ადრე წილების საკითხებს ნახალოვკელი ქურდები არჩევდნენ, ახლა მინისტრების კაბინეტებში წყდება

ადრე წილების საკითხებს ნახალოვკელი ქურდები არჩევდნენ, ახლა მინისტრების კაბინეტებში წყდება

 

    კანონი «მიწის შესახებ», რომელიც პარლამენტმა მიიღო ცხარე დისკუსიის შედეგად და ამჟამინდელი ხელისუფლების «რეფორმატორულობის» ერთ-ერთ უმთავრეს საბუთად ითვლებოდა, მოწინააღმდეგეთა (მიწაზე სახელმწიფო საკუთრების მომხრეთა) გასახარად ქაღალდზე დარჩა და ფაქტობრივად, არანაირი ცვლილება არ გამოუწვევია სოფლად.
    პარლამენტმა მიიღო, აგრეთვე, ეკონომიკური კანონმდებლობის მთელი ბლოკი, რომლის იურიდიული და რეფორმისტული ღირსება საერთაშორისო ექსპერტების მიერ იყო დადასტურებული. არც ერთი პროგრესული ნაბიჯი რეალურად არ გადადგმულა, ანუ პარლამენტი «წერს და კითხულობს» საკუთარ კანონებს, რომლებიც ცხოვრებაში არ ხორციელდება.
    პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას თქმით, სტაგნაციის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში რეალურ ძალაუფლებას ფლობს არა კანონიერად არჩეული ხელისუფლება, არამედ კრიმინალური კლანი, რომელსაც ხელთ უპყრია ყველა ბერკეტი და ჩანასახშივე კლავს პროგრესულ წამოწყებას ან საერთოდ, კანონმდებელთა ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
    ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირის» სხდომაზე ჟვანიას გამოსვლა პირველი სიმპტომია იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს გააფთრებულ შეტევას აღმსრულებელ ხელისუფლებაზე - საკუთარი პრეროგატივის შესანარჩუნებლად და პარლამენტის ღირსების გადასარჩენად. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, მაგრამ «უმრავლესობის» სხვა წევრებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ზემოხსენებული კლანები სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი.
    დისკუსიამ ნათელყო: ამ საკითხში ყველა დეპუტატი ერთ პოზიციაზე დგას და მზად არის «სისხლის უკანასკნელ წვეთამდე» იბრძოლოს კორპორაციის გავლენისა და ღირსების გადასარჩენად.
    უპირველესი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ არ შეილახოს პრეზიდენტის ინტერესები და უნებლიედ (თუნდაც საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზრისით) დარტყმა ედუარდ შევარდნაძისკენ არ წარიმართოს, ვინაიდან ამას შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს ხელისუფლებისთვის.
    მეორე მხრივ, არსებული მდგომარეობის მოთმენაც, როგორც ჩანს, შეუძლებელი ხდება. პარლამენტი თანდათან იქცევა ბუტაფორიად - აღმასრულებელ ხელისუფლებას მიტმასნილი კრიმინალური ხროვის «სასირცხვო საქმეთა» დასაფარად.
    თუმცა ცნება «მიტმასნილი», აქ ალბათ უადგილოა. ასევე იყო «მიტმასნილი» ბევრი კრიმინალი «მხედრიონსა» და «გვარდიას»; შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს «სამხედრო ფორმირებანი» შეიარაღებულ ბანდებს წარმოადგენდნენ, რომელთა მთავარი მიზანი და დანიშნულება ძარცვა-გლეჯა იყო.
    ანალოგიური ვითარება იქმნება ამჟამინდელ მინისტრთა კაბინეტშიც. «ავტომატიანი ყაჩაღები» «ჰალსტუხიან ყაჩაღებს» აღარ სჭირდებათ, ვინაიდან მათ «თავიანთი მილიცია იცავთ» და საპრეზიდენტო ინსტიტუტის კდემამოსილებითაც არიან გარანტირებულნი.
    მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს, «წილოსნის» მიერ იქმნება. პრეზიდენტმა ერთხელ უკვე თქვა: ყველაფერი ვიცი და სრულ «ინფორმაციას» ვფლობ, ვის რა წილი აქვს ამა თუ იმ საწარმოში». ეს გაფრთხილება «წილოსანს» სასაცილოდაც არ ეყო. მან შესანიშნავად უწყის: ასე ადვილად ვერ მოიშორებენ, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკაში გაბატონებულ სხვადასხვა დაჯგუფებებს «აწონასწორებს» და ერთგვარ დასაყრდენსაც ქმნის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რომლის გარეშეც ეს უკანასკნელი დაიღუპება.
    შეიქმნა სავსებით ბუნებრივი ვითარება: ქვეყანაში რომელსაც (მიუხედავად ჩვენში გამეფებული უსაფუძვლო აზრისა) ევროპული ყაიდის სახელმწიფოებრივი ტრადიცია თითქმის არ გააჩნია, კორუფცია იყო და არის ხელისუფლების ფუნქციონირების არათუ «თანამდევი ელემენტი», არამედ მისი არსებობისა და ცხოველმყოფელობის პირობა. აქ კომუნისტური რეჟიმის გადმონაშთებზე კი არა გვაქვს საუბარი, არამედ ხელისუფლების ტრადიციულ შინაარსზე. თუ ედუარდ შევარდნაძის ცკ-ს მდივნობის დროს ეს შინაარსი ე.წ. «მიწერებში» ვლინდებოდა, დღეს იმაში ვლინდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უდიდესი ნაწილი (მცირე გამონაკლისი ადასტურებს წესს) თავად ფლობს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ «ფინანსურ» («წილობრივ») ბერკეტებს ეკონომიკის ყველა სფეროში.
    «წილოსანმა» თამაშის საკუთარი წესი დაამკვიდრა, რომლის დარღვევა ისევ და ისევ არალეგალური ფინანსური სანქციით ისჯება და «შემდგომ შესაბამის «რეაქციასაც» იწვევს იმ «სამართალდამცავი» სტრუქტურების მხრიდან, რომელთაც «კანონიერი ქურდების» ადგილი დაიკავეს.
    კომუნისტურ ეპოქაში «ნახალოვკელი» ქურდი წიე არჩევდა საქმეს მახარაძის რაიკომის მდივანსა და «ცკ»-ს ზავორგს» შორის. დღეს საქმე «წილოსანის» კაბინეტში ირჩევა. ამ «კაბინეტის» ერთ-ერთი წევრი (მინისტრი) იმდენად რეგვენი აღმოჩნდა, რომ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა: ხელფასით თავს როგორ ვირჩენ, «ერთი საქმის მოწილე ვარო».
    ასეთივე «მოწილეები» არიან «წილოსანის» სხვა კოლეგებიც. «ქურდული კანონებით» საქმე აღარ ირჩევა - რა საჭიროა, როდესაც მთელი (ლეგალური) კანონმდებლობა შენს მხარესაა? კომუნისტური კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ჩვენი «დემოკრატიული კონსტიტუცია» კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას აღიარებს. ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი კი სწორედ კონსტიტუციის დაცვას უნდა ემსახურებოდეს - ბრძანა პრეზიდენტმა.
    ფოთში «წილოსანის» ბრძანებით დაბომბეს საბაჟო, რომლის ინტერესები კაბინეტის შემადგენელი ერთ-ერთი კლანის ინტერესებს არ დაემთხვა. ბორჯომში «დაბომბვა» აღარ დასჭირდათ - მოწინააღმდეგემ კაპიტულაცია გამოაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ორი ბანდის «პერესტრელკა» ჯერ კიდევ არ ნიშნავს, ჩვენში სიგარეტის პატიოსანი ბიზნესის არარსებობას - მთავარია, გადასახადი შედიოდეს ბიუჯეტში.
    ამ ფონზე პარლამენტის აღშფოთება «წილოსანს» სასაცილოდ არ ეყოფა, თუმცა პარლამენტს ყველა კოზირი ჯერ არ «დაუხეთქებია».

7 დღე, 11 აპრილი, 1997 წ.