იგორ გიორგაძე - «გენია» თუ მორიგი მსხვერპლი?

იგორ გიორგაძე - «გენია» თუ მორიგი მსხვერპლი?

 

    საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე იგორ გიორგაძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამას რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ამ მოღვაწის «შეჭრა» პოლიტიკური ელიტაში საკმაოდ უცნაურ გარემოებებთანაა დაკავშირებული: ყველას კარგად ახსოვს, როგორ იქმნებოდა «უშიშროების სამინისტრო» («საინფორმაციო-სადაზვერვო ბიუროს» ნაცვლად) და რამდენად მოულოდნელი იყო შევარდნაძის გადაწყვეტილება - შეეცვალა თავდაპირველი ბრძანებულება ამ უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ავთანდილ იოსელიანის დანიშვნის შესახებ.
    იგორ გიორგაძე (საპარლამენტო ოპოზიციის მტკიცებით) «მოსკოვიდან ბრძანებით» დაინიშნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელად. ამას მოჰყვა იდუმალებით მოსილი სტატიები რუსულ პრესაში და არანაკლებ მოულოდნელი ტელესიუჟეტები, რომელთა ავტორები პირდაპირ და სრული დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ იგორ გიორგაძე ედუარდ შევარდნაძის ალტერნატივად აღიქმება და რომ იგი მისი მემკვიდრე გახდება.
    გავიხსენოთ ისიც, თუ რაოდენ ოსტატურად ახერხებდა გიორგაძე ლავირებას სახელმწიფოს მეთაურსა და პარლამენტს შორის; თავდაპირველად სწორედ იგორ გიორგაძის დაჟინებული მოთხოვნით იქნა მიღებული გადაწყვეტილება უშიშროების სამსახურის პარლამენტისადმი დაქვემდებარების თაობაზე.
    ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ ყოფილი კგბ-ს შეფს საკანონმდებლო ორგანოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებით სურდა მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში.
    გიორგაძის «ფასი და წონა» ედუარდ შევარდნაძის თვალში მართლაც მით უფრო მეტი იყო, რაც უფრო კარგი ურთიერთობები მყარდებოდა მასსა და ოპოზიციონერ მოღვაწეთა შორის. იგორ გიორგაძე დემონსტრაციულად ესწრებოდა ღონისძიებებს, რომლებიც პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით იმართებოდა (განსხვავებით სხვა ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელებისაგან) რითაც ხაზს უსვამდა თავის დამოუკიდებლობასა და განსაკუთრებულ ადგილს სახელისუფლებო დისპოზიციაში.
    თუმცა, ვიმეორებ, ზოგიერთი ოპოზიციონერი მოღვაწის გულუბრყვილო აღფრთოვანება გიორგაძის ამგვარი მოქმედებით უფრო «ხბოს აღტაცება» იყო - ვინაიდან გიორგაძე ამ გზით სწორედ სახელმწიფოს მეთაურის თვალში თავისი ავტორიტეტისა და გავლენის ზრდას ესწრაფოდა და არა ოპოზიციასთან რეალურ თანამშრომლობას.
    ედუარდ შევარდნაძისთვის ეს მდგომარეობა თითქოს კატეგორიულად მიუღებელი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ამჟამად მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ხელისუფლების ორი შტოს რეალური გავლენის კონსტრუირებისათვის, ხოლო უშიშრობის მინისტრის ორაზროვანი პოზიცია, შესაძლოა, ძალზე «მძიმე» პრეცედენტი გამხდარიყო სხვა ძალისმიერი სტრუქტურებისათვის, რომელთა მყარი და უეჭველი ფლობის გარეშე აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუჭირდება ქვეყანაში სიტუაციის გაკონტროლება.
    მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ამ იდუმალებით მოსილმა მკვლელობამ უდიდესი დარტყმა მიაყენა პოლიტიკური თვალსაზრისით (რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე), გადაწყვიტა უმთავრესი საპასუხო დარტყმა სწორედ იგორ გიორგაძის წინააღმდეგ მიემართა.
    რაკი პირდაპირ გალაშქრებას სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ეროვნულ-დემოკრატები (ისინი არასოდეს კარგავენ საღ აზრს) პოლიტიკურად წამგებიანად თვლიდნენ, მათ უშიშროების შეფი მიზანში ამოიღეს, რადგან ეს მათთვის (გარკვეული თვალსაზრისით) შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა იყო.
    ზუსტად იმავე მოტივაციით მოქმედებს აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძეც - იგი უკმაყოფილოა შევარდნაძის პოლიტიკით აჭარის მიმართ (განსაკუთრებით, სახელმწიფოს მეთაურის პოზიციით აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებათა საკითხში), მაგრამ რაკი ღიად, აშკარად არ სურს შევარდნაძისთვის პოლიტიკური «ომის» გამოცხადება - მიზნად მანაც ეროვნულ-დემოკრატების მიერ იგორ გიორგაძის სახით შექმნილი «მტრის ხატი» აირჩია.
    ამრიგად, იგორ გიორგაძე საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა - იგი ნამდვილად ცდილობდა განსაკუთრებული ადგილის მოპოვებას შევარდნაძის სახელისუფლო ელიტაში, ასე ვთქვათ, «შევარდნაძის მზის ქვეშ», თითქოს მიზანსაც მიაღწია, მაგრამ რეალურ შედეგად, ამიერიდან იძულებული იქნება ძალაუნებურად შეასრულოს ერთგვარი «მეხთამრიდის» ფუნქცია და თავის თავზე მიიღოს შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული ყველა დარტყმა.
    იმთავითვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს დისპოზიცია უაღრესად ხელსაყრელი და მომგებიანია თვით შევარდნაძისათვის - არ არის გამორიცხული, რომ იგი თავად უწყობდა ხელს «გიორგაძის ძალაუფლების განმტკიცების» ილუზიის შექმნას, რათა შემდგომ ეს «პოლიტიკური ფარი» და «მეხთამრიდი» საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ამისათვის აუცილებელი «არაფორმალური პოლიტიკის» საწარმოებლად გამოეყენებინა.

«მიმომხილველი», 12 მაისი, 1995 წელი.