აქცია რუსთაველზე: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე არა ვარ ევროპელი!“

აქცია რუსთაველზე: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე არა ვარ ევროპელი!“

    1999 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასსამბლეაში წარმოთქმული ეს პრეტენზიული ფრაზა ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვხვდება ცხვირში, როდესაც საქართველოსა და ევროპას შორის აშკარად გამოვლენილ ღირებულებით და მენტალურ კონფლიქტს შვეჩეხებით. ამ ფრაზის ავტორი რომ ნამდვილად ევროპელი იყო ორივე თვალსაზრისით, - იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ აი, რაც შეეხება ქვეყანასა და ქართულ საზოგადოებას . . . . 17 მაისის აქციამ, - როდესაც ათიათასობით გამვინვარებული „მმაჩო“, მამაეობის წინამძღვრობით და ტაბურეტებით ხელში (ძალიან მნიშვნელოვანი „რეჟისორული მიგნება“ გამოდგა) ათიოდე „გოგოშკას“ დასდევდა ჩასაქოლად, - მთელი მსოფლიოს თვალწინ დაადასტურა, რომ არანაირი ევროპა ჩვენ არა ვართ და ამ მატრაკვეცობას ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა ვანებოთ!
    ევროპა პირველ რიგში მენტალობაა. ღირებულებები ამ მენტალობიდან ამოიზრდება, რომლებიც, თავის მხრივ შემდგომ ქმნიან სოციალურ და სახელმწიფოებრივ სისტემებს. ასეთი საფუძვლის გარეშე პირდაპირ ამ სისტემების მშენებლობა კი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაიზრდებოდა მარაზმში და გადაიზარდა კიდეც.
    გულისამაჩუყებელი კონტრასტია პარიზის კადრებთან, სადაც ასეულობით ათასმა ადამიანმა ერთსქესიანი ქორწინებები გააპროტესტა: გამოვიდნენ მშვიდად, წყნარად, საკუთარი ღირსებისა და ზნეობრივი ძალის შეგნებით, ბავშვებთან ერთად და ბავშვური ნახატებით ხელში: „დედა, მამა და მე“. იქვე იმართებოდა ლგბტ აქცია და არაფერიც არ მომხდარა. იმიტომ, რომ თანამედროვე ევროპული მენტალობა, - რომელიც დაახლოებით თომა აქვინელის ეპოქიდან - დღემდე, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, - ღირებულებით სირცეთა გამიჯვნას, პრივატული სივრცის შემოზღუდულობას გულისხმობს. ამ სივრცეთა გადაკვეთა (მით უმეტეს კონფლიქტური შეჯახება) არ ხდება არსად, გარდა სამოქალაქო სისტემებისა, რომელთაც სულ არ აინტერესებთ ადამიანის კანის ფერი ან სექსუალური ორიენტაცია. აგრესია კი იწყება მაშინ, როცა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ქვეცნობიერად გრძნობს საკუთარ სისუსტეს, ხოლო მის მიერ მანიფესტირებული ღირებულებები მხოლოდ ფსიქოლოგიურად კომფორტული „პოზაა“ და არა ჭეშმარიტად თავისუფალი და შეგნებული არჩევანი.
    ისე, რა ამის პასუხია და შეუძლებელია არ გაგახსენდეს ნიშანდობლივი ეპიზოდი სემ მენდესის საინტერესო ფილმიდან „ამერიკული სილამაზე“, როდესაც ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლი თავად ფარული გეი აღმოჩნდება. შეიძლებოდა უადგილოდ ან მხატვრულ ჰიპერბილიზებად ჩაგვეთვალა, ფსიქოლოგებს ქვეცნობიერი სუბლიმაციის კარგად შესწავლილ გამოვლინებად რომ არ მიჩანდეთ და აგერ, სულ რამდენიმე დღის წინ რომ არ გვქონოდა თვალსაჩინო მაგალითი: ფარული ვიდეო-ჩანაწერისა და მისი „მთავარი გმირის“ სახით, რომელიც, როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი ჰომოფობიური ორგანიზაციის აქტივისტი იყო.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგრამ ყველაზე საინტერესო, 17 მაისის მოვლენებში, მაინც საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილში მიმდინარე რეფლექსიაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი, ვინც „არა პურითა ოდენ“ აშკარა კოგნიტიურ დისონანსს განიცდის და ღირებულებითი კონფქლიქტისაგან თავის დასაძვრენ მექანიზმებს ეძებს. ეს მექანიზმები და შესაბამისი არგუმენტები, როგორც წესი, ოქსიუმორონული ხასიათისაა. როგორც ვთქვათ „ხის რკინა“.
    სწორედ ამგვარი გაიძვერობის კლასიკური მაგალითია არაერთგზის გაჟღერებული თეზისი: „ქრისტე სიყვარულს ქადაგებდა, როგორ შეილება ქრისტიანმა ჰომოსექსუალები დაარბიოს, ეს ხომ არაქრისტიანულია?!!!“. ამ პირწავარდნილი დემაგოგიის ავტორები, (ერთროულად „მწვადიც რომ უყვართ და შამფურიც“), ცდილობენ საკუთარ ცნობიერებაში შეარიგონ შეურიგებელი. არადა, სინამდვილეში, ნურას უკაცრავად: ქრისტიანული მსოფლხედვის ერთ-ერთი საფუძველი ცოდვისადმი შეუწყნარებლობაა: „რწმენა საქმის გარეშე მკვდარია““, „მხილება ღვთისმიერი საქმეა!“. მართლმორწმუნე ქრისტიანს მუდამ ახსოვს ბიბლიური ამბავი, რომ უფალმა სოდომი მას შემდეგ გაანადგურა რაც იქ ერთი არასოდომიტიც ვერ იპოვა, ვინც ღიად და აქტიურად გაილაშქრებდა გაუგონარი ღთისგმობის წინააღმდეგ.
    ევროპულმა ცივილიზაციამ, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპიქიდან შექმნა სამოქალაქო სივრცე, რომელიც მკვეთრად გაიმიჯნა რელიგიურ ღირებულებათა სივრციდან. თორემ, ეკლესია თუ სახელმწიფოსგან არ გაიმიჯნებოდა, გრევის მოედანზე კოცონები დღემდე იგიზგიზებდნენ. ხოლო ფაშისტი მუსოლინის მიერ ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატი, ჩვენში გადმოიღეს და გაიგეს, არა როგორც ამ სივრცეთა საბოლოო გამიჯვნა, არამედ პირიქით, მათი გაერთიანება. შედეგიც თვალსაჩინოა და ეკლესია ამაში ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე: არაფერია იმაზე ლოგიკური და ბუნებრივი, ეკლესიამ (თუ გაუვა!), საბოლოოდ, ადიულტერისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ცოდვილთა დაწვა მოითხოვოს და ბოლოს თვით ფეხბურთიც აკრძალოს. ამ ბუნებრივი ინტენციისთვის წინააღმდეგობის გაწევას მყარი სამოქალაქო ღირებულებების მქონე საზოგადოება და შესაბამისი კულტურა სჭირდება. სწორედაც ევროპული კულტურა, რომლის ერთ-ეთი საყრდენი უმცირესობის თვითგამოხატვის უფლება და ამ უფლებისადმი ტოლერანტობაა. „სახლში გააკეთონ, ქუჩაში რატომ დემონსტრირებენო“. ისევ და ისევ ნურას უკაცრავად: თუ ევროპელობა გვინდა, ევროპული კულტურის თვალსაზრისით, თვითგამოხატვა საკუთარი იდენტობისა და საზოგადოებაში თანასწორუფლებიანად თვითდამკვიდრების აუცილებელი ატრიბუტია: „მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი; უნდა მიმიღოთ ასეთად და არ ცდილობდეთ გადამაკეთოთ!“
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ღირებულებითი კონფლიქტისაგან თავის დაძვრენის მეორე ნიმუშია თეზისი: „ევროკავშირი და ნატო კი გვინდა, როგორ არ გვინდა, მაგრამ „გეი-პარადს არ დავუშვებთ!“. როგორ გეკადრებათ, ასე არ გამოვა: სექსიზმი, მასთან დაკავშირებული პრობლემები, გენდერული თანასწორობა და ლგბტ შემწყნარებლობა ამა თუ იმ საზოგადოების „მენტალური ევროპელობის“ განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი სიმპტომია: ბევრად უფრო ზუსტი და არსებითი, ვიდრე ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა კერძო საკუთრების დაცულობა, არჩევნების სამართლიანობა, ხელისუფლებათა ცვალებადობა, ციხეებში არსებული ვითარება და ა.შ. ევროპელებისთვის ეს არის სიმპტომი, რომელიც ზუსტად აჩვენებს, სინამდვილეში(!) რამდენად ევროპულია საზოგადოება, რომელსაც გარეგნულად, ყველა სხვა თვალსაზრისით (კომფორტით, ცხოვრების დონით, ინფრასტრუქტურით, მშპ-ს ზრდის ტემპით და ა.შ) ევროპულისგან თითქოს ვერც გაარჩევ. ამ თვალსაზრისით, სულაც არ არის აუცილებელი ლგბტ-ს არბევდნენ. თურქეთში მათ დიდი ხანია აღარ არბევენ, მაგრამ იმ საზოგადოებაში არსებული აგრესია ევროპელებს არ გამოეპარებათ. ამიტომ თურქეთი 1967 წლიდან უშედეგოდ ცდილობს ევროკავშირში შესვლას; ხოლო გუშინ, ისტორიაში პირველად, ლამის „ისტორიული შემთხვევით“ წარმოქმნილი ესტონური სახელმწიფო უკვე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია. „ევროკავშირი მინდა, მაგრამ გეი-პარადები არა“ - სრული აბსურდია. ამ სიმპტომით ევროპელები ხვდებიან, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია (ისევე როგორც თურქეთის შემთხვევაში) ინტეგრაციული და არა ღირებულებითი ხასიათისაა!
    ეს არც ცუდია, არც კარგი. უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა: ჩვენ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. არც კარგები და არც ცუდები. ხოლო საუკუნოვანი ევოლუციის ხელოვნურად დაჩქარების (უფრო ზუსტად განვითარების სხვა კიბეზე გადახტომის მცდელობა), რასაც „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა, დამთავრდა იმით, რითაც უნდა დამთავრებულიყო: ცოცხებით და თავის გასახეთქად მომარჯვებული „ტიპიკონური ტაბურეტებით“.

2013