მედვედევმა სანუკვარი გაამხილა

        რუსეთში საარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, «ორთავიან არსებაში» დაძაბულობა მატულობს. ეს «ორთავიანი არსება» პუტინ-მედვედევის ტანდემია. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო თანამდებობას ძნელად თუ გაიყოფენ: მედვედევმა განაცხადა, რომ ორივე კენჭს ვერ იყრის, რადგან «ეს ქვეყნისთვის მავნებელი იქნება».
        სხვათა შორის, პუტინს მსგავსი არაფერი უთქვამს. პირიქით, რამდენჯერმა «ჩაუნამიოკა» ჟურნალისტებს, «მე და მედვედევი ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველას ძალიან მოგეწონებათო». ჰოდა რა შეიძლება ჟურნალისტებს მოეწონოთ იმაზე მეტად, ვიდრე ორ სერიოზულ კანდიდატს შორის საარჩევნო ჩხუბი და დაპირიპირებაა?
        თუმცა «ვვპ» (როგორც რუსეთში უწოდებენ შემოკლებით) აშკარად გულისხმობდა, რომ მმართველი პარტია «ედინაია როსია», რომლის თავმჯდომარეცაა, მას წამოაყენებს კანდიდატად, ხოლო მედევედევი (იგი ამ პარტიის წევრიც კი არ არის) ვისაც უნდა იმან წამოაყენოს «თუ მაინც და მაინც».
        მედვედევი, როგორც ჩანს, ამ ლოგიკას არ ეთანხმება და აპირებს მმართველ პარტიას «ეჭიდაოს», რათა სწორედ მისი კანდიდატურა (და არა პუტინისა) იყოს წამოყენებული სექტემბრისთვის დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე. ერთი სიტყვით, როგორც თბილისში იტყვიან, მოსკოვში «დიდი დაგნარია» მოსალოდნელი. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მედვედევი (ნაკლებად პუტინი) ძალიან აქტიურად იყენებს ქართულ თემას ქულების დასაწერად. კერძოდ მის მიერ ქართული პროვინციების დაპყრობას. ამაზე ლაპარაკისას მედვედევმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში მან რუსეთის ნაციონალური (ესე იგი დერჟავული და იმპერიული) ინტერესები დაიცვა.
        ძალიან დიდი განსხვავებაა რუსეთის ადრინდელ განცხადებებსა და ამ წინადადებას შორის. ადრე იგივე მედვედევი ამბობდა, რომ მაშინ ოსებსა და მშვიდობისმყოფელებს იცავდა ანუ არავითარი გეოპოლიტიკური მიზნები არ ჰქონია. საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ხშირად იმეორებს: რუსეთს საქართველოში და კავკასიაში გეოპოლიტიკური დომინირება კი არ სურდა მაშინ, არამედ ეროვნულ უმცირესობას იცავდაო. არადა, მედვედევმა კარგად იცის, რომ რუსულ საზოგადოებაში ამით ნაკლებ ქულებს დაიწერს, ვიდრე იმის ღიად თქმით, რომ რუსეთის გავლენა გააძლიერა.
        ესე იგი, მედვედევი უკვე ღიად თამაშობს რუსთა დერჟავულ-იმპერიულ-შოვინისტურ გრძნობებზე და ამას რომ ასე ღიად აკეთებს, ეს პირველ რიგში «დაუსჯელობის სინდრომის» გამოვლინებაა. დასავლეთს რომ 2008 წლის აგრესიაზე და ამ აგრესიის შემდეგ სათანადო პასუხი გაეცა მისთვის, რუსეთის პერზიდენტი დღეს ასე თავხედურად ვერ იტყოდა, იმპერიულ ინტერესებს ვიცავდი და გამოვიდა კიდეცო.
        ვერც იმას გაბედავდა, რასაც დღეს აფხაზეთში აკეთებს, სადაც რუსული ჯარების რაოდენობა, მედვედევის ბრძანებით, ორნახევარჯერ იზრდება. აფხაზი მარიონეტები კი ამბობენ: «საქართველოსგან დასაცავად შემოჰყავთო», მაგრამ სინამდვილეში, ბევრ აფხაზსაც ესმის, რომ მედვედევის მიზანი ისევ და ისევ არა აფხაზების დაცვა, არამედ აფხაზეთში გავლენის გაძლიერებაა: სეპარატისტულ რეგიონში 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოსკოვს სურს ეს არჩევნები მისი კონტროლის ქვეშ ჩატარდეს და სასურველი კანდიდატი გაიყვანოს. ანუ «საქართველოსგან დაცვა» აქ არაფერ შუაშია.
        საცოდავი აფხაზი სეპარატისტები ჯერ ვერ ხვდებიან ან ხვდებიან და ურიგდებიან, რომ სულ მალე მედვედევის «დერჟავული ამბიციის» წყალობით აფხაზეთში რუსის ჯარისა და მათი ოჯახის წევრთა რაოდენობა აფსუათა ოდენობას გაუტოლდება და ალბათ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას – შესაბამისის შედეგებით.
        რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები აფხაზეთში მარტო კი არ ჩამოდიან, არამედ ოჯახებთან ერთად. 5-6 ათასი «კონტრაქტორი-ჯარისკაცი», Oოფიცერი და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც ბაღაფშის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით სამსახურის დასრულების შემდეგ აფხაზეთში დარჩენის უფლება აქვთ, ამ პატარა რეგიონისთვის სინამდვილეში ძალიან ბევრია. მაგრამ სეპარატისტებმა თვითონ აირჩიეს ეს გზა, რომელიც მათთვის უფსკრულისკენ და რუსული «დერჟავის» აღორძინებისკენ მიდის.

მთელ გვერდზე