ქართველ დიპლომატებს რუსი კოლეგები პატარა ბავშვებივით ატყუებენ

ქართველ დიპლომატებს რუსი კოლეგები პატარა ბავშვებივით ატყუებენ

               სტამბულის შეხვედრიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, რამაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსეთი არ აპირებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ჩვენი ქვეყნიდან ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო შენაერთთა გაყვანის შესახებ.
        სამწუხაროდ, კიდევ ერხთელ გაგვაბეს მახეში და ხელი მოგვაწერინეს ისეთ დოკუმენტზე, რომელიც აკანონებს რუსეთის ყოფნას საქართველოში; სანაცვლოდ კი, საქართველო არათუ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას ვერ მიიღებს, არამედ რუსეთის ჯარების გაყვანასაც კი ვერ მიაღწევს ვერც ვაზიანიდან (ფაქტობრივად თბილისიდან) და მით უმეტეს გუდაუთიდან.
        თავად განსაჯეთ: ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დაერთო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარღების თაობაზე «ადაპტირებულ ხელშეკრულებას», აღნიშნულია:
        «2001 წლის 1 ივლისამდე გაუქმდება ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზები, ხოლო მხარეები მოილაპარაკებენ ყოფილი სამხედრო ბაზების ობიექტთა (მათ შორის) ერთობლივი ექსპლუატაციის თაობაზე».
        მიაქციეთ ყურადღება: აქ არა მხოლოდ ის არ წერია (ამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია), რომ რუსეთი ყოფილი ბაზის ობიექტებს გადმოსცემს საქართველოს, არამედ ჩამოთვლილიც არ არის, კონკრეტულად რა «ობიექტები» იგულისხმება, რომელთა «ერთობლივი ექსპლუატაციის» თაობაზე კიდევ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება.
        საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რატომღაც დარწმუნებულნი არიან, რომ იგულისხმება საცხოვრებელი ფართი, საბავშვო ბაღები და ა.შ. თუ ასეა, რატომ არ ჩააწერინეთ განცხადებაში კონკრეტულად - იგულისხმება ეს, ეს, ეს?
        ახლა კი, სად არის გარანტია, რა არგუმენტს დავუპირისპირებთ რუსულ მხარეს, თუკი იგი განაცხადებს: «ობიექტებში, რომელთა ერთობლივი ექსპლუატაციის თაობაზე მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა იგულისხმება ვაზიანისა და გუდაუთის აეროდრომები».
        დააკვირდით, რა ეშმაკურად მოგვატყუეს კიდევ ერთხელ (მერამდენედ! მერამდენედ?!!!) რაკი დაფიქსირებულ ობიექტთა (მათ შორის) «ერთობლივი ექსპლუატაციის» შესაძლებლობა და ამის თაობაზე მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობა» - იმთავითვე იგულისხმება.
        კი მაგრამ, თუკი «ბაზების გაუქმება» გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ნაწილების (არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ ცოცხალი ძალის) სრულ გაყვანას გუდაუთისა და ვაზიანის ყოფილი სამხედრო ბაზებიდან, მაშინ როგორ გგონიათ, რისთვისღა დასჭირდათ რუსებს ეს გაიძვერული ფორმულირება «მოლაპარაკება (მათ შორის) - ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ?»
        დასჭირდათ დიახაც, სწორედ იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ ბავშვივით მოვეტყუებინეთ, მიეღოთ მთავარი (საქართველოში შეიარაღებული ძალების დროებითი განლაგების უფლება - «დროებით» მათი თქმით 25 წლით), ხოლო შემდეგ მოვლენები განვითარებულიყო შემდეგნაირად:
        რუსეთი «პირნათლად» შეასრულებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებულ ხელშეკრულებას (ვინაიდან შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროპელ დიპლომატებთან ექნება საქმე, რომელთაც ასე ადვილად ვერ მოატყუებს) და მთლიანად გაიყვანს სამხედრო ტექნიკას გუდაუთიდან და ვაზიანიდან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი გაიყვანს ცოცხალ ძალას, - რუსი ჯარისკაცები კვლავინდებურად დარჩებიან ვაზიანის აეროდრომზეც და ბომბორას აეროდრომზეც (აკი აღიარეს ქართველებმა, რომ ადასტურებენ «ობიექტების» ერთობლივი ექსპლუატაციის შესაძლებლობას - აეროდრომები რით არ არის «საბავშვო ბაღებზე» ნაკლები ობიექტი?), ამით თვით ხელშეკრულება იოტისოდენად არ დაირღვევა, ვინაიდან იგი ეხება მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შეიარაღებას, - ტანკებს, ჯავშანმანქანებს, არტილერიას და ა.შ.
        რუსები სამხედრო ტექნიკის გაყვანით საქართველოსადმი ნაკისრ ვალდებულებასაც «პირნათლად» შეასრულებენ, ხოლო როდესაც თბილისში მიხვდებიან მორიგ ბავშვურ (ისევ ასე ვთქვათ) შეცდომას და მოითხოვენ არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის, არამედ ცოცხალი ძალის გაყვანას ბომბორას და ვაზიანის აეროდრომებიდან (არადა, სწორედ ეს აეროდრომებია იმ ბაზებზე მთავარი), რუსები «ხელებს გაშლიან», გაკვირვებულ სახეს მიიღებენ და «გულწრფელი» განცვიფრებით გვკითხავენ: «კი ბატონო, მაგრამ სად წერია ჩვენს შეთანხმებაში, რომ გაყვანას ექვემდებარება არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკა, არამედ ცოცხალი ძალაც? პირიქით, რაკი აღნიშნულია «ერთობლივი ექსპლუატაციის» შესაძლებლობა, იგულისხმება მათი დარჩენა აეროდრომებზე, ხოლო მოვილაპარაკებთ თუ არა საკუთრივ «ერთობლივ ექსპლუატაციაზე «- ეს სხვა საკითხია».
        რასაკვირველია «ვერ მოვილაპარაკებთ» - მოლაპარაკება იმის «მოლაპარაკებაა», რომ წლობით გაჭიმონ და გააჭიანურონ.
        ახლა მე ვეკითხები «ჭკუის კოლოფებს» თავდაცვის სამინისტროდან (პირადად მინისტრს ბრალი არ მიუძღვის, ვინაიდან მოლაპარაკებაში უშუალოდ არ მონაწილეობდა) მთელი ამ წლების განმავლობაში (სანამ მოილაპარაკებთ) ვის ხელში იქნება რეალურად ვაზიანის აეროდრომი?
        როგორც ჩანს, ეგონათ, «სამხედრო ტექნიკის გარეშე აეროდრომს და ბაზას რა თავში იხლიანო» - ასეთი გულუბრყვილობით შეიძლება გული აგიჩუყდეს ადამიანს.
        «იმ თავში იხლიან», რომ აეროდრომს შეინარჩუნებენ (ბიჭები ხართ და ხელი ახლეთ, თუნდაც მხოლოდ ჯარისკაცები იდგნენ ტექნიკის გარეშე), რომელზეც ყოველ წუთს შეიძლება დესანტის გადმოსხმა - საჭიროების შემთხვევაში.
        ამრიგად, დაშვებულია უმძიმესი შეცდომა, რომლის გამოსწორება ჯერ კიდევ არ არის გვიან.
       

7 დღე, 29 ნოემბერი, 1999 წელი