სერ ედუარდ შევარდნაძეს დიდი ბრიტანეთი არგუმენტებს მატებს

სერ ედუარდ შევარდნაძეს დიდი ბრიტანეთი არგუმენტებს მატებს

        ლონდონში მოკლევადიანი ვიზიტიც კი არწმუნებს ადამიანს, რომ «პლანეტარული იმპერიის» დედაქალაქში ჩავიდა. დიდი ბრიტანეთის იმპერია ვიქტორიანულ ეპოქაში (XIX საუკუნე) უდიდესი იყო კაცობრიობის ისტორიაში: ლონდონიდან - ახალ ზელანდიამდე, ჩრდილოეთ ამერიკის კუნძულებიდან – ინდოეთამდე. ამ ქალაქში ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა «დიადი ეპოქის» სუნთქვა, თუმცა პარიზზე ლამაზი იგი ნამდვილად არ არის.
        რაც შეეხება «იმპერიას», არა ძველი გაგებით, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ლონდონი კვლავ რჩება ანგლოსაქსური სამყაროს სიმბოლურ ცენტრად. ამას ამერიკელებიც კი აღიარებენ - მათ, ემიგრანტების შთამომავალთ, რომელთა წინაპრები ბრიტანეთის მონარქის ძეგლს ამხობდნენ ჩიკაგოში, ბობოქარი XVIII საუკუნის მიწურულს კიდევ უფრო სათუთ და «ღრმადმიძინებულ» გენებში აქვთ გამჯდარი ბრიტანეთის ტახტრისა და ამ ტახტრის მყრობელისადმი პატივისცემა. ბრიტანეთის დედოფალზე აუგს ამერიკელებს კი არა, ირლანდიელებსაც ვერ წამოაცდენინებ, რომლებიც ინგლისელებს (პროტესტანტებს) ეომებიან ოლსტერსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
        დიდი ბრიტანეთის დედოფლის წარჩინება ყველაზე ღირებულად ითვლება დასავლურ სამყაროში. შეიძლება მიიღო ამერიკის ჯილდო, ან რესპუბლიკური საფრანგეთის, ან რომელიმე პრესტიჟულიო პრემია (ნობელის ან ონასისის), მაგრამ დიდი ბრიტანეთის დედოფალი რომ დაგაჯილდოვებს - «მაინც სხვა არის»
        ელისაბედ II-მ ედუარდ შევარდნაძეს წმინდა გიორგისა და მიხეილის ორდენი მიანიჭა. ეს არის გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი ჯილდო, რომელიც კი შეიძლება დედოფალმა უცხოელს მიაკუთვნოს. რასაკვირველია, დაუნინგ სტრიტიდან (პრემიერის რეზიდენციიდან) ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დედოფალს ვერავინ გაუბედავდა «ერჩია» საქართველოს პრეზიდენტის დაჯილდოება.
        ასეთი რამ ინგლისში გამორიცხულია – დედოფალი იმიტომ არის მონარქი, რომ, მართალია, პარლამენტის პირველ სხდომაზე ყოველ წელს პრემიერის მიერ მისთვის დაწერილ სიტყვას კითხულობს (ამ დროს უმაქნისი ლორდები სხედან, ხოლო პრემიერ-მინისტრი ფეხზე დგას - დედოფლის თანდასწრებით დაჯდომას როგორ გაბედავს!), მაგრამ რაც შეეხება დაჯილდოებას - ეს ნურას უკაცრავად! ასეთი წარჩინება მთლიანად დედოფლის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილებას იგი მხოლოდ პირადად იღებს. ამიტომ ძალზე ნიშანდობლივია, რომ წმინდა გიორგისა და მიხეილის ორდენით ელისაბედ II-მ ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერებიდან მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე დააჯილდოვა - არც რუსეთის, არც უკრაინის, არც ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტს ასეთი ღირსება წილად არ რგებიათ.
        არა მგონია, ეს ფაქტი საქართველოსათვის «სამარცხვინო» იყოს - ალბათ, უფრო, პირიქით, «წმინდა გიორგის ორდენთან ერთად, ედუარდ შევარდნაძეს ავტომატურად მიენიჭა ტიტული «სერ».
        საკუთრივ ორდენთან დაკავშირებით კი, ცოტა არ იყოს, სასაცილო რამ მოხდა, რაც მხოლოდ დიდ ბრიტანეთში შეიძლება მომხდარიყო - ორდენის მფლობელმა, 87 წლის «ლორდმა» ბუკინგემის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე სადღაც «მიაჩერჩეტა» სპეციალური სეიფის გასაღები, სადაც ორდენები ინახებოდა. შევარდნაძესთან შეხვედრისას, შიშით გაფითრებულმა ლივრეიანმა ლაქიამ ეს ამბავი ელისაბედს ყურში ჩასჩურჩულა. დედოფლები, რა თქმა უნდა, არ წითლდებიან - ელისაბედიც გაფითრდა, ოღონდ მრისხანებისაგან. როგორც ჩანს, საცოდავ მოხუცებულ ლორდს კარგი დღე არ დაადგება, თუმცა საქათრველოს პრეზიდენტს იმ მომენტში არაფერი შეუტყვია, ვინაიდან ბუკინგემის სასახლიდან გამომგზავრების შემდეგ 15-ოდე წუთში ორდენი (ორი ორდენი – წმინდა გიორგისა და წმინდა მიხეილის, რომელთაც დედოფალი ერთად ანიჭებს) სასტუმროში მოარბენინეს და პრეზიდენტს იგი სპეციალურმა შიკრიკმა აპარტამენტებში მიართვა.
        შემდგომ ინგლისური მხარე თავს იმით იმართლებდა, რომ, მართალია, ორდენის გადაცემის ცერემონიალი წუთი-წუთზე იყო შეთანხმებული, საერთოდ, დედოფალი პირადად არავის გადასცემს ორდენს.
        ელისაბედმა შევარდნაძისათვის გააკეთა გამონაკლისი, მაგრამ ამ გამონაკლისის შესახებ «ორდენთა მფლობელ» ლორდს ორი დღით ადრე აცნობეს, ორი დღის განმავლობაში კი, რასაკვირველია, დაავიწყდა საბრალოს და მხოლოდ უკანასკნელ საათს დაიწყო გასაღების ძებნა, რომლის ასლის გაკეთებას სასახლის კანონმდებლობა (ეტიკეტი) კრძალავს.
        დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურება ეს ლორდი – თუ გავიხსენებთ, ლონდონის სავაჭრო გილდიის მცველი რაზმის წევრებს – უძველესი თოფებითა და შუბებით რომ იყვნენ შეიარაღებულნი საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 60 წელს კარგა ხნის გადაცილებული ჩანდა.
        თითქოსდა ყოველივე ზემოთ აღწერილი მხოლოდ «სიმბოლოებია», რაც არ უნდა გაგვიკვირდეს «ტრადიციონალიზმის» სამშობლოში, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. შევარდნაძის ვიზიტის «საქმიანი» ნაწილიც საკმაოდ დატვირთული და შედეგიანი აღმოჩნდა – ლონდონის (ამჯერად არა ბუკინგემის სასახლის, არამედ «დაუნინგ სტრიტის») დაინტერესება განაპირობა იმ ტექტონიკურმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა, რაც კავკასიაში მოხდა განვლილი 5 წლის განმავლობაში.
        ბრიტანეთის კუნძულებზე შევარდნაძის წინა ვიზიტის შემდეგ ინგლისელები გააფთრებით იბრძვიან ევროპის კონტინენტზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად და «ძალაც შესწევთ ქადილისა», ვინაიდან ეს ქვეყანა კვლავ დიდი მარგარეტ ტეტჩერის (ამჟამად ბარონესას – ლორდთა პალატის წევრს) ინერციით ვითარდება, ხოლო ბლერის ჩლუნგმა «სოციალისტებმა» ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ამ ინერციის მთლიანად ამოწურვა თავიანთი მარაზმატული «მემარცხენე» ექსპერიმენტებით.
        ამრიგად, ედუარდ შევარდნაძემ ბევრი ახალი, საკმაოდ საფუძვლიანი და წონადი არგუმენტი მოისმინა იმის დასადასტურებლად, რომ დიდი ბრიტანეთი ჩვენს ქვეყანასაც უკვე თვლის «გეოპოლიტიკური არგუმენტების» შემცველად და, თავის მხრივ, საკუთარ არგუმენტებსაც გვთავაზობს.
        მათგან «ნავთობსადენებზე», «ბრითიშ პეტროლიუმზე», «საზღვაო სამხედრო კატარღებზე», უფრო წონადი და მნიშვნელოვანი მაინც ის ორდენია (ჩვენთვის ნაცნობი, გველეშაპის გამგმირავი რაინდის გამოსახულებით), «მზის ჩაუსვენებელი» იმპერიის მონარქმა რომ მიანიჭა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს.

მერიდიანი, 21 ივლისი, 2000 წელი