მან კოჩარიანს მოუსპო პოლიტიკური მანევრის სივრცე და ცდილობს იგი მთლიანად მოსკოვზე დამოკიდებულ მარიონეტად აქციოს, მაგრამ კოჩარიანს ეს არ სურს.
        ყველაზე მეტად სომხებს იმის ეშინიათ, რომ თუ ისინი ერთმნიშვნელოვნად რუსეთზე იქნებიან დამოკიდებულნი, ბოლოს და ბოლოს, მოსკოვმა შეიძლება შეიმუშავოს ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის ისეთი გეგმა, რაც უფრო მეტად დააკმაყოფილებს აზერბაიჯანს (აზერბაიჯანი ხომ გეოპოლიტიკურად მისთვის განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია), ვიდრე სომხეთს.
        ამიტომ დღეს კოჩარიანი გააფთრებით ცდილობს გამოძვრეს იმ პოლიტიკური მახიდან, რომელიც მას რუსებმა დაუგეს. მისი ერთადერთი იმედი და გამოსავალი ისევ და ისევ საქართველოა. სწორედ ამიტომ ჩამოდის თბილისში ზუსტად ალიევის ვიზიტის შემდეგ.
        შექმნილი პოლიტიკური კონფიგურაცია საქართველოსათვის უაღრესად ხელსაყრელია. ჯერ ერთი, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება სომხეთის გამოთიშვა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური თამაშებიდან, მით უმეტეს, სომხეთის დამარცხება და განადგურება.
        სომხეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოს დამატებით კოზირებსა და ბერკეტებს აძლევს საკუთარი ინტერესების დასაცავად, რათა ჩვენს ისტორიულ მეგობარ თურქებს არაფერი შეეშალოთ და მეტისმეტი არ მოინდომონ.
        ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, თუ რუსეთი შეწყვეტს საქართველოსათვის (პოლიტიკური მოტივებით) ელექტროენერგიის მოწოდებას – 200, 300 მეგავატი სომხეთის ატომური ელექტროსადგურიდან ყოველთვის შეიძლება მივიღოთ.
        გარდა ამისა, სომხური ლობი დასავლეთში საქართველოსაც დაეხმარება (რა თქმა უნდა არა ჩვენი სიყვარულით, არამედ პრაგმატული მოსაზრებებით), ხოლო სომხეთის პრეზიდენტის მხარდაჭერით ახალქალაქის რუსულ-სომხური დივიზია უმტკივნეულოდ შეიძლება გავიყვანოთ ჩვენი ქვეყნიდან, - ეს პრობლემა კი, უახლოეს 2-3 წელიწადში მეტად აქტუალური იქნება.

მერიდიანი, 27 მარტი, 2000 წელი