შევარდნაძესთან არ გაგივათ, ბატონებო!

შევარდნაძესთან არ გაგივათ, ბატონებო!


   

    არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხიოდე თვე დარჩა; ახლოვდება გადამწყვეტ შეტაკებათა ჟამი; ქართული ოპოზიცია კი დიდ სამზადისშია - თითქოს მის ნებაზე იყოს დამოკიდებული, «მოიცილებს თუ არა იგი ამ გუნდს» და «სხვა გუნდს» მოიყვანს თუ არა ქვეყნის სათავეში. . . . საპარლამენტო ოპოზიციისათვის ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან დაახლოებაც უფრო ხელისუფლების შანტაჟირების საშუალებაა და არა რეალური გაერთიანების დასაწყისი.
    ამით სურთ შევარდნაძეს უჩვენონ, რომ მზად არიან გუშინდელ მოწინააღმდეგეებსაც «შეეკრან» მის წინააღმდეგ, თუ იგი (სახელმწიფოს მეთაური) „ჭკვიანად“ არ იქნება და ისე არ მოიქცევა, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ.
    აქაც იგულისხმება, რომ პრობლემის გადაწყვეტა მათ «კეთილ ნებაზეა» დამოკიდებული, - საკმარისია «რადიკალური ნაბიჯები» გადადგან და «შევარდნაძის პრობლემა» (უფრო სწორად, მის მიერ გატარებული პოლიტიკის პრობლემაც) ადვილად მოიხსნება. არადა, სინამდვილეში, საპარლამენტო ოპოზიციაზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული; სინამდვილეში იგი უკვე დამარცხებულია, ხოლო ის ხერხები და მეთოდები, რომლითაც ეს ოპოზიცია 1991 წელს ებრძოდა (წარმატებითაც ებრძოდა) ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, - ედუარდ შევარდნაძის მმართველობას უკვე ვეღარაფერს დააკლებს; და ვერც აკლებს, როგორც ვხედავთ.
    «რესპუბლიკელმა» აკაკი ბობოხიძემ ერთ-ერთ სხდომაზე თქვა: «ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც მთელ მსოფლიოს შეატყობინა ზვიად გამსახურდიას რეჟიმის ჭეშმარიტი არსის თაობაზე, ამიტომ, გვაქვს მორალური უფლება, ახლაც იგივე გავაკეთოთ და მსოფლიოს ვამცნოთ, თუ სინამდვილეში ვინ არის ედუარდ შევარდნაძე და რა ხერხებით მართავს იგი ქვეყანას».
    აქაც იგრძნობა იგივე თვითრწმენა - აი, შევატყობინებთ და. . . . ყველაფერი გადაწყდება. აგრეთვე იგულისხმება: «ზვიად გამსახურდიას პრობლემაც იმიტომ გადაწყდა, რომ «დასავლეთს დროულად შევატყობინეთ». სინამდვილეში კი, დასავლეთი აქ არაფერ შუაშია - 1991 წელს საქართველოში არსებული «ტირანიის» პრობლემა იმიტომ კი არ «გადაწყდა», რომ დასავლეთმა «შეიტყო» საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს სურდა პრობლემის სწორედ ამგვარი «გადაწყვეტა». წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიც არ უნდა ეყვირათ ჩვენს «დემოკრატებს» «ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა» დარღვევის თაობაზე და როგორი «მრისხანე» რეზოლუციებიც არ უნდა მიეღოთ საერთაშორისო «უფლებადამცველ» ორგანიზაციებს - პრობლემა არ «გადაწყდებოდა».
    მაგალითად: დღეს «ჰუმან რაითს უოჩ»-მა და «ემნისტიმ» ასი რეზოლუცია მაინც მიიღო ტაჯიკეთის მთავრობის მიერ «ადამიანის უფლებათა» დარღვევის შესახებ, მაგრამ რახმონოვის ხელისუფლებას ამით ბევრი არაფერი დააკლდა, რადგან იმ ხელისუფლების ბურჯი რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო ჯარები» და მათი მთავარსარდალი, - ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ვალერი პატრიკეევია.
    ჰოდა, აგზავნოს ტაჯიკეთის ოპოზიციამ გაეროში საჩივრები და იყვირონ დასავლეთში «ადამიანის უფლებათა დარღვევის» შესახებ «ტაჯიკეთის რესპუბლიკაში» - რეალურად ამით არაფერი შეიცვლება. საქართველოშიც, ჩვენებურ ოპოზიციას, რამდენიც არ უნდა ეყვირა, ზვიად გამსახურდია «ტირანიაო» - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდალს, ვალერი პატრიკეევს და მის მოსკოველ უფროსობას რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის შენარჩუნება სდომოდა, იგი დღესაც პრეზიდენტი იქნებოდა.
    რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, ეს უკვე სულ სხვა საკითხია, - საერთაშორისო «ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა» პროტესტები ვერავითარ ზეგავლენას მის მდგომარეობაზე ვერ მოახდენენ და საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის «მობილიზებაც» გაუჭირდებათ ჩვენს დემოკრატებს - თუ საერთოდ შესაძლებელია ამ აზრის «მობილიზება» საქართველოს მიმართ.
    სხვათა შორის, დასავლეთში, 1991-92 წლების, მათ შორის დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების აღსანიშნავად ყველაზე გავრცელებული ტერმინი (შეფასება) არის «პოლიტიკური კლოუნადა». არაფერი საერთო ამას «დემოკრატიასთან» არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.
    დღეს, მაშინდელ ბობოქარ მოვლენათა ბევრი «გმირი» კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია; ზოგიერთმა ციხეშიც ამოჰყო თავი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც არ მიემართება «დემოკრატიული რევოლუციისაკენ» - უფრო პირიქით: შევარდნაძის პოზიციები დღითი-დღე მტკიცდება და შეუვალი ხდება. რატომ? - მიზეზი ზემოთ უკვე აღვნიშნე.
    სხვათა შორის, შევარდნაძის «გუნდში» (ისევე, როგორც თავის დროზე გამსახურდიას «გუნდში») არიან დაბოღმილი ადამიანები, რომელთაც, შესაძლოა ერთი სული ჰქონდათ, სანამ თავიანთ პატრონს ზურგში ხანჯალს ჩასცემენ, მაგრამ ნამდვილად ვერ გაბედავენ ამას დღეს, ვინაიდან იციან: მთავარი მათი სურვილი, მათი პირადი დამოკიდებულება, პიროვნული წყენა-ვნებანი, სიყვარული ან სიძულვილი კი არ არის, არამედ ის, თუ რა ძალები უჭერენ მხარს სახელმწიფოს მეთაურს და რამდენად დიდ რისკთანაა დაკავშირებული აშკარა გალაშქრება «ტირანის» წინააღმდეგ.
    იმ მოღვაწეთაგან, რომელნიც 1991-92 წლებში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ებრძოდნენ, ხოლო დღეს, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ციხეში ამოყვეს თავი, რამდენიმე აშკარა პოლიტპატიმარია. ერთი კი (პროფესორი ირაკლი სურგულაძე) - სინდისის პატიმრადაც შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! ეს ფაქტი რატომღაც არ იწვევს ჩვენი «ელიტარული ინტელიგენციის» აღშფოთებას; ისინი აღარ უგზავნიან საჩივრებს თავიანთ კოლეგებსა და მეგობრებს რუსეთში, ამერიკასა და საფრანგეთში, აღარ სხდებიან უნივერსიტეტის კიბეებთან და აღარ მოითხოვენ «დემოკრატიის აღდგენას», - აღარც პოლიტიკური პარტიები გადიან ქუჩაში, აღარ აწყობენ მრისხანე დემონსტრაციებს, აღარ ხერგავენ ქუჩებს. . . . რატომ? რა განსხვავებაა (მათთვის) ედუარდ შევარდნაძესა და ზვიად გამსახურდიას შორის?

    5 მაისს ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება «მხედრიონის» განიარაღების თაობაზე. ფაქტობრივად, ეს ბრძანებულება «მხედრიონის» დაშლას გულისხმობს. ასეულობით «მხედრიონელი» დაპატიმრებულია, მაგრამ ისინი რატომღაც არ იქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ 1991 წელს - არ უცხადებენ დაუმორჩილობლობას ხელისუფლებას და იარაღსაც კი საკუთარი ნებით აბარებენ.
    ყველა ამ საოცარი მეტამორფოზის მიზეზი იგივეა: ოპოზიცია, რომელიც ესოდენ «გულადი» იყო 1991 წელს - სინამდვილეში იმიტომ იყო «უშიშარი» და «გაბედული», რომ ქვეშეცნეულად იცოდა, აცნობიერებდა: კრემლს არ სურდა ზვიად გამსახურდია, ანუ მისი და რუსეთის ინტერესები ამ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა.
    რასაკვირველია, ასეთ პირობებში «გულადობაც» ადვილი იყო და «თავის სასწორზე დადებაც» - როდესაც სასწორის მეორე «პინაზე» მოსკოვის ყოვლისშემძლე «ხელი» იდო. დღეს კი, საქმე სხვაგვარადაა: თავდაცვის მინისტრი, ვარდიკო ნადიბაიძე, კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების მთავარსარდლის მოადგილეა, ანუ მას საკმაოდ დიდი რეზერვები და შესაძლებლობები აქვს იმისათვის, რათა საქართველოში «ხელისუფლება დაიცვას» და ყოველგვარი «პროვოკაცია» თავიდან აიცილოს. ეს ძალიან კარგად უწყის იმ ხალხმა, რომელიც თავის დროზე ესოდენ «ამაყი», «უშიშარი» და «ვაჟკაცი» იყო პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ - ამიტომაც არიან დღეს უბადრუკად შემძვრალნი სოროებში და გარეთ (ქუჩაში - მიტინგის მოსაწყობად) ცხვირის გამოყოფასაც ვერ ბედავენ.
    თუმცა, «იდეოლოგიურ ფრონტზე» კვლავინდებურად იბრძვიან (რადგან ეს გაცილებით ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული), მაგრამ ამ სფეროშიც ბევრს ვერაფერს მიაღწიეს, - ის პროპაგანდისტული კლიშეები, რომლებიც ესოდენ «ეფექტური» იყო «პროვინციული ფაშიზმის» ეპოქაში, დღეს აღარ მუშაობს.
    მაგალითად, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა ამას წინათ განაცხადა: «ჩემთვის აბსოლუტურად არავითარი განსხვავება არა აქვს, პრეზიდენტი ბუნკერში იქნება ჩაკეტილი როდესაც სისხლი იღვრება თუ თავის კაბინეტში - მეოთხე სართულზე».
    იგულისხმებოდა ის ეპიზოდი, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო პარლამენტის სხდომებში - მისი თქმით, «იმ ლანძღვა-გინების კორიანტელთან დაკავშირებით, რომელიც სხდომათა დარბაზში ტრიალებს».
    ამ გამოსვლიდან ვინმეს შეიძლებოდა ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა, თითქოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, «როდესაც სისხლი იღვრებოდა», გასართობად და სასეირნოდ ჩავიდა «ბუნკერში» და არა იმის გამო, რომ ზარბაზნებსა და «მუხებს» ესროდნენ გარედან.
    დღეს თუ ქვეყნის მეთაური «მეოთხე სართულზე, კაბინეტში ზის» და არა «ბუნკერში», ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ის არის, რომ საბედნიეროდ, ზარბაზანს არავინ ესვრის და ალბათ ვერც ვერავინ გაუბედავს, სანამ თევდორე რეუტი მისი მეგობარი იქნება.
    მეორე ოპოზიციონერმა (აგრეთვე «დემოკრატიული რევოლუციის» ყოფილმა ბელადმა) ბოლო დროს სულ უფრო მოუხშირა შევარდნაძის მიმართ «სპეციფიურ ბრალდებებს»: აქაოდა, «სოციალიზმი მყარდება», «კოლმეურნეობები არ იშლება» და ასე შემდეგ.
    ამგვარი პროპაგანდისტული სტერეოტიპებიც ძალიან ეფექტური იყო ოთხი წლის წინ. გახსოვთ ალბათ, რა ისტერიკებს სტეხდა საქვეყნოდ ჩვენებური ოპოზიცია: «გამსახურდია საქართველოში სახელმწიფო კაპიტალიზმს აშენებსო».
    დღეს შევარდნაძე უკვე ღიად აცხადებს: «საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის ძირითადი სიმძიმე სახელმწიფოს სექტორმა უნდა იტვირთოსო». პრივატიზება კი ტარდება ფორმულით: საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს.
    რა არის ეს, თუ არა სახელმწიფო კაპიტალიზმი? მაგრამ შედეგი ოპოზიციის საპასუხო ისტერიკებისა, არ არის იგივე, რაც «გამსახურდიას დიქტატურის» პერიოდში იყო. «სახელმწიფო კაპიტალიზმის» წინააღმდეგ პროტესტის გამო არავინ იღებს ხელში იარაღს და ფირალად არ ვარდება თბილისის ზღვაზე. როგორც ჩანს, მაშინ საქმე «სახელმწიფო კაპიტალიზმში» ან «ადამიანის უფლებათა დაცვაში» არ იყო. საქმე სხვა რამეში გახლდათ.
    დღევანდელი ოპოზიცია, თუ მეტისმეტად გათამამდება და იმავე მეთოდებით გაბედავს ბრძოლას რა მეთოდებითაც ზვიად გამსახურდიას ებრძოდა - უმალვე აღმოჩნდება ცხვირ-პირ დამტვრეული ციხეში და არავითარი ისტერიკები მას აღარ უშველის, რადგან ძალაუფლებისა და სახელმწიფოებრივი კურსის საკითხს წყვეტდა და წყვეტს ის, თუ ვის უჭერს მხარს კავკასიაში მყოფი რუსი «ვოევოდა». ყველაფერი დანარჩენი კი, ჩვეულებრივი ქართული «ტაკიმასხარაობა» ანუ, ევროპულად რომ ვთქვათ, «კლოუნადა» იყო და არის.

«მსგეფსი», 1995 წლის აპრილი.