ფინანსთა მინისტრის პრობლემა ხელისუფლების საკვანძო საკითხი ხდება

ფინანსთა მინისტრის პრობლემა ხელისუფლების საკვანძო საკითხი ხდება


   

    «მოქალაქეთა კავშირის» არც ერთ წევრს არ განუცხადებია, მაგრამ ისინი აშკარად უკმაყოფილონი არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრით.
    მიხეილ ჭკუასელი მმართველი პარტიის კრეატურა იყო, მაგრამ მან ნამდვილად ვერ გაამართლა იმედები და რამდენიმე უმძიმესი შეცდომაც დაუშვა. მისი განცხადება «საგადასახადო ამნისტიის» შესახებ აშკარა შეცდომა აღმოჩნდა და ვერც რაიმე დადებითი შედეგი მოიტანა.
    სწორედ მიხეილ ჭკუასელის სუსტი მუშაობით ხსნიან გადასახადების აკრეფაში სრულ «ჩაფლავებას», რამაც «მოქალაქეთა კავშირს» სერიოზული პრობლემები შეუქმნა. «მოქალაქეები» აცხადებენ, რომ თუ ფინანსთა სამინისტრო სწორად დაგეგმავდა ბიუჯეტს, ხოლო შემდეგ მოახერხებდა გადასახადების აკრეფას, მაშინ ლარის დევალვაცია დღის წესრიგში გაცილებით უფრო გვიან დადგებოდა.
    ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება მოახერხებდა კურსის ნელ-ნელა დაწევას რეალურ დონეზე «აფეთქების» გარეშე, ან სულაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახორციელებდა დევალვაციას.
    მიხეილ ჭკუასელმა რომ «მოიკოჭლა», ფაქტია, მაგრამ გაცილებით უარესია ხმები, რაც მისი გადადგომის შემდეგ დაირხა - თითქოს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა 200 ათასი დოლარის ღირებულების სახლი იყიდა ფიქრის გორაზე და ა.შ. თუმცა, თავად ადრესატი ამგვარ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. არ არის გამორიცხული, იგი საბანკო სისტემაში დაბრუნდეს, ვინაიდან, ფაქტია, რომ მინისტრობამდეც ამ სფეროში აქტიურ ბიზნესს აწარმოებდა და გვარიანი კაპიტალიც დააგროვა, რომლის სარფიანად დაბანდება, პოსტის გამოყენებით, კანონის დაურღვევლადაც შეეძლო.
    «მოქალაქეთა კავშირის» ელიტა ალბათ, უკვე აღიარებს: თავის დროზე დავით იაკობიძის «გაშვება» ძალიან დიდი შეცდომა იყო. იაკობიძე შესაძლოა, რაღაც-რაღაცეებს კიდეც ეშმაკობდა (არც მთლად უამისობა იქნებოდა), მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ზომა-წონა იცოდა. მეორე მხრივ კი, იაკობიძე იყო «მგელი», რომელსაც ნამდვილად შეეძლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა. თუმცა, საეჭვოა, მონეტარული კრიზისის პირობებში მას რაიმე ეღონა მდგომარეობის გამოსასწორებლად სტრატეგიული თვალსაზრისით.
    მაქსიმუმი, რასაც, ალბათ, მართლაც შეძლებდა, საგადასახადო და საბაჟო სტრუქტურებში წესრიგის დამყარებაა. გარდა ამისა, იაკობიძე არასდროს გააკეთებდა მოუფიქრებელ განცხადებებს «ამნისტიის» შესახებ. მისი მცდელობით, კრიზისი ოდნავ გადაიწევდა დროში და ა.შ. ოღონდ ფინანსთა ექსმინისტრი (დავით იაკობიძე), აშკარად ეშმაკობს, როცა აცხადებს: მე თუ მინისტრი ვიქნებოდი, ჯერ კიდევ 1997 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებისთანავე ავტეხავდი განგაშს და ლარის «გაშვებას» მოვითხოვდი, რათა დღევანდელი სიტუაცია თავიდან ამეცილებინაო;
    რა თქმა უნდა, ეს უკვე «ნიშნის მოგებაა», ვინაიდან 1997 წელს ყოველივე იმდენად მოულოდნელი და შორეული ჩანდა, ფინანსთა მინისტრს «გიჟად» ჩათვლიდნენ - ხელისუფლებისათვის კი მისი წინადადება კატეგორიულად მიუღებელი იქნებოდა.
    დამოუკიდებელ საქართველოს მესამე ფინანსთა მინისტრი, დავით ონოფრიშვილი კი ობიექტურად ძალზე მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლარის დევალვაციით, უფრო ზუსტად, მისი ბაზარზე «გაშვებით» ქვეყნის ეკონომიკამ გადადგა უკანასკნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბაზრო რეფორმების გზაზე; ეროვნული ვალუტის შემოღების შემდეგ ეს ყველაზე რადიკალური ნაბიჯია.
    ამრიგად, ლარი დოლართან მიმართებაში დაეცემა, სოციალური მდგომარეობა ათგზის გაუარესდება, მაგრამ ეკონომიკური მაჩვენებლები შეიძლება კიდეც გამოსწორდეს, - გაიზარდოს წარმოება, ექსპორტი, შესაბამისად, მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყნის ბიუჯეტმა, გაუმჯობესდეს საგადასახადო და საბაჟო სამსახურების საქმიანობა და ა.შ.
    ეს ყოველივე უეჭველად გამოცხადდება დავით ონოფრიშვილის დამსახურებად, ანუ ფინანსთა ახალ მინისტრს აქვს შანსი ქართული ეკონომიკური რეფორმაციის ახალი ეტაპის «ახალგაზრდა მამად» გამოცხადდეს.

მერიდიანი, 7 დეკემბერი, 1998 წ.