რევოლუციის სურნელი
   

    არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. „მორიგი“ არჩევნებია თითქოს, ოღონდ იმ დათქმით, რომ საქართველოს ისტორიაში „მორიგი“, ესე იგი ჩვეულებრივი და არაფრისმომასწავებელი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ყველა არჩევნები, 1990 წლიდან - დღემდე, - „საბედისწეროდ“ ცხადდება მონაწილეთა მიერ. თუმცა, ამომრჩევლები, ანუ ე.წ. „ხალხი“, ყოველთვის ვერ გრძნობს, რა ელის და როგორ შეიძლება განვითარდნენ მოვლენები.
    მიმდინარე საარჩევნო კამპანიამ ერთი დიდი სარგებელი უკვე მოიტანა: მედია (მათ შორის არა მხოლოდ ტელე, არამედ ელექტრონული და ბეჭდურიც) „დალაგდა“, ანუ „მწყობრად მოეწყო“ და, როგორც იქნა, კლასიკური თბილისური აბანოსავით „გამოჩნდა“, ვინ სად დგას, ვინ - ვის უჭერს მხარს, ვინ საიდან იკვებება და როგორ.
    „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ მარტოა, მაგრამ იმდენად კარგად გაზეთილი „კოლტია“, მარტოსაც ბევრი რამ შეუძლია. ისევე, როგორც მარტო იყო 2003 წელს. მაშინ, ყველა სხვა ტელევიზია (პრესაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), რევოლუციის საწინააღმდეგოდ მუშაობდა და მხოლოდ „რუსთავი-2“ ქმნიდა ბობოქარ ატმოსფეროს, რომელშიც 22 ნოემბრის გარდატეხა მოხდა. თუმცა ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.
    რამდენად საკმარისი იქნება ამჯერად? იმავე კლასიკას თუ დავესესხებით - „გააჩნია“. პირველ რიგში, გააჩნია, რა „დაიდება“ 8 ოქტომბერს „ექსიტ-პოლების“ შედეგად ტელეეთერსა და საიტებზე.
    ორივე კომპანია, რომელიც ამ „ექსიტ-პოლებს“ ატარებს ერთის მხრივ „რუსთავი-2“-ისა და, მეორეს მხრივ, ყველა სხვა სერიოზული ტელევიზიის შეკვეთით (GFK და TNS) საკმაოდ ავტორიტეტულია საიმისოდ, რათა აშკარა გაყალბებაზე წავიდეს და საქართველოში გადახდილი „კაპიკებისთვის“ საკუთარი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენოს.
    სოციოლოგებმა იციან, რომ „ექსიტ-პოლებზეც“ და გამოკითხვებშიც ათასგვარი მანიპულაციის ტექნოლოგია არსებობს. თან ისე, რომ პირდაპირ არ მოიტყუო და ვერავინ შეგედავოს. მაგრამ როდესაც ერთმა სოლიდურმა სააგენტომ იცის, რომ მას მეორე, ასევე სოლიდური სოციოლოგიური სამსახური „აწონასწორებს“, არა მხოლოდ აშკარა გაყალბებაა გამორიცხული, არამედ თვალში საცემი მანიპულირებაც - ხსენებული „ტექნოლოგიებით“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაშასადამე, აქაც მთავარია, რა მოხდება საარჩევნო ყუთებთან 8 ოქტომბერს, როგორ განვითარდება მოვლენები საარჩევნო უბნებზე თუ მიმდებარე ტერიტორიაზე.
    მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ მხრივ მრავალნაცადი „პოლიტიკური ცხოველია“, შემთხვევით როდი აკეთებს აქცენტს რეგიონებზე. მან იცის, რომ ის ტექნოლოგიები პოსტსაარჩევნო ბრძოლისა, რომელიც რეგიონებში „გავა“, თბილისში არ გამოვა: ძნელი წარმოსადგენია კანდიდატთა ან მათ მხარდამჭერთა ჩხუბი და თავპირისმტვრევა საბურთალოზე ან ვაკეში, თუნდაც გლდანში. სამაგიეროდ, იოლი პროგნოზირებადია სენაკსა და თელავში, რომლებიც, სხვა ქალაქებივით, 8 ოქტომბერს სწორედ „მაჟორიტარული კლანების“ ბრძოლის ველად შეიძლება გადაიქცეს.
    და აქვე: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება, რისთვისაც ასე თავგამოდებით იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიშას სულაც არ აწყობდა, რაკი პროპორციული არჩევნებისას, - როდესაც ამომრჩეველი მხოლოდ პარტიულ სიებს აძლევს ხმას, - რეგიონებში „ცეცხლის შენთება“ ძნელია. ზოგიერთი ნიშნით კი, შაბათს სწორედ რეგიონებიდან დაიძვრება ტალღა, რომელიც შემდეგ დედაქალაქისკენ გამოექანება.
    ოღონდ, კვლავ და კვლავ, ეს იმ შემთხვევაში, თუ რეალური შედეგი შექმნის ამის საბაბს და შესაბამის რევოლუციურ ტექნოლოგიათა ამოქმედების საშუალებას: რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ „მხოლოდ 25%“ მიიღო ყველა გაყალბების, ყველა „ჩაყრის“, ყველა ფალსიფიკაციის ჩათვლით (ანუ იმ ხმებისა, რაც მაშინ დააკლეს და 21% დაუწერეს), ეს მაინც 21 - 25% იყო და არა 4 - 8% ან თუნდაც 9 - 11%.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, მაშინ „უდავო ოდენობა“ იმდენად მაღალი გამოდგა, რომ „რევოლუციური ლეგიტიმაციისათვის“ საკმარისი გახდა. დაახლოებით ასეთივე ვითარება იქმნება დღესაც: „ოცნებამ“ შეიძლება მიიღოს ხმების უმრავლესობა, ოღონდ „რევოლუციური ლოგიკიდან“ გამომდინარე, თუ მის მიერ მიღებული ხმები ერთნახევარჯერ მეტი მაინც არ აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მხარდამჭერთა რაოდენობაზე (ესე იგი, ვთქვათ 32% - 24%), მაშინ აუცილებლად ამოქმედდება ხსენებული „რევოლუციური ლოგიკა“ და მისი თანმდევი არგუმენტაცია „გაყალბების“ შესახებ.
    იმიტომ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე მოქმედებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არ ყოფილა წინა არჩევნებზე და არც არასდროს: „ოცნება“ დაეთანხმა 50%-იან ბარიერს მაჟორიტარებისთვის. თავის დროზე, სააკაშვილი და მისი პარტია ამას არაფრის დიდებით არ თანხმდებოდნენ, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, რადგან შესანიშნავად ესმოდათ, ეს რას გამოიწვევდა: თუ „სახელისუფლებო პარტიის“ პროპორციული შედეგი არ აღმოჩნდა თვალშისაცემად მაღალი, ხოლო რეგიონთა უმრავლესობაში დაინიშნა მეორე ტური, მაშინ იმ ორი კვირის მანძილზე რეგიონებში ისეთი ამბავი ატყდება, „დედა - შვილს არ აიყვანს ხელში“.
    გარდა ამისა, მეორე ტურში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი იმის მიხედვით მისცემს უკვე ხმას, რაც „დაიდება“ პროპორციულ არჩევნებზე. ანუ, თუ შეატყვეს, რომ „მიშა ეწევა“ და „შეიძლება მოიგოს“ - მის კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ასეთია ქართველი ამომრჩევლის ფსიქოლოგია. მით უმეტეს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი, ჯამში, მაინც უფრო ნაკლებია (ამაზე არავინ დავობს) ვიდრე ოცნების მოწინააღმდეგეთა ჯამური რაოდენობა.
    „ცენტრში“ ეს ხმები არ შეიკრიბება, მაგრამ რეგიონებში - ნამდვილად.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    გულუბრყვილობაზე ბევრად უარესია ეს მოყირჭებული ნარატივი, რომ „ხალხი დაღლილია“, რომ „რევოლუცია არვის უნდა“, რომ „ქუჩაში ხალხი აღარ გამოვა“ და ა.შ.
    ზუსტად, ერთი-ერთზე ასეთივე საუბრები გვესმოდა ყოველ დღე 2003 წელსაც: „ვიღას აქვს რევოლუციის თავი“, „ვის უნდა მორიგი არეულობა მას შემდეგ რაც გადავიტანეთ ახლახანს“ („ახლახანს“, ანუ 1991 - 1993 წლებში -ნ.ი.) და ა.შ და ა.შ.
    მაგრამ, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის „ობივატელური განწყობა“ არათუ ბევრს არაფერს, არამედ საერთოდ არაფერს წყვეტს; ამ უმრავლესობას ახლაც (როგორც მაშინ) მხოლოდ სიმშვიდე და ოჯახური მყუდროება რომ უნდოდეს, ანუ მეტი არც არაფერი აინტერესებდეს, თუ პასსიონარულმა, ანუ აქტიურმა და „გამკეთებელმა“ უმცირესობამ (საქართველში, ეს „კვოტა“, სულ 50 000 ადამიანია - მეტი არ არის საჭირო) რევოლუციის სურნელი იგრძნო, მას უკვე ვეღარაფერი შეაკავებს.
    ხოლო იმისათვის, რათა მან ეს იგრძნოს და ხელისუფლების სისუსტის „სუნი იკრას“, რამდენიმე აუცილებელი, ურთიერთდაკავშირებული პირობაა საჭირო.
    1) არჩევნების სადავო შედეგი. მეტი (ცოტათი მეტი) თუ ნაკლები (ცოტათი ნაკლები) - არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, წარმოიშვას მწვავე დისკურსი არჩევნების შედეგთან, მაშასადამე, ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამ დისკურსში დაიწყოს ფიზიკური ექსცესების სერია, რომელიც სულ უფრო მომრავლდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
    2) მძლავრი, გავლენიანი, პოპულარული, საერთო-ნაციონალური მედიასაშუალება, რომელიც შეასრულებს ალტერნატიული პროექტის მატარებელი რევოლუციური ძალის „მალეგიტიმიზებელი რესურსის“ ფუნქციას, ანუ , სლენგზე თუ ვიტყვით, „გააპრავებს“ რადიკალურ ქმედებებს
    3) პირველ და მეორე ფაქტორთა მოქმედების შედეგად დაბნეული, ნირწამხდარი, მერყევი, გაუბედავი საშუალო და ქვედა რგოლის ბიუროკრატია, განსაკუთრებით რეგიონებში და, მათი შემხედვარე, ასევე დაბნეული, გაუბედავი, მერყევი ძალისმიერი სტრუქტურები
    4) „ჭკვიანი გიჟი“ ოპოზიციის სათავეში! ესე იგი, ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფერზე ხელის მომწერი, მიზანმიმართულად მოქმედი და „გამანგრეველი“ ლიდერი. საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
    5) ქაოსი მმართველ გუნდში, - მედროვე, უიდეო, კონფორმისტი, „კაი პურის მჭამელი“ პერსონაჟების სიჭარბე, რომლებიც, სინამდვილეში, სწორედ საზოგადოების იმ უმრავლესობას წარმოადგენენ რომელსაც მშვიდი და „კაი ცხოვრება“ უნდა, მეტი არც არაფერი აინტერესებთ და მუდამ მზად არიან, გადახტნენ გემიდან, თუ მოეჩვენებათ, რომ გემი იძირება.
    ხუთივე პირობა არსებობდა 2003 წელს. თითქოსდა, ასევე არსებობს დღესაც. მაგრამ როგორც მაშინ ვერ გადაწყვეტდა ეს ხუთი ფაქტორი ბრძოლის ბედს არჩევნებში ოპოზიციის მიერ „დადებული“ რეალური შედეგის გარეშე, ასევე წყალში ჩაეყრება ოპოზიციას ყველა ეს მოცემულობა და რესურსი, თუ „ოცნებამ“ არჩევნებში მნიშვნელოვნად, თვალშისაცემად მოუგო.
    ესე იგი, საბოლოო ანგარიშით, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული თუ
    ა) რამდენად მივა საარჩევნო ყუთთან ე.წ. „გადაუწყვეტელი“, აგრეთვე ზარმაცი და „ყველაფერზე ხელჩაქნეული “ამომრჩეველი, რომელიც ბოლო დღემდე, ბოლო წუთამდე, საარჩევნო ჯიხურში შესვლამდე მალავს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ უმხელს ჯერ არჩევანს და
    ბ) თუ მაინც გადაწყვეტს და მივა, ვის მისცემს ხმას.
    ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ძნელად პროგნოზირებადი არჩევნები საქართველოში ჯერ მართლა არ ყოფილა.

            მთელ გვერდზე