Heroკრატია და კავკასიური ჩიკაგო

Heroკრატია და კავკასიური ჩიკაგო

 

ჩვენი დაუვიწყარი „ქრონიკული რევოლუციონერის“, გოგა ხაინდრავას ფილმი, მოსწონს ვინმეს თუ არა, ნამდვილად იქცა მოვლენად თუ არა კულტურულ, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, როდესაც პროცესები ესკალაციისკენ დაიძრნენ და ამ გზაზე უკვე ვეღარაფერი შეაჩერებთ.

პირველი სერია უნიჭობის შთაბეჭდილებას  არ ტოვებს. სხვა საქმეა „ფილოსოფია“, რომელსაც ავტორი დებს ამ ნაწარმოებში. პირველი მხატვრული მეტაფორა, რაც სრულიად აშკარაა: ძველი („ორთაჭალის“) ციხე ბინძური, არაკომფორტული, მაგრამ ბევრად „ადამიანური“ იყო, ვიდრე ახალი - დაწკრიალებული და კომფორტული.

ეს რეჟისორის ფილოსოფიაა, რომელსაც იგი ყველა მის მიერ მხარდაჭერილი რევოლუციიდან მისდევს - დაწყებული 1991 წლიდან. და თუ საკუთარი ღირებულებების რეალიზაციის საშუალება ეძლევა ამა თუ იმ რეჟიმის დროს, რასაკვირველია გადაიღებს, ანუ ამ ღირებულებათა მხატვრულად  გამოხატვას ცდის. ხოლო იმის ლაპარაკი - „სააკაშვილსაც  გადაეხადა და მისი რეჟიმის საქებარ ფილმს გადაიღებდაო“, - აშკარა ტყუილი და გაპრიმიტივებაა. არ გადაიღებდა. სწორედ ასეთი პრიმიტივიზება გვიშლის ხელს გავიგოთ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე უკვე ტრადიციულად:

თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით,  ნორმალურ სახელმწიფოში არსებობენ როგორც „გოგა ხაინდრავას“, ასევე „ბაჩუ ახალაიას“ სოციალური ტიპები. სტაბილური,  ტრადიციული სახელმწიფოები (იგივე ინგლისი, საფრანგეთი და ა.შ) ამ ორ „ტიპს  შორის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ბალანსს ეფუძნებიან. ჩვენში კი ეს ბალანსი, ასევე ტრადიციულად, დარღვეულია, ხოლო „ოქროს შუალედის“ მიგნება ვერა და ვერ ხერხდება. ამიტომაც ვტრიალებთ მუდამ ტრაგიკომიკურ „სპირალზე“ გოგა ხაინდრავას ქრონიკულ რევოლუციონერობასა და ბაჩო ახალაიას უმწიკვლო  სადიზმს შორის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ფილმს: ხაინდრავამ  „Heroკრატია“ უწოდა, რამაც პირველი კითხვები წარმოშვა: Herocracy-ს დაგუგვლა უშედეგოა, თუ კორპორატიული პროექტების პირობით სახელწოდებას არ მივიღებთ მხედველობაში. მაგრამ იქნება ავტორმა Хероკრატია იგულისხმა „ცნობილი“ რუსული სიტყვიდან Хер? ყოველ შემთხვევაში, მისი ფილოსოფიიდან და „სათქმელიდან“ გამომდინარე, ბევრად ლოგიკურია.

თუმცა,  უფრო მნიშვნელოვანია კითხვა - რა გავლენას მოახდენს ეს ფილმი 8 ოქტომბრის არჩევნებზე?  პასუხი ერთმნიშვნელოვანია:  ხელისუფლების სასარგებლოდ არავითარს!

ვისაც ჰგონია, თითქოს ამ ფილმის ჩვენება რაიმეს შემატებს „ქართულ ოცნებას“ ან რაიმეს დააკლებს „ნაციონალურ მოძრაობას“, უბრალოდ ინტელექტუალური იმპოტენტია და წარმოდგენა არა აქვს როგორ „მუშაობს“ მასობრივი ცნობიერება. მით უმეტეს საქართველოში.

ამ ხალხს   გულწრფელად  ჰგონია, თითქოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში „მიშასა და  კამარილიის“ კრახი იმ კადრებმა განაპირობეს, რომელიც ოპოზიციურმა ტელეარხებმა უჩვენეს და შემდეგ საყოველთაოდ „თვალმისაწვდომი“ გახდა; და რომ სწორედ ამ საზარელი კადრების ხილვის შემდეგ გადაწყვიტა „აღშფოთებულმა“  ე.წ. „გაურკვეველმა და მერყევმა“ ამომრჩეველმა მიშას წინააღმდეგ, ესე იგი ბიძინას სასარგებლოდ მიეცა ხმა.

სინამდვილეში, გადამწყვეტი ფაქტორი ეს კადრები კი არ გახდა, არამედ ის, რომ ხელისუფლება აშკარად დაიბნა, ანუ ამ „მერყევთა“ თვალში გამოჩნდა(!), როგორც  „უკვე დამარცხებული“,   სუსტი და გაუბედავი.

 მაშინ  უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიშას და ვანოს ის მიტინგები  ჩვეული სისასტიკით დაერბიათ, „ნაციონალური მოძრაობა“  იმ არჩევნებს აუცილებლად მოიგებდა! თანაც, ყოველგვარი გაყალბების გარეშე.

ასეთია მასობრივი ფსიქოლოგია საქართველოში: არსებობენ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ჩამოყალიბებული ღირებულებებისა და რწმენის  შესაბამისად. ამ ადამიანებს Heroკრატია ან („ციხის კადრები) აზრს ვერ შეაცვლევინებდა და ვერ შეაცვლევინებს. ეს სწორედ ის კატეგორიაა (უმეტესწილად) ვინც სოციოლოგიურ სამსახურებს პირდაპირ ეუბნება, ვის აძლევს ხმას მომავალ არჩევნებში.

მაგრამ საქართველოში არის მეორე, ბევრად მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომელიც ხმას აძლევს  არა რწმენისა და ღირებულებების შესაბამისად, არამედ იმ პრიმიტიული მოტივით, თუ ვინ ჩანს (!) მის თვალში უფრო „მაგარი“ და „გამკეთებელი“. სწორედ ესენი არიან „გადაუწყვეტლები“ (სხვადასხვა გათვლით  დაახლოებთ 30 - 40 - 60%) და ძალიან საეჭვოა, ხაინდრავას ფილმის გამო მათ „ოცნებას“ მისცენ ხმა. იმიტომ, რომ მათი მენტალობიდან გამომდინარე, აუცილებლად გაუჩნდებათ კითხვა: თუ ასეთებს აკეთებდა ის ხელისუფლებამაშინ რატომ არ (ვერდასაჯეთ?  სად არიან ის ჯალათები, რომლებიც უშუალოდ აწამებდნენ ადამიანებს და ამ ყოველივეს ჩადიოდნენ ციხეებზე? ხელისუფლების ტრადიციული პასუხი: „შემსრულებლებს ვერ დავსჯით, რადგან ასეთ შემთხვევაში სისტემა დაგვენგრევა, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებს გავუფრთილდეთო“,  - მასას არ დააკმაყოფილებს, გაუგებარი დარჩება  და სისუსტის გამოვლინებად აღიქმება. „სუსტებს“ კი ეს უმრავლესობა ხმას არ მისცემს. უფრო „მესამე“ ან „მეოთხე“  ძალისკენ  გადაიხრება, თუ იმავე „ნაციონალებისკენ“ არა, რადგან უფრო „მაგრები“ გამოჩნდებიან „ხალხის“  თვალში: „ხომ ხედავთ  ყურებზე ხახვიც ვერ დაგვაჭრესო“.

რამდენად რელევანტურია პლებსის ამგვარია აღქმა,  სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, არ არის ადეკვატური, მაგრამ რაც არის -  ეს არის და აუცილებლად „იმუშავებს“ არა ხელისუფლების სასარგებლოდ, არამედ მის  საწინააღმდეგოდ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მით უმეტეს, რომ ხაინდრავას ფილმს დროში დაემთხვა მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უეჭველად ბევრად მეტ ზეგავლენას იქონიებს არჩევნების შედეგზე: ბანდიტური გარჩევები, ხოცვა - ჟლეტა თბილისის ქუჩებში; ის საზარელი კადრები, რომლის მსგავსი დღემდე არავის  უნახავს, რაკი 1990-იან წლებში ამგვარი ტექნოლოგიები არ არსებობდა,  „მიშას დროს“ კი, რომც მომხდარიყო, ჟურნალისტებს არავინ გადასცემდა; ერთი პატიოსანი ავტომექანიკოსის მკვლელობა „ბაგაჟნიკიდან“ ამოღებული „კალაშნიკოვით“; მოარული გამოთქმა  „თბილისი ჩიკაგოდ იქცა“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ეს ყოველივე იმავე მასას დაუდასტურებს, რომ ხელისუფლებამ „მიუშვა“, ხელისუფლებას „პროცესები გაექცა“, „ხელისუფლება სუსტია“. არადა ჩვეულებრივ „ობივატელს“  არაფერი არ უქმნის იმაზე მეტ მოტივაციას, ვიდრე საფრთხის  განცდა! ამ ფონზე  „Heroკრატია“, ისევ და ისევ, მმართველი პარტიის წინააღმდეგ იმოქმედებს, რაკი არსებობს  ცრუ ილუზია, რომ „წინა ხელისუფლებამ წესრიგი სწორედ იმის ხარჯზე დაამყარა“, რის წინააღმდეგაც გოგა ხაინდრავას მხატვრული აღმაფრენაა მიმართული.

და თუ მასას ასეთი სტერეოტიპი ჩამოუყალიბდა,  „რეჟისირებული მორალიზატორობა“ ნამდვილად აღარ იმუშავებს.

2016