საქართველოში რუსეთის ბაზების დღეები დათვლილია

საქართველოში რუსეთის ბაზების დღეები დათვლილია

  

    საქართველოდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შემდეგ, რუსული ბაზების დროც დადგა.
    არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ამჟამინდელი პარლამენტი უფლებამოსილების ამოწურვამდე უეჭველად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის შესახებ.
    ცოტა ხნის წინ ეს შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ შეუძლებლად რუსი მესაზღვრეების გაძევებაც ხომ გვესახებოდა? 1999 წლის ივლისისათვის მათი ნასახიც არ იქნება საქართველოში.
    მოსალოდნელია, რომ 1999 წლის ზაფხულშივე პარლამენტი მიიღებს კანონს (კანონს და არა დადგენილებას, რათა იგი აუცილებელი იყოს პარლამენტისათვის) საქართველოდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე.
    ეს ბაზები ამჟამადაც უკანონოდ არსებობს, ვინაიდან ხელშეკრულება «ბაზების თაობაზე», რომელსაც 1995 წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი, - არ არის რატიფიცირებული არც საქართველოს, არც რუსეთის პარლამენტის მიერ.
    საქართველოს მხრიდან მისი რატიფიცირების უმთავრეს მოთხოვნას შეადგენდა რუსეთის დახმარება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში და საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა.
    მაგრამ რუსეთს არცერთი პირობა არ შეუსრულებია. იცოდა თუ არა შევარდნაძემ, რომ რუსეთი პირობებს არ შეასრულებდა? რა თქმა უნდა, იცოდა, - მაგრამ 1995 წლის ოქტომბერში იმ შეთანხმებას ჩერნომირდინთან ხელი მაინც მოაწერა; ოღონდ არა იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა საქართველოსადმი რუსეთის დახმარებისა, არამედ იმისათვის, რათა საბოლოოდ გაექარწყლებინა რუსეთის მეშვეობით ჩვენი პრობლემების გადაჭრის იდეა, დაემტკიცებინა საზოგადოებისათვის, მათ შორის «რუსეთუმეებისათვის», რომ რუსეთის მეშვეობით, რუსეთზე დაყრდნობით, საქართველო უკვე ვეღარ გადაჭრის პრობლემებს.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად იტყოდნენ: აი, რუსებისათვის მაშინ ბაზები რომ მიგვეცა. . . . . . .
    ჰოდა, მივეცით, - საპასუხოდ რა მივიღეთ? - გალის მოვლენები!
    რუსული პოლიტიკის ქვაკუთხედი საქართველოს მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ ერთი მხრივ შეენარჩუნებინა აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის შედეგად ჩამოყალიბებული სტატუს-კვო, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოშიც დაეტოვებინა ბაზები, ანუ არც აფხაზები გაენაწყენებინა და არც საქართველო გაეღიზიანებინა ზომაზე მეტად.
    იმავდროულად, რუსი პოლიტიკოსები და სამხედროები უაღრესად მტკივნეულად რეაგირებდნენ საქართველოს მოთხოვნაზე «დაებრუნებინათ აფხაზეთი - ბაზების სანაცვლოდ» და საკითხის ამგვარ დასმას «ჩვეულებრივ ქართულ სპეკულაციას» უწოდებდნენ (ქართველებს რუსული საზოგადოება იცნობდა მხოლოდ როგორც «სპეკულანტებს;)» რუსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ აფხაზეთში რაიმეს შეუცვლელადაც უეჭველად შეინარჩუნებდნენ სამხედრო ბაზებს საქართველოში.
    ეს იმედი, ეს რწმენა აუცილებლად უნდა გაუცრუვდეთ; ყოველ შემთხვევაში, პარლამენტმა აუცილებლად უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.
    კანონში სავალდებულო არ არის ჯარების გაყვანის კონკრეტული ვადების დაფიქსირება. საკმარისია (ვთქვათ) ასეთი ჩანაწერი: «დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო ბაზების შემდგომი ყოფნისა და სტატუსის შესახებ».
    თავისთავად ეს უკვე იქნება სერიოზული დემარში, რამაც უნდა აიძულოს რუსეთი, ჩამოაყალიბოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
    რუსებს იმედი აქვთ, რომ თბილისი ვერ გაბედავს ჯარების გაყვანა მოითხოვოს, ან თუნდაც მოლაპარაკება გამართოს ამ საკითხზე, მაგრამ ეს იმედი საქართველომ მას აუცილებლად უნდა გაუცრუოს.
    რუსეთს არ სურს (ან კი რომელ ქვეყანას სურს) აუტკივარი თავის ატკივება, - ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ანუ ნამდვილად აძლევს ხელს საქართველოში ამჟამად არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება: საქართველო იყოს ფაქტობრივად დანაწევრებული და იურიდიულად ერთიანი, მიმდინარეობდეს გაუთავებელი მოლაპარაკება მხარეებს შორის მისივე შუამავლობით (რითაც ფიქსირდება რუსეთის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი), ხოლო სამხედრო ბაზები კი საქართველოში რჩებოდეს - თანაც, გაურკვეველი სტატუსით; რაც, სხვათა შორის, ძალზე მომგებიანია რუსეთისათვის, ვინაიდან ერთი მხრივ, ბაზები რეალურად არსებობს, მეორე მხრივ კი, ისინი იურიდიული ვალდებულებებით არ არიან შეზღუდულნი, რაკი 1995 წლის ოქტომბრის ხელშეკრულება არ არის რატიფიცირებული საქართველოსა და რუსეთის საკანონმდებლო ორგანოთა მიერ.
    ზემოხსენებული კანონის მიღება აიძულებს რუსეთს გააკეთოს არჩევანი: ან აუტკივარი თავი აიტკიოს და რეალურად რაღაც შეცვალოს აფხაზეთში, ან შეურიგდეს საქართველოში სამხედრო პლაცდარმის დაკარგვას.
    ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა რუსეთი აფხაზეთში რაიმე შეცვალოს. ალბათ ვერ შეძლებს და არც მოინდომებს.
    ასეთ შემთხვევაში, ბაზების გატანა გარდაუვალია. ბუნებრივია, ეს პროცესი ერთი-ორ წელს მაინც გასტანს, მაგრამ რუსეთი ვერ გაბედავს საერთოდ უარი თქვას ბაზების გატანაზე - იმ დროისათვის საქართველო უკვე ევროპის საბჭოს წევრი იქნება, ანუ მოგვეცემა ტრიბუნა, ევროპის გასაგონად, ევროპის თვალწინ, დავადანაშაულოთ ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში.
    არავითარი ნეგატიური შედეგი რუსეთის ჯართა გაყვანას არ მოჰყვება.
    უფრო პირიქით, - ამის შემდეგ თავისუფლად შევძლებთ სამხედრო სფეროში ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ქვეყანასთან, უპირველესად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ნამდვილად არ იტყვის უარს დაიკავოს რუსეთის ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიურ სივრცეში.
    რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობა ჩვენი ქვეყნისათვის აბსოლუტურად უმაქნისია. პირიქით, სწორედ გუდაუთაში და ახალქალაქში არსებული ბაზებიდან მარაგდებიან ანტიქართული ძალები იარაღით და სწორედ ამ ბაზებიდან მიმდინარეობს სადაზვერვო - დივერსიული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ.
    სანამ რუსეთის ბაზები საქართველოში დარჩება, ჩვენს ქვეყანას სერიოზულად მსოფლიოში არავინ არ აღიქვამს, ხოლო არამზადა ქართველოფობ ზატულინს ექნება საშუალება კიდევ განაცხადოს: «ჩვენთვის გაუგებარია, საქართველოსა და ტაჯიკეთის ხელმძღვანელობას რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს სუვერენიტეტის თაობაზე, მაშინ როცა ისინი რუსეთის სატელიტები არიან?»

მერიდიანი, 20 იანვარი, 1999 წელი