დავით სალარიძე - პირველი ქართველი ომბუდსმენი?

დავით სალარიძე - პირველი ქართველი ომბუდსმენი?

  

    ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძეს გადაწყვეტილი აქვს, ორი უშედეგო ცდის შემდეგ «სახალხო დამცველის» თანამდებობაზე პარლამენტს მესამე კანდიდატურა წარუდგინოს - ამჯერად დავით სალარიძის სახით, რომელსაც საგადასახადო ინსპექციის თავმჯდომარის პოსტი უკავია და ყველაფერზე ეტყობა, რომ თავისი ამჟამინდელი საქმე ძალიან მოსწონს.
    სწორედ ეს ბოლო გარემოება იწვევს სერიოზულ ეჭვს. რამდენადაც კარგი ფინინსპექტორია სალარიძე (ამის თაობაზე «მერიდიანი 44» უკვე წერდა), იმდენადვე ცუდი ომბუდსმენი იქნება. იმიტომ კი არა, რომ ვერ შეძლებს თავი გაართვას ახალ მოვალეობას ან ვერ დაამყარებს კონტაქტს თავის ძველ ნაცნობებთან «ორგანოებში», - თუ საჭირო იქნება, კიდეც «დაატერორებს» მათ და დაიცავს იმას, ვის დაცვასაც საჭიროდ მიიჩნევს. სინამდვილეში მიზეზი სხვაა: დავით სალარიძის, როგორც «საგადასახადოს უფროსისადმი» დამოკიდებულება და მოთხოვნები ერთია, ხოლო მის, როგორც «ომბუდსმენის» მიმართ წაყენებული მოთხოვნა პოლიტიკური ელიტის მხრიდან სულ სხვა იქნება.
    სალარიძეს «სახალხო დამცველის» იმიჯი არ შეესაბამება. სანდრო კავსაძეც ამან იმსხვერპლა - საქმეს იგი ყველა დისიდენტზე უკეთ გააკეთებდა, ვინაიდან თავად «ორგანოების» გამოცდილი მუშაკი იყო, მაგრამ ეს პოსტი არა მხოლოდ კონკრეტულად «ადამიანის უფლებათა დაცვისათვის» იქმნება, არამედ იმის დემონსტრირებისათვისაც, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ ინსტიტუტებს ქმნის. თუნდაც ასი «სახალხო დამცველი» იყოს საქართველოში, ისინი ამ რეალობის დემონსტრირებას ვერ შეძლებენ - თუ თავად არ ექნებათ შესაბამისი იმიჯი. სანდრო კავსაძე და დავით სალარიძე, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ხელისუფლების წარმომადგენლებად აღიქმებიან. ამიტომ ხელისუფლებასაც ამ პოსტზე ისეთი ფიგურა ესაჭიროება, რომელიც დისიდენტურ წრეებთან ახლოს იქნება. არ ასოცირდება უშუალოდ ხელისუფლებასთან, არ არის ანგაჟირებული ოფიციოზის მიერ და ა.შ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დავით სალარიძის წარდგენა პრეზიდენტის მორიგი ტაქტიკური ნაბიჯია. ცხადია, ეს  კანდიდატურა იოლად ვერ გავა, ვინაიდან ამ პოსტზე ყველა საპარლამენტო ძალას საკუთარი ფავორიტი ჰყავს და აქ უკვე კორპორაციული ინტერესებიც იჩენს თავს. ხელისუფლების ორივე შტოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისი პროტექციით დაინიშნება ომბუდსმენი. სამაგიეროდ, თუ კანდიდატურა კვლავ «ჩავარდა», შევარდნაძე საბოლოოდ იტყვის უარს ამ საკითხის გადაწყვეტაზე იმ მოტივით, რომ მან «პარლამენტს სამი კანდიდატურა წარუდგინა და ვერც ერთი ვერ გავიდა».
    ზოგიერთს შეიძლება ეს პოსტი მეორეხარისხოვნად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში იგი ძალზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბალანსის შესანარჩუნებლად - თუ ვითარება ოდნავ დაიძაბა და კვლავ წამოყვეს თავი ხელისუფლებისადმი შეურიგებელმა ძალებმა, ომბუდსმენის პოზიციას გადამწყვეტი «წონა» ექნება.
    დავით სალარიძე ამ მხრივ სასარგებლო ფუნქციას ვერ შეასრულებს და ქვეყანაში ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას გამოასწორებს. თუმცა კონკრეტულად, რომელიმე უსამართლოდ დაჩაგრულს შეიძლება მართლაც უკეთ დაეხმაროს და გამოგლიჯოს იგი «მეხუთე სამმართველოს» ბრჭყალებიდან.

მერიდიანი, 27 ოქტომბერი, 1997 წ.