შეგვიშვებენ თუ არა ევროპაში?

    სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა გაირკევს, «გვეღირსება» თუ არა ქართველებს ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა. ანუ, გვექნება თუ არა შესაძლებლობა, უბრალოდ ავიღოთ თვითმფრინავის ბილეთი და წავიდეთ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, – პარიზში, მიუნხენში, მილანში . . . .
    ან რატომ მაინცდამაინც თვითმფრინავით? თუ ვიზის პრობლემა მოიხსნა, ვეღარავინ დაგვიშლის მოვკალათდეთ ავტობუსში (მომავალი წლიდან ალბათ მატარებელშიც) და თურქეთის გავლით შევიდეთ ევროკავშირში,
    თუმცა, საბედნიეროდ, თვითმფრინავის ბილეთი იმდენად იაფია უკვე, რომ რამდენიმე დღე ავტობუსში ან მატარებელში ყოფნას (სადაც ადამიანს საკვები და ბევრი სხვა რამ სჭირდება) ისევ რამდენიმესაათიანი გადაფრენა სჯობს.
    ისიც კარგია, რომ იტალიის ან გერმანიის საელჩოს რომელიღაც, მუდამ ცუდ ხასიათზე მყოფი, მოღუშული ქართველი თანამშრომელი მაინცდამაინც «ორმხრივ ავიაბილეთს» არ მოგვთხოვს, რათა ვიზა ჩაგვირტყას.
    ამაზე ქვემოთ.
    გვაძლეევნ უვიზოს?
   
   

    ახლა, რაც შეეხება მთავარ საკითხს: გადაწყვეტილია კი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, ანუ ე.წ. ვიზალიბერალიზაცია? აქ უნდა გავითვალისინოთ, რომ როცა ევროპელები ლაპარაკობენ «ვიზალიბერალიზაციაზე», ისინი ყოველთვის «უვიზო რეჟიმს» არ გულისხმობენ და არ გულისხმობდნენ წარსულში.
    მაგალითად, ისიც «ვიზალიბერალიზაციაა», როდესაც ადამიანებს უფრო ადვილად «ურტყამენ» ვიზას, ნაკლებ საბუთს სთხოვენ, ნაკლებ სავიზო მოსაკრებელს ახდევინებენ, ან უფრო ხანგრძლივვადიან ვიზებს იმეტებენ და ა.შ.
    ევროპელები ხშირად ეუბნებოდნენ ხოლმე ქართველებს, ვინც უვიზო რეჟიმზე ლაპარაკობდა: «დალოცვილებო, რაღა გინდათ, ვისაც ევროპაში წასვლა, იქ მოგზაურობა და მერე სამშობლოში დაბრუნება გსურთ, სულ ადვილად იღებთ ორ ან ხუთ წლიან ვიზებსაც კი. მაშ რა პრობლემაა?»
    პრობელმა კი ისააა, რომ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია ცოტა სხვაგვარად გვესმის და სწორადაც გვესმის, როგორც ადამიანის უფლება (ვიმეორებ), საერთოდ არ მივიდეს საელჩოში, უბრალოდ აიღოს თავისი ქართული პასპორტი და წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც რამე პატარა საქმე აქვს, ან უბრალოდ გული საითკენაც მიუწევს.
    20 წლიანი ვიზებიც რომ გაიცემოდეს, თავისუფლების ამგვარი შეგრძნება მაინც სულ სხვაა!
    გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ დღესაც კი, როდესაც ვიზის აღება ძალიან ძნელია, უამრავი ქართველი «რაღაცნაირად» მაინც ახერხებს ევროპაში წასვლას და იქ სამუშაოს შოვნას. ძნელი მისახვედრი არ არის: ვიზების გაუქმების შემდეგ ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს იციან ევროპელებმა, მაგრამ მაინც განაცხადეს თანხმობა ნამდვილ ვიზალიბერალიზაციაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების უდავო წარმატებაა. ალბათ პირველი ნამდვილი გარღვევაა დასაველთთან ურთიერთობაში ბოლო 25 წლის მანძილზე.
    «ნატო»–სა და «MAP»–ს არ დაადგა საშველი და უვიზო რეჟიმი ნამდვილი მისწრება იქნება, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ევროპამ არ მიგვატოვა და მზადაა კარები მართლა გაგვიღოს!

უვიზო პასპორტი და შიდაქართული პოლიტიკური ინტრიგები

    ოღონდ ამ პროცესში, ბოლო დროს, სერიოზული პრობლემები წარმოიშვა ისევ და ისევ შიდა–ქართული დაპირისპირების გამო: ევროპის «სახალხო პარტიის» ლიდერმა, ჯოზეფ დოულმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟმის საკითხს ევროპარალმენტი შემოდგომაზე – საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ განიხილავს.
    ფაქტიურად, ეს ულტიმატუმია ხელისუფლების მიმართ და ამ ულტიმატუმის შინაარსიც გასაგებია: არჩევნები საბაბია. სინამდვილეში საქმე ეხება წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოშვებას ციხეებიდან. შემთხვევითი როდია, რომ ამ განცხადების მეორე–მესამე დღეს, ბატონი დოული თბილისში ჩამოვიდა და მატროსოვის ციხეში შეხვდა პატიმრებს.
    ანუ, მისი პოზიცია იმითაა ნაკარნახევი, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ევროპის სახალხო პარტიასთან მეგობრობს. ისინი მოკავშირეები არიან და ერთობლივ პოლიტიკას ატარებენ, თუმცა, უბრალო მოქალაქეებმა რა დააშავეს, რომელთაც ევროპაში მოგზაურობა და ევროპასთან დაახლოება სურთ? რატომ უნდა ეწირებოდეს ამ შიდაპლიტიკურ ინტრიგებს მათი ინტერესები?
    არადა, ევროპარლამენტის თანხმობის გარეშე, ვიზების გაუქმება გამორიცხულია: ევროკომისიამ (ეს «ევროპის მინისტრთა კაბინეტია») კი მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, მაგრამ მისი გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს ევროპის «კოლექტიურმა პრეზიდენტმა». მას «ევროპის საბჭო» ეწოდება (არ აგვერიოს სტრასბურგის «ევროსაბჭოში») და შედეგება ევროკავშირის ქვეყნების პეზიდენტებისა და პრემიერ–მინისტრებისგან.
    რაკი «ევროპის მთავრობამ» («ევროკომისიამ») დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, ევროპის «კოლექტიური პრეზიდენტიც» ანუ სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობის მეთაურთა საბჭოც არ დაადებს ვეტოს. თუმცა, ევროპარლამენტში პრობლემები იქნება, რადგან «სახალხო პარტიას» იქ დიდი ფრაქცია ჰყავს. ამ ფრაქციამ თუ მოინდომა, შეუძლია «ევაჭროს» დანარჩენ ფრაქციებს საქართველოს საკითხზე, რაღაც სხვა თემებზე წავიდეს კომპრომისზე და უმრავლესობაც შეაგროვოს ევროპარლამენტში, რათა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება «ჩააგდოს».
    როგორც ჩანს, «ნაციონალური მოძრაობა» სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს, რათა შემდეგ ყველაფერი «ქართულ ოცნებას» დააბრალოს. მმართველი პარტია კი პირიქით – ყველანაირად შეეცდება იპოვოს მოკავშირეები იმავე ევროპარლამენტში. თუმცა «რესპუბლიკელების» ფაქტობრივად გასვლის შემდეგ კოალიცია «ქართული ოცნებიდან», ეს არც ისე იოლი იქნება, რადგან «რესპუბლიკელებს» სერიოზული გავლენა ჰქონდათ ბრიუსელში.
    შესაძლოა, სანამ სამთავრობო პოსტებს შეინარჩუნებენ, რესპუგბლიკელები მაინც იმუშავებენ მოქალაქეთა სასარგებლოდ, რათა უვიზო რეჟიმი არ დაიბლოკოს. თუ «ევროპარლამენტმა» გადაწყვეტილება ზაფხულამდე არ მიიღო, შემდეგ დიიიიიიდი არდადეგები იწყება და მართლა არჩევნებამდე გადაიდება ყველაფერი. ხოლო ის არჩევნები როგორ ჩაივლის – არავინ იცის.
    იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი მაინც «დალაგდება» და ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის კაპრიზების გამო. ბოლოს და ბოლოს, უვიზო რეჟიმის დაწესება რომ არ სდომოდათ, არც «ევროკომისია» მიიღებდა ამგვარ გადაწყვეტილებას: ეს იყო «ჯილდო» საქართველოს 25 წლიანი უცვლელი პროდასავლური კურსისთვის. აგრეთვე პასუხი რუსეთის აგრესიაზე საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ.
    რაღაც მაინც ხომ უნდა გაეკეთებინა ევროპას, როცა ვერაფრით პასუხობს ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას, ვერც უკრაინის ოკუპაციას?
    ანუ, «ევროკომისიამ» და «ევროპის საბჭომ» თუ მოინდომეს, «ევროპარლამენტთან» ისინი ნამდვილად გამონახავენ საერთო ენას, რათა საკითხი არ ჩავარდეს და მოსკოვს «სალაპარაკო» არ მიეცეს.

როცა პირისპირ დარჩებით მრისხანე ევროპელ მესაზღვრესთან

    რა უნდა ვიცოდეთ, თუ უვიზო რეჟიმი მაინც დაწესდა, რათა არ შევცდეთ და საშინელ დღეში არ აღმოვჩნდეთ ბერლინის, მადრიდის, თუ ბუდაპეშტის აეროპორტში?
    პირველ ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას არ ეხება. მაგალითად, ინგლისი (დიდი ბრიტანეთი) ჯერ–ჯერობით ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ სცნობს ე.წ. «შენგენის შეთანხმებებს» საერთოევროპული საზღვრების შესახებ. მაშასადამე, ლონდონში უვიზოდ მაინც ვერ გავემგზავრებით, რადგან ამისთვის დიდი ბრიტანეთის ვიზაა საჭირო, რომელიც შენგენის ვიზაზე ბევრად ძვირი ღირს (200–დან – 1 200 დოლარამდე) და საშინლად ძნელი მისაღებია.
    გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ პარიზში, პრაღაში, ვენაში, ადგილობრივმა მესაზღვრემ შეიძლება მოგვთხოვოს ზუსტად ის საბუთები, რომელსაც საელჩოთა თანამშრომლები გვთხოვდნენ ხოლმე თბილისში. განსაკუთრებით, თუ იმ მესაზღვრეს ე.წ. «სუფთა პასპორტს» გაუწვდით, ესე იგი პასპორტს, რომელშიც არც ერთი «შენგენის ვიზა» არ იქნება. ამით მესაზღვრე მიხვდება, რომ თქვენ პირველად მიდიხართ ევროპაში და ეს გადაწყვეტილება სწორედ უვიზო რეჟიმის შემღების მერე მიიღეთ.
    ამიტომ, ევროპელი მესაზღვრე მოგთხოვთ, პირველ რიგში უკან დასაბრუნებელ ბილეთს. ეს კიდევ არაფერი – ბოლოს და ბოლოს ორმხრივი ავიაბილეთი, როგორც უკვე ითქვა, დიდი პრობლემა არაა. მაგრამ მან შეიძლება მოგთხოვოთ ცნობა საქართველოში სამუშაო ადგილიდან! თან ისეთი სამუშაოდან, რომლის ხელფასი არ უტოლდება, მაგრამ ასე თუ ისე «შეედრება» ევროპაში არსებულ ხელფასებს. მაშასადამე, ამონაწერს ბანკიდან ევროპულ ენაზე ბოლო ორი წლის შემოსავლების შესახებ.
    განა ბევრია ასეთი სამუშაო ადგილი საქართველოში? «ასეთი» კი არა, ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, ზოგიერთ ქალაქში, 60–70 პროცენტია; ქვეყნის მასშტაბით კი 30–40% ასახელებენ ხოლმე ხშირად.
    მესაზღვრე შესაძლოა ამითაც არ დაკმაყოფილდეს. ის მოგთხოვთ წერილს სასტუმროდან, რომ თქვენ იქ ნამდვილად დაჯავშნეთ ნომერი იმდენი დღით, რამდენ დღესაც აპირებთ დარჩეთ ევროპაში. შეიძლება უცბად გადარეკოს კიდეც და შეამოწმოს. არ არის გამორიცხული გკითხოთ, რამდენი გაქვთ თანხა წამოღებული «ხელზე» ან საკრედიტო ბარათზე და ამის შემოწმების საშუალებაც აქვს იქვე. ან ცნობა იმის თაობაზე, რა თანხა გიზით საქართველოში საბანკო ანგარიშზე და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.
    შემდეგ (ეს ხშირად მომხდარა) შეიძლება სცადოს თქვენი დაბნევა და გკითხოთ: «სად აპირებთ ეძებოთ სამუშაო?»
    თუ ევროპაში სწორედ ამ მიზნით მიდიხართ, დაიბენით და უპასუხეთ «ჯერ არ ვიციო» – ამბავი დამთავრებულია! დაგტოვებენ აეროპორტში, რადგან უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს ევროპაში დასაქმებას!
    ან კიდევ, გკითხავენ: «რა მიზნით მოდიხართ ევროპაში?» საუკეთესო პასუხი ასეთია: «უბრალოდ დასასვენებლად, დასათვალიერებლად, სამოგზაუროდ, სიამოვნების მისაღებად».
    ეტყვით, «მეგობრების ან ნათესავების სანახავადო?» მაშინ, შესაძლოა, გკითხოთ, ვინ არიან ეს მეგობრები, სად ცხოვრობენ და სხვა. ამიტომ, ნამდვილად სჯობს უთხრათ, რომ ევროპის არც ერთ ქვეყანაში არც მეგობარი გყავთ და არც ნათესავი. თუ, რასაკვირველია, ისინი ლეგალურად (კანონიერად) არ ცხოვრობენ ევროპის სახელმწიფოებში. მაშინ სხვა საქმეა.
    მესაზღვრე რა ხასიათზე იქნება – გააჩნია. მას უდიდესი უფლებები აქვს. სულ ერთხმად რომ დაამტკიცოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი «ევროპარალმენტმა», უბრალო ჩეხ, უნგრელ, ბერძენ, ფრანგ თუ პორტუგალიელ მესაზღვრეს შეუძლია საერთოდ არ შეგიშვათ ევროპაში, თუკი თქვენი საბუთები და პასუხები არ მოეწონება.
    ასეთ შემთხვევაში, ძალიან მძიმე დღეში ჩავარდებით, რადგან დაგტოვებენ აეროპორტის «ნეიტრალურ ზონაში», სადაც უამრავ ინდოელს, პაკისტანელს და არაბს შეეჩეხებით.
    საშინელებაა.
    დაგტოვებენ იქ უკან დასაბრუნებელ ავიარეისამდე, უამრავ ფულს დაგახარჯინებენ და მერე გამოგიშვებენ საქართველოში.
    ესეც არ არის ყველაზე უარესი ვარიანტი: ყველაზე უარესია, თუ ქვეყანაში შეხვედით, მაგრამ მერე პოლიციამ შეგამოწმათ და აღმოაჩინა, რომ ვადები დარღვეული გაქვთ: უვიზო რეჟიმი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეს ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღე შეეძლება ევროკავშირში ყოფნა. მეტი არა. თუ ეს ვადა დაარღვიეთ და დაგიჭირეს, შეიძლება «საფილტრაციო ბანაკში» ჩაგსვან, სადაც დეპორტაციამდე გამყოფებენ კვირეების, ზოგჯერ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით მკაცრი კანონებია ამ მხრივ გერმანიაში.
    დეპორტაციის შემდეგ კი, ვეღარასოდეს, თქვენს ცხოვრებაში, ევროპის საზღვარს ვეღარ გადაკვეთთ უვიზო რეჟიმის მიუხედავად, რადგან თქვენი მონაცემები შევა საერთო–ევროპულ მონაცემთა ბაზაში.
    ეს ყველაფერი აუცილებალდ უნდა ვიცოდეთ, თუმცა, უკეთესის იმედი ვიქონიოთ: იმედი ვიქონიოთ, ქართველი პოლიტიკოსები მოილაპარაკებენ, ხოლო ევროპელი პოლიტიკოსები ადრე მოცემულ პირობას შეასრულებენ და ევროპის კარები გაიხსნება ყველა ქართველის, აფხაზის თუ ოსისთვის, ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს და ევროპაში მოგზაურობაზე დიდი ხანია ოცნებობს

    მთელ გვერდზე