პარლამენტში კორპორაციული სულისკვეთება იმარჯვებს

        საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ნიკო ლეკიშვილის წინადადებამ დეპუტატთა რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ წრეებში დიდი ალიაქოთი გამოიწვია:
        პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთხმად ალაპარაკდნენ «კონსტიტუციის შეცვლაზე», ვინაიდან კონსტიტუციური ცვლილების (თანაც, საკმაოდ ღრმა ცვლილების) გარეშე დეპუტატთა რიცხვის შემცირება ვერ მოხერხდება.
        არ არის გამორიცხული, ამ გზით «მოქალაქეთა კავშირის» იმ გუნდს, რომელსაც კონსტიტუციის შეცვლა უკვე აუცილებლად მიაჩნია, საწადელის მიღწევა სურდეს – რაკი არ გამოვიდა «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნება უშუალო მოთხოვნით, შეიძლება იგივე მოხდეს შემოვლითი გზით: დეპუტატთა რიცხვის შემცირებით, რაც მაინც საჭიროებს კონსტიტუციურ ცვლილებას.
        როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ამ დაჯგუფებამ ბოლოდროინდელი დისკუსიების შედეგად აზრი იოტისოდენად არ შეიცვალა – იგი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ სხვა გამოსავალი, გარდა «მინისტრთა კაბინეტის» ინსტიტუტის შემოღებისა, არ არსებობს. ]
        თუმცა, არც მეორე ჯგუფს შეუცვლია პოზიცია – მასაც ურყევად მიაჩნია, რომ კონსტიტუციის «ჭრა-კერვამ», რაოდენ კეთილშობილური მოტივაციითაც არ უნდა იყოს განპირობებული, შეიძლება ქვეყანა ახალ დესტაბილიზაციამდე და სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.
        ამ ორი დაჯგუფების დაპირისპირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის პოზიციას. ედუარდ შევარდნაძე კი არასოდეს დაუჭერს მხარს კონსტიტუციის «ჭრა-კერვას», რითაც არ უნდა იყოს ეს მოტივირებული.
        პრეზიდენტს ამჟამად «თამაშის წესთა» შეცვლა ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია. ეს მან არაერთგზის თქვა კიდეც. არ არსებობს გარემოება, რამაც შეიძლება მას განწყობა და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს წლებში მაინც.
        ბევრმა მიაქცია ყურადღება შევარდნაძის მრავალმნიშვნელოვან განცხადებებს კონსტიტუციის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე. პრეზიდენტის თქმით, «დაუშვებელია ქვეყნის ძირითადი კანონის ცვლილებებით გატაცება», ვინაიდან იგი ჯერ უნდა «შეისისხლხორცოს» საზოგადოებამ. მიუხედავად ამისა, «ჭრა-კერვის» საშიშროება ამ კონსტიტუციას მაინც ემუქრება, ვინაიდან ქვეყანაში არსებული პრობლემები ნამდვილად ქმნის მათი «კონსტიტუციური ცვლილებით» გადაწყვეტის ცდუნებას.
        კიდევ ერთი მექანიზმი ამ ტრანსფორმაციის განხორციელებისა შეიძლება გახდეს «სიმბოლიკის საკითხი», - გამორიცხული არ არის, ახალი სიმბოლიკის (დროშის, ჰიმნისა და გერბის) მომხრეებმა მოითხოვონ სიახლის დაფიქსირება კონსტიტუციაში (არადა, დროშის შეცვლა უკვე გარდაუვალი ხდება), რათა ამით მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნან.
        რაც შეეხება «საპარლამენტო რეფორმას», საეჭვოა, დღეს ამ წამოწყებამ წარმატება მოუტანოს ინიციატორებს, ვინაიდან საამისოდ, თვით პარლამენტის შემადგენლობა მზად არ არის. ამჟამინდელ საკანონმდებლო ორგანოში ძალთა რეალური განლაგების გათვალისწინებით, ნიკო ლეკიშვილის წინადადება უმრავლესობას ნამდვილად ვერ მოაგროვებს.
        თუმცა, ხსენებულ წინადადებას (განურჩევლად იმისა, სურს თუ არა ეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს) სხვა მხარეც აქვს: შესაძლებელია, სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყოს საპარლამენტო კონსოლიდაციის პროცესი, ანუ პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა გააცნობიერონ, რომ ისინი შეადგენენ ერთ «საერთო» კორპორაციას და საერთო ინტერესები აქვთ. ამისთვის საკმარისი იქნება ისევ და ისევ «საკონსტიტუციო სივრცის» დესტაბილიზაცია ან (და) ძლიერი არასაპარლამენტო პარტიის ჩამოყალიბება. მაგალითად, უკვე აქტიურად საუბრობენ «შაშიაშვილი-ლორთქიფანიძის» პარტიაზე, რომელიც მმართველი პარტიის კონკურენტად აღიქმება. მაგრამ, ვინაიდან ახალი ოპოზიციური პარტია ძირითადად პროტესტულ ელექტორატს» დაეყრდნობა, იგი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონკურენტიც გახდება. ეს «კორპორაციული საფრთხე» დღევანდელ პარლამენტს კიდევ უფრო შეაკავშირებს, რადგან პოზიციათა დათმობა და «ჩაჩოჩება» არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ უმცირესობასაც არ ეპიტნავება.
        ზემოხსენებული წინადადებით, ნიკო ლეკიშვილმა, უბრალოდ, დაადასტურა, რომ რჩება მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთ ლიდერად და «არავის არაფერი შეეშალოს». მას აქტიურად დაუჭირა მხარი თვით პრეზიდენტმა, რომლის თქმით, «ლეკიშვილი პარტიაში ძალზე სასარგებლო საქმეს აკეთებს». ამრიგად, ნიკო ლეკიშვილი გაძლიერებული დაუბრუნდა თავის პოსტს. თუმცა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შევარდნაძემ და ჟვანიამ მას უმთავრეს პირობად (რომელიც მან უმალვე მიიღო) წაუყენეს წესრიგის დამყარება «გადამხდელთა კავშირის» ხაზით და «მოქალაქეთა» სიით არჩეულ საპარლამენტო ჯგუფში.
        ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა კიდეც: «მოქალაქეთა კავშირი» გადაწყვეტილებებს იღებს ფართო დისკუსიის შედეგად, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიღებულია, მას ყველა უნდა დაემორჩილოს – წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლია დატოვოს პარტია». ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ იგულისხმებიან ფიგურები, ვინც კვლავინდებურად მოითხოვს «კონსტიტუციურ ცვლილებებს» და «მინისტრთა კაბინეტის» შემოღებას, მაგრამ ამ იდეამ (ისევ და ისევ პრეზიდენტის კატეგორიული პოზიციის გამო) მმართველი პარტიის ელიტაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
        მთელი ეს ისტორია, უეჭველად მეტყველებს, რომ მოქალაქეთა კავშირის დაშლა მაინც უფრო თეორიულ შესაძლებლობად რჩება, ვიდრე რეალობად, არც ერთი გავლენიანი ძალა ამ პარტიაში «გამიჯვნა-დაშლით» ამჟამად დაინტერესებული არ არის, ვინაიდან შესანიშნავად ესმით, რომ ყველა წააგებს: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისთანავე, უეჭველად შეიქმნება «ძლიერი გარესაპარლამენტო ოპოზიციური პარტია», რომელიც შეძლებს გაემიჯნოს როგორც «აღორძინებას», ასევე «მოქალაქეთა კავშირს», მაგრამ შეინარჩუნოს ერთგვარი «სუბორდინაციული ურთიერთობა» პრეზიდენტთან.
        თუ მანამდე მოქალაქეთა კავშირის ორი ძირითადი ფრთა კონსენსუსს ვერ გამონახავს, ორივე ერთად წააგებს - «ახალ ძალასთან» კი ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს საერთო ენის გამონახვას.

მერიდიანი, 30 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე